ანგელოზი
ის ქალი დიდი ხანია წავიდა ჩრდილოეთის პატარა ქალაქიდან და ახლა არავინ ცხოვრობს მდინარე კოროგას გაღმა მდებარე ოქროსფერ სახლში, მაგრამ როდესაც ანისიმ ივანეს ძეს შუადღის ძილი უახლოვდება და ფანჯრის გარეთ კოშკებისა და კედლების ჩრდილ-კონტურები კარგავს სიმკვეთრეს, ის თოვლისგან გაწმენდილ ხეივანზე კვლავ ხედავს დაბალი ქალის ფიგურას, ხედავს მის მანათობელ, მხიარული თვალებს, ესმის მისი დაბალი, მაგრამ ძალიან მკაფიო ხმა, ვერანდაზე ჩექმების კაკუნი, თოვლზე კი ცოცხის შარიშური. ის შემოდის გახურებულ ოთახში, იხდის, ერთი წუთითაც არ წყვეტს სიცილს, სვამს ჩაის, როგორც ქალებმა იციან, ჭიქისკენ დაბლა დახრილი, თავის საყვარელ მარილიან ჩხირებს ღრღნის. შემდეგ კი ისევ მოდის ავტობუსი. გზიდან მოთენთილი და იმედგაცრუებული ექსკურსანტები მთქნარებით გადმოდიან. ქალს სახეზე სინანულის ღიმილი აწერია. სანამ ხეივნამდე მიიყვანს, გზად მაღალი კარიბჭის კოშკს გაივლის, ფლიუგერთან— საყვირიანი ანგელოზით რომ არის.
ქალი რაღაცას ამბობს, ხელით ამ ანგელოზზე მიუთითებს. ანისიმ ივანეს ძე შორიდანაც კი ხედავს ორთქლის ღრუბლებს, რომელიც ამოფრინდნენ პირიდან და ეცემიან ქერა ყინვის რთვილებად თმის ღეროებზე, მაგრამ მძინარე კაცებს ქალები ვერაფერს ამჩნევენ. მათ არაფერი აქვთ საერთო არც მასთან და არც ამ საყვირიან ანგელოზთან. ისინი ერთმანეთთან საუბრობენ, შუბლს ზიზღით იჭმუხნიან. ანისიმ ივანეს ძეს გაუსაძლისად სწყინს ქალის ეს მდგომარეობა, სურვილი იპყრობს სახლიდან გაიქცეს და კარგად შეანჯღრიოს ექსკურსანტები, როგორც ცუდად აღზრდილი ბავშვები, მაგრამ პატარა ქალი და ხალხი მის ირგვლივ წამიერად ქრებიან თოვლიან გამჭვირვალე ნისლში და კიდევ რამდენი დრო გავა მანამდე, სანამ ქალი კვლავ დაბრუნდება, დაიწყებს ხელების გაათბობას ღია საკვამლე საფართან და შებინდებისას მისი თვალები დაიწყებენ გაბრწყინებას, როგორც ბრწყინავენ ალის ყურებისას, სწორედ ისე, როგორც მხოლოდ ქალებს შეუძლიათ.
— ანისიმ ივანოვიჩ, — თქვა მან წამღერებით, — რა საოცარი სახელი გქვია, ჩემო კარგო და თქვენ თვითონ ხართ საოცრება.
ანისიმ ივანეს ძე გაწითლდა და ჩაახველა. ქალი ისეთი უმანკოებით და უბრალოებით შესცქეროდა მის დარცხვენილ, კმაყოფილ თვალებს, რომ კაცს არც კი არ შეეძლო დაეშვა, რომ ეს ონავარი ქალი მას დასცინოდა. მაშინაც კი არ იგრძნობდა თავს შეურაცხყოფილად. ანისიმ ივანეს ძე უსმენდა, როგორ იყო აღფრთოვანებული ქალი ეკლესიის გუმბათებით, მწვანე დაისებით, მკაცრი კოშკებით, სქელი კედლებით, ვიწრო სარკმელ-სათოფურეებით და ამ ემოციებს აფრქვევდა მასზე ბავშვივით. მაგრამ მალე, ძალიან მალე, ბინდი დადგა და ქალი ბნელ უკაცრიელ ქუჩისკენ წავიდა, წავიდა მდინარის გაღმა სამსახურის ადგილამდე და კაცის მზერა თან გაიყოლა.
ანისიმ ივანოვის ძემ წარმოიდგინა, ეს ახალგაზრდა მშვენიერი ქალი, რომელმაც უნივერსიტეტი დაამთავრა, როგორ ეზიდებოდა წყალს, ჭრიდა შეშას, აღვივებდა ღუმელს, ამზადებდა ვახშამს და მერე მთელი საღამო იჯდა მარტო, აყურადებდა ქარის ყოველ შრიალსა და ყმუილს მილში.
ის წავა, ის აუცილებლად წავა, თავს აჯერებდა ანისიმ ივანეს ძე, წავა, როგორც ყველა, ვინც აქ ცხოვრობდა მის მოსვლამდე, მაგრამ გავიდა თვე, მეორეც, გავიდა ზამთარი და ის არსად წავიდა, თვალები კიდევ უფრო მხიარულად უბრწყინავდა, ხმაც უფრო წკრიალა გაუხდა და ჰგავდა გაზაფხულზე ეკლესიის სახურავებიდან მოწანწკარე კამკამა წვეთების ხმას.
ქალი საათობით დაძვრებოდა სათავსოებში, ათვალიერებდა ხატებს და უძველეს წიგნებს, ათვალიერებდა ჭურჭელს. ანისიმ ივანოვიჩს სულ ეძახდა, რაღაცას ეკითხებოდა, მერე თვითონვე უხსნიდა, რაღაცეებს იწერდა, იღებდა ფოტოებს და იმხელა ბედნიერება იყო მის თვალებში, რომ პირქუში და არაკომუნიკაბელური დარაჯი, რომლისთვისაც ადრე ყველაფერი იყო სულერთი, ისიც კი თუ რას დარაჯობდა, ახლა თვითონაც დაინტერესდა, თავიდან უეხერხულებოდა ეს ცნობისმოყვარეობა, შემდეგ კი ქალისგან გამხნევებულმა დაიწყო ყველაფერზე მსჯელობა.
