მუსიკის გაკვეთილები

ადრე თუ გვიან აუცილებლად დავწერ მუსიკის მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე. სევდიანი და სახალისო ამბავი იქნება. იქნებ უფრო მართებული იყოს თქმა: ამბავი ჩემს მუსიკალურ განათლებასთან ურთიერთობის შესახებ, იმ მორყეული საფეხურებით მიხვეულ-მოხვეული კიბის შესახებ, რომელზედაც თექვსმეტი წელი ავდიოდი წვალებით... დიახ, თექვსმეტი მტკივნეული წელი, სუნთქვა დამძიმებული, ზოგჯერ თვალებშიც მიბნელდებოდა, მივცოცავდი კიბეებზე, მაღლა და მაღლა, თავდაუზოგავად სულ ბოლომდე და გაინტერესებთ რისთვის? არც კონსერვატორიის დიპლომისთვის, არც მხოლოდ მის უდიდებულესობა მუსიკასთან შესახვედრად, არამედ დედინაცვალთან და უფრო მეტიც, მამინაცვალთან — მკაცრ, ჭკვიან და სამართლიან მამინაცვალთან შესახვედრად, რომელმაც თავის დროზე სისულელეები ამოყარა გონებიდან და ფეხზე დამაყენა.

უმაღლესი მუსიკალური განათლება ისე ღრმადაა ჩაბეჭდილი ჩემში, რომ ქრონიკულად ანთებული ნაწლავივითაა და თავს იჩენს ცხოვრების ყველაზე გაუთვალისწინებელ წუთებში. მაშინ კი ვიოლენჩელოს სევდა, რომელიც მუდამ მეუფლება მუსიკალურ წარსულთან შეხების მომენტებში, უფრო სწორად, არა სევდა, არამედ მელანქოლიის აჩრდილი, — რადგან თავად მელანქოლია უკვე აღარ არსებობს, ის მოკვდა და დარჩა მხოლოდ წარსულის საზღვრებში, — ეს მელანქოლიის აჩრდილი თანდათან სქელდება და სიყვარულით ეხება ჩემს ცოცხალ გულს, შემდეგ კი ვცახცახებ და საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად დავწერ სევდიან და მხიარულ ისტორიას მუსიკასთან ჩემს ურთიერთობაზე. მაგრამ ჯერ არ დამდგარა ეს დრო, ჯერ არა! განა იმიტომ, რომ მე მეშინია წარსულთან მტკივნეული შეხვედრისა, უბრალოდ ახლა სხვა რამის თქმა მინდა.

ეს სულ სხვა ამბავია.

იმ გაზაფხულზე ჩემი პირველი წიგნი უნდა გამოსულიყო და მე ვცხოვრობდი ამით. პირიქით, კი არ ვცხოვრობდი, არამედ გამყავდა კვირეები და დღეები ამ მტკივნეულ, სულის დამღლელ მოლოდინში. ჩემს სახლში თითქოს დაბინავდა ტიპოგრაფიული საიდუმლოების აღმნიშვნელი მაგიური სიტყვები: „პირველი კორექტურა“, „მეორე კორექტურა“, „სიგნალი“... მუშაობა საერთოდ არ შემეძლო. მაგიდაზე დაუმთავრებელი მოთხრობის მკვდარი გროვა იდო, ხელშეკრულების მიხედვით პიესის ჩაბარების ვადაც იწურებოდა. მთელი დღეების განმავლობაში დივანზე ვიწექი თავქვეშ ხელამოდებული და ვცდილობდი წარმომედგინა, როგორი იქნებოდა ჩემი ჯერ დაუბადებელი წიგნი. ოცნებაში ვხედავდი მის ლურჯ ყდას და ზედ თეთრი ასოებით ამოყვანილ სახელწოდებას.

