ბატი ვაშლებით

— გინდა გითხრათ, მადმუაზელ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი ჩემთვის? კარგი, ჩართეთ თქვენი ხმის ჩამწერი. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ მოვწიო? მაშ ასე, წარმოიდგინეთ 1993 წლის მშიერი ზაფხული და შემდეგ მშიერი შემოდგომა. ოქტომბერი. სოფელი ლოპატნიკოვო მოსკოვის ახლო გარეუბანში. ოთახში ღია ფანჯარასთან, რომელიც ბაღს გადაჰყურებს, ზის სათვალეებიანი კაცი დაბნეული სახით და ეწევა. მაგიდა სავსეა წიგნებით. ეს ბატონი გახლავთ ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, პედაგოგიური ინსტიტუტის მასწავლებელი. ის ამჟამად ამზადებს ლექციების ციკლს ივანე ბუნინის შემოქმედებაზე. მისი განწყობა ამაზრზენია. ფულის ნაკლებობისგან საშინლად იტანჯება. წელს პირველად, თხუთმეტი წლის განმავლობაში, ვერ შეძლო ზაფხულში, ოჯახთან ერთად, სამხრეთში დასვენება და სოფელში სიდედრის სახლში უწევს არდადეგების გატარება. სიდედრი კარგი ქალია, პატივს სცემს სიძის საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შემოსავალი არ მოაქვს და ჩუმად ფუსფუსებს ბაღში. ცოლი ქალაქშია, სამსახურში. ისიც გაგებით და პატივისცემით ეკიდება ქმრის პროფესიას, მაგრამ მისი მოთმინება ზღვარზეა. ეს იცის ფილოლოგმა და ისიც იცის, რომ ვერანაირი ლექციების კურსი, თუნდაც ყველაზე გამორჩეული, ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. ფანჯარაში იხედება, სიგარეტის ნამწვს ისვრის, იქ ხეებს შორის ხედავს ჯანსაღი შესახედაობის, მხიარულ, როგორც ყველა პენსიაზე გასული მილიციელი, სიდედრის მეზობელს, რომელსაც მეტსახელად ,,ბატი» ჰქვია. წავიდეთ და დავლიოთ,» ჟესტებით ეპატიჟება მეზობელი.

მეცნიერებათა კანდიდატის ინტელიგენტური სული ზიზღით ეწინააღმდეგება ყველა სახის „ხალხში სიარულს“, მაგრამ აქვს დიდი სურვილი ყველაფერზე ხელი ჩაიქნიოს და დათვრეს კიდეც. ბოლოსდაბოლოს, ბევრი ყოყმანის შემდეგ, ფანჯრიდან გადმოდის, მხიარულ პოლიციელს უერთდება და ისინი სხდებიან ბაღში, პირდაპირ ხეების ქვეშ ამწეზე მომუშავე სტეპანიჩთან ერთად, რომელიც ასევე ისვენებს ლოპატნიკოვოში. მოკალათდნენ ,,ბატის» ნაკვეთზე, ქლიავის ხის ქვეშ.

მილიციელი შესანიშნავი მთხრობელი აღმოჩნდა, მან ბევრი საინტერესო ისტორია იცოდა. სტეპანიჩი სულ ენას აწკლაპუნებდა და წუხდა — თქვენი მონათხრობი, აუცილებლად ჩასაწერია. კანდიდატმა თავი დაუქნია და დათანხმდა, რომ კარგი იქნებოდა ამის ჩაწერა. ორი ბოთლის შემდეგ მწვავედ დადგა საკითხი, რომ დალევა უნდა გაგრძელებულიყო. კანდიდატმა სიმწრით გააცნობიერა, რომ საკმაოდ პიკანტურ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ ახლა მისი ჯერია გამასპინძლების, მაგრამ არც ერთი კაპიკი არ უდევს ჯიბეში. სიდედრისგან ფულის თხოვნას, სიკვდილი ურჩევნია. ფერმკრთალმა, გაწითლებულმა დაიწყო რაღაცის შეთხზვა „შემდეგ ჯერზე“. ამწის მძღოლმა უშველა — რას ველოდებით? ახლავე გავყიდით ვაშლებს. ხომ მშვენიერი აზრია? ინტელიგეტი აღფრთოვანებული იყო ამ იდეით. სიდედრის მთელი ბაღი ანტონოვკის ჯიშის ვაშლითაა მოფენილი.

