რუსეთის ჩრდილოეთის ყოველდღიურობა
(ფრაგმენტები)
ხანგრძლივი განშორება
ყმაწვილმა სამი წადგა ნაბიჯი, დაიხარა და ცალ მუხლს დაეყრდნო,
მეორე ხელით მან შემართა სამიზნე ძვალი.
ჰა, დაუმიზნა... ჩამოეცალეთ! ცნობისმოყვარევ, გვერდზე გადექი,
ძველ რუსულ თამაშს, სიჩაუქეს არ შეუშალო შენ ვინძლო ხელი.
ა. ს. პუშკინი
ბავშვობა სოფელში აქამომდეც გამსჭვალულია და აფერადებულია სხვადასხვა, წმინდა ბავშვური თავშესაქცევებით. ეს თავშესაქცევი გასართობები ძალიან კარგად უთავსდება სასარგებლო საქმიანობასაც. ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ ისევ და ისევ... მაგალითად თევზაობა, ან კიდევ ცხენთან ურთიერთობა — ორივე წარმოადგენს ამ შეთავსებების კლასიკურ მაგალითს. არსებობდა ათობით მაგალითი, როდესაც ერთი შეხედვით ბავშვური თამაში შრომითი თერაპიის როლს ასრულებდა ხოლმე და პირიქით, როდესაც შრომა შეუმჩნევლად, ყოველგვარი ქედ-მაღლობის გარეშე შეითავსებდა თამაშის ელემენტებს. ახალ გაზაფხულზე ნაკადულების კეთების ბავშვურ აზარტს ვერაფერი ვერ შეედრებოდა ხალისითა და აზარტით მაგრამ, ამ დროს ხომ ბავშვს, გარდა იმისა, რომ თავად კაჟდებოდა, ფასდაუდებელი სარგებლობაც მოჰქონდა თავისი თამაშითა და ამ თამაშში დახარჯული ენერგიით, ისე რომ, ვერც კი ხვდებოდა ამას.
ზუსტად ასე, ბიჭუნა კი არ მწყემსავდა ნახირს, ის ზრდასრული კაცის იერით დარაჯობდა. მგლებისა და დათვებისგან იცავდა თავის საყვარელ ბოჩოლებსა და მათ მშობლებს, ეს კი უკვე განსხვავებული რამაა მოსაწყენ, მწყემსურ საქმიანობასთან შედარებით. ცხენითა და ოთხთვალათი სეირნობა, ეს მისთვის სწორედ რომ ლაღი სეირნობა იყო და არა თივის, ფუნის, შეშის ან სხვა რამის გადაზიდვა-გადმოზიდვა.
უფროსებისგან ასეთი თავშესაქცევი გართობის წახალისება თავისთავად, თავსმოხვეულად არ ხდებოდა მაგრამ, ბავშვებს სასარგებლო შრომითი საქმიანობისადმი ნეიტრალური თამაშებიც ბევრი ჰქონდათ. მშობლები, უფროსი და-ძმა და საერთოდ უფროსი თაობის წარმომადგენლები თითქოს ვერც ამჩნევდნენ ამ, უსარგებლო თამაშებს, უფრო მეტიც, ისინი ზოგჯერ ვითომ არასერიოზულად, სრულიად შემთხვევით კარნახობდნენ კიდეც ასეთი თამაშების წესებსა და მიმდევრობას. თაობა თაობას მიჰყვებოდა, ყმაწვილები და ბავშვები კი ერთმანეთისგან სწავლობდნენ მსგავს თამაშობებს.
ათობით ასეთ გასართობს შორის ერთ-ერთია წყლისა და ქარის წისქვილების შენება. პირველი, უმარტივესი წისქვილის ბორბლის გაკეთებაში როგორც წესი, უფროსი ძმა, მამა ან ბაბუა ეხმარებოდა ხოლმე. შემდეგ უკვე აღარ გინდა რომ ვინმე გეხმარებოდეს. ბორბალს თავად მოიფიქრებდი, რისთვისაც თავისუფლად შეგეძლო ბეღურების სახლის მასალა გამოგეყენებინა. ამის შედეგ, გაზაფხულის ნაკადულზე, გუბის დაგროვებას რაღა უნდა და.
