მიხაილ ტარკოვსკი
ტარკოვსკი მიხაილ ალექსანდრეს ძე (1958 წ.) — პროზაიკოსი, პოეტი, ესეისტი „იასნაია პოლიანას“ პრემიის 2010), საპატრიარქოს ლიტერატურული პრემიის (2012) და რიგი სხვა პრემიების ლაურეატი.
დაიბადა მოსკოვში. იგი პოეტ არსენ ტარკოვსკის შვილიშვილი და რეჟისორ ანდრეი ტარკოვსკის ძმისშვილია. 1981 წელს დაამთავრა ლენინის სახ. მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, სპეციალობით გეოგრაფია და ბიოლოგია. ხუთი წელი მუშაობდა ენისეის ბიოლოგიურ სადგურში. ამ ბიოლოგიურ სადგურზე მუშაობის გამოცდილება ასახულია მოთხრობაში „მომეცი, რაც ჩემია„ (2003). მრავალი წელია ცხოვრობს ტურუხანსკის რაიონის სოფელ ბახტაში, კრასნოიარსკის მხარეში. დაკავებულია ტაიგაში ნადირობით. არის კრასნოიარსკის ლიტერატურული ალმანახის „ენისეის“ მთავარი რედაქტორი.
1991 წელს გამოიცა ტარკოვსკის პირველი წიგნი, ლექსების კრებული. ტარკოვსკის მოთხრობები, ნოველები და ესეები იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალებში. ავტორია წიგნებისა: „ბედნიერებამდე ხუთი წლით ადრე”, „გაყინული დრო”, „გამიშვი ენისეი!“, „ბუს ფრენა“ და სხვა.
კრიტიკოსების აზრით, ტარკოვსკი შეიძლება მივაწეროთ „ახალი თაობის ტრადიციონალისტებს, ან „ნეორეალისტებს„ (ოლეგ პავლოვთან, ალექსეი ვარლამოვთან და სხვებთან ერთად) და ასევე ახალ „სოფლელებს“. ფაქიზი და სულიერი მუხტით სავსეა მისი „ტაიგის პროზა“. ტარკოვსკი წინ წამოწევს უმნიშვნელოვანეს საკითხებს ცხოვრებისეული გამოცდილების, რუსეთის ისტორიის, ადამიანთა ურთიერთობების, ბუნებისა და დროის შესახებ.