— რა თქმა უნდა გავყიდით! — განაცხადა კანდიდატმა. სტეპანიჩი თავისთან გაიქცა, მოიტანა ჩანთები და სპეციალური ვედრო, რომლის ქვედა ნაწილს ლითონის ბადე ჰქონდა იმისათვის, რომ მოსახერხებელი ყოფილიყო მიწით დასვრილი ხილის გარეცხვა. ნახევარი საათის შემდეგ სტეპანიჩის ზაპოროჟეცმა მოსკოვისკენ გააქანა სამი შეზარხოშებული ვაჭარი და ოთხი ტომარა ანტონოვკა.

ქალაქამდე გზა სულ კილომეტრნახევარია. ყოფილი სამრეწველო კომბინატის შენობასთან მდებარეობს დამოუკიდებელი ბაზარი — ამოტრიალებული ყუთებით, მწვანილით, ბოლოკით, ვაშლით, კენკრით, ქლიავით, სეზონის მიხედვით. აქ მუდმივად ვაჭრობს სამი ათეული მოხუცი ქალი. სწორედ აქ შემოვარდა ორი ცენტნერი ანტონოვკას ვაშლით დატვირთული ზაპოროჟეცი, როგორც ,,ბოინგის» მოდელის თვითმფრინავი. ,,ბატმა» და სტეპანიჩმა მყისიერად დაარღვიეს არა მხოლოდ ადგილობრივი ვაჭრობის სტილი, არამედ საფასო პოლიტიკაც. თუ ბებიები კილოგრამ ვაშლში ორას ორმოცდაათ მანეთს ითხოვდნენ (93წელია), ამწის მძღოლმა პოლიციელთან ერთად ას ოც მანეთად დაიწყო გაყიდვა, ზოგ შემთხვევაში ასადაც კი. უსიამოვნოდ გამოფხიზლებული კანდიტატი მანქანის საბარგულს ეფარებოდა. ბაზარში, როგორც მყიდველი, თავს ყოველთვის უხერხულად გრძნობდა, ახლა კი მითუმეტეს... მაგრამ ვერსად გაიქცევა. უფრო შეწუხდა, როცა მოხუცმა ქალებმა კონკურენციის გამო წუწუნი დაიწყეს. ყველაზე მეტი საყვედური ამწის მძღოლმა მიიღო, მაგრამ ზოგიერთ შენიშვნას კანდიდატი თავის თავზეც იღებდა. სტეპანიჩი და ,,ბატი» მხოლოდ იცინოდნენ და მორიგ კმაყოფილ მყიდველს უზარმაზარი ჩანთით უშვებდნენ.

ყუთები სწრაფად დაიცალა. გათავისუფლების საათი ახლოვდებოდა. როცა მხოლოდ ოცი კილოგრამი ვაშლიღა დარჩა გასაყიდი, შენობის კუთხიდან ორი ერთნაირად ჩაცმული და თმაგაკრეჭილი ბიჭი გამოჩნდა პირქუში სახეებით. კანდიდატს გული ყინულის ნამსხვრევივით გაუხდა. დიდი გაჭირვებით დაძლია გაქცევის სურვილი და მაშინვე ინანა, რომ დაძლია. ბიჭები პირდაპირ მანქანისკენ წამოვიდნენ. გაჩერდნენ, ჩუმად დადგნენ, საღეჭ რეზინს ღეჭავდნენ, უტიფრად უყურებდნენ ბატს და სტეპანიჩს პირდაპირ სახეში. ყოფილი მილიციელი მშვიდად იდგა და ორივე ხელით ბადისძირებიანი ვედრო ეჭირა, ამწის მძღოლი კი აშკარად ნერვიულობდა.

— ფული უნდა გადაიხადოთ სათითაოდ! — თქვა ერთმა ბიჭმა.

