შემთხვევა

შემთხვევა

გარდაიცვალა გრიგორი პეტრეს ძე გულიაევი, რომელიც, ერთი შეხედვით ჯანმრთელი, ტანსრული მამაკაცი იყო. ამ ქვეყნად მას ერთოთახიან ბინაში დარჩა თავისზე ათიოდ წლით უმცროსი ცოლი — ნატალია სემიონის ასული, რვა წლის ვაჟი ვოვა, ამას გარდა ვიღაც-ვიღაც ნათესავები, მათ შორის ალალი და, რომელიც ღმერთმა იცის სად ცხოვრობდა.

— არა, არ უნდა მომკვდარიყო გრიშა, — ამბობდა ერთ-ერთი ასეთი ნათესავი ქალი, ბებია აგაფია — შეიძლება ითქვას, ნაადრევად.

— და მერე ვინ იცის ეს დროული დრო? — შეეწინააღმდეგა ასეთივე ნათესავი, ფაშფაშა ქალბატონი — ჩვენ, პარაზიტებს ხომ არავინ გვეკითხება, როდის უნდა მოვკვდეთ.

მეუღლე ნატალია სემიონის ასული მომავალზე ჩაფიქრებულ იყო და არავის არაფერში არ ეწინააღმდეგებოდა. ბიჭს კი, ვოვას არაფერი ეს არ სჯეროდა და დარწმუნებული იყო რომ, მამა შორს, ძალიან შორეულ ქვეყანაში წავიდა სამოგზაუროდ, და ისიც მალე გაემგზავრებოდა მამასთან.

ახლა კი უკვე, საჭირო იყო დაკრძალვის ორგანიზება. ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარი იდგა, მეორე ათასწლეული იწურებოდა, ძალიან ძნელი და რთული პერიოდი იყო. მაგრამ, გრიგორი პეტროვიჩი საპასუხისმგებლო ადგილზე მუშაობდა და ორგანიზაციამ, რომელშიც იგი იღვწოდა, ოჯახს დახმარება გაუწია. ყველაზე რთული სასაფლაოს საკითხის მოგვარება აღმოჩნდა: ადგილი ძლივს შეარჩიეს, გაწვალდნენ მაგრამ, სამაგიეროდ სასაფლაო პრესტიჟული იპოვეს, გარკვეული თვალსაზრისით მხიარულიც კი. იმის შესახებ, იყო თუ არა გრიგორი მორწმუნე, არავინ არაფერი იცოდა, წარმოდგენაც არ ჰქონდათ მაგრამ, მიცვალებულთან დამშვიდობება-გამომშვიდობება და საერთოდ დაკრძალვის მთელი ცერემონიალი ყველა წესის დაცვით იქნა ორგანიზებულ-მოწყობილი.

ის შედგა ველოსიპედისტთა კლუბის უზარმაზარ დარბაზში, რომელიც პირველ სართულზე იყო განლაგებული, ფანჯრები გამწვანებული, მყუდრო, მაგრამ საკმაოდ შელანძღულ ბაღს გაჰყურებდნენ. კუბო შესასვლელის პირდაპირ, უკანა კედელთან დადგეს. იყო ყვავილები, დროშაც კი, და არც თუ მაინც და მაინც ბევრი ხალხი. (ნატალია პეტროვნამ, იმ მოსაზრებით რომ ბავშვის ფსიქიკას გაფრთხილება სჭირდება, ვოვკა რამდენიმე დღით სოფელში ნათესავ ბებოსთან გაამწესა).

კუბოში გრიგორი პეტროვიჩი გაცილებით მოხუცი ჩანდა და ორმოცდაათის კი არა, ასის ან მთელი ას ათი წლის ღრმად მოხუცს მიაგავდა. კანი მოდონდლოვებული, თვალები დახუჭული კი ჰქონდა მაგრამ, რაღაც, არა ამქვეყნიური დარწმუნებულობით რომ არასდროს გამოიხედავდნენ. ხელებიც იმავე დარწმუნებით დაეწყო გულზე, რომ არასდროს გაიშლებიან.

