მონპლეზირის დასასრული

მხატვარი ილია კაპორეიკინი უკეთეს დროს იცნობდა.

ის წუხდა ამის გამო, როცა სირბილით აქოშინებული მიიჩქაროდა კუთხის სასურსათო სარდაფისკენ, რომელიც უშუალო სიახლოვეს მდებარეობდა მხატვრის ბუნაგთან — ორსართულიან სახლთან, ბარჟის მორებად დაშლილ ნანგრევებს რომ წააგავს, რომელიც, მისი ბინადარივით უიმედოდ მშრალზე რომ გარიყულა ალისფერი აგურის ელიტური შენობების შუაგულში. კაპორეიკინის მიზანი იყო ეყიდა „ნევსკოიეს“ ლუდი, რვა ბოთლი და რამე საჭმელი. გუშინ მან მიიღო დეპეშა თავისი ძველი მეგობრისგან — დიმა ბილმესოვისგან, ისიც ოდესღაც მხატვარი იყო, ახლა ინტერნეტში დიზაინით არის დაკავებული. დედაქალაქში მცხოვრები ბილმესი, თავის პატარა სამშობლოში საქმეზე ჩამოფრინდა და სურდა დარჩენილიყო იმ დანგრეულ, ძონძებით აჭრელებულ კედლებში, სადაც შემოქმედებითი აღმავლობის წლებმა სწრაფად გაიფრინეს, რაც საბოლოოდ სახამებლის შემცველი მწვანე დოლარის აფეთქებით აღინიშნა — ფაქტიურად ჰაერში რომ ტრიალებდა, მაგრამ არა ყველასთვის.

კაპორეიკინი, მაღაზიაში წამოსვლამდე, დიდხანს უყურებდა ოთხ ასმანეთიან კუპიურას და ვერ გადაეწყვიტა, ერთი გადაედო თუ არა — და არ გადადო! სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, უკეთეს დროს წინ უსწრებდა საგრძნობლად უარესიც. თხუთმეტი წლის წინ, მდინარე ვისეიკას ბრტყელ და სველ ნაპირზე მდებარე, მორებისგან შეკრულ ხის შენობას განსაკუთრებული პოპულარობა ჰქონდა და ხალხში მონპლეზირს ეძახდნენ. მაშინაც კი, ქალაქის ხელისუფლების საბუთების მიხედვით, მონპლეზირი არარსებულად ითვლებოდა; შენობაზე გაკრული თეთრად მოელვარე თუნუქის ნომერი, გუგულიან საათს რომ წააგავდა, არაფერს ნიშნავდა. თუმცა, ისეთი წლები იყო, რომ ურბანული ობიექტები — სატელეფონო ჯიხურები, პოპულარული ლუდის მაღაზიები, მთელი სახელოსნოები, რომლებიც აწარმოებდნენ პლასტმასის ჩანთებს და ჩუსტებს — ერთმანეთის მიყოლებით ეწერებოდნენ არარსებულების სიაში. მონპლეზირი მშვენივრად იფერებდა ამ ყველაფერს და თავდაჯერებულად იდგა; მისი ფანჯრები, თითქოს ირიბად იყო ჩამოკიდებული, როგორც კედლის სარკეები სოფლის ქოხებში, და ძველი ჩამუქებული მინებით უმზერდნენ გამვლელებს. მონპლეზირში მუქთახორები ცხოვრობდნენ. ეს უცნაური პიროვნებები რაღაცას ხატავდნენ ტილოებზე და ცუდად დამუშავებულ მუყაოზე, მღეროდნენ საკუთარ კომპოზიციებსა და ბუნდოვნად ანტისაბჭოთა შინაარსის სიმღერებს. მუქთახორებმა შექმნეს თეორიები თანამედროვე ხელოვნებისა და, შესაბამისად, თავად ხელოვნების შესახებ. ითვლებოდა, რომ ტექნიკურ ეპოქაში არტეფაქტები უნდა შექმნილიყო ტექნოლოგიის დახმარებით — ასეთად მოიაზრებოდა აეროგრაფები, რომლითაც ასხურებენ საღებავს უზარმაზარ ტილოებს, თითქოს ინვერსიული თვითმფრინავის კვალია, მკვდარი მარყუჟის ან სხვა ილეთების შესრულების დროს, შიშინით რომ ანაწილებს გაშლილ ტილოზე საღებავს, რომელშიც სიგარეტის ნამწვები ცურავს. მნიშვნელოვან დამხმარე ლიტერატურას წარმოადგენდა ჟურნალები სურათებით „ამერიკა“ და „ინგლისი“; ტრანზისტორული რადიო მეტსახელად , „ამერიკის ხმა“ ასევე შთაგონების წყარო იყო. შემქმნელთა ცალკეული ჯგუფი ახალი თეატრის იდეით იყო ფრთაშესხმული; მართალია, მხოლოდ ერთხელ გადაწყვიტეს დაედგათ რამე პლასტიკური პიესა, ძველი ბადეებითა და ნახმარი იატაკის ტილოებით მოფენილ საკუთარ კუთხეში, მაგრამ ამის შედეგად გავრცელებულმა ლეგენდამ ააფორიაქა ქალაქი და ღიმილი მოჰგვარა კაგებეს კაპიტანს. სპექტაკლებზე უფრო მღელვარე იყო ლენინის თაბაშირის ბიუსტი, რომელიც უცნობია როგორ აღმოჩნდა მონპლეზირში; მასში, თეთრ თუთიყუშს რომ ჰგავდა, და ფანჯრის გაბზარულ რაფაზე იდო, იგრძნობოდა რაღაც გამოუთქმელად დისიდენტური.