— ასე რომ, თქვენ ამბობთ, ლიუბოვ ფედოროვნა, რომ იყო წმინდანი იგნატიუსი და მას ჰქონდა ხილვა: წადით კოროზეროში და ააგეთ იქ მონასტერიო. მე ვფიქრობ, რომ იგნატიუსი უბრალო გლეხი იყო. დაიღალა მოსკოვური უსიამოვნებებით, ჭიჭყლით და ჩხუბებით და წავიდა ტყეებში. როგორც კი მოაღწია ჩვენს ტბამდე, დაიჭირა პირველი ორაგული, გასინჯა და დარჩა აქ საცხოვრებლად. ისე, რაც შეეხება ყველანაირ ხილვასა თუ ზეციურ სასწაულებს, ეს ან ხალხმა შეთხზა, ან თვითონ მოიფიქრა, რომ არავის გაედევნა იგი აქედან.
ქალმა ხმამაღლა გადაიკისკისა, მხრებზე დაყრილი თმა პატარა გოგოსავით გადაიქნია:
— ოჰ, ანისიმ ივანოვიჩ, შენ მუზეუმს კი არ დარაჯობ, როგორც ჩანს ათეიზმის შესახებ ლექციებს კითხულობ. ყველა პროფესორს ჯიბეში ჩაისვამ.
— შენ, გოგო, ათეისტს ნუ მეძახი, — გაბრაზდა ანისიმ ივანეს ძე, — მე შენთვის ძაღლი ხომ არ ვარ? — თქვა და გაჩუმდა, მაგრამ დიდხანს არ ეყო საკმარისი მოთმინება, რომ ხმა არ ამოეღო. ქალის თვალები ისეთი კეთილგანწყობით შესცქეროდნენ, ისევ აღელდა: — რას ფიქრობ? ბერებიც ხომ კაცები იყვნენ. ასე გეტყოდი: ქალებზე გული აიყარეს, ამიტომ ცალ-ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. საკუთარი მეურნეობები შექმნეს, თევზაობდნენ, ბაღები გააშენეს, აქვე, ჩვენს ადგილებში. ახლა კი რა ხდება? — ხელი აიქნია და შუბლი შეჭმუხნა. ამასობაში ქალმაც მოიწყინა და თავის დირექტორზე დაიწყო წუწუნი, რომელსაც არაფერი ადარდებდა — გაფლანგა თანხები და ყველაფერი ძვირფასი მოსკოვში და ლენინგრადში გაიტანა.
ანისიმ ივანეს ძე თანაგრძნობით უსმენდა და ნუგეშად უთხრა:
— ყოფილი ბოსი უფრო უარესი იყო. ომის დაწყებამდე ხატები იატაკზე პირაღმა ეყარათ და ხალხს იძულებულს ხდიდნენ მათზე ფეხით გადაევლო. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასეთ საშინელ რაღაცეებს მაინც არ აკეთებენ.
მუზეუმი გარეუბანში იდგა, ექსკურსანტებიც იშვიათად ჩამოდიოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ რემონტი უკვე დიდი ხნის წინ იყო გასაკეთებელი, მერამდენედ გადაიდო. ერთმანეთის მიყოლებით კეტავდნენ დანგრეულ ეკლესიებს და ამას უკვე ყველა შეეჩვია: ნაკლები ექსპოზიცია — ნაკლები სამუშაო, მხოლოდ ლიუბოვ ფიედოროვნას ასული გამოხატავდა აღშფოთებას.
— აბა, ერთი, ამიხსენით, რატომ ვუშვებთ ჩვენ, უმდიდრესი ქვეყანა, ათასობით თანამგზავრს კოსმოსში, ვაშენებთ ქარხნებს, სადგურებს და ვერ ვპოულობთ რამდენიმე ათეულ ათასს მუზეუმის გასარემონტებლად, მუზეუმის, რომელიც ფასდაუდებელია და თუ გაქრება, ვერაფერი ჩაანაცვლებს. გესმით, რომ ვერაფერი!
— კარგი რა, ლიუბოვ ფიოდოროვნა, — მტკიცედ შეეწინააღმდეგა ანისიმ ივანეს ძე, — ეჰ, რა კოსმოსზე ვლაპარაკობთ, სამოცდაერთში როცა გაგარინი მთვარეზე გაუშვეს — აქ ხელისუფლება ჩამოვიდა, ცენტრალური ტაძრის დანგრევა სურდათ. ამბობდნენ, ღმერთი არ არსებობს, ახლა ეს ამბავი მეცნიერებამ დაამტკიცაო. თქვენი ეკლესია ძალიან მაღალია, ყველა შენობას ზევიდან დაჰყურებს ქალაქში და ხალხს აბნევსო. თითქოს მუშების მოთხოვნით უნდა დაენგრიათ. ხელმოწერებიც კი შეგროვდა, — თქვა და გაბრაზებულმა გადააფურთხა, — მაშინ ერთმა შემთხვევითობამ გადაარჩინა: ასაფეთქებელი ნივთიერება არ ეყოთ. ახლა არავინ გვეხება მაინც, მადლობა ღმერთს!
— ასეთ სისულელეებს რატომ ლაპარაკობთ? — წამოენთო ლიუბოვ ფიოდოროვნას ასული. — ვინ დაუშვებს ახლა ამ ძეგლის აფეთქებას?
— აფეთქებას თუ არა, მორიგ ბინძურ ხრიკს მოიფიქრებენ.
