საიმპერატორო ტახტის მახლობლად იხეიუანის საზაფხულო სასახლის მშვიდობის დარბაზში
ექვსი წლის ბიჭს
მსახურთა გამოცდილი ხელები
ფრთხილად და გულმოდგინედ მოსავენ:
აბრეშუმის ოქროსფერ შარვალს
აცვამენ ფეხზე
და პერანგსაც იგივეს ტანზე,
წინა მხრიდან ღრუბლებში ამოქარგულ
მოცეკვავე დრაკონით, ზემოდან კი
გაშლილ საწვიმარს მოახურავენ,
კიდეებზე შემოვლებული ბეწვით
ზარის ფორმის სახელოებით,
თავზეც გაბრტყელებულ ქუდს აფარებენ, —
და ასე! — სვამენ ტახტზე,
მოყვითალო ხავერდით შემოსილს,
ღიმილი გადაეფინება სახეზე
მთელი სიგანით, მთლად ყურებამდე,
თვალები ეშმაკურად იღიმიან,
მაგრამ გართობა ძალიან მშვიდია,
მალე დამთავრდება: მზერა
ამღვრეული, მინითა და კალით
ივსება, მკაცრდებიან შუბლშეკრული წარბები,
კიდევ ცოტაც და
ლოყები ბრაზისგან აალდებიან,
ბრძანების გაცემა მოუნდება,
მტრის წინააღმდეგ ჯარის გაგზავნა,
უკანონოდ დასჯა და შეწყალება,
აჯანყებების სასტიკად ჩახშობა,
უცხო წიგნთა განადგურება,
ქვემძრომთა და ქვეშევდრომთა
ხოტბა-დიდება,—
სამი წუთიც არ გასულა, რომ
გამოათრიეს ტახტს ჩაჭიდებული
მმართველი, —
სხვისი ჯერი დგება,
სხვა მოდის, მას კი სახსოვრად მხოლოდ ათეული
უმაღლესი ხარისხის ფოტო დარჩება.