მუქთახორების დამოკიდებულება მონპლეზირის გარშემო არსებულ რეალობასთან, ზოგჯერ ლეგალურ ხასიათს იძენდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ახალგაზრდა და გულმოდგინე ბილმესოვის ძალისხმევით (რომელმაც მიიღო ქაღალდი კომკავშირის რაიონული კომიტეტისგან, რამაც გაუგებარი უფლებამოსილებები მისცა), მონპლეზირში საბავშვო ხელოვნების სტუდიაც კი ფუნქციონირებდა. ამაღელვებელი იყო იმის ყურება, თუ როგორ აწრიპინებდნენ ახალგაზრდა მხატვრები ფანქრებს, ხშირად სერიოზულ მზერას მიაპყრობდნენ იმას, რასაც ბილმესოვი მოიტანდა. როდესაც მშობლებმა გაიგეს, რომ ბავშვები გათვალისწინებული კონუსისა და კუბის ნაცვლად, კლასში მომინანქრებულ ჭიქას ხატავდნენ, სკანდალი ატყდა. სამართლიანად არსენობდა იმის შიში, რომ ამ მიდგომით მალე მიაღწევდნენ ლენინამდე, რომელიც, ანტიკური ნიმუშების არარსებობის გამო, ერთადერთი თაბაშირის ჩამოსხმა იყო მონპლეზირში. ამიტომ წაიყვანეს სტუდიის წევრები და უმრავლესობა პიონერთა სასახლეში გაამწესეს, თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ასაკით უფროსები ხშირად სტუმრობდნენ მონპლეზირს მძიმე ჩანთებით, რომლებშიც ბოთლების წკარუნი ისმოდა.