ტიროდნენ საშუალოდ, ერთი, მეუღლეღა იცრემლებოდა რაც სავსებით ბუნებრივია, და წაისლუკუნებდა ხოლმე. დედ-მამა გრიგორი პეტროვიჩს კარგა ხნის გარდაცვლილი ჰყავდა. მეგობართაგან, ორნი არც კი მოვიდნენ. რატომღაც მობრძანდნენ ველოსიპედისტთა სპორტული კავშირიდან — მთელი თხუთმეტი კაცი. — არც ისინი იცნობდნენ დამხვდურებს და არც მასპინძელთაგან იცნობდა მათ ვინმე.

— დახეტიალობენ, მუქთამჭამელები უკმაყოფილო სახით ბუტბუტებდა აგაფია ბებო — მიცვალებული რა, ლოთი ხომ არ იყო მთელი მოსკოვი ცნობოდა და ყველანი მისი თანამეინახეები რომ ყოფილიყვნენ? ის, ერთი წყნარი, პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე კაცი იყო. ოჯახზე ზრუნავდა ჩემო კარგო, ოჯახზე. — ეს კი უმსგავსობაა და სხვა არაფერი — კვერს უკრავდა აგაფიას მეორე, ნათესავი ქალბატონი. ასეა, მთელი ცხოვრება წვალობ, წვალობ, რაღაცას დაეძებ და ბოლოს მადლობისა, ან ჯილდოს ნაცვლად აი, სულში ჩაგაფურთხებენ, კუბოში ჩაწოლილსაც კი...

— ნუ იტყვით, — ჩურჩულით ამბობდა მესამე ქალბატონი. — ეს უცხო ბიჭები მგონი ცოტა გადაკრულშიც კი არიან.

ეზოში კი, ბუჩქებს მიღმა თავისთვის მოკალათებულიყვნენ გრიგორი პეტროვიჩის ორი მეზობელი, ნიკოლაი და სერგეი, მოკალათებულიყვნენ და ჩუმად ყლურწავდნენ.

— აბა ჰე, მოვიხსენიოთ — თქვა ერთმა.
— მოვიგონოთ — უპასუხა მეორემ.
შენდობა უთხრეს, დალიეს და სერგეიმ გაიხსენა :
— ისე, მიცვალებული სიკვდილამდე ცოტა ადრე მთლად კარგად ვერ იქცეოდა...
— რატომ, რას გულისხმობ? — დაიძაბა მეორე.
— სულ საჩხუბრად იწევდა, ცოტა რამ, და პირდაპირ სიფათში, თუმცა კი იცოდა რომ მძიმე ავადმყოფია და საქმე საით მიდის.
— შეუძლებელია — განცვიფრდა ნიკოლაი.
— ფაქტები ბატონო, ფაქტები — დარწმუნებული სახით თქვა სერგეიმ და ჩაფიქრებული გამომეტყველებით დაუმატა — იქნებ ამ გაუკუღმართებული ცხოვრების ბრალია.
— ჰო მაგრამ, სიკვდილის წინ, ვიღაცისთვის სახეში ბაგუნი?

სწორედ, სწორედ. მაგრამ არ იფიქრო რომ ის მხოლოდ ხულიგნობდა. როცა სახლში მარტო რჩებოდა ისე ყვიროდა, არა, ბღაოდა რომ, კედლები ზანზარს იწყებდნენ, მე ეს არაერთხელ გამიგია ჩემი ყურით, ჩვენი კედლები ხომ იცი როგორი სიფრიფანაა.