ჯერ კიდევ ამ ნაკადულის ჩხრიალი არ დამთავრებულა და ტყეში უკვე სხვა ნაკადული არაკრაკდა: არყის ხის წვენი წვეთწვეთობით, პატარა ვედროს ნახევარ დღეში აგივსებს. აგერ ჩირგვნარში მჟაუნამაც ამოყარა ახალი ფოთლები, კენკროვანებიც გამოჩნდნენ, ველური გოგრის ტოტი ახლა შეიძლება ჩამოჭრა და სიმჟავის გამო მისი დაწუწნა სასიამოვნოც კია, ზაფხულში უკვე გამაგრდება, გაშრება და არ ივარგებს. მაგრამ, ყველაზე ქვედა, სხვაზე მეტად მსხვილ ნაწილს თუ მოაჭრი, ერთ ბოლოს დატოვებ დაყრუებულად, მხოლოდ ფიჭვის ნემსით გახვრეტავ და ტირიფის წკეპლაზე წამოაცმევ, მიიღებ მშვენიერ, პატარა, წყლის სახაპ მოწყობილობას. შეისრუტავდა ბიჭუნა მთელ ამ ტოტში წყალს, მიეპარებოდა გოგონების ,,ბუდეს’’ და წყლის წვრილი ჭავლი რვა-ათ მეტრამდე აღწევდა. გოგონები გაკვირვებულები შესცქეროდნენ ლურჯ ცას. რა კარგი, მზიანი ამინდია და წვიმა საიდან გაჩნდა, თან სასაცილოდ ჭყიოდნენ.
ასევე შეგეძლო ამ ტოტის დაყრუებული ბოლოს ბასრი დანით ისე წათელა, რომ ძალიან კარგი სალამური, საყვირი მზად ყოფილიყო. ზაფხულის ბოლოს, როდესაც კენკრის კურკა გამაგრდებოდა ეს ტოტი უკვე სასროლ იარაღად იქცეოდა. მარჯვე კაცი კურკას ოციდან ოცდაათ მეტრზეც კი მიაწვდენდა. ბუჩქებში, ხეზე ან სხვა მოხერხებულ ადგილზე ჩასაფრებულს თავისუფლად შეგეძლო მამლების, კატების, ძაღლების ან, თუნდაც თანატოლების „დახვრეტა“ ისე, რომ თვითონ შენ, მათთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყავი. მაგრამ აქ წამით შევჩერდეთ. ახლო მანძილიდან ხომ, ამ „იარაღით“, თავისუფლად არის შესაძლებელი, თვალიც კი დაუთხარო არა მარტო მამალს. ავსა და კეთილს შორის საზღვრის გადალახვა აბსოლუტურად ადვილად არის შესაძლებელი და ბავშვისთვის ამ ზღვრის დაცვა მართლაც ძალიან რთულია. ის ხომ საზღვარს გადააბიჯებს ხოლმე ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე, სუფთა სინდისითა და მხოლოდ ბავშვური სიანცით. მაგრამ, ყველაზე უბოროტო თამაში ნებისმიერ დროს, თანდათანობით შეიძლება შეუმჩნევლად გადაიზარდოს ცელქობაში, ცელქობა ონავარ ეშმაკობაში, ონავრობიდან ხულიგნობამდე კი ბევრი არაფერი რჩება. ამიტომაც, უფროსები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს ბავშვების თამაშ-გართობებს და ჩანასახშივე ცდილობდნენ აღმოეფხვრათ თამაშსა და გართობაში მსგავსი საწყისები, მაშინ როცა, ბავშვის გონებამახვილურ, სიკეთესა და ბოროტებას შორის გამავალი საზღვრის მკაცრად დამცველ გასართობებს მუდამ გაახალისებდნენ ხოლმე.