მაცხოვრებლები შემთხვევითი ფულით ცხოვრობდნენ. საჭმელად სვამდნენ: უცნობი კანონით, არაყი თუ იყო, თავისით მოდიოდა მადაც. რაღაც გაურკვეველი ჭორებიც დადიოდა, თითქოს ბილმესი, კაპორი და ორი სხვა მიიწვიეს რესტორან „იზუმრუდის“ გასაფორმებლად და ბრიგადას თერთმეტი ათასი მანეთი გადაუხადეს. თუმცა ეს ფული არავის უნახავს და „იზუმრუდი“, სადაც საღამოობით მოთამაშეები და საბჭოთა ოფიცრები ისხდნენ, რემონტის შემდეგ გაიხსნა სარკეებ მიკრული გიგანტური ბურთების სიკაშკაშით, რაც ბუნაგს ბუნდოვან მსგავსებას ანიჭებდა პლანეტარიუმთან. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ მოხდა ის, რაც მოხდა და უცხოელები მონპლეზირის ხშირი სტუმრები გახდნენ. უცხოელები ჰიგიენურად მოვლილი და, იმაზე რამდენიმე ტონით ფერმკრთალები იყვნენ, ვიდრე მათ წინაშე გაჩენილი მონპლეზირის რეალობა; გრძელცხვირა, ცისფერთმიანი ფრანგი ქალიც კი მწვანე ქვედაბოლოში და ნარინჯისფერ ქურთუკში, ვერ აღწევდა ნახატების სიმრავლეში უპირატესობას. უცხოელებმა მონპლეზირში დაინახეს ის, რასაც ელოდნენ, მათ შორის „ამერიკა“ და „ინგლისის“ ასლები ერთმანეთზე მიმაგრებული, ცხელი ტაფეებისგან დატოვებული წრეებით — და ვალუტა წამოვიდა გაკვირვებულ მუქთახორებზე. კაპორეიკინმა წარმოუდგენელი სიცხადით გაიხსენა (განსაკუთრებით მტკივნეულად ახლა, როცა ყველაფერი გაქრა), როგორ დათვალა მილიონერმა მაიკმა, რომლის მტაცებლურ პროფილში იყო რაღაც ნამგალისა და უროს მაგვარი, მისთვის უჩვეულოდ გრძელი მწვანე ქაღალდის შეკვრა და კაპორეიკინმა, რომელსაც მილიციის შიში არ ჰქონდა, აიღო თანხა. სიზმარივით იყო ეს ყველაფერი. კომუნა მალევე დაინგრა — ბევრი გაჰყვა თავის ხელოვნებას დასავლეთში. კაპორეიკინმა ასევე იმოგზაურა: იტალია მის მეხსიერებაში დარჩა, როგორც ცისფერი ჰაერის უფსკრული და ცხოვრებაში პირველად მაკდონალდსის დაგემოვნების ადგილი, შტატები ასოცირდებოდა პიცასთან, ერთ კეთილგანწყობილ აფროამერიკელ ქალთან, რომელიც ფორმით გიგანტურ ჭარხალს წააგავდა და კიდევ იყო ძალიან კარგად დახაზული ასფალტი სავლელ გზაზე.

გაღვიძებისთანავე, კაპორეიკინს თავი ზღაპრის გმირი ეგონა, რომელიც ჯადოქარმა მსოფლიოს ერთი კუთხიდან მეორეში გადაიყვანა. უცებ ის აღმოჩნდა სახლში, გვიან შემოდგომაზე, ბეისბოლის ნაჭრის ქუდში, ნახმარი ჯინსის ჩანთით, რომელშიც კიდევ რამდენიმე დოლარი იყო დარჩენილი, და რატომღაც, გორბაჩოვის გამოსახულების ,,მატრიოშკა” ედო, რომელსაც თავი არ ეხურებოდა. ძველი სახლი, უკვე თითქმის დაუსახლებელი, წყალმცენარეებს დაესაკუთრებინათ, წვიმისგან დატოვებული ზოლებით, სამარილში გაქვავებული მარილით. შეაგროვა რა, რაც კი სახლში ცარიელი ბოთლები იყო, რომლებიც რატომღაც არ იყო ჩაბარებული და სუსტად და ტკბილად ასდიოდათ სამშობლოს სუნი, კაპორეიკინმა გადაწყვიტა, რომ გააგრძელებდა ცხოვრებას. გარკვეული პერიოდი, ინერციით, რაღაც გრძელდებოდა. ეწყობოდა გამოფენები, რომლებზეც გამოფენილი იყო არა მხოლოდ ნახატები ან, მაგალითად, კომპოზიციები სასადილოს ალუმინის ჩანგლებიდან და მოხატული ტოტებიდან, არამედ გაყვითლებული ფურცლები ხელნაწერი ლექსებით, რომლებიც წებოვან ლენტებს მოგაგონებდათ მკვდარი ბუზებით. ნაადრევი ნოსტალგიის გრძნობა იგრძნობოდა ამ ფურცლებში. ახლა თანამედროვე ხელოვნებას უმეტესწილად უცხოელები კი არა, ადგილობრივი მილიონერები ყიდულობდნენ, მშობლიური ცხვირგაბერილი სახეებით, ყბადაღებული ჟოლოსფერი პიჯაკებითა და ტყავის ქურთუკებით, რომელთა ჯიბეები ძალიან დიდ საფულეებს ჰგავდა. თავიდან რაღაც ადგილობრივი გალერეის ბიზნესის მსგავსიც კი ჩამოყალიბდა — თუმცა, მისი მაჩვენებელი ნულთან ახლოს არსებულ მდგომარეობაში დასტაბილურდა.