— ყველა ადამიანი საბრალოა — წამოიკვნესა ნიკოლაიმ. არ შეეძლო ალბათ იმის გაგება, რომ აი, სხეული გაქვს, ის ცოცხალია და უცებ, გაქრა, არც შენ არსებობ და შესაბამისად, აღარც შენი სხეული. არა და მას ხომ საკმაოდ ზორბა სხეული ჰქონდა, არა ისეთი როგორც...
— მოვიგონოთ, — წაიწკმუტუნა სერგეიმ და მოიგონეს.
— რაღაც მომენტში დარბაზში რაღაცნაირი, უცნაური სიჩუმე ჩამოწვა. და მაშინ, შემოსასვლელში გამოჩნდა თვითონ გრიგორი პეტრეს ძე, ცოცხალი. შეუმჩნევლად, ჩუმად, ისე როგორც იმიერ ქვეყნიური ფრინველი. თავიდან ყურადღებაც კი არავის მიუქცევია: შემოვიდა კაცი და შემოვიდა, ალბათ ვიღაც, კიდევ ერთი თანამეინახეა, კუბოში მწოლიარე გრიგორისთან გამომშვიდობება სურს. თვითონ გრიგორი პეტროვიჩი, აი ის, კუბოში რომ წევს, არც კი შერხეულა: წევს თავისთვის არხეინად. ცოცხალი გრიგორი პეტროვიჩი კი მიწევს წინ და თანდათან უახლოვდება კუბოს. ბოლოს, პირველმა, ცოლმა წამოიყვირა:
— გრიშა!
დიახ, გრიშა, პიჯაკიც იგივე აცვია, სიარულის მანერაც იგივეა, ღიმილი რაც მთავარია, ღიმილი, რომლითაც ათას კაცში გამოარჩევ: ეს, ისაა, გულიაევი გროგორი პეტრეს ძე, საკუთარი პერსონით. მეორე პერსონა კი პოსტამენტზე დადგმულ კუბოში, ყვავილებში ჩაფლული წევს მშვიდად. ნატალია პეტროვნას ერთხელ კიდევ გაუფართოვდა და დაუმრგვალდა თვალები და მან იატაკზე მოადინა ზღართანი: გრიშა!

სიმართლე რომ ითქვას, თითქმის ვერავინ, ვერაფერი გაიგო: ეცნენ ქალს, ეგონათ ინფარქტი იყო, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მისჩერებოდა გაქვავებული სახით, ცოცხალ, საღ-სალამათ გროგორი პეტროვიჩს.

დამ, ალალმა დამ ელიზავეტა პეტრვნამ, რომელიც მკაცრი, ცოტათი უხეში ხასიათით გამოირჩეოდა (ზოგჯერ მატარებლის ვაგონქვეშაც კი ათევდა ღამეს), გრიგორი პეტროვიჩთან ახლოს მისვლის შემდეგ, მას ერთადერთი შეკითხვა დაუსვა:
— შენ ვინა ხარ?
მე ის ვარ, ვინც კუბოში გიწევთ, — და ცოცხალი გრიგორი პეტრეს ძე მიუახლოვდა გარდაცვლილ გრიგორი პეტრეს ძეს. აკანკალებული და შემცივნებული დაც მიუახლოვდა. დანარჩენები გახელებულნი იდგნენ. ზოგი ცოლს დასტრიალებდა, ზოგნიც განზე გამდგარიყვნენ და უბრალოდ, ანგარიშმიუცემლად ჩურჩულებდნენ.

ცოცხალი გრიგორ პეტროვიჩი დაკვირვებით მაგრამ, რაღაცნაირად მოღუშული მისჩერებოდა საკუთარ გვამს. სულ უფრო მეტად გახელებულმა ელიზავეტა პეტროვნამ მიკნავლებული ხმით ჰკითხა:
— ეს ვინღაა? — თან მიცვალებულზე მიანიშნა.
— ჰოო, აი ეს მე ვარ. — უპასუხა მოღრუბლულმა გრიგორი პეტროვიჩმა.
— გრიშა, ჰო მაგრამ, შენ ლაპარაკობ, დადიხარ. — ჩაიბუტბუტა ელიზავეტამ და აშკარად შეეტყო რომ, ცალი თვალი ფაქტიურად უაზროდ გაუქვავდა.