დროთა განმავლობაში ეს უწყინარი სათამაშოები შეცვალა ლითონის ორკაპა, და რეზინის სასროლმა, ერთი შეხედვით სათამაშოებმა, მაგრამ მათ თავისუფლად შეუძლიათ ფანჯრის მინის ჩამსხვრევა, ან სხეულის გაცილებით სერიოზულად დაზიანება. ასეთ ცვლილებებს ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ ცივილიზაციის განვითარებას მაგრამ, არა მხოლოდ მას. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გამოჩნდნენ ზრდასრული ეშმაკუნები. ისინი ქვებს საზოგადოებრივ შენობებს თავად არ ესროდნენ. თავად მიიმალებოდნენ და ბიჭუნებს კი ასწავლიდნენ როგორ უნდა დაეზიანებინათ ამა თუ იმ შენობის ფანჯრები ან სხვა რამ, მაგრამ მაინც სოფლის ბავშვების გართობა, თავშექცევის ნაირსახეობას თავისი თვითმყოფადი სახე, თითქმის მეორე მსოფლიო ომამდე მოჰყვა. მათი მრავალსახეობა და სიცოცხლისუნარიანობა განპირობებულია საუკუნეთა მანძილზე მიმდინარე შერჩევითი, შრომითი, ბუნებრივი და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით. გლეხი, თამაშებისთვის ინტერესის ასამაღლებლად და გასამრავალფეროვნებლად გამოიყენებდა ყველაფერს, რაც შეიძლებოდა ხელში მოჰყოლოდა. ბებია-ძიძას არაფრად უღირდა მოეხსნა თავსაფარი და ისე დაეკეცა რომ, კურდღელი გამოსვლოდა, თუ კი ნაჭრის „ბაიებს“ ჯერ კიდევ „ეძინა“ და მათი გაღვიძების დრო არ დამდგარა, სამკალში მყოფ დედილოს თავისუფლად შეეძლო ხელდახელ თივის ღერებისგან, ახალი „ბაია“ შეეკოწიწებინა თავისი პატარისთვის. ძნის ღეროებს შეკრავდა, შუაზე გადაკეცავდა და წელზე სარაფანს თივის ღეროებისაგან შემოაკრავდა. შემდეგ ამ „თოჯინას“ მაგიდაზე დასვამენ, თითებით, მუშტით მაგიდაზე რიტმულ კაკუნს დაიწყებენ და თოჯინა აცა-ბაცა მოძრაობებს იწყებს, თითქოს ცეკვავსო. ახლა წარმოვიდგინოთ ბავშვების (ხშირად, არა მარტო ბავშვების) აღტაცება, როდესაც თივისა და რამდენიმე ჩალის ღეროსგან შეკოწიწებული თოჯინები მაგიდაზე მათი თითების კაკუნ-ბრაგუნის რიტმზე ცეკვას იწყებენ! თოჯინები ხან მიუახლოვდებიან ერთმანეთს, ხან დაშორდებიან, ხან შეეხებიან, ხანაც გვერდს აუვლიან. მთავარი ამოცანაა, არ წაიქცნენ, ან სულაც მაგიდიდან არ გადმოცვივდნენ.
ჩვეულებრივი ხახვი საკმარისი იყო იმისათვის, რომ თუ კი იპოვნიდი ხის ნათალს და გამძლე ძაფის ნაგლეჯს, „ბზრიალა“ დაგემზადებინა. ბავშვები თავადვე იყვნენ დაოსტატებულნი მსგავსი თავშესაქცევის კეთებაში, რომელსაც შეეძლო, როგორც ეჩვენებოდათ, უსასრულოდ ებზრიალა. გავრცელებული იყო უამრავი თამაში-მოტყუება, ფოკუსები, გასამასხარავებელი თამაშობა და ა. შ. ბოლოს და ბოლოს ამოწურული ფანტაზია ყველას ტკბილი, მშვიდი ძილისკენ ეწეოდა, მაგრამ დილით უკვე, რაღაც ახალი იდეა გაჩნდებოდა და ახლი გასართობი ჩნდებოდა. აი მაგალითად „ქათამი“, შუბის ან დაბამბული ლაბადის ორ სახელურში „გააყრევინებდნენ“ ერთ ხელსა და ერთ ფეხს, ზურგზე კი ღილებს შეკრავდნენ. შემდეგ „ქათამს“ ფეხებზე დააყენებდნენ და არაფერი იყო იმაზე სასაცილო სანახავი, ვიდრე ის, თუ როგორ გადაადგილდებოდა და როგორ წაიქცეოდა ხოლმე იგი.
გაზაფხულზე, ხვნა-თესვისას და ზაფხულზე, მკის დროს ახალგაზრდები აუცილებლად გამოითლიდნენ ხოლმე ოჩოფეხებს, ჯერ მოკლეებს, შემდეგ კი, აგრძელებდნენ და აგრძელებდნენ. ჭინჭარსა და წყალში ოჩოფეხებით სიარული მათში გამძლეობასაც განავითარებდა და ფიზიკურ ძალასაც.