— კი, მაგრამ რისთვის? — უდარდელად იკითხა ,,ბატმა». გაირკვა, რომ ბიჭები თანხის გადახდას ითხოვდნენ ,,ადგილისთვის». ყოფილ მილიციელს კატეგორიულად არ სურდა გაეგო რატომ უნდა გადაეხადა: ვაშლები ჩვენია, ადგილი კი საერთო. მოხუცი ქალები ინტერესით ადევნებდნენ თვალს დრამატულ სცენას. მეორე ბიჭმა ქურთუკის ჯიბეში ხელი ჩაიყო, შეკრულ მუშტში რაღაცამ გაიჩხაკუნა და გამოჩნდა მბზინავი დანის წვერი, რომელიც სტეპანიჩის მუცლისკენ იყო მიმართული.

— ახლავე, ახლავე, —ამ სიტყვებით სტეპანიჩმა უკან იწყო დახევა, ფეხი დაადგა ნახევრად ცარიელ ჩანთის კიდეს, ზურგზე დაეცა და თვალის დახამხამებაში ფეხებით წინ გასრიალდა. თავისი მძიმე ქუსლიანი ჩექმით მტკივნეულად დაარტყა ძვლიან ადგილას დანიან ტიპს და ის, კბილებში გამოცრილი გინებით ჩაიკეცა, თან მთელი ძალით იხუტებდა მარჯვენა წვივს. ყოფილმა მილიციელმა, როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ ეს იყო საომარი მოქმედებების დასაწყისი მძარცველების წინააღმდეგ, თვითონაც ნაბიჯი გადადგა და ისე ძლიერად დაარტყა პირველ ბიჭს თავზე ვედრო, რომ მავთულის ბადე გაიხა და სახეგადატყავებულ ბანდიტს თავზე წამოეცო. ბანდიტმა ხმამაღლა დაიყვირა და გაქცევა დააპირა, მაგრამ ვერაფერი დაინახა და ფარნის ბოძს დაეჯახა, დაეცა, წამოხტა, ისევ წაიქცა.

ეპიზოდი მთლიანად ჰოლივუდური გამოვიდა. ფეხებნატკენ ნაძირალასაც კი დაავიწყდა თავისი ტკივილი, გასაცოდავებული პარტნიორის შემხედვარეს. ,,ბატს»კი არაფერი დავიწყებია. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ბიჭს, რომელიც ჯერ კიდევ ჩაკუზული იყო და მთელი ძალით დააბიჯა ხელზე, რომელშიც დანა ეჭირა. იქ რაღაცამ გაიტკაცუნა, სხვადასხვა ხმაზე აყმუვლებული რეკეტიორები ბაზრიდან სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ.