— მერე რა მოხდა? — დაცინვით წაილაპარაკა ცოცხალმა გრიგორ პეტროვიჩმა. შემდეგ, ერთგვარი მობოდიშებით საკუთარ თავს, ოღონდ მიცვალებულს თავი დაუკრა და მხრები მრავალმნიშვნელოვნად აიჩეჩა.

— როგორ თუ მერე რა ? — განცვიფრდა და.
— აი, ასე, — და გრიგორ პეტროვიჩი წასაქცევად შემზადებული დისკენ შემობრუნდა. — აი რა, ლიზიკო, გადაეცი ნატალიას რომ, მე მას დღეს საღამოს ვესტუმრები. ოღონდ ვოვკას ჯერ ნუ ჩამოიყვანს. ვახშამი გამიმზადოს, ერბო-კვერცხი ძეხვით, კეფირი, ფუნთუშა, არაყი საჭირო არ არის.

— და, მე? — ნაზად იკითხა დამ.
— შენ? შენ რაღა, მე და შენ ხომ ისედაც ღვიძლი ვართ.

ცოცხალმა გრიგორ პეტროვიჩმა რამდენიმეჯერ აიარა-ჩაიარა საკუთარ კუბოსთან, შეჩერდა. შეეხო ყვავილებს, საკუთარ, გაჭაღარავებულ, უკვე სიცოცხლის ნიშან-წყალ დაკარგულ თმებს, დნობა შეპარულ შუბლს და შეუმჩნევლად მოქაჩა საკუთარ თავს მკვდარ ყურზე. ამის შემდგომ კი შეხედა დას.

— აი რა, თუ ნატაშას ეშინია, დაწვეს და დაიძინოს. მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს, წავიხემსებ სამზარეულოში და ჩუმად მივუწვები, ისე რომ, არ გავაღვიძო და არ შევაწუხო...

და გრიგორ პეტროვიჩი საკუთარი გვამისკენ ზურგშექცეული მგლოვიარე გამომეტყველებით მაგრამ, თავდაჯერებული ნაბიჯებით გასასვლელისკენ გაემართა. მიცვალებულის ბოლო გზაზე გასაცილებლად მოსულთაგან ბევრი მას, წესიერად, სახეზეც არ იცნობდა და ამასთან შეშლილებივით აკვირდებოდნენ, ასე რომ, იგი დაუბრკოლებლად გავიდა დარბაზიდან.

მართალია ერთ ბიჭუნას, რომელმაც იგი იცნო, სურდა ხელი წაევლო მისთვის მკლავში, მაგრამ ბოლო წუთში გადაიფიქრა, ვერ გაბედა. სამნი, ვინც გრიგორი პეტროვიჩს კარგად იცნობდა, იატაკზე ეყარნენ, დანარჩენები კი ნატალიას გონზე მოყვანით იყვნენ დაკავებულნი. ერთი კი იჯდა იატაკზე და გონებაარეული თვალებით გულზე მჯიღს იცემდა. ზოგნიც რაღაცას ბუტბუტებდნენ ჰალუცინაციაზე და მის ეფექტებზე. სხვები ალმაცერად უცქერდნენ მიცვალებულს: აბა, ხომ არ გაინძრევაო. ერთმა მოხუცმა, ეტყობა სექტანტმა, სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა: ის მიუახლოვდა კუბოს და მიცვალებულს სახეში შეაფურთხა, ამასთან ეს მოიმოქმედა ხაზგასმული სიმკაცრით.

აქ ამბავი დატრიალდა!!!

ნათესავები, განსაკუთრებით და ეცნენ სექტანტს, ვიღაცამ წვერებითაც კი დაითრია. გაისმა სტვენის ხმა, თითქოს პოლიციას იძახებდნენ. ამ დროს, წინასწარი მოლაპარაკების თანახმად, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო, სასულე ორკესტრის მუსიკოსები სამგლოვიარო მარშის დაკვრას აგრძელებდნენ. დარბაზში კი უკვე თავპირის მტვრევაზე გადავიდნენ, მოხუცი სექტანტი, დაბეგვილი ეგდო იატაკზე.