ფანჯრებს მიღმა ბუნება ქმნიდა გაზაფხულს, ან გაზაფხული ქმნიდა ბუნებას. ყოველ შემთხვევაში, ყოველ დღეს რაღაც ახალი მოჰქონდა: ხან გარგარის ხე აყვავილდებოდა ნაზი ყვავილების ბურუსით, ხან ბალახზე მოსეირნე ინდური ფრინველების გუნდი გამოჩნდებოდა...საჭირო იყო სხვა რამეზე ყურადღების გადატანა, მოთხრობის დასრულება, პიესის ჩაბარება, სასეირნოდ გასვლა და ბოლოსდაბოლოს ჩემი ხელით მოქსოვილი შავი სვიტერის ნაცვლად, უფრო მსუბუქი სამოსის ჩაცმა. მაგრამ დილიდან საღამომდე მაინც ამ შავ სვიტერში ჩაცმული ვიწექი დივანზე და ჩუმად, დაძაბულად ვებრძოდი დროს. მოლოდინისგან პარალიზებული ვიყავი. მთელი დღე ველოდებოდი გამომცემლის ზარს. საღამოს, თვითონ ვურეკავდი.

— არის რამე სიახლე?

— არა! ალბათ ამ დღეებში გაირკვევა. ამ დღეებში... და როგორ გინდა იცხოვრო ეს დღეები?! დამთავრდება ეს ოდესმე?

მოლოდინის რეჟიმში ცხოვრება დღითიდღე უფრო საშინელი, აუტანელი ხდებოდა.

ახლა ვაღიარებ, რომ ეს მაინც ყველაზე ბედნიერი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში...

ბოლოს, როგორც იქნა, ერთ საღამოს დამირეკეს.

— გილოცავთ! სასიგნალო ეგზემპლარი მოვიდა! — ჩემი რედაქტორი მშვიდი, მეგობრული ხმით ლაპარაკობდა, თითქოს არაფერი დაუჯერებელი მომხდარიყო. მის ხმაში არავითარი დამათრობელი ბედნიერება არ იგრძნობოდა და ეს ლამის სიძულვილს აღმიძრავდა მის მიმართ. დღეს ალბათ ვერ მოასწრებთ გატანას. სამუშაო დღის დასრულებამდე ნახევარი საათიღა დარჩა, ხვალ მობრძანდით!..

— არა, არა, მოვასწრებ!— ტაქსს დავიჭერ, ან კერძო მანქანას, ან სატვირთოს! ნაგვის ან სარწყავ მანქანას, ოც წუთში გამომცემლობაში ვიქნები!

სახლიდან იმავე შავ სვიტერში ჩაცმული გამოვვარდი და ეზოსკენ გავიქეცი — ლურჯ ყდაში მოვლენილ ბედნიერებასთან შესახვედრად.

— ერთი წუთით, შეიძლება?

ჩვენს ეზოში ცხოვრობდა რამდენიმე ოჯახი აღმოსავლეთიდან — ან სპარსელები, ან ოსები, ან ბუხარელი ებრაელები იყვნენ. ოჯახის მამა, გამხდარი ულვაშიანი პატარა მამაკაცი, ექსპედიტორად მუშაობდა და ხორცი დაჰქონდა მანქანით. ხშირად სადილის დროს ეზოში იდგა მისი მანქანა, ლურჯი ფურგონი. ოჯახში დედა არ იყო. ამ მუსიკალურ ისტორიამდე სამი წლით ადრე უბედურება დატრიალდა, დედა გარდაიცვალა.

— შეიძლება ერთი წუთით დრო დამითმოთ? — მორცხვად მომღიმარი მომიახლოვდა ოჯახის მამა.— თუ ძალიან არ გეჩქარებათ!

— დიახ, გისმენთ! — ვგრძნობდი, რომ ვბრაზობდი, მაგრამ სახეზე ყურადღებიანი მისალმების შეკოწიწებული მიმიკა მოვიშველიე.

ჩემს ცხოვრებას ყოველთვის ამძიმებდა ოჯახური აღზრდის წესი, იმ წესისა, რომელიც, ასე ვიტყოდი, გადატვირთულია აღმოსავლური ზრდილობის ტრადიციებით და მეგობრული პატივისცემით ყველას მიმართ: უფროსების, მეზობლების, ნაცნობების, უცნობების, მით უმეტეს, ძლივს ნაცნობების მიმართ, რომლებიც თითქოს გიცნობენ, მაგრამ არასაკმარისად! ღმერთმა ნუ ქნას, რომ მათ შენზე მცდარი აზრი შეექმნათ... აღმოსავლური ოჯახის მამა, სწორედ, ძლივს ნაცნობების ჯგუფს განეკუთვნებოდა. როცა ეზოში ვხვდებოდით ერთმანეთს, თავის დაქნევით ვესალმებოდით.