— არავითარ შემთხვევაში! — გადაჭრით თქვა ქალმა, — რეგიონში წავალ და ჩემს მიზანს მაინც მივაღწევ.
სინამდვილეში, მართლა წავიდა და როცა დაბრუნდა, მისი გაწითლებული, გაბრაზებული სახიდან ჩანდა, რომ მოგზაურობა ისე დასრულდა, როგორც დარაჯი ვარაუდობდა-დასრულდა არაფრით! კაცს არაფერი უკითხავს, მაგრამ მეორე დღეს ლიუბოვ ივანოვიჩთან გულწრფელად წამოსცდა:
— არ მიკვირს ამ ნაძირალათა უხეშობა. — დარაჯი შეკრთა. ეს უხეში სიტყვები არ უხდებოდა ქალის ხმას. — მართალი ხართ, მათგან დახმარება არ იქნება. მაგრამ ხალხი, უბრალო ხალხი, რატომ უყურებს ყველაფერს ასე მშვიდად? ვისაც არ მივმართე, ვთხოვე დასახმარებლად მოსულიყო, თუნდაც ნაგავი გაესუფთავებინათ — ხმასაც არავინ იღებს ან უბრალოდ, იცინიან, ქალაქი ხომ მონასტრის წყალობით გაჩნდა — ჰკითხეთ, რომელი ადგილობრივი მცხოვრებია მუზეუმში ერთხელ მაინც ნამყოფი? — მე პირადად არავინ მინახავს მთელი ამ ხნის განმავლობაში. ხალხი აქ ათასობით კილომეტრიდან მოდის და მათ, ვინც სწორედ ამ კედლებთან ცხოვრობს, იმის გაგებაც არ სურთ, რომ ათ წელიწადში ეს კედლები შეიძლება დაინგრეს.
ანისიმ ივანეს ძეს არაფერი უთქვამს, მაგრამ თავისთვის კი გაიფიქროა, რომ ამაში საშინელი არაფერი იყო. ხალხი მაინც ხალხია, მათ აწუხებს ის პრობლემები, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან. ის, რომ მაღაზიები დაცარიელებულია, გზები — დანგრეული, ის რომ საავადმყოფო იქცევა, მონასტერი კი გაუცხოვდა. ეს აღელვებთ მხოლოდ მათ, ვინც წითელი ავტობუსით მიდი-მოდიან და მაღაზიებიდან მხოლოდ წიგნის მაღაზია იციან. ხვალ რომ მონასტერმა არ იარსებოს, ამაზე მართლა არავინ ინერვიულებს და თვითონაც რა სიხარულს იღებს ამ მუზეუმისგან? მაგრამ პატარა ვნებიანი ქალი კი ნამდვილად ანერვიულებს, აიძულებს თავისი თვალებით შეხედოს ყველაფერს და დარაჯში ყრუ სევდას აღძრავს. ადრე არასოდეს იტვირთავდა თავს ზედმეტი განცდებით, იყო ყველაფრისადმი მორჩილი და ბოლო წლებში გულგრილიც, მაგრამ ანისიმ ივანეს ძემ მოულოდნელად დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ მთელი ცხოვრება აბსურდულად გალია: ახალგაზრდობაში გაიფუჭა ჯანმრთელობა ხე-ტყის ჭრისას, სადაც გაიქცა კოლმეურნეობიდან თავის დასაღწევად; მისმა მეუღლემ, რომელიც მთელი ცხოვრება მძიმედ ავად იყო, ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე წლის წინ დაასრულა ტანჯული სიცოცხლე, ღმერთმა მათ შვილები არ მისცა და ამ საგუშაგოს გარდა არც არაფერი ჰქონდა და არც დარჩება მის შემდეგ.
ეს ფიქრები ადრეც უტრიალებდა დარაჯს, ყოველთვის ეშინოდა მათი, მაგრამ იცოდა, როგორ გაქცეულიყო მისგან — ღვინით იკლავდა. მაგრამ ახლა აწუხებდა კითხვა — ასე რატომ გამოვიდა, რომ ამდენი ძალისხმევა დასჭირდა, დაიხარჯა, იმდენი წვალება გამოიარეს, ომი მოიგეს და ცხოვრება კიდევ უფრო უარესი და მახინჯი გახდა. და ყველაზე საშინელი ისაა, რომ ადამიანებმა მიატოვეს ადამიანებად ყოფნა, გახდნენ ველურები და ნამუსგარეცხილები და ამ ყველაფრისგან თვითონაც მოიწყინა და დამწუხრდა, სიბრაზისგან ყელში ბურთი გაეჩხირა, მაგრამ ამ უცნობმა ქალმა, რომელიც არავინ იცის, რა შორეთიდან იყო ჩამოსული, უნებურად გააღვიძა მასში ეს აზრები, უცნაურად შვება მოუტანა და თუ ახლა ეს ქალი წავიდოდა, ამ დანაკარგს გაცილებით რთულად გადაიტანდა, ვიდრე გადაიტანა ჭაობიან ტყეებში მამის სახლიდან გაქცევა.
ანისიმ ივანეს ძე ცოტა რამეს თუ უამბობდა ქალს თავის შესახებ, ფიქრობდა, რომ მისი ცხოვრება არაფრით იქნებოდა მისთვის საინტერესო, მაგრამ მაშინაც კი, როცა ქალს ქარში ხმა ჩაუწყდა და მთელი საღამო ჩუმად იყო და პატარა ყლუპებით სვამდა ბალახიან ჩაის, ანისიმ ივანეს ძეს ეჩვენებოდა, რომ მხოლოდ მისი ყოფნა ამ ოთახში საკმარისი იყო დიდ ნუგეშად და მრავალწლოვან ტკივილს უყუჩებდა. ამავე დროს, ის შფოთავდა და წუხდა მასზე, თითქოს ეს მისი ქალიშვილიც იყო, შეუმდგარი ქალის ბედით. მაგრამ რა ცოტას უამბობდა საკუთარ თავზე ლიუბოვ ფიოდოროვნას ასული და რა ჩუმად იყო, ანისიმ ივანეს ძემ არაფერი იცოდა მის შესახებ და ვერ ხვდებოდა, თავის საუკეთესო წლებს რატომ ატარებს ჭკვიანი, საინტერესო ქალი სახლიდან ასე შორს. ის ვერცერთ ადგილობრივს ვერ ეგუებოდა, არასოდეს ყოფილა ცეკვაზე ან კინოში და ანისიმ ივანეს ძემ, რომელიც თავად არ გამოირჩეოდა გამბედაობით, განსაკუთრებული გულწრფელობით, ჩათვალა, რომ საქმე მხოლოდ გაუბედაობაში იყო.
