ტატიანა ტოლსტაია

ტოლსტაია ტატიანა ნიკიტას ასული (1951 წ.) — მწერალი, ესეისტი, პუბლიცისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, პრემია ,,ტრიუმფის“ ლაურეატი (2001), წლის მწერალი (2019).
დაიბადა ქ. ლენინგრადში, ფიზიკოსის ოჯახში. დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. მუშაობდა გამომცემლობაში. ასწავლიდა აშშ-ში. მრავალი წელი იყო ტელევიზიაში საავტორო გადაცემის წამყვანი, იყო კოლუმნისტი და ნარკვევთა ავტორი მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში.
პირველი მოთხრობა ,,ოქროს პარმაღზე ისხდნენ...“ გამოქვეყნდა 1983 წ. ჟურნალ ,,ავრორაში“. 1987 წ მოსკოვში გამოვიდა მოთხრობათა პირველი კრებული, რომელმაც მკითხველი აალაპარაკა მასზე, როგორც თანამედროვე პროზაში შემოსულ ძალზე საინტერესო მწერალსა და მოვლენაზე. კრებულებმა: ,,ოკერვილის მდინარე“, ,,ღამე“, ,,დღე“, ,,მსუბუქი სამყაროები“, ,,უხილავი ქალწული“, ,,ჩამიჩი“, ,,ვიოლას საუკუნე“, ,,დები“ და კიდევ მრავალმა სხვა ნაწარმოებმა მას მოთხრობების საუკეთესო ავტორის სახელი მოუხვეჭეს. მისი, 2000 წ. დაბეჭდილი პირველივე რომანი ანტიუტოპია — ,,კისი“ გამოქვეყნებისთანავე ბესტსელერად იქცა.
ტოლსტაიას ესეისტიკა, ღრმად არტისტული პროზა გამოირჩევა არაჩვეულებრივად თვითმყოფადი, პლასტიკური ენით, რეფლექსურებით, რთული ფსიქოლოგიური გამოხატვით. ახასიათებს მსჯელობის დამოუკიდებლობა, ემოციურობა, ინტელექტუალური სიმძაფრე. სხვადასხვა სტილისტიკასთან პოსტმოდერნიზმის სითამამით ,,თამაშის“ მიუხედავად, ტოლსტაია რჩება კლასიკური რუსული პროზის ერთგული მიმდევარი.