— დიახ, გისმენთ!

— ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ ბევრი რამ ვიცი თქვენ შესახებ... დაიწყო მან ნაჩქარევად, ჯერ კიდევ გაუბედავად იღიმებოდა, — თქვენზე კარგად საუბრობენ ეზოში...

— მართლა? — თავაზიანად გამიკვირდა, არ ვიცოდი ამაზე მეტი რა მეთქვა. დრო იწურებოდა, წიგნი გამომცემლობაში, რედაქტორის მაგიდაზე მელოდა.

— კონსერვატორია დაამთავრეთ, ხომ? გახარებულმა განაგრძო. მოვიწყინე.

— დიახ! რა თქმა უნდა! — ჩავიჩურჩულე მე.

იმ დროისთვის უკვე ერთი წელი იყო გასული, რაც კონცერტმაისტერობა მივატოვე და სრულიად თავისუფალი, გადავერთე ლიტერატურაზე. ეს ტანჯვით მოპოვებული, ნანატრი თავისუფლება ჯერ კიდევ მიუღებელ ბედნიერებად მეჩვენებოდა, რაღაც დაუჯერებელ, უხერხულ, უჩვეულო რამედ. ჩემი მრავალწლიანი ვალდებულებები მუსიკასთან მიმართებაში, ჯერ კიდევ მახსენებდა თავს საშინელი სიახლოვით და მე მაინც ვერ გავბედე ბოლომდე დამეჯერებინა, რომ ვიყავი თავისუფალი, თავისუფალი, თავისუფალი.

ასეა, თუ ადამიანი დიდხანს ატარებს მძიმე ტვირთს, ბოლოს გინდა გადააგდოს, გინდა დაიჯეროს, რომ ამიერიდან მსუბუქად და უტვირთოთ ივლის, მაინც ეჩვენება, რომ მხრები ტკივა, ზურგი ტკივა, სუნთქვა უმძიმს.

ამ ჩია ტანის თავაზიანმა კაცმა გამახსენა ჩემი მრავალწლიანი მძიმე შრომა, მათრახი, რომელიც სულ ახლახან შხუოდა ჩემს მხრებზე... და მხრებს შეეკანკალათ. ოჯახის მამამ კარტოფილით სავსე ტომარა ზურგიდან ჩამოიღო და ის ასფალტზე გაიფლაშა.

— ჩემს ქალიშვილზე ვსაუბრობ,— განაგრძო მან და ტომრის თოკებისგან ვარდისფრად დაზელილი ხელისგულები გაშალა, — ის ისეთი ნიჭიერია, ისეთი ჭკვიანი, უბრალოდ ისიამოვნებთ!

— აჰა, მივხვდი!— გინდათ მუსიკა ვასწავლო?

— დიდ სიამოვნებას მიიღებთ,— გაიმეორა მან, თან ხმაში ვედრება შეეტყო და, წამიერი პაუზის შემდეგ, სასწრაფოდ დაამატა: ფასი თავად დაასახელეთ!

— სამწუხაროდ, მუსიკასთან უკვე აღარაფერი მაკავშირებს, გესმით? სულ არაფერი!

დაჩაგრულ-ზრდილობიანი სახე მივიღე და მხრები ოდნავ ავიჩეჩე. შემდეგ საათს დავხედე და ჩუმად ამოვიკვნესე: გამომცემლებამდე მიყვანა მხოლოდ გამოცდილ კერძო მძღოლს თუ შეეძლო.

— როგორ თუ საერთოდ? უნდობლად გამიღიმა.— აბა, რაღაც დო-მი-სოლ ხომ გახსოვთ წინ და უკან?

— დო-მი-სოლ მახსოვს!— დავეთანხმე გულდამძიმებული, ვგრძნობდი, რაღაც სასაცილო ახსნა-განმარტებით, თავის მართლების პროცესში ვიყავი ჩართული, ნაცვლად იმისა, რომ თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ მეთქვა უარი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე.

