არის ეს თოვლი ფრთიანი...


                      * * *

არის ეს თოვლი ფრთიანი,
დღეს ტროტუარის სტუმარი.
პატარა ადამიანი.
აქვე გოგოლის ბულვარი.
მარადიული ბრბოობა,
ახალგაზრდობა მუდმივი,
შენც ფრე იქნები როგორღაც,
სულ ასე მარტო თუ ივლი.
პატარა ადამიანი
და სიყვარულიც პატარა,
ამ სასტიკ საუკუნეში,
ხან დაეცემი, ხან არა.
და სულ არ გინდა „შინელი“,
ხედვაა ზოგჯერ სამყოფი.
აქვს იმ ქალბატონს „შანელი“
და აქვს ძვირფასი სამოსი.
თოვლია შაქარ-რძიანი,
რძის ორთქლი თოვლზე მდუღარი.
პატარა ადამიანი.
აქვე გოგოლის ბულვარი.