ძალზედ სასაცილოდ გამოიყურებოდა სოფლური „ზედახორა“, რომელიც იგივე დასახელების, ქალაქური გასართობისგან განსხვავებული იყო. ქუჩაში სტიქიურად შეკრებილი, თამაშის მსურველები ამოირჩევდნენ ერთ-ერთ მოთამაშეს, რომელსაც ერქვა მოხეტიალე და რომელსაც შემდეგ, არც თუ ძალიან სასიამოვნო ფუნქციები ეკისრებოდა. მოხეტიალე იჯდა მიწაზე, მას თავზე, ქუდზე წამოაკოსებდნე ყველა მოთამაშის, სხვადასხვანაირი ფორმისა და შეხედულების თავსაბურავს, ერთმანეთზე დაწყობილს, ისე რომ, მის თავზე ნამდვილი ზედახორა წარმოიშობოდა,
ზოგჯერ ეს საკმაოდ მაღალი რამ გამოდიოდა. ამის შემდეგ ტანად ყველაზე მაღალი მოთამაშე დაექანებოდა და გადაახტებოდა მოხეტიალეს. იმახსოვრებდნენ რამდენი ქუდი ჩამოაგდო პირველმა, შემდეგ მეორე, და ასე შემდეგ, სიმაღლის მიხედვით. ბოლოს რა თქმა უნდა ყველაზე ტანდაბალს უწევდა გადახტომა, მაგრამ, ამ დროისთვის, მჯდომარის თავზე შეიძლებოდა ქუდი არც კი ყოფილიყო დარჩენილი... წაგებულები (ვინც მეტი ქუდი ჩამოაგდო) რიგის მიხედვით, წაკუზულ მდგომარეობაში დადგებოდნენ, მოხეტიალეს ორი მოთამაშე ხელში აიყვანდა და უკანალით იმდენჯერ შეაჯახებდა ამ პოზით რიგში მდგომი „დამნაშავის“ უკანალს, რამდენი თავსაბურავიც მას ჩამოუვარდა. ეს კი ზოგჯერ, იმის გამო რომ დარტყმისგან ეს მოთამაშე შეიძლებოდა წინ რამდენიმე მეტრითაც კი გადავარდნილიყო, ძალზე სასაცილო და სახალისო სანახაობა გამოდიოდა, განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა წაქცეული თავის მდგომარეობას უბრუნდებოდა და დაბნეული თვალებით უყურებდა რა ხდებოდა იქ, მის უკან. ყოველი დარტყმის წინ მას, რა თქმა უნდა, სახე სხვადასხვანაირად ეცვლებოდა.
მამაკაცებისა და ბიჭების კლასიკური, საზაფხულო თამაში გახლდათ ა. ს. პუშკინის მიერ მოხსენიებული „კოჭობანა“, ანუ იგივე „კოჭები“. ეს თამაში ერთნაირად უყვარდათ როგორც ბავშვებს, ასევე მოზარდებსა და უკვე საკმაოდ წამოზრდილებსაც. თავისუფალ დროსა და რაიმე დღესასწაულის დღეებში კი, ამ გასართობ სანახაობაზე არც ცოლიანები ამბობდნენ უარს. „კოჭი“ ეს გახლდათ ხბოს, ცხვრის ან ხარის კოჭის ძვალი, რომელიც ხარშვის შემდეგ დარჩა, მას სახვა და სახვა კუთხეში, სხვადასხვა სახელს არქმევდნენ. მათ აგროვებდნენ, ჰყიდდნენ და ყიდულობდნენ, უმცროს ბიჭებს შთამომავლობითაც კი გადასცემდნენ.
პუშკინის მიერ აღწერილი „ზუსტი ძვალი“ სხვა არაფერია, თუ არა დიდი ხარის კოჭის ძვალი. ამ კოჭის ძვალს გახვრეტდნენ და შიგ ადუღებულ ტყვიას ჩაასხამდნენ. მოგვიანებით ძვალი ქვით შეიცვალა, შემდეგ კი უკვე ლითონის ფირფიტით, რომელსაც „დასარტყმელი“ ან ზოგან „დამრტყმელი“ შეერქვა.