— ჩვენ ძალიან გვინდა თქვენთან! — თქვა მან და ამოისუნთქა. თქვენზე კარგად საუბრობენ ეზოში, გაგიხარდებათ, ისეთი ნიჭიერია, ჩემი კარინა!

— იცით რა? — შევთავაზე, ნება მომეცით დავურეკო ჩემს მუსიკოს მეგობრებს და ვიპოვო კარგი მასწავლებელი თქვენი კარინასთვის.

— ჩვენ მხოლოდ თქვენთან გვინდა, — გააპროტესტა მან სევდიანად, მაგრამ დაჟინებით, მისი გარდაცვლილი დედა ამაზე ოცნებობდა...

მივხვდი რომ ჩემი საქმე დამთავრებული იყო. ამ მორიდებულმა ადამიანმა, ეჭვის გარეშე, მეორედ მაჯობა.

მკაცრი წესები მაქვს, უარის თქმა პირდაპირ ვიცი. ვიცი როგორ დავაფასო ჩემი დრო და დავიცვა იმ ადამიანების ხელყოფისგან, რომლებიც არ მჭირდება, მაგრამ დანამდვილებით უნდა ვიცოდე, რომ ეს ადამიანები ბედნიერები და უზრუნველყოფილები არიან.

მაგალითისთვის, მირეკავს მეგობარი და მთხოვს დავუწერო, მისი მეგობარი რეჟისორის მიერ დადგმული, სპექტაკლის მიმოხილვა

— გამორიცხულია, მეგობარო,— ვამბობ რბილად, მაგრამ მტკიცედ! — ხომ იცი, მკაცრი წესი მაქვს, არ გავაკეთო ის, რაც კარგად არ ვიცი, მე ხომ არა ვარ თეატრმცოდნე? პირველი მიზეზი ესაა, მეორე ის რომ, დრო რომ არ მაქვს და ბოლოს — უბრალოდ არ მინდა! რაც თავისთავად საკმაოდ კარგი მიზეზია. მეგობარი გაგებით მეთანხმება ტელეფონში:

— კი, კი, რა თქმა უნდა! მართალი ხარ! — მაგრამ მეცოდება ადამიანი! გესმის? ცოლი საავადმყოფოშია, ქალიშვილმა ხელი მოიტეხა და მერე მთავარი ის არის რომ, თეატრის უფროსი, ეს ნამდვილი პირუტყვი, ტვინს უჭამს და თეატრიდან მის გაგდებას ცდილობს.

მე კიდევ რაღაცას ვეუბნები გადაუდებელ თარგმანზე, მაგრამ ხისტი წესი -ეს ჩემი ცხენოსანი -უკვე წაბორძიკდა ჩემთვის უცნობი საწყალი რეჟისორის უბედურებაზე, საკმაოდ დასუსტდა და სადაცაა გადმოვვარდები უნაგირიდან.

— სად ხარ, ჩემო მეომარო ცხენოსანო? ის კისერს დანის ქვეშ დებს და ეს უკვე მებრძოლი ცხენი კი არა, მუშა ცხენია, რომლის დამორჩილებაც შეიძლება. ჩემი მეგობარი ამას მშვენივრად გრძნობს და მტკივნეულზე მაჭერს:

— სიტყვას გაძლევ, მართლა ნორმალური სპექტაკლია, ტყუილის მოფიქრებაც კი არ მოგიწევს, დაწერე ორიოდე კეთილი სიტყვა, მხარი დაუჭირე გაჭირვებულ ადამიანს. სიკეთეში ჩაგეთვლება...

— კონკრეტულად სად და რაში ჩამეთვლება ამას აღარ ვაზუსტებ, რადგან უნაგირიდან უკვე გადმოვარდნილი ვარ. მხოლოდ სპექტაკლის დაწყების დროს ვინიშნავ განადგურებული ხმით.