იმავე საღამოს კანდიდატმა ჩუმად ჩაყარა წიგნები ჩანთაში და შესაძლო პრობლემებისგან თავის დაღწევის მიზნით ქალაქში გაიპარა. მალე ძვირფასი სიდედრი ავად გახდა და რამდენიმე თვით საავადმყოფოში დააწვინეს. ნებისმიერი კავშირი ლოპატნიკოვოსთან გაწყდა. ამასობაში კანდიტატის ფინანსური მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდებოდა. ორი ტომარა სოფლიდან ჩამოტანილი კარტოფილი დეკემბერში შეიჭამა, მალე დადგა ის დღე, როცა ისევ სოფელში წასვლამ მოუწია. ამ დღეს ის აპირებდა დაესრულებინა ერთი ჩახლართული დისერტაციის მიმოხილვა, მაგრამ ცოლს ამის გაგონებაც კი არ სურდა და ნამდვილი სცენა მოუწყო ფულის გამო, უფრო სწორედ, მისი არქონის გამო. მეცნიერი წყენისა და ბრაზისგან კანკალებდა ჯერ მეტროში, მერე ავტობუსში. ბოლო გაჩერებაზე ნაჩქარევად გადმოხტა, ნაცრისფერ ჭუჭყიან თოვლში ფეხსაცმლის ძირებით მცურავმა, ავტობუსს წინა მხრიდან შემოუარა და გზაზე გასულს მოულოდნელად არსაიდან გამოჩენილმა "მერსედესმა" დაარტყა. ის, რომ ეს ,,მერსედესი" იყო, ზურგზე დაცემისას მიხვდა,როგორც კი რადიატორს შეხედა. მერე გაიგონა, როგორ გაიღო მანქანის კარი, კანდიტატმა გვერდზე გაცოცვა სცადა და თან ლოცულობდა, უცხოურ მანქანაზე ამ შემთხვევას კვალი არ დაეტოვებინა.
— ოჰო, მეცნიერება! მის ზემოთ მხიარული და რაც მთავარია, ნაცნობი ხმა გაისმა. მან უცებ ვერ იცნო ამ ხმის პატრონი. მაშინაც კი, როცა ფეხზე წამოაყენეს და ტანსაცმელი გაუფერთხეს, ვერაფრით მოვიდა აზრზე ვინ იყო ეს ადამიანი გრძელი შავი ქურთუკით და ყელზე თეთრი შარფით.
— ვერ მიცანი?
კანდიდატი უკვე მიხვდა ვინც იყო. ეს იყო ყოფილი მილიციელი, მეტსახელად ,,ბატი».
— რა ხდება?— იკითხა ფილოლოგმა და იგულისხმა პალტო, შარფი და მერსედესი.
— შენ ხომ არ დაშავდი? ხომ რიგზეა ყველაფერი? წავიდეთ, მერე მოგიყვები. ,,ბატი" გორილას ფორმის მძღოლს მიუბრუნდა და უბრძანა. წავედით ,,ავრორაში"!
— რა არის ,,ავრორა"?
— ეს ჩემი ღამის კლუბია. მეტი არაფერი მკითხო. გაიგებ ძალიან მალე. მერსედესი სწრაფად დაიძრა.
— გაიხადე, აქაურობა ჯერ ცარიელია. დილაა და იმიტომ.

  უსაქმოდ მყოფმა გარდერობის მომსახურემ კანდიტატს ნაჭრის ჩანთა ჩამოართვა და ნახევრად დაუკრა თავი.
— ორი შესანიშნავი მაგიდა მაქვს იქ, — მიანიშნა ,,ბატმა" გარდერობის მარცხნივ, — იქ ბილიარდის ოთახებია, მაგრამ ჩვეულებრივ დილით სძინავთ. იქით — ცალხელა

ბანდიტები არიან, გვერდით ოთახში კი კარტს თამაშობენ.

— რულეტკა გაქვს? რატომღაც იკითხა სტუმარმა.
— რა თქმა უნდა. ოღონდ დასატრიალებლად, საღამომდე უნდა დარჩე. მთელ მოსამსახურე

პერსონალს სძინავს. ჩვენ იქით წავიდეთ. იქ ბარი მაქვს.სიჩუმეა, მეწამული ფარდები ფანჯრებზე, სასანთლეები _მოგეწონება! ,,ბატი მეპატრონის სითამამით გაეშურა ყველაზე შორს მდგარი მაგიდისკენ და გზადაგზა ჟესტებით უხსნიდა, თითქოს სქელი ჰაერიდან გამოძერწილ მიმტანს, რომ „ძველი მეგობრის“ გამასპინძლება სურდა.
— დაჯექი, მეცნიერო!
საიდღაც მოვიდა მადის აღმძვრელი კერძი მისაყოლებლებით და არა იმდენად მადისაღმძვრელი, რამდენადაც შესახედავად ძვირადღირებული. სტუმრის ჭიქა თითქოს თავისით შეივსო რაღაც გემრიელით და საოცრად სურნელოვანით.
— კონიაკი ,,კურვუაზიეა", მოდი, ჭიქები მივუჭახუნოთ ერთმანეთს!
— კარგი, მოდი... ერთი ეს მითხარი.
— ახლავე. ყველანი, წადით აქედან! — ბოლო სიტყვები მიმტანებს ეკუთვნიდა, მაგიდის ირგვლივ რომ ტრიალებდნენ.

კანდიტატმა ერთი მოსმით დაცალა ჭიქა, რომ მოჭარბებული გრძნობები ჩაექრო... ჩაიგდო პირში თეთრი თევზი ნაჭერი და მოსასმენად მოემზადა.

