ვლადიმირ სტროჩკოვი

დაიბადა 1946 წელს ქ. მოსკოვში. დაამთავრა მოსკოვის ფოლადისა და შენადნობების ინსტიტუტი. მსახურობდა ჯარში ოფიცრად, მეთაურობდა კანტემიროვსკაიას დივიზიის საპარადო პოლკის საშუალო ტანკების ოცეულს. მუშაობდა ნახევარგამტარული ტექნოლოგიებისა და შავი მეტალურგიის დარგში. 1990-იან წლებში ეწეოდა საგამომცემლო საქმიანობას. ქვეყნდებოდა თვით გამომცემლობაში. ლექსების პირველი წიგნი გამოიცა 1994 წელს. ის არის პოეზიის ცხრა წიგნის ავტორი, მათ შორის „ზმნიზედები და გარემოებები“ (2006), „პუშკინის გუთანი“ (2010), „ბუკოლიკი პლუსი“ (2010), „საზღვრები არ არის“ (2012), „მეტი დრო აღარ არის“ (2018). მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, უნგრულ, ივრითულ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. არის იოსებ ბროდსკის მემორიალური ფონდის პრემია-სტიპენდიის (2000), ბოლიასკოს ფონდის პრემია-სტიპენდიის (იტალია, 2001) და „მოსკოვის ანგარიშის“ პრემიათა ლაურეატი (2007). ცხოვრობს მოსკოვში.
„სტროჩკოვის მხოლოდ როგორც პოეტის აღქმა აშკარად არასრულია. ის, რაც მან გააკეთა და აკეთებს რუსულ ლიტერატურაში, სცილდება იდეების საზღვრებს პოეტურობისა და არაპოეტურობის შესახებ. მისი ტექსტური სივრცე მოიცავს არა მხოლოდ „პოეზიას“. ზოგჯერ სტროჩკოვის ნაწერების კლასიფიკაცია რთულია“, —აღნიშნავს კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე არტიომ სკვორცოვი.