ამ დროისათვის ნატალია სემიონის ასული მოსულიერებულიყო და სამყაროს შეშლილი თვალებით მისჩერებოდა. სამყარო არ ჰგავდა არაფერს; თუმცა კუბო კი იდგა თავის ადგილზე და სამგლოვიარო მუსიკაც ჟღერდა მაგრამ, უსასტიკესი მუშტი-კრივი და სულის შემძვრალი წივილ-კივილი თავის აპოგეამდე იყო მისული. უკვე დარბაზის ყველა კუთხე კუნჭულში გავრცელდა ამბავი რომ, ამ დაკრძალვაზე რაღაც ისე ვერ არის, თავად გრიგორი პეტროვიჩი, ცოცხალი, საღ-სალამათი იყო მოსული საკუთარ ცხედართან გამოსამშვიდობებლად... ვიღაც, წითური მუტრუკი ცდილობდა მიცვალებულის გვამი კუბოდან ამოეყვანა, თან გაჰყვიროდა, რომ მათ მკვდარი შეუცვალეს. მიცვალებული მას ბრძოლით წაართვეს და დააბრუნეს განსვენების ადგილზე, მოვლენებმა კი იწყეს რაღაც ფანტასტიკური სცენარით განვითარება: ჩხუბობდა ყველა — ყველასთან დანარჩენები კი ყვირილსა და წივილ-კივილს მისცემოდნენ.

ნატალიამ იფიქრა, რომ ის უკვე იმ ქვეყნადაა და სასოწარკვეთილმა, ისევ გონება დაკარგა. ბუჩქებიდან, გიჟური აღტკინებით აყვირებული სერგეი და ნიკოლაი გამოცვივდნენ. ეტყობა ზედმეტი მოგვივიდა, აგერ სულ ახლა ჩვენი თვალებით ვნახეთ ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალი გრიგორ პეტროვიჩიო. კი არ ყვიროდნენ, ბღაოდნენ ორ ხმაში. უკვე, ვიღაცის მიერ გამოძახებული მილიციაც მოვიდა. პირველი ხელმძღვანელობა, მკაცრი სახის, ჭაღარა ლეიტენანტი ოპერმუშაკი გადმოვიდა მანქანიდან. მაგრამ, კუბოს გარშემო მოჩხუბართა შეხედვამ ის ჩიხში მოაქცია. ამ ჩიხიდან გამოსასვლელად მას და მის თანამშრომლებს რამდენიმე წუთი დასჭირდათ.

— დაშალეთ ეს დამკრძალავი პროცესია, ღრიალით უბრძანა ლეიტენანტმა ხელქვეითებს და მიუახლოვდა იატაკზე განრთხმულ ნატალია სემიონის ასულს, რომელზეც, ვიღაცამ მიაწოდა ცნობა რომ, ეს მიცვალებულის მეუღლეა. მის გვერდით წამსვე აღმოჩნდა ვიღაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კაცი, ეტყობა ველოსიპედისტთა კავშირის ხელმძღვანელი ეშელონიდან. ნატალია სემიონოვნა ერთი კარგად შეანჯღრიეს და მან ნელ-ნელა თვალი გაახილა.

— ეს თქვენი ქმარია თუ არა? — უყვიროდა მას ვიღაც კაცი და თან, კუბოსკენ იშვერდა თითს. ნატალია სემიონოვნა გულამოსკვნილი ატირდა. — თქვენ, თქვენი ველური დაკრძალვით ჩვენი საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესს გვიშლით!!! — ჭყიოდა ეს კაცი და ლამის დახტოდა საცოდავი ქალის გარშემო.

— გონს მოსვლა მაინც ადროვეთ ადამიანს, — დაუყვირა მოხუცმა აგაფიამ — არა ადამიანებო! ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უნდათ! ადროვეთ, გაერკვეს ქალი, მოუკვდა თუ არა სინამდვილეში ქმარი?!