ფსონად ერთი „კოჭი“ იდებოდა, თუ კი მოთამაშეთა რიცხვი ძალიან მცირე იყო, შეიძლებოდა ორიც დადებულიყო.
არსებობდა თამაშის რამდენიმე ნაირსახეობა მაგრამ, ყოველ მათგანში, გასამარჯვებლად, შენ აუცილებლად გჭირდებოდა სიჩაუქე, გამძლეობა და რაც მთავარია სხვაზე უკეთესი თვალზომა. პირველი ის ურტყამდა, ვინც „კოჭი“ სხვაზე შორს გაისროლა და ურტყამდა იმ წერტილიდან, სადაც მისი ნასროლი დავარდა. ერთ-ერთ სახეობაში ფსონი ლაგდებოდა, სამხედრო ენით რომ ვთქვათ ერთ მწყობრ რიგში კი არა, არამედ ორ კოლონად. ხან კედელთან ახლოს დალაგდებოდა, ხანაც ტრიალ მინდორში. თუ თამაშის ასეთ ვარიანტს ირჩევდნენ, ამ შემთხვევაში დარტყმების მეორე სერია უკვე, სხვა მხრიდან ხორციელდებოდა.
სამწლიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში ლექსიც კი ისწავლებოდა:
გზის ნაპირას, ჩვენს მინდორზე,
ზარ-ზეიმი არი.
და „კოჭები“ დაწყობილან-
გეგონება ჯარი.
ჩვენმა პავლემ კიდევ
ერთხელ გაიმარჯვა მგონი,
რა დიდია და მდიდარი
დღეს აქ ძმებო ფსონი“.
ლექსის გაგრძელება და მისი ავტორი ანფისა ივანოვნას სამწუხაროდ, არ აქვს დამახსოვრებული.
ზრდასრული მამაკაცების თამაშისას, როდესაც დღესასწაულის დღეები იდგა, იკრიბებოდა მაყურებელთა და თამაშის გულშემატკივართა, ქალებისა, ნათესავებისაგან, სტუმრებისაგან და სხვა საზოგადოებისაგან შემდგარი საკმაოდ დიდი გროვა.
„კოჭობანას“ პოპულარობით ერთი თამაში, „ქალაქობანა“ თუ შეედრება, რომელიც ასევე ლამაზი საყურებელია, აზარტულია და ის ერთადერთია, რომელიც დღემდე შემორჩა ხალხური თამაშებიდან, დაკანონებულია და ოფიციალურ, სპორტულ შეჯიბრებებშიც თავისი ადგილი უჭირავს, მას უფრო იცნობენ რუსული დასახელებით — „გოროდკი“.
ხალხური თამაშებისა და თავშესაქცევი გასართობების ცალკე გამოყოფა და კლასიფიცირება ძნელია თუმცა, ყველაფერი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა, ყალიბდებოდა ავტონომიურად, ცალკე და იყო, არსებობდა, მკაცრად განსაზღვრულ ნორმებში.
სწორედ ამაში მდგომარეობს ხალხური ესთეტიკის მთავარი, უმთავრესი პარადოქსულობა.
ავიღოთ მაგალითად სოფლური საქანელა, რა არის ეს? შეიძლება მისი დახასიათება? ტექნიკური თვალსაზრისით ალბათ კი, მაგრამ თუ კი მკითხველმა არ იცის რას ნიშნავს გაზაფხული სოფელში, ბანაობის კვირა, ნაღდი, სოფლური დღესასწაული და ა. შ. და ა. შ.
მაშინ, ეს იქნება არასრული, უინტერესო დახასიათება — მშრალი აღწერა, რაღაც ნივთისა. სხვათა შორის, ავიღოთ საქანელა, ჩრდილოეთში ოდითგანვე იყო გავრცელებული, როგორც წრიული, ასევე, ჩვეულებრივი (ქანქრისებრა) საქანელა. ეს მათ გარშემო, სადღესასწაულო თავდავიწყებისას, ხდებოდა ჩვეულებრივი თამაშობების მუსიკალური შინაარსითა და რიტმულობით შევსება და სრულყოფა, გუნდური სიმღერებისა და ცეკვებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებითა და მელოდიურობით გახალისება.
ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ თამაშობს, მაგრამ თამაშობს საპირისპირო სქესის ბავშვთან ერთად, უბრალოდ ბავშვი კი არ არის, არამედ ის უკვე მოზარდი გახდა, ასეთი თამაში უკვე უბრალოდ თამაში კი არ არის, არამედ, სულ სხვა რამ გახლავთ.