ქალი უდავოდ ყურადღებას იპყრობდა და ერთხელ ანისიმ ივანე ძესთან ლიუბოვ ფიოდოროვნას ასულზე მისმა მეგობარმა მეთევზემ ისაუბრა, რომლის ვაჟიც ჯარიდან იყო დაბრუნებული.
— ის არ გამოდგება ამ ქალის წყვილად, -— მშრალად უთხრა ანისიმ ივანეს ძემ და საუბარიც იქ დამთავრდა, მაგრამ მეორე დღეს, როცა ქალს „უხათი“ უმასპინძლდებოდა, დააცქერდა ქალს და თითქოს შემთხვევით, დაბნეული და არეული სიტყვებით იმ ბიჭზე ალაპარაკდა. ქალი ჩუმად უსმენდა და შეთავაზებულ წვნიანს მირთმევდა, ხოლო დარაჯი, მისით გათამამებული და შთაგონებული, განაგრძობდა საუბარს იმაზე, რომ ბიჭს, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტები არ დაუმთავრებია, მაგრამ ის არ არის ხულიგანი და კარგ ფულსაც შოულობს. ქალმა მოისმინა, მერე თავი ასწია და ჩუმად თქვა:
— აღარ მელაპარაკოთ ამ თემაზე, გთხოვთ!
შემდეგ ადგა და კარისკენ წავიდა. მოხუცი გაქვავდა, თითქოს გულის წიწკნა იგრძნო. ჩათვალა, რომ ქალი უკვე აღარ მივიდოდა მასთან ჩაის დასალევად, ალბათ მხოლოდ ცივად მიესალმება, უცნობივით გვერდით ჩაუვლის, ვიღაც უცხოს თვალებით შეხედავს და გაყინული ხმით დაელაპარაკება. მოხუცმა არ იცოდა, როგორ გამოესწორებინა მისი შეცდომა, მაგრამ ქალმა თითქოს შეიწყალაო, უცებ შემოუბრუნდა:
— შენ გგონია, რომ უბედური ვარ, არა? მე აქ თავისუფალი ვარ, გესმით? ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა, ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, არავისზე ვარ დამოკიდებული. მე, ისევე როგორც იგნატი, აქ გამოვიქეცი მოსკოვური აურ-ზაურისგან და ეს მონასტერი, ტბა, შენ, ჩემი პატარა სახლი მდინარის გაღმა, ეს ძველი წიგნები, არქივები ჩემთვის ძვირფასია; ხისთავიან ექსკურსანტებთან მიმართებაშიც კი, რომლებსაც ვტენი, რომ მცირედი ინფორმაცია მაინც ავათვისებინო... ესეც არაფერია ჩემთვის. და როცა მოწყენილობა დგება, გახსოვთ საყვირიანი ანგელოზი კარიბჭის ზემოთ? ვუყურებ მას და ვფიქრობ: ასობით წლის წინ დააყენეს აქ, ასობით წელი ის საყვირით უყურებს ჩვენს გზააბნეულ, სულელურ ცხოვრებას. ქარები უბერავენ, წვიმა ასხამს, თოვლმა, ქარმა, მზემ გადაიარა მის თავზე, მაგრამ მისთვის სულერთია. ის დგას და ელოდება მის დროს, სანამ არ ჩამოჰკრავს დროის ქნარი და საყვირი ხმამაღლა არ დასჭექვს მის ბოლო საშინელ სიმღერას, ის ელოდება და ჩუმად უკრავს. რატომ მიყურებთ ასე სინანულით? სჯობს, რომ სათევზაოდ წამიყვანოთ, ღმერთით, ნამდვილად არ შეგაწუხებთ.
ანისიმ ივანეს ძეს ეგონა, რომ ლიუბოვ ფიოდოროვნას ასულმა ისე, უბრალოდ ახსენა თევზაობა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ, ისინი ერთად წავიდნენ. ქალი თავიდან თავშეკავებულად იქცეოდა, უხმოდ უცქერდა, როგორ ართმევდა თავს მოხუცი საქმეს. შემდეგ კი გამხიარულდა, იცინოდა, თევზები ამოჰყავდა და იმდენად დიდი მოქნილი და მოხდენილი იყო, რომ კაცს ეჩვენებოდა, რომ ძალიან ჰგავდა თვითონაც თევზს— სასწაულებრივად გადარჩენილ, უხსოვარი დროიდან ლამაზ და ძლიერ ორაგულს, რომელიც მარტო ცხოვრობს და მიჰყავს ცხოვრების ბოლო დღეები. რა უნდა აკეთოს ამ ძვირფასმა თევზმა ამ დაცარიელებულ ტბაში? და როცა იმ თეთრ ღამეს ლიუბოვ ფიოდოროვნას ასული ცეცხლთან იწვა მსუბუქად დაფარული ბეწვის ტყავით, მოხუცის სულს თრგუნავდა ტკბილ-მწარე შეგრძნები და დარაჯი თავს ბავშვად გრძნობდა, წინ ამოუცნობი მომავალი ცხოვრება ბუნდოვნად ეძახდა და ბედნიერებას ჰპირდებოდა.