და აი, უხალისოდ მივჩანჩალებ თეატრისკენ, რომ დავესწრო ჩემთვის სრულიად უინტერესო სპექტაკლს პიონერულ სინდისზე და ორი საათის განმავლობაში ვუყურებ სცენას, სადაც ჯგუფის უხუცესი მსახიობი თამაშობს მთელი კლასის საყვარელ პიონერხელმძღვანელს. ვუყურებ უხუცესი მსახიობის ფეხებს — თრომბოფლებიტით დაავადებული ხანშიშესული ქალის ფეხებს და მოწყენილობა მეუფლება... ამის მერე სამი დღის განმავლობაში ვიტანჯები ჩემი არცთუ ისე პიონერული სინდისით და ვცდილობ, რაღაც ავუხსნა მას რეჟისორის ავადმყოფ ცოლზე და პირუტყვ უფროსზე, სინდისი კი მოუსავლეთში აგზავნის ჩემს სირბილეს და მპასუხობს, რომ იმ პირუტყვის ადგილას, თეატრიდან დიდი ხნის წინ გააგდებდა ჩემი მეგობრის მეგობარს.

ბოლოს მაინც ვაიძულებ ჩემს თავს ორგვერდიანი ბანალური სიმჟავე გამოვწურო ჩემი შთაბეჭდილებებიდან, სადაც ვიტყუები, ურცხვად ვიტყუები, როცა სპექტაკლის წარმატებას მივაწერ მოხუც პიონერხელმძღვანელს. ბოლოში ხელს მოვაწერ, რა თქმა უნდა, გამოგონილი, არაფრისმთქმელი გვარით და მერე პრინციპულად არ ვყიდულობ გაზეთის იმ ნომერს, სადაც ეს სისულელეა დაბეჭდილი. მაგრამ სინდისი, ან რაც გინდათ დაარქვით, კიდევ დიდხანს უტრიალებს ჩალურჯებულ ადგილს და დასცინის მას.

— დიახ, გარდაცვლილი დედა უბრალოდ ოცნებობდა, — მკაცრად გაიმეორა ოჯახის მამამ, რომ კარინას ინსტრუმენტზე დაკვრა ესწავლა... ფასი თავად დაასახელეთ!

— ფული რა შუაშია! — ვცადე წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. არის მცნებები, რომლებიც თავიანთი წმინდა მნიშვნელობით დამთრგუნავად მოქმედებს ჩემს სიცოცხლისუნარიანობაზე. გოგონა ობოლი იყო და შემდგომი კამათი უსარგებლო გახდა — უკვე ვიცოდი, რომ ამ არამარტო არასაჭირო, არამედ ჩემთვის უსაზღვროდ მტკივნეულ საქმეს მოვკიდებდი ხელს — გოგოს მუსიკის გაკვეთილებს ჩავუტარებდი...

— კარგი, ვუთხარი დამწუხრებულმა! ვნახოთ... დღეს მოგვიანებით მოვალ. გავიცნობ თქვენს გოგოს! ის სიხარულისგან გაწითლდა და უფრო სწრაფად დაიწყო ლაპარაკი და კიდევ ხუთი წუთი ილაპარაკა. მე კი თავაზიანად დავუქნიე თავი და სიძულვილის გამო გულის წასვლას არაფერი მაკლდა, თუკი ასეთი მიზეზი საერთოდ არსებობს. მე მძულდა ის, ჩემი მომავალი მოსწავლე და, ჩემი უძლურება. მაგრამ ყველაზე მეტად მე მძულდა ჩემი მუსიკალური განათლება და ამ უაზრო სიძულვილის გამო ყელი მეწვოდა და თვალები მექავებოდა.

საღამოს გამჭოლი წითელი შუქით განათებულ, ვიწრო დერეფანში ვიდექი და დაახლოებით თორმეტი წლის პირქუში გოგონა ჩუსტებს ეძებდა ჩემთვის, ბოლოს კარის უკნიდან ძველი ჩუსტები ამოაძვრინა და ჩემს წინ დააგდო:

— ფეხშიშველი ნუ დგახართ! — ოთახიდან მოხუცი კაცი გამოვარდა ჭაღარა თმით, წვერით, ძალიან სიმპათიური, მაგრამ აშკარად შეშლილი, რადგან გოგონამ შუბლი შეიჭმუხნა და გაბრაზებულმა დაუყვირა:

— რა გინდა? წადი, დაწექი!