ნორმალური ადამიანი თამაშს დიდხანს, ძალიან დიდხანს ემშვიდობება.
მხოლოდ გატეხილი, ნაადრევად დაბერებული, სულიერად გამომშრალი, გაბოროტებული, ან ღვთიური სხივის სავსებით დამკარგავი ადამიანი ჰკარგავს თამაშისადმი ინტერესსა და მოთხოვნილებას, ითამაშოს, იხუმროს და გაერთოს.
შელოცვა და გამოლოცვა
სიტყვა რომელიც „მახათის წვერზე უფრო წვეტიანია და ალესილი ცულის პიზე ბასრია“, რომლის გამოც „დაქალებთან ვერ დაჯდები და აბანოს ორთქლში ვერ გათბება“ რომელსაც „ვერც მჟავეს მიაყოლებ და ვერც ტკბილით გაანეიტრალებ“ აი ასეთ სიტყვას მართლაც ყოველთვის ჰქონდა თითქმის უძლეველი ძალა. ის შველოდა არა მხოლოდ კბილის ტკივილის დროს არამედ იცავდა:
„მფრინავი ისრისგან, გამოჭედილი და გამოუჭედავი რკინისგან, ლურჯი ფოლადისგან, წითელი და თეთრი მხეცისგან, მუხლოვანი ისრისგან, წითელი სპილენძისგან, მავთულისგან, ხლართებისგან, ცხოველისგან და მისი ძვლებისგან, ხისგან, რუსულისგან და არა რუსულისგან, ზღვის გაღმა-გამოღმიდან, მოსულისგან-წასულისგან, ფრინველის ბუმბულისგან, ტყეში და მინდორში, ადამიანის მადნეულისგან (უცხო სიტყვაა, შეიძლება როგორც ლითონი, ასევე ადამიანის სისხლიც იგულისხმებოდეს), რუსულისგან და თათრულისგან, ჩერემ სულისგან და ლიტვურისგან, გერმანულისგან, და ყველა არაწმინდა ელინური მოდგმისგან, მტრებისგან და ყველა სხვა ავსულისგან“.
მრავალი შელოცვა და გამოლოცვა დროთა განმავლობაში ლოცვებად იქცა, აქ, ქრისტიანული რელიგიური ტერმინოლოგია, წარმართულთან თანაარსებობას.
„დამიცევ და შემიწყალე ჯვარო უფლისაო, დამიფარე, გვიშველე მე და ჩემს ამხანაგებს, დე შთავარდეს ისარი ხეში, ბუმბული ფრინველში, ფრინველი ცაში, წებოვანი თევზში, თევზი ზღვაში, რკინა და ტყვია ჩემგან, მონისაგან ღვთისა და ჩემი მეგობრებისგან — თავის დედას, მიწას შთავარდეს. ამინ ! ამინ! ამინ!“.
მაგრამ, როგორც ანდაზა ამბობს: „მხოლოდ ამინით ეშმას ვერ დასძლევ“, ჰო და, ალბათ სიტყვა რაღაც სხვა იარაღთან ერთად იცავდა, როდესაც შელოცვას წარმოთქვამდა, ამით, ადამიანი თავის თავში, დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში რწმენას აძლიერებდა და საკუთარ „მე“-ში სულიერ ძალებს აფხიზლებდა. განეწყობოდა გარკვეული, ერთი მიმართულებით. ნ. ა. ივანიცკის მიერ ჩაწერილი მონადირის შელოცვაში ნათქვამია: „ავდგები, დავილოცები, ქოხიდან გავალ, გავცდები კარებს, ჭიშკარს, გავალ ტრიალ მინდორზე, გავცდები აღმართ-დაღმართებს, უღრან ტყეებს, გადავივლი მაღალ მთებს, მდუმარე ჭაობებს, ტყეებში ბლომად მოვინადირებ ციყვსა და კვერნას, კურდღელს და მელას, ჩხართვსა და სხვა ფრინველს, მგელსა და დათვს. ლურჯ ზღვებსა, ტბებსა და მდინარეებზე გედებს, ბატებსა და იხვებს. თუ ვინმე ბოროტი, ბოროტ განზრახვას ჩაიდებს გულში ჩემს მიმართ, მას ზღვიდან ქვიშა შეეყაროს თვალებში, წყალი დაესხას იმ ბოროტ თავზე, ტყეში, ნაძვისა და სოჭის ხმელმა ფიჩხმა ჩაუკეტოს გზები, თვალმა უღალატოს, კბილებით ქვის ღრღნამ მოუწიოს. ისე როგორც, ღვთის ნებით ამოვარდნილი ქარიშხლისას ტყეში, ხეები და მათი ვეებერთელა ტოტები იმტვრევა და ილეწება, იმ ბოროტსაც ძვლები და სახსრები სტეხდეს და ემტვრეოდეს, ისევე როგორც, ღვთის ნებით ქუხილი, ჭექით და ელვის ცეცხლოვანი ისრებით მუსრავს ეშმაკეულს, ის ბოროტიც მოსპოს და გაანადგუროს ასეთივე ისრებმა. დე იქმნან ჩემგან თქმული ეს სიტყვები უძლიერესნი და უზუსტესნი“.
