ალექსეი კუდრიაკოვი
დაიბადა 1988 წელს სვერდლოვსკში (ახლანდელი ეკატერინბურგი). დაამთავრა ურალის სახელმწიფო სატყეო საინჟინრო უნივერსიტეტი და მასთან არსებული ასპირანტურა. მუშაობდა დამლაგებლად, მებაღედ, დარაჯად, სცენის მემანქანედ. ავტორია პოეტური წიგნებისა „ლექსები“ (2012) და „ბრმა ვერსტი“ (2016 წ.). მისი ლექსები თარგმნილია ბერძნულ, იტალიურ, ფრანგულ და სხვა ენებზე. არის ახალი პუშკინის პრემიისა და რუსულ-იტალიური პრემია „ბელლას“ ლაურეატი. ცხოვრობს ეკატერინბურგში.
„ალექსეი კუდრიაკოვის პოეზია ხაზგასმით აცილებულია ამაოებას. მისი ლირიული გმირი ირონიის ჩრდილის გარეშე ფილოსოფოსობს. ის საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ნაკლებად აინტერესებს სოციუმი. კუდრიაკოვი სერიოზულად რელიგიურია და მისი მსოფლმხედველობა გამოხატულია პოეზიაში არა დეკლარირებულად, არამედ სიტყვისა და ბუნების, ლოგოსისა და კოსმოსის ერთმანეთთან კავშირით — ნამდვილად პოეტურად“ — ასე განსაზღვრა მისი პოეტიკა ლიტერატურათმცოდნემ და კრიტიკოსმა არტიომ სკვარცოვმა.