დეპრესიის მიზეზი უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ხელოვნებაში ინვესტიციების ლიკვიდურობის ვარდნა. კაპორეიკინისა და მისი მომხმარებლების გარშემო რეალობა შეიცვალა. ახლა ის გაიძულებდა ყოფილიყავი შეგნებული და პასუხისმგებელი საკუთარი თავზე: საგნებს უკვე არ შეეძლოთ ყოფილიყვნენ არავისი, ყველაფერს ჰყავდა პატრონი და მონპლეზირი კვლავ იდგა მხოლოდ დიდ საქალაქო თამაშში ჩართულობის წყალობით, რომელიც მიწების განაწილებას ეხებოდა. რეალურად, ოდესღაც ცნობილ სახლს ახლა სახელიც აღარ ერქვა; თუნუქის საათი მის კედელზე საბოლოოდ გაჩერდა. საბჭოთა კავშირის ყოფილი მაცხოვრებლები ყველა მიმართულებით იფანტებოდნენ და ახლა, როგორც ფიფქები, დროში და სივრცეში დნებოდნენ: დროდადრო ვიღაც უჩინარდებოდა, ან გარდაცვლილს იპოვიდნენ, ან აღმოჩნდებოდა რომ უბრალოდ არ პასუხობდა ზარებს. უცებ გაირკვა, რომ მხოლოდ კაპორეიკინი იყო ოფიციალურად რეგისტრირებული არარსებულ შენობაში. ის აღმოჩნდა კაცის პოზიციაში, რომლის ირგვლივ სარკეები დაიმსხვრა და დარჩა მარტო — ერთადერთი, ყოფილი მონპლეზირის ნამდვილი მფლობელი. ეს გრძნობა მწარე იყო, მაგრამ ასევე საამაყო. სინამდვილეში, კაპორეიკინი თავს მაინც თვლიდა ერთადერთ ნამდვილ მხატვრად, ვინც ამ სახლში ცხოვრობდა — და ის ფაქტი, რომ სხვები იგივეს ფიქრობდნენ საკუთარ თავზე, სულაც არ ადარდებდა. პირველ ხანებში, ციმციმა ტალღებით ხატავდა თავის საყვარელ ადამიან-თევზს და ადამიან-ფრინველს, რომლებიც შორიდან ჯვარედინი ნაქარგით ამოქარგულს ჰგავდა, გონებაში (მინიმუმ) ოთხას დოლარს მაინც ანგარიშობდა თითო სურათზე და მერე მიატოვა. კაპორეიკინმა უკეთესი რამ დაიწყო. მან გამოიცნო, რომ გარემოს, სადაც მისი მწვანე ბუმბულიანი არსებები ბინადრობენ, შესაძლოა ჰქონდეს სიღრმე. მან ისწავლა ამ სივრცის ორგანიზება, მიაღწია ფერების გამჭვირვალობას.