არსებობდა ბევრი შელოცვები და გამოლოცვები ხანძრისგან, ცხოველის დაცემისგან, როგორც გლეხებისგან, მწყემსებისგან და უბრალო ხალხის წიაღიდან გამოსული, ასევე ქალაქში, სხვა და სხვა, ფსევდო მკურნალი და მჩხიბავი ადამიანებისგან შეთხზული და შემდეგ გავრცელებული. როგორც ვხედავთ, ძველ დროში, სამონადირეო და საომარ საქმეში, ასეთ საშუალებებს მამაკაცებიც ძალიან ხშირად მიმართავდნენ მაგრამ, დროთა განმავლობაში შელოცვა, გამოლოცვა და ასეთი რამეები ქალების პრივილეგიად იქცა.
ეტყობა, ასეთ რამეებს იგივე ფსიქოლოგიური საფუძველი და ეფექტი ჰქონდა, როგორიც თანამედროვე ჰიპნოზსა აქვს, ან — თვითშთაგონებას. უმეტესობა საყოფაცხოვრებო შელოცვებისა, უშუალოდ, რამე მოვლენის, მოქმედების წინ იბადებოდა. მაგალითად, ძროხის მოსაწველად, დაბალ სკამზე ჩამომჯდარი ქალი ჩუმი ხმით, ისე რომ, მხოლოდ ამ ცხოველს გაეგო, ჩურჩულ ბუტბუტით ამბობდა: „ვიდრე მოგწველი ღვთის ცხოვარო ჩემო კატერინა, ჩემო ჭრელა დობილო, იდექ მშვიდად მთასავით, რძე მომეცი ზღვასავით, არ იფიქრო ცუდი, არ იქნიო კუდი, არ იქნიო ცუდად ფეხი, აგცილდება ყველა მეხი“.
გამოცანა
ზამთრის გრძელ ღამეებში, თბილ ღუმელთან, ან როდესაც სახლთან ახლოს შეიკრიბებოდნენ და ცეკვა, ხმაურის არც ადგილი იყო და არც სიტუაცია, გართობა თამაშის საუკეთესო საშუალება იყო გამოცანები. ბავშვები და მოზარდები ამ საქმით ნებისმიერ დროს ერთობოდნენ და მასში ყოველთვის ჩაითრევდნენ ხოლმე უფროსებსაც, რომელთაც რა თქმა უნდა, გამოცანები გაცილებით მეტი იცოდნენ. თან მთელი ხალისი თვით გამოცნობის თქმაში უფრო იყო, ვიდრე მის გამოცნობაში, უფრო მეტიც, ზოგჯერ გამოცნობა საჭიროც კი არ ხდებოდა. ყველასთვის ცნობილი ან, ადვილად გამოსაცნობი გამოცნობის თქმა საინტერესო არ არის, აი ახალი, ახლად მოფიქრებული ან, ძნელად გამოსაცნობი გამოცანის ამოხსნა კი, საინტერესოც არის, ძნელიც და სახალისოც. ამიტომ გამოცანის მთქმელი, ინტერესის უკიდურესად გაღვივების შემდეგ, ხშირად, თავადვე იძლეოდა პასუხს. არა და, აბა მიდი და გამოიცანი თუ ვინ ვის ელაპარაკება გამოცანაში: ,,გაპარსულ და გაკრეჭილს, ბუტბუტით ჩაუარა, მრუდე გზებით მავალმა თავზე გადაუარა, მან კი მდგარმა უსიტყვოდ, როგორც ბავშვმა პატარამ, თავის გულის ფიცარზე მდორედ გადაატარა“. ყველაზე გონიერიც კი, უცებ ვერ მოიფიქრებს რომ, ლაპარაკია მოთიბული მინდვრის, ან უკვე მომკილი ყანის შუა გულზე ჩამდინარე მდინარეზე. რადგან საუბარი ბუნებაზე ჩამოვარდა, შედარებით ადვილი მისახვედრია „ტყეზე მაღალი, თმაზე წვრილი“ ქარი და წყალი ხომ განუყრელად არიან ზღაპრებში და აბა იმის გამოცნობას რა უნდა „რომელი გზით დადიან ნახევარი წელი და მეორე ნახევარი კი მგზავრობენ?“
