ცარიელი დღე

ეს დილა არაფერს არ ჰგავს, ეს საერთოდაც არ არის დილა, მხოლოდ პირველი დღის მოკლე ნაწყვეტია: საცდელი, უფასო ნიმუში, წინასწარი სათაური. არაფერია გასაკეთებელი. არსადაა წასასვლელი. რეაიმე ახლის დაწყებას აზრი არა აქვს, რადგან ძველი ჯერ კიდევ არ არის მოშორებული: ჭურჭელი, სუფრის ტილოები, საჩუქრების შესაფუთი, პარკეტზე დაყრილი ნემსები.

გამთენიისას დაწვები, მზის ჩასვლისას ადგები, ტყუილად ტრიალებ სახლის გარშემო, იყურები ფანჯარაში. მზე პირველ იანვარს, მოსკოვში ისევე როგორც სანკტ-პეტერბურგში, შუადღის ოთხ საათზე ჩადის თავისი ნაცრისფერი, პატარა ფიფქებით, ან წითელი, მტკივნეული განთიადის მოახლოებით, რომელიც არაფერს მოასწავებს, გარდა ისევ სწრაფად ჩამოვარდნილი სიბნელისა.

უცნაური შეგრძნებაა. სწორედ ახლა ვფუსფუსებდით, საჩქაროდ ვასხამდით შამპანურს, გულმოდგინედ ვცდილობდით ჭიქების მიჭახუნებას, სანამ იმპერიული, ნელი ზარები რეკავდნენ, ვცდილობდით გაგვეაზრებინა იდუმალი გადასვლის მომენტი, როდესაც ძველი დრო თითქოს მტვრად იქცევა და ახალი ჯერ არა არის. გვიხაროდა, როგორც ასეთ დროს უხარია ხოლმე ყველას, ყოველთვის ახარებს ყველას, ვღელავდით, თითქოს გვეშინოდა რომ ვერ გავუმკლავდებოდით, ვერ შევძლებდით უხილავ კარში გაძრომას. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჩვენ ეს გადავლახეთ, გავიარეთ. ახლა კი, შებინდებისას ვახელთ ნამძინარევ თვალებს და შევდივართ ამ უცნაურ მდგომარეობაში — არც სიამოვნებაა, არც მწუხარება, არც აჩქარება, არც სინანული, არც მხიარულება, არც დაღლილობა, არც ბახუსი.

ეს დღე ზედმეტია, როგორც საჩუქარია ხოლმე ზოგჯერ ზედმეტი: სიამოვნებით მიიღებ და მერე არ იცი, რა უყო, რა უნდა გააკეთო. ეს დღე ხანმოკლეა, უფრო ხანმოკლეა, ვიდრე წელიწადის ყველა სხვა დღე. ამ დღეს არ ამზადებენ — ყველაფერია, თან მხოლოდ ერთხელ ჭამენ, იმასაც ყველაფერს გუშინდელს და განურჩევლად: გემოშეცვლილი სალათების ასორტი, გამომხმარი ღვეზელები, რომელთა დაფარვაც დაავიწყდათ ხელსახოცით და კვერცხები, თუ კიდევ დარჩა. ეს იქნება საუზმე — ოღონდ არაყით და ქაშაყით; ან სადილი, მაგრამ სუპის გარეშე. ეს დღე მშვიდია: გუშინ იცინეს, იმხიარულეს, დაიღალნენ.

კარგია ამ დღეს ქალაქგარეთ ყოფნა, აგარაკზე, სოფელში. კარგია ძველი ტანსაცმლის ჩაცმა დახეული სახელოებით, გაქუცული ქურთუკისა, რომლის ჩვენებაც გრცხვენია, ბოტების. კარგია გარეთ გასვლა და სულელურად დგომა, ცის უაზროდ ყურება და თუ გაგიმართლა, ვარსკვლავებისაც. კარგია, როცა საკუთარ თავს გრძნობ: არავისთვის გაუგებარი არ ხარ, ხარ შინაური, მარადიული ექვსი წლის. კარგია როცა გიყვარს და არ ელი დაჭერას. კარგია მიყრდნობა: ვერანდის ბოძზე თუ ადამიანზე.

ეს დღე აღარ გაგახსენდება, ისეთი ცარიელია. რას აკეთებდი? -არაფერს. სად დადიოდი? -არსად. რაზე საუბრობდი? არც არაფერზე. დაგამახსოვრდება მხოლოდ სიცარიელე და ხანმოკლეობა, მბჟუტავი შუქი და ძვირფასი უსაქმურობა, ტკბილი ლეთარგია და ტკბილი განცხრომა, დაბნეული აზრები და ღრმა ადრეული ძილი!