და მას, თურმე, არც ეძინა, უყურებდა გამჭვირვალე ცეცხლის ენებს, მოგიზგიზე კოცონს, მერე უცებ ალაპარაკდა:
— თქვენ თქვით, რომ ბერები იგივე კაცები იყვნენ. დიახ, იჭერდნენ თევზებს, მწყემსავდნენ ძროხებს, მათი ბაღები ჰყვაოდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მათზე, ჩემო ძვირფასო, სამყარო იდგა. მხოლოდ წიგნებში წერენ, რომ ყველაფერი თავისთავად კეთდება და ხდება. რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი რაღაცაზე დგას. წარმოიდგინეთ, ახლა ღამეა, ყველას სძინავს და მხოლოდ ბერები ფხიზლობენ, მთელი მათი ძმობა ლოცულობს სამყაროსთვის და თავის თავზე იღებენ ამხელა ტვირთს. ისინი ტყეში არ წავიდნენ სამყაროსგან თავის გადასარჩენად, არამედ წავიდნენ სამყაროს გადასარჩენად.
ღმერთო, როგორ უყვარდა ანისიმ ივანეს ძეს ეს ხმა, არც კი ჰქონდა მნიშვნელობა რას ამბობდა. მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ უბრწყინავდა თვალები, როგორ იჯდა მყუდროდ, პატარა სუფთა ჩექმებით, დაბლა შემოწყობილი ფეხებით. ისეთ საოცარ ემოციას ტოვებდა მის სულში, თვითონაც არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი აქ ხდებოდა.
მოულოდნელად დარაჯმა დააბრეხვა, რომ სწორედ ლიუბოვ ფიოდოროვნას ასული იყო მთელი მისი ცხოვრების ანგელოზი. ქალმა ისე გაიცინა, რომ დროზე ადრე შეაკრთო მძინარე ტყე, შემოჰკივლა ღამის ჩიტმა, დაიყვირა ირემმა და სარწყავისკენ გაიქცა. ქალი ანისიმ ივანოვიჩისკენ გადაიხარა, ხელები თავზე შემოაჭდო, მიიხუტა და გაუპარსავ ლოყაზე აკოცა.
— აჰ, ჩემო ძვირფასო, ოცდაათი წლით უმცროსი რომ ყოფილიყავით, ცოლად გამოგყვებოდით — თქვა მან და ბუჩქებს მიღმა გადახტა.
ანისიმ ივანეს ძემ წყლის შხეფების ხმა გაიგო. როგორ გასცურა ნამძინარევ კოროზეროში, როგორ გაჩნდა მხოლოდ წრეები და კიდევ კარგი, რომ არ შეუხედავს ანისიმ ივანის ძისთვის, ვერ დაინახა, როგორ იდგა გაწითლებული და მისი მხურავლებით ცრემლებამდე სულშეხუთული.
— ჩემო სიყვარულო, სიყვარულო, ჩემო, — ჩაიჩურჩულა მან და გააგრძლა ფიქრი დათოვლილ საყარაულოში, სხვისი ხმა არ ესმოდა და სხვის სახეებს ვერ ხედავდა. მის გარდა არავინ ჰყავდა და ასე ცხოვრობდნენ წლიდან წლამდე მიტოვებულ მონასტერში უკანასკნელი ბერ-მონაზონივით და ვერ მოიწყინეს ერთმანეთი.
ჩამოდიოდნენ ტურისტული ჯგუფები და ქალი ზღაპარივით უამბობდა მათ მეუფე იგნატიუსის ამბებს, რომელიც ძველად ამ სავანეში დასახლდა. შემდეგ ლიუბოვ ფიოდოროვნას ასული მიდიოდა საყარაულოში მდუღარე სამოვართან და აგემოვნებდა შეუცვლელ მარილიან ჩხირებს; ზამთარში ისინი ერთად ასუფთავებდნენ ბილიკებს თოვლისგან, შემოდგომაზე გაჰქონდათ ფოთლები, ხოლო ზაფხულის გრძელ საღამოებს ატარებდნენ ქალაქის მიდამოებში ამაღლებულ ბორცვებზე. — რამდენი წელი ცხოვრობდა დარაჯი აქ, მაგრამ ამ ბორცვებზე არასოდეს უვლია.
იქიდან არ ჩანდა ესოდენი გაპარტახების კვალი, ხეებში ჩამჯდარი ქალაქი ვიწროვდებოდა უზარმაზარი მონასტრის კედლების მიღმა და თითქოს თავშესაფარს ეძებდა გაუთავებელი ტაიგისგან, მაგრამ ასე მხოლოდ შორიდან ჩანდა. არავის სურდა დაბრუნებულიყო ჭუჭყში, მთვრალთა გინება — ალიაქოთში, ეცხოვრა გაცვეთილი ლოზუნგებითა და პლაკატებით.
მონასტერი კი სულ უფრო და უფრო იშლებოდა, თითქოს მთელი ამ წლების მანძილზე უხილავმა სნეულებამ შიგნიდან გამოღრღნა და ახლა დაიწყო აფეთქება. ერთ-ერთი ეკლესიის კოშკი და გუმბათი ჩამოინგრა, სახიფათო გახდა კედლების გასწვრივ და კედლების ქვეშ სიარული და ანისიმ ივანეს ძეს შეეშინდა, მაგრამ არა მონასტრის, არამედ საათობით, უნუგეშოდ მოხეტიალე ქალის, რომელიც ფოტოებს უღებდა მონასტრის დანგრეულ და დაბზარულ კედლებს.