ეს მოხუცი ბევრჯერ მინახავს. გაზაფხულზე, როცა დათბებოდა, უფროსი შვილიშვილი ძველ ვენურ სკამს მოარბენინებდა ეზოში, დადგამდა მწვანედ აყვავებული ვაზის ქვეშ, შემდეგ სახლში შევარდებოდა და ბაბუას ფრთხილად გამოიყვანდა გარეთ. ის საათობით იჯდა სკამზე — სიმპათიური, ბიბლიური წინასწარმეტყველივით პატარა მრგვალი ქუდით თავზე, ხან ეძინა, ხან მშვიდი, მიღმიერი მზერით აკვირდებოდა რა ხდებოდა ეზოში...

მოხუცმა შემომხედა და რაღაც მკითხა ჩემთვის გაუგებარ ენაზე. ეს იყო აღმოსავლური ენა, მაგრამ არა უზბეკური; განა უზბეკური ენა ვიცი, უბრალოდ ვგრძნობ სმენით და წარმოთქმით.

გოგონამ დაუყვირა

— არა, ეს დედა არაა! წადი შენს ადგილას, გეუბნები!

შემდეგ კი სხვა გოგონა შევნიშნე, უმცროსი. ის კარის ჩარჩოს ეჭიდებოდა და მშვიდი ღიმილით მიყურებდა. მისი ბრწყინვალე, გამჭვირვალე თვალების მზერა უბრალოდ ალერსიანი კი არ იყო, არამედ მოსიყვარულე. ირგვლივ ყველაფერს ეფერებოდა ამ მზერით — მე და თავის დას, გიჟ ბაბუას და კარის სახელურს. მას ყველა და ყველაფერი უყვარდა...

— გამარჯობა!— მივესალმე მას,— მაშ, ეს შენ უნდა გასწავლო მუსიკა?

— არა, მე! — ჩაილაპარაკა უფროსმა გოგომ. — შემობრძანდით, მე ახლავე მოვალ! იქ კატლეტებს ვწვავ...

ეს თქვა და გაუჩინარდა.

მოხუცი ისევ ჩუმად მიყურებდა, ანერვიულებული და მომლოდინე მზერით, მერე ისევ რაღაც სთხოვა უმცროს გოგონას. მან თავი დაუქნია, მორიდებით გამიღიმა და ბაბუას უთხრა:

— არა, დედა არ არის! დავიძინოთ, ბაბუ!— მხარზე თბილად მიეკრა მოხუცს და ბინის სიღრმეში შეიყვანა, თან ნაზად ესაუბრებოდა რაღაცას აღმოსავლურ ენაზე.

დიდ ოთახში იდგა ძველი დივანი, ბუფეტი, რამდენიმე ვენური სკამი და შავი, დაკაწრული ფორტეპიანო ,,ოქტომბერი”, ალბათ განცხადებებიდან ნაყიდი... ასეთი სარეკლამო განცხადებებითა და ტელეფონის ნომრებიანი ქაღალდის ნაგლეჯებით

აჭრელებულია ჩვენი სასურსათო მაღაზიის კედელი.

ფორტეპიანოს სახურავზე ფუმფულა ფერფლისფერი კატა შემომჯდარია და მიმზერს ველური პირქუში თვალებით. ფრთხილად დავატოვებინე ადგილი, ფორტეპიანოს სახურავი ავწიე და ჟღერადობა შევამოწმე.

არც ისე დიდი ხნის წინ აწყობილი ინსტრუმენტი ჟღერდა დახშული, მაგრამ სუფთა ბგერებით. მბრუნავ სკამზე ჩამოვჯექი და ინსტრუმენტის პრიალა ზედაპირმა მაშინვე აირეკლა ჩემი გამოსახულება — მოღუშული, გამებისგან გამოშტერებული, ბავშვობისა და ახალგაზრდობის თანამდევი უცვლელი გამომეტყველება...

ჩვენ ერთი წელი არ გვინახავს ერთმანეთი, ბედნიერი წელი, რომლის დროსაც მე არ მივახლოვებივარ ინსტრუმენტს და აი შევხვდით...

— აჰ, ჩემო შავკანიანო, alter ego, მუქი თვალის ბუდეებით, ლოყაზე პრიალა ელვარებით, ჩემო გრძელვადიანო, მტკივნეულო სიზმარო, ჩემო ქვეცნობიერო — გამარჯობა შენი!..