ვეუბნები დავიღალე, დავიღალე, გამიშვი...


                              * * *

ვეუბნები დავიღალე, დავიღალე, გამიშვი,
მეტი აღარ შემიძლია, ვეუბნები, ერიჰა,
ყურს არ მიგდებს, ხელს არ მიშვებს, მუჭში ვყავარ ბავშვივით,
მეუბნება, თან იცინის, ჯერ შენ არ გიფრენია.
თან იცინის, მერე ისევ თავზე თითებს მახუტებს,
მატრიალებს, მაღლა მისვრის, მიდი, მიდი, იფრინე,
ხომ დავფრინავ, — ვეუბნები, თან ბალახზე ვაფურთხებ,
დავიღალე, გამიშვითქო, ვეუბნები, ის კიდე...
თავს ზემოთ მწევს, მაღლა მისვრის, დავიღალე ძალიან,
მას არაფრის მოსმენა სურს, მიმეორებს იფრინე,
თან იცინის, ბუჩქებისკენ მიმითითებს, რავი რად,
მე დაღლილი მთელი ძალით მკლავებსა და ხელს ვიქნევ.
მთელი სახე დამიკაწრა, მოეჭიდა ბოლო ბუჩქს,
კარგი, კარგი, ვეთანხმები, ოღონდ იყოს ბოლო ეს,
ეს ფსიხი კი ორაზროვნად მეუბნება, როგორც ურჩს,
კი ბატონო, ხომ იფრინე, მოდი, მოდი, როგორმე,
კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ და თან მებოდიშება,
დავიღალე, გამიშვითქო, უკვე ძაან დამღალე,
ერთხელ კიდე, მე — არათქო, იფრინეო — მიწყრება,
კარგი, შენს თავს ჯანდაბათქო, ღმერთო, როგორ მაწვალებს...
და ვიცინი, ის მიყურებს, მეუბნება, კარგი რა,
მოდი ერთხელ, ერთხელ კიდე, მე კი უკვე გავრბივარ!