ქალი წერდა წერილებს, აგზავნიდა ფოტოებს, შემდგომ მთელი შვებულებით გაემგზავრა მოსკოვში, მაგრამ იქედან დაბრუნებული დარაჯს ისე ძალიან დაღლილი და არაჯანმრთელი მოეჩვენა, დაიბნა კიდეც. დაინახა, როგორ დაბერდა ქალი, კანი დაუჭკნა, გაუჩნდა ნაოჭები თვალების ირგვლივ. გაიფიქრა, რომ ლიუბოვ ფიოდოროვნა თვითონ ინგრეოდა, როგორც ამ მონასტრის კედლები...
— აქედან უნდა წახვიდეთ! საბოლოოდ უნდა დატოვოთ აქაურობა, — ანისიმ ივანეს ძემ მოიკრიბა გამბედაობა, რაღაც ჩაახშო საკუთარ თავში და ამოთქვა.
ქალი ამჯერად არ შეკამათებია, არც თავი უმართლებია, მხოლოდ მწარედ გაიღიმა.
— სად უნდა წავიდე ახლა მე? მე არაფერი მაქვს, ანისიმ ივანოვიჩ და იქ არც არავინ მელოდება. შეიძლება აქ ტყუილად მოვედი და დავიწყე ეს ყველაფერი, მაგრამ წასასვლელი უბრალოდ არსად მაქვს. სამწუხაროა, რომ არაფერი გამომივიდა — ბოლოს და ბოლოს, საპატრიარქოში მივედი და იქაც: საშუალება არ გვაქვს, ძვირფასო, მონასტერს მივხედოთო. მაშ, ვამბობდი, გაქრეს, დაიღუპოს-მეთქი? ისინი კი მხოლოდ ხელებს ასავსავებდნენ. მაგრამ იცით, რას ვფიქრობ? თუნდაც ორნი ვიყოთ მე და თქვენ, მაინც რაღაცის გაკეთება ხომ შეგვიძლია, თუნდაც, ნაგვის გატანა. შეგვიძლია, კედლები გავლესოთ — მთავარია, დავიწყოთ, არა? თქვენ ხომ არ მიმატოვებთ?!
კაცმა თავი დაუქნია და თავი უკეთ იგრძნეს. დაიწყეს საქმიანი საუბარი. მეორე დღეს მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში ყულაბა დაამონტაჟეს და მან ტურისტებს სთხოვა, რამდენიც შეეძლოთ გაეღოთ მონასტრის რესტავრაციისთვის. მათ უარი არ უთქვამთ, მაგრამ რაიონის პოლიციის თანამშრომელი მოვიდა, შემოწირულობებით დაინტერესდა და ფული უკანონოდ გამოაცხადა. ქალმა მის კითხვებს დამცინავად უპასუხა, ტუჩებზეც კი იკბინა და ანისიმ ივანეს ძემ თავი ცუდად იგრძნო, როცა საზიზღარმა, კარგად გამოკვებილმა პოლიციელმა, რომელიც ქრთამებს იღებდა მთელი შემოგარენიდანაც, მიანიშნა, რომ შესაძლოა ამ ფულს ქალი ჯიბეში იდებდა. თუმცა ყულაბაზე ამბავი გავრცელდა და ქალაქის მაცხოვრებლების დამოკიდებულება გიდის მიმართ შეეცვალათ. ერთხელ ქალები მოვიდნენ და დარცხვენილებმა ჰკითხეს ფიოდოროვნას, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა, ამდენი წელი მარტო რომ იბრძოდა ამ საქმისთვის. შემდგომ იარაღებით გამოგზავნეს კაცები, მაგრამ ისინი მოვიდნენ ერთხელ, მეორეჯერ და მერე აღარ მოსულან. კაცები მხოლოდ არაყზე გამასპინძლების ხარჯზე თანხმდებოდნენ დახმარებას. ყველას თავისი საზრუნავი კისრამდე ჰქონდა. და რა საქმეა კედლების შელესვა, როცა ყველაფრის დამაგრებაა საჭირო?! სჭირდებოდათ მასალა, აღჭურვილობა, ტექნიკა რისი გაკეთებაც შიშველი ხელებით არ შეიძლებოდა.
ასე რომ, ისინი ერთად დარჩნენ და ოღონდ არაფერი შეცვლილიყო — ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი არ დაინგრეოდა ერთ ღამეში, ეს საკმარისი იქნებოდა მათი ერთი სიცოცხლისთვის, ისინი იცხოვრებდნენ და იცხოვრებდნენ თავისთვის.
მაგრამ იმ დროს უკვე დაიწყეს ცვლილებებზე ლაპარაკი, რასაც ასე მძიმედ და უნდობლად განიხილავდნენ ქალაქში რამდენიმე წელი. გამოხატავდნენ უკმაყოფილებას და წყევლიდნენ ხელისუფლებას კუპონების გამო. ამ ხმებმა დათვების სამფლობელომდეც მიაღწია.
— გსმენიათ, — თქვა ერთხელ ანისიმ ივანეს ძემ, — მათ განდევნეს ბოროტმოქმედი.
— მერე რა, — უპასუხა ქალმა გულგრილად, — ისინი სხვას გამოაგზავნიან, საკმარისი რესურსი აქვთ.
— არა, ახალმა, ამბობენ, რომ უარი თქვა აგარაკზე, თვითონ მართავს მანქანას, ყველაფერი სააშკარაოზეა.
— ისე კი, სხვისი წარმატებები მოსვენებას არ მისცემს, — ჩაიღიმა ქალმა.
ისაუბრეს ამაზე და დაავიწყდათ, თუმცა დაახლოებით ორი თვის შემდეგ ახალი ხელისუფლება მოვიდა ქალაქში და შუადღისას გზიდან მუზეუმისკენ გადაუხვია.
ლიუბოვ ფიოდოროვნა შებღალულ კომბინიზონში იყო გამოწყობილი, ხარაჩოებიდან ჩამოვიდა და ჩუმად, დაჟინებით შეუდგა სტუმრების შეთვალიერებას. სტუმრებს გამოეყო ლაბადაში გამოწყობილი, შეშუპებული სახის ასაკოვანი კაცი და განზრახ დაყენებული ხალისიანი ხმით ალაპარაკდა:
— აბა, დიასახლისო, გვაჩვენე შენი ავლა-დიდება.