ლეიტენანტმა თვალები გადმოკარკლა. მას უკვე აუტანლად მიაჩნდა კუბოს გარშემო გაგრძელებული მუშტი-კრივის მშვიდად ყურება. გამოვიდა დარბაზის ცენტრში და მკაცრი ხმით დაიღმუვლა:

— შეწყვიტეთ ეს უმსგავსობა, შეწყვიტეთ თორემ სროლას ვიწყებ! და პისტოლეტი მოუღერა, მოუღერა რატომღაც კუბოს, რომელშიც გარდაცვლილი ესვენა. გონს მოგებულმა პისტოლეტი ასწია და ლულით ჭერისკენ მიმართა. მილიციელები გახელებულნი მიაშტერდნენ უფროსს. მაგრამ, სიტყვებმა და მრისხანე შესახედაობამ, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, პოზიტიური შედეგი გამოიღო. ჩხუბი, როგორც ლურჯი ოკეანე ნელ-ნელა დამშვიდდა და აქა-იქ თუ ისმოდა მოგუდული, მაგრამ მაინც ისტერიული წამოძახილები, არაფერი განსაკუთრებული უკვე არ ხდებოდა. ველოსიპედისტთა ნაღების წარმომადგენელი ახლოს მივიდა ოფიცერთან და შიშნარევი სითამამით ჰკითხა:

— რა უნდა ვქნათ, როგორ ვიმოქმედოთ ამხანაგო. ბატონო ლეიტენანტო? — რა უნდა ვქნათ? — ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა უფროსმა — პირველი: მომხდარის შესახებ ხმა არ დაძრათ არსად, არავისთან. მეორე: დაკრძალვა დახურულად, დამთავრებულად ცხადდება. შეწყვიტეთ მუსიკა და ამ წამსვე ყველანი სასაფლაოზე. მანქანები ხომ გყავთ? დიახ, გყავთ. იცოდეთ მე თვალყურს ვადევნებ რომ, ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც საჭიროა.

რა თქმა უნდა მისი ბრძანება ყველამ მოისმინა, გაიგო და მორჩილად შეუდგნენ მის შესრულებას.

კუბო მანქანაში გადაასვენეს, მაგრამ, პროცესიის შეხედულებები გაიყო: უმრავლესობა იმ აზრზე იყო რომ, დასაკრძალავად წასვლა საჭირო არ არის, რადგან, არ იციან ვის კრძალავენ. ნატალია სემიონოვნაც ამ მოსაზრებას იზიარებდა და სასაფლაოზე წასვლას არ აპირებდა მაგრამ, როდესაც კუბო მანქანის ძარაზე დადგეს, მან თავახდილ ამ ჭურჭელში ქმრის ნეშტის დანახვაზე წამოიკივლა:

— ეს ხომ ისაა, გრიშა! ის არის, — ჩემი კეთილი, უწყინარი, დაუვიწყარი — და ამ სიტყვებით სამგლოვიარო მანქანის ხახაში ჩაყვინთა. მას ლიზამ, გრიგორის დამ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა მიჰბაძეს.

გზაში ელიზავეტამ ნატაშას წვრილად, მკაცრი რაციონალურობით უამბო ყველაფერი, რაც ცოცხალმა გრიგორი პეტროვიჩმა დააბარა. ბოლოს, მას თვალები უცნაურად აუკიაფდა, თითოს უკვე მოესწრო იმ ქვეყნად სტუმრობა, და ამოთქვა:

— ნახე რა ხდება, აქ, ჩვენს წინ მკვდარი გრიგორი პეტროვიჩი ასვენია და ამავდროულად ჩვენთანვე ცოცხალი გრიგორი პეტროვიჩი იყო მოსული. ისინი ორნი არიან, ერთი ცოცხალია, მეორე კი — გარდაცვლილი.

