უცნაური დღე. მნიშვნელობა მისი არა ჩანს...


                             * * *

უცნაური დღე. მნიშვნელობა მისი არა ჩანს.
ერთი ნიშანიც მოცემული მისგან არა მაქვს.
ჯაშუშებს სძინავთ ხახაში წყალჩაგუბებულებს.
დადგა ზამთარი, შემოდგომის მსგავსი რაღაცით
და რამ ნივთები — რომა ჰგავან თითქოს გადაყრილს
ხილს გაყინულს და დაწუნებულებს.

დადგა ზამთარი, შემოდგომის მსგავსი რაღაცით,
ბორბლებს ღერძებზე ამაგრებენ მყიფე სამაგრით,
როგორც ძველ დროში, მაგრამ საით მიიჩქარიან?
გახსენი წიგნი, გადაშალე შუა ფლიგელი,
ყინულის ბორცვზე ვდგავარ იქ, ვით ჩელუსკინელი,
ირგვლივ — წყალია.

ყინულის ბორცვზე ვდგავარ იქ, ვით ჩელუსკინელი,
გახსნილი სახით, ვიღაცისთვის ღიმილისმჩენი
და თოკის კიბით, რაც უპყრია ახლა ამ ხელთა,
შორ წერტილიდან რომ დაეცა და რომ გდია ძირს,
და მე არ ვიცი, იქ ვერტმფრენის პილოტი არის,
თუ ანგელოზი — ელის გარღვევას.

და მე არ ვიცი, იქ ვერტმფრენის პილოტი არის,
თუ ქარიშხალი — მოტრიალე ღრუბლებიანი.
დნება ყინული და იშლება ნაკადულებად
და ყინულმჭრელი ფრინველების გამოჩენაზე,
ჰგავს სიზმრის სიკვდილს ბორბლების ქვეშ, ვდგავარ მეც ასე,
ვდგავარ ბარბაცით, სულელურად თავაუღებლად
და თითებიდან თოკის კიბეს ვათავისუფლებ...