— კარგი, მისმინე! გახსოვს, მაშინ როგორ ვივაჭრეთ. ორი დღე ვიქეიფეთ, ფული, რომ საბოლოოდ ამოიწურა, გადავწყვიტეთ ექსპერიმენტის გამეორება. სტეპანიჩი თავიდან წინააღმდეგი იყო. აღმოჩნდა, რომ ამ ინციდენტამდე, იმ რეკეტიორებს დანით ხელში, თვითონაც უხდიდა და ახლა

ეშინოდა მათი. კარგი, ვეუბნები, ამჯერად არ ვიჩხუბოთ, გადავიხადოთ, რასაც ითხოვენ. სამი ტომარა ჩავტვირთეთ მანქანაში. მოვდივართ. ვიწყებთ ვაჭრობას და ამ დროს მოდის ჩვენთან ერთი მოხუცი ქალი და ფულს გვაწვდის. ბანკნოტებს. რა არის ეს?, ვეკითხები.

თურმე ჩვენი შეხლა-შემოხლის შემდეგ რეკეტიორები ბაზარში არ გამოჩენილან. მოხუცმა ქალებმა მადლიერების ნიშნად, მაგრამ უფრო ჩვენი უფლებამოსილების აღიარების მიზნით გადაწყვიტეს ...

— დიახ! და რაც მთავარია, ამ დაძაბულ სცენას ყველა თვალყურს ადევნებს, ბაზრის ბებიები და მისი ხარივით ამხანაგები.

ისე სცენა მშვენიერი იყო. ის დეტალურად ყვება, როგორი გამაძრობს კანს, როგორ გააკეთებს მისგან აბაჟურს, მე ვდგავარ და თავხედურად ვიღიმი.
— შემდეგ, შემდეგ კიდევ რა?
— სახლში ცოცხალ-მკვდარი დავბრუნდი, თან ის დღე ჩემი დაბადების დღე იყო. ჩემი ორივე ძმა მესტუმრა. ვიტალიკი — ყასაბია პალაშევსკის ბაზარზე, ბორკა კი საბაჟოზე მუშაობს. მისთვის იარაღის ტარებაც ნებადართულია. ეს ისე სიტყვამ მოიტანა. საკმაოდ კარგად დავლიეთ, ფული გვქონდა. მე გავთამამდი, დავაძვრე ჩემი ბერდანკა და ძმებთან ერთად ხევში წავედით ბოთლებზე სროლაში სავარჯიშოდ. ყველა შიში დაძლეული იყო. ჰოდა, ვფიქრობ ჩემთვის, იოლად არ დავნებდები! ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს! დილით მოვიდნენ.
— ვინ? ის და მისი ხარივით კაცები?
— არა, რაიონული განყოფილებიდან. დაგვიგრიხეს ხელები სამივეს და ქალაქში, საკანში შეგვყარეს. ვფიქრობ, რა მოხდა? მონადირის მოწმობა მაქვს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ასე არ სჯიან. ორი კვირა დღე და ღამე გაგვაჩერეს საკანში, მერე დაცვაში ჩემი ნაცნობ სერჟანტს მოუწია მორიგეობამ, ერთად ვმსახურობდით ჯარში, მან ამიხსნა მიზეზი, თურმე ჩემს დაბადების დღეზე ის საშინელი ბანდიტი თავის მანქანაში ააფეთქეს თავის მცველებიანად, ზუსტად იმ დროს, როცა მე და ჩემი ძმები ხევში ვისროდით. ორი მცველი ადგილზევე დაიღუპა, ერთმა კი სიკვდილის წინ თქმა მოასწრო, რომ მის ნათლიას წინა დღით ჩემთან, ,,ბატთან", ძლიერი ჩხუბი მოუვიდა ბაზრის გამო.
— მაგრამ ეს უბრალო დამთხვევაა!
— რა თქმა უნდა, მაგრამ არავის სჯერა ამის! რაც შეიძლება ჩურჩულით თქვა ,,ბატმა».
— მოკლედ,
გამათავისუფლეს, თან რაღაცნაირი მოკრძალებითაც. გარშემო მყოფების დამოკიდებულება ჩემდამი შეიცვალა. ის ხალხიც კი პატივისცემით მესალმებოდა, ვინც აქამდე ვერც კი მამჩნევდა.
— ეტყობა, ყველა მტკიცედ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ის ბანდიტი მე ავაფეთქე.
— არ გიცდია აგეხსნა?
— ვისთვის ამეხსნა და როგორ?! ვცადე ძმებთან დალაპარაკება. — გაიცინეს, რაღაც გვეეჭვებაო, თქვეს! გადავწყვიტე დროებით მამიდასთან წავსულიყავი ტვერში.