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ გრიგორ პეტროვიჩის მეუღლეს მოწყენა დაეტყო. დასაფლავება რაღაც მიმკვდარებულად და დუნედ ჩაჩუმებული ჩამთავრდა. ყველანი სდუმდნენ. მილიცია კი მთელ ამ პროცესს შორიახლოდან, ყურადღებით ადევნებდა თვალყურს.

მაშ ასე, მიცვალებული გრიგორი პეტროვიჩი მალე დამარხეს.

არავითარი ორაზროვანი და თავისუფალი მოსაზრებით ან სხვანაირად გამოთქმული გამოსვლები არ ყოფილა... და მაინც ბოლოში ცოტა ,,წაიხულიგნეს“. შემცირებული გროვიდან გამოხტა ველოსიპედისტთა დარბაზში ნაცემ-ნათრევი და თმა გაწეწილი მოხუცი, თითი საფლავისკენ გაიშვირა და დაიწყო ისტერიული ხმით ყვირილი: ჩვენ ყველას, აი იქ გვჭირდება ჩასვლა, სწორედ იქ! იმიტომ რომ, ხომ ხედავთ, გრიგორ პეტროვიჩი იქაც არის და ჩვენს შორისაცაა. ის კუბოშიც წევს და ამავდროულად, დადის კიდეც! მკვდარიცაა, მაგრამ ცოცხალია! იქ, იქ უნდა წავიდეთ ახლავე ყველანი, გრიგორი პეტროვიჩთან!

მილიციამ ახლოში გადმოიწია. მოხუცს გვერდში მდგომებმა ხმა ჩააწყვეტინეს და ყველაფერმა ასე მშვიდად, ჰარმონიულად ჩაიარა.

ნატალია სემიონოვნა შინ ჩაფიქრებული ბრუნდებოდა. თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა — გრიგორი პეტროვიჩი დღეს საღამოს მოსვლას იყო შეპირებული.

მას მხოლოდ ელიზავეტაღა აცილებდა, დანარჩენი ნათესავები თითქოს ქარმა გაფანტაო, სათითაოდ შემოეცალნენ. შემდეგ უკვე მულიც იგივე ქარს გაჰყვა. ნატალია სემიონის ასული დარჩა მარტო. შევიდა თავის ერთოთახიან ბინაში, შუქი აანთო და მექანიკურად მოამზადა ვახშამი, როგორც გრიგორი პეტროვიჩმა დაუკვეთა: ერბო-კვერცხი ძეხვით, ჩამოჯდა და ლოდინს მიეცა, რატომღაც თან საათს დასჩერებოდა. შემდეგ კი, როდესაც ამ მდგომარეობიდან გამოვიდა, ცოტათი თავის თავზეც კი გაბრაზდა, მე რა, გავაფრინე? ბოლოს და ბოლოს ვის ელოდება? გრიგორი პეტრეს ძე ხომ მბრუნავი სფეროს დედამიწის საკმაოდ დიდ სიღრმეშია ჩაფლული, წევს და იმ სიღრმიდან ვერასდროს და ვერავითარი ძალისხმევით ვერ ამოვა. მაგრამ, აი ის ადგა მივიდა სარკესთან, თმები შეისწორა, ტუჩებიც კი შეიღება, ტანზე რაღაც უფრო მიმზიდველი მოსხმაც მოინდომა, თითქოს მივლინებაში ხანგრძლივად წასულ ქმარს ელოდებოდა. ამ აზრზე საკუთარი თავი დაიჭირა და საკუთარი თავის სიბრალულით, ქვითინი აუვარდა: ეტყობა, მართლა გავაფრინე. საკუთარი თავი დიდი ძალისხმევით, მაგრამ მაინც აიყვანა ხელში და ყოველგვარი სულელური ფიქრები გაქრნენ, განქარდნენ. ოთახი მიალაგა, უბრალოდ, რაღაც მაინც რომ ეკეთებინა და გადაწყვიტა: დილა, ღამეზე მეტად ბრძენია. ღამე გალეული საფიქრალი, ჩათვალე რომ, მოფიქრებულია.