— მიხაილ მიხაილოვიჩ, რამე სხვანაირადაა? — წარბის აწევით თქვა ლიბოვ ფიოდოროვნას ასულმა, — ავად ხომ არ გახდით? ამდენი წელია გვერდს გვივლიდით და ახლა უცებ — გვაჩვენეთო.
ქალს ყველამ ამრეზით შეხედა, მხოლოდ ერთი დაბალი, ჩაფსკვნილი გლეხი დაბალ უბრალო ქურთუკში და ქუდში გამოწყობილი, უყურებდა ცნობისმოყვარეობით.
— ლიუბოვ ფიოდოროვნა, ქენით სიკეთე.
— წავიდეთ! თუ არ მოგბეზრდებათ, — მხრების აჩეჩვით დაეთანხმა ქალი.
და საჩვენებლად მონასტრის გარშემო წაიყვანა, მაგრამ არა ისე, როგორც ატარებდა ექსკურსანტებს — კედლებიდან მოშორებით, მან მიიყვანა ისინი იქ, სადაც ქვები სცვიოდა. როდესაც ისინი შევიდნენ ეკლესიაში, თავად ანისიმ ივანეს ძემ გახსნა საკეტი და ის რაც შიგნით ხდებოდა, იყო სრულიად შემზარავი — დაძრწოდა ქარი, იდგა ნესტი, დაცხრილული გუმბათის ქვეშ იყო ნამდვილი საყორნეთი, სიბნელეში ირეკლებოდა მათი საშინელი მანათობელი თვალები. ქალმა, თითქოს აქ არაფერი მომხდარაო, ისე დაიწყო ასვლა გაპარტახებულ, ჩამონგრეულ კიბეზე. უცებ შემობრუნდა და წარბები შეიჭმუხნა.
— ქუდები!
— უკაცრავად რა?
— ღვთის ტაძარში შესვლისას ქუდი უნდა მოიხადოთ.
დარაჯმა ასე გაიგო თუ მართლა მოესმა, ქალმა კბილებში როგორ გამოსცრა — ურწმუნოებო!
— მაპატიეთ, — თქვა ჯმუხმა კაცმა და ქუდი მოიხადა. შემდეგ ყველამ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და მელოტი თავები გაიშიშვლეს.
დაჰყავდა ისინი დაბნელებამდე, აჩვენა ყველა ბზარი და ნაპრალი, აიყვანა ისინი მორყეულ ხარაჩოებზე, თითქოს მათ გამოცდას აპირებდა — გესლიანი, დაუნდობელი იყო. ანისიმ ივანეს ძე მას ასეთს არ იცნობდა და არ იცოდა რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო? კარგად დაღლილები ჩანდნენ, არაფერს უსმენდნენ, გაყინულები, გაჭუჭყიანებულები, მაგრამ ისე იყვნენ აღზრდილები, სანამ ის ჩექმებიანი არ გასცემდა ბრძანებას, ფეხს ვეფრ მოიცვლიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ყველასთვის ის შვილის ტოლი იყო.
მიხაილ მიხაილის ძე ბევრ კითხვას უსვამდა, არა მოხუცზე, არამედ სულ უფრო და უფრო მეტს იმის შესახებ, თუ რამდენ ჯგუფს იღებენ თვეში, რა მოგებას იღებენ ისინი, რამდენს იღებს აქედან ქალაქი, რამდენი მიდის მუზეუმისთვის და რამდენს იღებს ტურისტული ბიურო. შუბლი შეჭმუხნა, გონებაში რაღაც გადათვალა და მერე სუნთქვაშეკრულ თანამგზავრებს მიუბრუნდა — ამ დროს ისინი სამრეკლოს ზედა იარუსზე იდგნენ, საიდანაც სივრცე ტაიგამდე და უზარმაზარ კოროზერამდე მოსჩანდა. მოსჩანდნენ კუნძულები, დაკლაკნილი სანაპიროები, სათიბები, ტყიანი ბორცვები და ჯმუხმა მოხუცმა ხმამაღლა თქვა:
— აქ ფული ფეხქვეშ გიგიათ, საკმარისადაა ყველასთვის.
მერე ქალისკენ შემობრუნდა და მოფერებით, რბილად ჰკითხა:
— რამდენს გიხდიან, ლიუბოვ ფიოდოროვნა?
— ას ოცი, — უპასუხა ლიუბოვ ფიოდოროვნამ გაბრაზებული, — და რამდენი დაუნიშნეთ საკუთარ თავს ხუთასი, ათასი?
— ტყუილაუბრალოდ ამბობთ ასე, — უპასუხა მიხაილ მიხაილის ძემ მშვიდად, — ფულზე ნამდვილად არაა ლიუბოვ ფიოდოროვნა, მტკიცედ გპირდებით — დაგეხმარებით, ყველაფერს აღვადგენთ!
— აჰ, — ხელი ჩაიქნია ქალმა, — არ მჯერა თქვენი, არავისი არ მჯერა.
— თქვენ გგონიათ მინდა დაგაჯეროთ? — ჩაიცინა მიხაილ მიხაილის ძემ. — კარგი, კარგი, თქვენი საქმეა, მაგრამ პირველ რიგში მონასტერს მივხედავ.
თქვა და წავიდა, გზად ფიცარი აიღო და განზე გადააჩოჩა, ყველა მას დაედევნა და თვალი აარიდეს კირით დალაქავებულ კომბინიზონიან ქალს.
— ყველაფერი მოგვარდა, — თქვა გაურკვევლად ანისიმ ივანეს ძემ, — ის მეურნეა, მის ხელში არაფერი დაიკარგება. ადრე კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, ხალხი მისგან არსად მიდიოდა.