და აი, ვიღაც ახალგაზრდა კაცი მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ არიან ადამიანები, ვისაც ჩემთან დალაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ახლა კი ცუდადაა ჩემი საქმე.

სანიამ შუბლზე მოისვა ხელი, სიგარეტს მოუკიდა, ირგვლივ მიმოიხედა, მიმტანი ხომ არ არის სადმეო...

— სხვა რა გზა მქონდა, წავედი შეხვედრაზე. სწორედ ამ მაგიდასთან შედგა ჩვენი საუბარი, სადაც ჩვენ ვსხედვართ. სამი ადამიანი დამხვდა, შენ მათ არ იცნობ და არც გეტყვი. თავიდან რაღაცას მიედ-მოედებოდნენ, ეტყობა მაკვირდებოდნენ. მეუფრო მეტად ჩუმად ვიჯექი, არაფერს ვამტკიცებდი, მერე ავუხსენი რომ არაფერი მჭირდება, მათ ბიზნესში არ ვერევი, ვცხოვრობ მშვიდად, როგორც ოჯახის კაცი. მეგონა ყველაფერი კარგად ავუხსენი, რომ ჩუმად წავალ სახლში, ვიპენსიონერებ ჩემთვის. მათ ეგონათ, რომ საკუთარი ბანდა მყავდა და ოჯახში საძმოს ვგულისხმობდი. მეუბნებიან, ნუ გვემუქრებიო! მე მზად ვარ ფეხებში ჩავუვარდე და ავუხსნა რომ, არ ვემუქრები, პირიქით, მეშინია და უბრალოდ მინდა სახლში გამიშვან. წავიდნენ, მოითათბირეს, —კარგიო, მითხრეს,—თუ არ ჩაერევი ჩვენს საქმეებში, ჩვენ მოგცემთ ამ კლუბს, ბოლოსდაბოლოს დაიმსახურე კიდევაცო. და მას შემდეგ...

ოფიციანტი კვლავ გამოჩნდა თავაზიანი კითხვით, — ცხელი კერძი რომელი მოგართვათ? აშკარა იყო, რომ ,,ბატი» ძლივს იკავებდა ბრაზს.
— ცხელი კერძებიდან ,,თეთრი ცხელება" გვინდა. — მოშორდი აქაურობას!
— რატომ არ გიყვართ მიმტანები ასე ძალიან?
— არა მარტო ისინი, არამედ მძღოლები, აბანოების თანამშრომლები, მეძავები, მაკლერები. ყველას ვისაც შეუძლია დასმენა. წარმოგიდგენია რა მოხდება, ვინმემ რომ გაიგოს, ვინ ვარ სინამდვილეში?
— ძნელი წარმოსადგენია!
— ჰოდა, საქმეც ამაშია,იმიტომ გამიხარდა შენი ნახვა, ყოველ შემთხვევაში შენთან საუბრის არ მეშინია. ჩემმა ცოლმა სხვა ქალთან გამომიჭირა და დამშორდა. მას და ქალიშვილს, ორივეს ცალ-ცალკე ბინა და მანქანა ვუყიდე, ახლა მარტო ვცხოვრობ. სტეპანიჩი, რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ნამდვილ ავტორიტეტად მთვლის.
— მდაა! ისევ გაიკვირვა კანდიდატმა და ავოკადოს ნაჭერი დაღეჭა.
— ასე რომ, მესტუმრე ხანდახან, ძველებურად წავუქეიფოთ, ნუ გეშინია ფულს არ შემოგთავაზებ, მესმის, რომ ასეთი ადამიანი არ ხარ, მაგრამ შემიძლია კარგად გიმასპინძლო. დავსხდეთ და ვისაუბროთ ცხოვრებაზე.