მდინარის გახსენებაზე აუცილებლად მოგაგონდება გაყინული წყლის ზედაპირზე, წყლის ამოსაღებად ამოჭრილი ჭა, „მრგვალ ფანჯარაში დღე ჩამსხვრეული მინა ღამე ისევ მთელია“. ამ ყველაფრის შემდეგ თუ გკითხავენ, „რა იზრდება ფესვებით ზევით?“ ალბათ ბევრი გონებამახვილი ვინმე მოინახება, ვინც უცებ მიხვდება რომ, ლაპარაკია ყინულის ლოლუაზე.
„რომელი ბალახია ბრმაც რომ იცნობს ადვილად?“ შვილიშვილს ეკითხება ბებია. თან დარწმუნებულია რომ, სულ მალე გაიგებს აღფრთოვანებულ ხმას, „ჭინჭარი, ჭინჭარი“. მამალზე ნათქვამ გამოცანას: „ორჯერ დაიბადა არც ერთხელ არ მონათლულა, მაგრამ პირველი მღერის“, შეუძლია ზრდასრული ადამიანის ფანტაზიაც კი დაძაბოს. ასეთი გამოცანა კი: „ძროხაზე, არყის კანზე, ღორი ათრევს სიზარმაცეს“, შეიძლებოდა დაბადებულიყო მხოლოდ პროფესიონალ, ქალამნების შემკერავთა გარემოში, სადაც სწორედ ამ სამი მასალისგან კერავენ, ასეთი სახის ფეხსაცმელს. „ორ ძმას ერთი ქამარი შემოურტყამს“ — აზრს იძენს მხოლოდ ჩრდილო რუსეთში, სადაც ღობის საფუძველს ორი, ლერწმით გადაბმული სარი წარმოადგენს.
ზოგი გამოცანა ჟღერს როგორც ანდაზა და პირიქით, ზოგი ანდაზა გამოცანადაც კ გამოდგება.
ასევე გავრცელებული იყო ორაზროვანი გამოცანებიც, რომლებიც ჟღერადობით უცენზუროს უფრო მოგაგონებთ. აი ამ, ერთი შეხედვით არც თუ მისაღები ფორმის კომპენსირება ხდებოდა გამოცანაში ჩადებული, საკმაოდ ღრმა აზრით.
სახუმარო გამოცანებს („კატა მჯდარა ფანჯარაზე, კუდი კატის ჰქონია, მაგრამ კატა აღარ არის, ის რაც კატა გგონია“) ცვლიდა შარადები, თავსატეხები და ა. შ. აი მაგალითად:
„მიფრინავდნენ წეროები და მათ ხეზე ჩამოჯდომა დასჭირდათ. თუ კი ორ— ორად ორი არყის ხეზე ჩამოსხდებიან, ერთი არყის ხე დარჩება ცარიელი, მაგრამ თითო რომ თითო ხეზე დასკუპდეს, ერთი წეროსთვის ხე არ დარჩება. რამდენი წერო მიფრინავდა და რამდენი ხე იდგა?“ ხალხური ზღაპრების გმირები და პერსონაჟებიც ძალიან ხშირად აძლევენ შეკითხვის სახით, ერთმანეთს გამოცანებს და ეს იყო ჩვენი ზღაპრების ხალხურობის ერთ-ერთი მახასიათებელი.




