ბუნებაში
სასარგებლოა, რა თქმა უნდა. მაგალითად — ქალაქელები, უკლებლივ ყველანი, ერთნაირად აღტაცებული ინტონაციით საუბრობენ ჰაერზე, ან სულაც რაღაც ბრიყვული პოეტური გამოთქმებით: აქ, რაღაცით ,,მთვრალი დარწყულებული“, იქ, ,,მწვანე ბალახის არომატით“, ,,ფიჭვის მაკურნებელი ნაყენით გაზავებული“, როგორ მოგწონთ ,,მინდვრების თაფლნარევი სურნელის მქონე“ — მე თუ მკითხავთ აი, ამ მკრეხელობის ვაი ავტორს გათბობის ბატარეას მივაჯაჭვავდი და კარგა მაგრად გავტყეპავდი რუსეთის მწერალთა კავშირის, თუნდაც ვოლოგდის განყოფილების წევრის ლექსთა კრებულის ტომით.
ყველაფერი ეს სიცრუეა და პარფიუმერია, ისევე როგორც ყველა ეს ჩვენი მზეზე გამოტანილი შეზლონგები, იასამნის ბუჩქებს გადამყურე, ლამაზ მაღალფანჯრებიან ვერანდაზე ყავის დაგემოვნება, ხუჭუჭა ბალახზე გაშლილ მოწყობილი პიკნიკები, კარგად მოწყობილი მაყალები, კოღოს საწინააღმდეგო სპირალები. ყველაფერი ეს არის უბადრუკი მცდელობა, მოველაპარაკოთ, ან ამ, ჩვენი აზრით ,,შელოცვით“ შევაშინოთ ან შევაჩეროთ მაინც ის რაღაც გაუგებარ — ამოუცნობი, საშიში, ხმაურიანი — ან მდუმარებით მოსილი რაღაც, პირდაპირ სახეში რომ გვიბერავს, ძალიან გვიახლოვდება, ან უკვე ჩვენს ზურგს უკან ატუზულა. ის რასაც მუდამ განვდევნით, ის კი აუცილებლად, უპირობოდ, აპრიორი მოვა.
ვარსკვლავიერი ცა ჩამოწვება, სულს ეშინია ვარსკვლავიერი ცისა, მაგრამ ჯერ სამყარო გაირინდება, ჩამობნელდება და ცოტათი მეტად ნესტიანიც კი გახდება, უკან დაიხევს, დადუმდება და თავის თავში ჩაიკეტება. ავიღოთ მინდვრის ყვავილები, თუნდაც გვირილები — ეს დღისით არიან ისინი გვირილები, ეს საბავშვო სიმღერებში არიან ისინი გვირილები, აი ღამით კი, ვინ არიან ისინი სინამდვილეში? და რაშია მათი ჭეშმარიტი აზრი და დანიშნულება? ბოლოს და ბოლოს, მართლაც და იმაში ხომ არა, ვიღაც, დაბრალებულ მხატვარს პოზირება გაუწიონ, რათა ამ უკანასკნელმა ისინი ემალირებულ ჩაიდანზე გამოსახოს.
ბალახი? ვარდები? მათ ხომ ჩვენ არ ვუყვარვართ, ვარდები; მათ ჩვენთვის შეფურთხების სურვილიც კი არა აქვთ, მათთვის არაფერი ვართ, მათთვის სულ ერთია, ეს ჩვენ ვმართავთ მათ გარშემო ფერხულს — აბა ტაში, ჩქარი ტაში, ორი ბუქნი, ისევ ტაში — ჩვენ ბუნების დებილი შვილები ვართ, რომელთაც მისი ენაც კი დაგვიწყებია, წარმოდგენაც კი არა გვაქვს მის მიზნებზე. შვილები, რომელთაც არ გვესმის რატომ, რისთვის იშლება და იგრაგნება თეთრ-ვარდიფერ სპირალებად ბაღის ეს ჯადოსნურად ლამაზი გოგონა და იგი, ვისაც წარმოდგენაც კი არა აქვს ფრაქტალურ გეომეტრიაზე, მანდელბროტის სიმრავლეზე, აინშტაინის თეორიაზე ატრიალებს და აფრქვევს თავის გამაბრუებლად სურნელოვან მათემატიკას, არა და უკვე მოსაღამოვდა, აგრილდა, ნესტია, ახლად მოთიბული ბალახის, ,,მარგანცოვკის“ სუნიც დატრიალდა.
გავკრიჭოთ გაზონი, ავანთოთ ბაღის მბჟუტავი ,,ლამპიონი“, ჩავკეტოთ ჭიშკარი, ავუშვათ ძაღლი, განვერიდოთ ამ რაღაც, საეჭვო ხალხს; ფული შევაგროვოთ მაღალი აგურის კედლის ასაშენებლად და დაცვის დასაქირავებლად. არ გვიშველის: ბალახს, მდუმარედ მოღრიალე ვარსკვლავებს, ვარდს, რომელიც თავისი, ჩვენთვის გაუგებარი საქმის კეთებითაა გართული ვეღარსად ვერ დავემალებით. არადა, სწორედ მათთვის და მათ გამო იყიდეთ აგარაკი, ნერვიულობდით, ვაჭრობდით, განიცდიდით, არკვევდით და ზეიმობდით. ვისუნთქოთ ჰაერით! სუფთა ჰაერით! ბუნებასთან ახლოს! ჩვენ გავრბივართ ქალაქებიდან, წვალება-ჯახირს გავურბივართ, მოწყენილობას, ოფლიან ყოველდღიურობას, თმის ცვენას, უპეებში გაჩენილ სიშავეს. გავრბივართ შორს, არაკონტაქტურ მინდვრებში, ველებში, რომლებიც კამათს არ დაგვიწყებენ, მივირბენთ ზღვის პირას მდგომ თეთრ, ქათქათა სახლთან: აი, სად გვინდა ცხოვრება! რომ იყოს ჩვენს გარშემო პოეზია ქოქოსითა და პლიაჟი ლამაზი პირსახოცით! საღამოს კი, თეთრი ღვინო, და კიდევ თეთრი ღვინო, და კიდევ და კიდევ რომ ჩავაცხროთ იმ რაღაცის, საშიშის მოახლოების, მისთვის თვალებში ჩახედვის შიში, რომ გადაგვავიწყდეს საყდრის, ვარსკვლავიერი, მაგრამ მაინც მოღუშული ცა, ზღვების დამთრგუნავი შხრიალი, მაღალ მთათა გარინდება. დავივიწყოთ რომ: —,,შენ“, გამოუსწორებელ სიმარტოვეში, ძალიან წვრილი ძაფით ხარ დაკიდებული ბუნების უდაბნოში და არც ხოჭო არ არის შენი მეგობარი და არც მედუზა არ გეამხანაგება.
უფალს უდაბნოში, მოლაპარაკებაზე ჰყავს გამოძახებული ადამიანი, შესაბრალისი და მაინც მისთვის საყვარელი, მისივე ერთ-ერთი ცხოვართაგან. უფალი გამოდის სიმკრთალიდან და დგას ჩვენს ზურგს უკან. უფალი გვინიშნავს პაემანს გვირილასთან, გამაოგნებელ პაემანს, უსიტყვოს, თვალი-თვალში. უფალი გვეფინება ფეხქვეშ ბალახად, გვიბერავს ქარად, გვიყეფს ძაღლად, შეეჩეხება ნაპირს ტალღად, დაჰქრის ღრუბლად, გვეზმანება სიზმრად, იღვრება ღვინოდ.
დანარჩენი ყველაფერი — მოლაპარაკების საიდუმლოა.