კანდიდატი სახლში მთვრალი დაბრუნდა, კარტოფილის გარეშე, მაგრამ ყვავილებით, რითაც თავიდან აიცილა დიდი დაპირისპირება. მან ცოლს გულახდილად უამბო ვაშლის მაფიოზთან შეხვედრის შესახებ დადასაძინებლად მიწვა. ღამით გაღვიძებულმა კანდიდატის მეუღლემ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ქმარი მის გვერდით არ წევს საწოლში, შეშინებული გავარდა სამზარეულოში და ხედავს, კანდიდატი მაგიდასთან ზის და პირდაპირ ქილიდან მიირთმევს პომიდვრის მარინადს, სახე ჩაფიქრებული აქვს.
— რა დაგემართა? — ხმაში შიში შეეტყო ბუნინის მცოდნის მეუღლეს.
— გადავწყვიტე ცხოვრებაში რაღაც შევცვალო — უპასუხა ქმარმა. ცოლს თვალები ცრემლით აევსო!
— ოღონდ ნუ წახვალ, ძვირფასო ბანდიტებთან, ჯანდაბას ფული და პრობლემები, როგორმე გადავიტანთ.
— ყველაფერი გასაგებია! — თქვა კორესპონდენტმა და ჩამწერი გამორთო.

კანდიდატმა მიატოვა ბუნინის შესწავლა და დაიწყო დეტექტიური მოთხრობების წერა, რათა მატერიალურად უზრუნველყო ოჯახი. კაბინეტის პატრონმა პირიდან ჩიბუხი გამოიღო და ფრთხილად დაფერთხა.

დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, რაც ეს ამბები მოხდა, კომერციულ გამომცემლობაში დაიბეჭდა კრიმინალური რომანი სახელად ,,ბატი ვაშლებით", მაგრამ მისი ავტორი არ ყოფილა კანდიდატი, არამედ... ყოფილი მილიციონერი.

— რას ამბობთ? დამცინით? თქვენ ისე ჰყვებოდით, მეგონა მთავარი გმირი კანდიდატია. — იცით, ათეულნახევარი დეტექტივი დავწერე უკვე და მოულოდნელი დასასრულები ბუნებრივად გამომდის. ბუნინის სპეციალისტმა კი მართლა რაღაც შეცვალა თავის ცხოვრებაში. კრიტიკოსი გახდა. ახლა წერს სტატიებს ჩემი წიგნების შესახებ. მე მას კარგად ვუხდი.

კორესპონდენტმა ჩაიცინა, თან ჩამწერს მალავდა ჩანთაში.

— ყველაფერი მესმის, მხოლოდ ერთი რამეა გაუგებარი, — რატომ დაკავდით ლიტერატურით, როცა გქონდათ კაზინო? ვერცერთი რომანით იმდენს ფულს ვერ იშოვით.
— მართალია! მაგრამ საქმე იმაშია, რომ კაზინო ძალიან მალე წამართვეს. როგორც ჩანს ვიღაცამ გაიგონა ჩემი ლაპარაკი. კარგია, რომ არ მომკლეს. შემთხვევამ ტალახიდან ამომიყვანა და მწვერვალი მაჩვენა, მერე ისევ დაბლა აღმოვჩნდი, ტალახში. ამის შემდეგ როგორ არ უნდა გამხდარვიყავი მწერალი?

რეპორტიორი ფეხზე წამოდგა.

— ძალიან სახალისო ამბავია. ერთადერთი რაც არ მომწონს მასში, თქვენი რომანის სათაურია. გაცილებით დახვეწილი იქნებოდა — „ანტონოვკის ვაშლები". აბსოლუტურად გეთანხმებით, სწორედ ამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ კანდიდატი ძალიან გაჯიუტდა და მითხრა, რომ მომკლავდა, თუ ასე მოვიქცევოდი. მჯერა, რომ ასეც იზამდა.

ასე რომ, ვცხოვრობ ასე — ერთი მხრიდან ბანდიტები მავიწროებენ, მეორე მხრიდან — ბუნინი.