— მისი თვალები არ მომწონს, ხარბი ჩანს, — უთხრა უხალისოდ ლიბოვ ფიოდოროვნამ და ცუდი წინათგრძნობისგან დარაჯს გული შეეკუმშა. იმ დღეს ჩაიც კი არ დალიეს — ქალმა ჩუმად გამოიცვალა ტანსაცმელი და წავიდა, თავი ძლივს დაუქნია ანისიმ ივანეს ძეს.
მაისიდან მუზეუმს აგურით, ცემენტით, ხე-ტყით დატვირთული მანქანები მიადგნენ. ჩამოვიდა რესტავრატორების ჯგუფი, ჩამოიტანეს გასაშლელი სახლები და დადგეს ტბის სანაპიროსთან. ქალაქში დაიწყეს საუბარი, რომ ახლა გზაც გაკეთდება, აშენდება ახალი სასტუმრო და თითქოს საავადმყოფოსთვისაც გამოყოფენ ფულს. იმ ზაფხულს ქალი კვლავ ახალგაზრდული გახდა, კი არ დადიოდა, დაფრინავდა, ყველაფერს დროულად აკეთებდა, ეხმარებოდა, მისი ხმა ისე წკრიალებდა, როგორც რვა წლის წინ, მაგრამ მოსალოდნელი უბედურების მომასწავებელი შეგრძნება რატომღაც არ სტოვებდა დარაჯს. გამოუვალი მდგომარეობით გული გადაელია და არ იცოდა რა ეპასუხა გახშირებულ გამოკითხვებზე.
ერთ-ერთ ნისლიან დღეს ქალი შევიდა საგუშაგო ჯიხურში და კარს მიყრდნობილი გაირინდა.
— ღმერთო, ჩემო, რა სირცხვილია, — თქვა ლიუბოვ ფიოდოროვნამ და ხელები წითელ ლოყებზე შემოიდო.
— რა მოხდა?
— რა სირცხვილია, სირცხვილი, — გაუთავებლად ამტკიცებდა იგი, შემდეგ კი ხელები სახიდან მოიშორა და დარაჯს ცივად შეხედა, ასჯერ უფრო ცივად, ვიდრე მაშინ, როცა კაცმა თავი გამოიდო მის სამაჭანკლოდ. მერე ამოღერღა: — ნუთუ არაფერი იცით? გაყიდეს!
— როგორ გაყიდეს? — კაცმა ვერაფერი გაიგო.
ქალმა არაფერი უპასუხა, ფანჯარას მოშორდა. ანისიმ ივანეს ძე ჩუმად იყო, არაფერზე არ ფიქრობდა, მხოლოდ მთელი სხეულით გრძნობდა ირგვლივ საშინელ სიჩუმეს და სიცარიელეს, შემდეგ კი კარზე მსუბუქი კაკუნის ხმა გაისმა, პასუხის მოლოდინის გარეშე, ქუდით და ჩექმებით შემოვიდა სწორედ ის კაცი, მიხაილ მიხაილის ძე. ამჯერად თვალები არ ჰქონდა თავდაჯერებული, როგორც მაშინ, მოუსვენარად აცეცებდა.
— ლიუბოვ ფიოდოროვნა, — დაუძახა მან რბილი ხმით.
ქალი არ გამოეპასუხა. მიხაილ მიხაილის ძემ დაიწყო თავის მართლება, საუბრობდა ძალიან ჩქარა, იმაზე რომ სხვა გამოსავალი არ იყო, რომ ეს არის მონასტრის გადარჩენის ერთადერთი საშუალება და სჯობს ასე, ვიდრე დაველოდოთ სანამ ჩამოინგრევა, რაიონი მიიღებს თანხას, ის შეთანხმებულია ამის თაობაზე, რომ ქალს მიიღებენ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სამუშაოზე. თანდათან თავდაჯერებულობა უბრუნდებოდა ამ ჯმუხი კაცის ხმას, თითქოს ხალხის მასას მიმართავდა.
ქალი შემობრუნდა და დარაჯმა დაინახა ცრემლებითა და წყენით სავსე თვალები. მაშინ ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რას და რატომ აკეთებდა ეს კაცი, ანისიმ ივანეს ძე ადგა და უსიტყვოდ გააძევა დაუპატიჟებელი სტუმარი საგუშაგოდან.
— ტყუილად მოექეცით მას ასე, — თქვა მან დაბნეულად, — მას სურს, როგორც უკეთესია. ყოველ შემთხვევაში, მე უბრალოდ არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია.
კაცს უცებ შერცხვა, თითქოს მისი ბრალი იყო, რომ ვერ გადაარჩინა თეთრი ეკლესია და ძველი კედლები, რომ ვერ მოუფრთხილდა თავის ერთადერთ, ფასდაუდებელ ორაგულს, მან გაცურა მისგან, ღმერთმა იცის სად.
ქალი იმავე საღამოს გაემგზავრა იქიდან. ნორმალურად არც დამშვიდობებია და მას შემდეგ მისგან ერთი ბარათიც არ მოსულა.
— სად არის, როგორ არის, რა ჭირს? — ის მარტო დარჩა და მხოლოდ ქერა, მოწესრიგებული მუშების უცხო საუბრები ესმოდა.
მისთვის სანუგეშოდ აღარაფერი რჩებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქს ისეთი საშინელი ქარი დაატყდა, რომ მოხუცებს ასეთი ქარი არ ახსოვდათ. ქარმა სახლებს გადახადა სახურავები, მიმოფანტა ხორები და წააქცია ხეები.
დილით ანისიმ ივანეს ძემ დაინახა, რომ საყვირიანი ანგელოზი მიწაზე ეგდო. ქურდულად მიმოიხედა, ზურგზე შეიგდო და თავისთან წაიღო, რომ ღამე მოესმინა მისი წყნარი, ნაზი სიმღერისთვის.