მაქსიმ ამელინი

დაიბადა 1970 წელს ქ. კურსკში. დაამთავრა კომერციული კოლეჯი, სწავლობდა ა. მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. 1995 წლიდან ეწევა საგამომცემლო საქმიანობას. ავტორია ლექსთა წიგნებისა — „ცივი ოდები“ (1996), „დუბია“ (1999), „გორგონების ცხენი“ (2003), ლექსებისა და ესეების კრებული „მოხრილი მეტყველება“ (2011), სხვადასხვა ჟანრის „არალექსთა წიგნები“ (2021). მაქსიმ ამელინი გახლავთ XVIII-XX საუკუნის არაერთი რუსი პოეტის რჩეულ თხზულებათა, აგრეთვე თანამედროვე რუსული და ქართული პოეზიის ანთოლოგიების შემდგენელი და კომენტატორი. თარგმნილი აქვს ძველბერძნული, ლათინური, ინგლისური, იტალიური, ქართული, უკრაინული და სხვა ენათა პოეზია. მისი ლექსები თარგმნილია ოცდახუთ ენაზე, რვა წიგნი ითარგმნა და გამოიცა ავსტრიაში, სომხეთში, ესპანეთში, ჩინეთში, სერბეთში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. არის მრავალი რუსული და უცხოური ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი, მათ შორის დამოუკიდებელი პრემიისა „ანტიბუკერი“, ბუნინის, ალექსანდრე სოლჟენიცინის ლიტერატურული პრემიისა და ეროვნული პრემია „პოეტის“ ლაურეატი. გახლავთ „გაერთიანებული ჰუმანიტარული გამომცემლობისა“ და „რუსეთის ხალხთა თანამედროვე ლიტერატურის“ პროექტის მთავარი რედაქტორი. რუსი ერის ერთიანობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მინიჭებული აქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრემია. არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული რუსული ენის საბჭოს წევრი. ცხოვრობს მოსკოვში.
ლექსთმცოდნე და კრიტიკოსი იური ორლიცკი ასეთ შეფასებას აძლევს მაქსიმ ამელინს — „არსებობენ პოეტები, რომელთა ადგილი ლიტერატურულ პროცესში, მათი აბსოლუტური უნიკალურობის გამო, უკიდურესად ძნელი დასადგენია. ზუსტად ასეთია მაქსიმ ამელინი — ადამიანი, რომელიც თანამედროვე პოეზიაში არ ჰგავს არავის. ანუ, მისი მრავალი ცალკეული ლექსის ან ესეს რაღაცასთან შედარება შეიძლება, მაგრამ მთლიანობაში მისი შემოქმედებისა — არა”.