— ძილის დროა, — გადაწყვიტა, დაელია ნახევარი ჭიქა არაყი და საწოლში გაიშოტა. — ხვალ ბევრი საზრუნავი მაქვს და მთელი ეს უაზრობები თავისთავად დამავიწყდება...— და ამ ფიქრებში წასულს საკმაოდ მალე მიეძინა.

მას ეზმანა ელიზავეტას, გიჟური აღტკინებით მოცული თვალები. შემდეგ, ძილ-ბურანში ჩაესმა რომ, ვიღაცამ გასაღებით კარი გააღო. მაგრამ, იგი ნათლად გრძნობდა რომ, ეს ნამდვილად არ ხდებოდა წარმოსახვაში. მაგრამ მას, თვალი გაეხილა ძალა არ ჰყოფნიდა. ცალკე დაღლილობამ და ცალკე არაყმა მას სხეული თითქოს შეუბოჭეს და რაც ყველაფერზე მთავარია — მისთვის უკვე სულ ერთი იყო. მისი გონების ნაწილს უკვე ეძინა, მეორე ნაწილი ფხიზლობდა და სწორედ ამ, ფხიზელი ნაწილით აღიქვამდა იმას, რაც ირგვლივ ხდებოდა. გარკვევით ესმოდა, რომ ვიღაც სამზარეულოში შევიდა, შემდეგ ქმრის ხმაც შეიცნო, ჭამის დროს, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი წკლაპუნი, თეფშისა და კოვზის წკარუნი. შემდეგ სულ ერთი წუთით ყველაფერი მიჩუმდა. შემდეგ, ლანძღვა-გინება, ისევ თეფშის წკარუნი, მეუღლის ბუზღუნი, რომ ყველაფერი უგემურადაა მომზადებული, რომ ირგვლივ ხოჭოები და ბაღლინჯოებია; ისევ შეგინების ხმა, წყლის ბუყბუყი... ბოლოს და ბოლოს, ის ღრმად ჩაეფლო ძილში, ღრმა და უგონო ძილში.

როდესაც გაიღვიძა, ალბათ დილის ათი საათი იქნებოდა. გავიდა სამზარეულოში და ოფლში გაწუწულმა, საშინელებებში ჩაფლულმა დაინახა, რომ ერბო-კვერცხი შეჭმულია, თეფში გამტყდარა და იატაკზე ჩანს, ვიღაცას წყალი დაუღვრია. მიმოიხედა, ბინაში მის მეტი არავინაა, დაკვირდა თავის სხეულს და შეშლილი ხმით წამოიკივლა, მას აშკარად ეტყობოდა გაუპატიურების ნაკვალევი...

— გრიშა, ჩემო კარგო, ეს რატომ, ან როგორ? — შეჰყვირა მან.

ერთი სიტყვით, გრიგორი პეტრეს ძე იწვა მიწაში, გრიგორი პეტრეს ძე, ოღონდ უკვე ცოცხალი დააბიჯებდა იგივე ეგრეთწოდებულ მიწაზე, და როდესაც ნატალია სემიონის ასულმა გაიღვიძა, ის სულ ახლოს იყო სახლიდან. გრიგორის უკვდავი სული კი, გაეცალა მას ცოცხალსაც და მკვდარსაც, წავიდა, გაფრინდა ორივესგან ძალიან, ძალიან შორს, თავის ზეციერ მამასთან და დასტოვა გრიგორი პეტრეს ძე, მკვდარიცა და ცოცხალიც სამყაროსთან პირისპირ.

კოსმიურმა ღმერთმა ,,არად“-მა, რომლის სულიერი თვალთახედვის არეშიც ეს ისტორია სრულიად შემთხვევით მოხვდა, ადამიანთა ამ მწირ უბედურებათა გამო, ბევრი იხარხარა. ხარხარებდა ისე, რომ პლანეტა ,,დ’’-მ, რომელიც მისი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, სერიოზული უსიამოვნება განიცადა, ხარხარმა მის ზედაპირზე ქარიშხალიც კი გამოიწვია.