ახლა ის საარსებო თანხას შოულობდა პეიზაჟების გაყიდვით, სადაც დაფიფქული ნაძვის ხეები ან წებოვანი ფიჭვები იყო გამოსახული, სეზონის მიხედვით. მაგრამ უმეტესწილად ის გამწარებული მუშაობდა საკუთარი თავისთვის, ისე რომ სინამდვილეში ჭამაც კი ავიწყდებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის საზრდოობდა კომუნიდან შემორჩენილი ვერმიშელის მარაგით, მოჭრილ ფრჩხილებს რომ ჰგავდა და ხარშვისას წებოვანი ხდებოდა. ასეთი კვების შედეგად, კაპორეიკინი მოტყდა, მისი წვერი მიკროსკოპის ქვეშ ძნელად მოსაშორებელ ლაქას ჰგავდა. ბილმესმა დააგვიანა და გამოჩნდა მაშინ, როცა ლუდის ბოთლები, რომლებიც გაფუჭებულ მაცივარში რა თქმა უნდა, ვერ გაგრილდებოდნენ, უკვე ფოლადის ქარხნის მუშებივით გაოფლილიყვნენ წვალებით გასუფთავებულ მაგიდაზე. კაპორეიკინისგან განსხვავებით, ბილმესი თითქმის არ შეცვლილა, მხოლოდ გვერდებზე უჩანდა ლამაზად შეპარული ჭაღარა და შორტებიდან, რომელსაც ამ ქალაქში არავინ იცმევდა, მოუჩანდა ფეხები, ბილმესისას კი არა, თხის ფეხებს რომ ჰგავდა. ოდესღაც ქალაქის ულამაზესი და წარმატებული გალერეის მფლობელი, იანა ვ., ბილმესთან ერთად ხელჩაკიდებული რომ დაინახა, კაპორეიკინს გაუკვირდა, როგორ შეიძლებოდა ნახევრად შიშველ კაცთან ხელჩაკიდებული სიარული. ახლა იანა ვ.-ს ოდესღაც ვარდივით ლოყები ოდნავ ჩავარდნილი ჰქონდა და სიარულითაც მძიმედ, ლაიკრის ხახუნით და უზარმაზარი ქუსლებით კაკუნით დადიოდა. მიუხედავად ამისა, ეს იყო, როგორც ჩანს, საუკეთესო, რაც ამ ქალაქს შეეძლო ბილმსისთვის რამდენიმე დღით შეეთავაზებინა. — აი ისინი, ჩემი უნივერსიტეტები! — წამოიძახა პომპეზურად ბილმესმა და უკანა მხრით ცხიმიან დივანზე დაეშვა. ისინი სვამდნენ ლუდს, საუბრობდნენ ხელოვნებაზე — მაგრამ რატომღაც ყველაფერი ხელოვნებიდან რეალობაში გადადიოდა. მდიდარი ბილმესის მიერ მოტანილი დამარილებული თხილის შეკვრა და სხვა მსგავსი რამეები, არ ამართლებდა კაპორეიკინის მოკრძალებულ იმედებს უფასო ვახშამზე. იანა ვ. იჯდა თუ მოძრაობდა მონპლეზირში. ძალიან უფრთხილდებოდა თავის გაშლილ ვარდისფერ შარვალს, რომელშიც იგი მსუქან ქალთევზას ჰგავდა.

ბილმესი კი ყველგან დაძვრებოდა, იქექებოდა კარადებში, ათვალიერებდა სხვადასხვა ფანჯრებიდან ერთი და იმავე მრავალსართულიან შენობას, რომელიც ხანდახან ისე ირხეოდა, როგორც მკვდარი თევზი საჭრელ დაფაზე. ის სიამოვნებით უსმენდა ძველმოდურ ხრინწიან ამერიკის ხმას, რომელიც ახლა მხოლოდ „ამერიკის ხმას„ და ,,BBC-ს“ იჭერდა, რომლებმაც საუკეთესო სიხშირეები იყიდეს და ბილმესი გაჭირვებით ეძებდა ადგილობრივი პრო-გუბერნატორული სადგურების მაუწყებლობის ნაწყვეტებს. შესამჩნევი იყო, ბილმესისთვის სასიამოვნო იყო ყველაფერი, რასაც მონპლეზირში პოულობდა. მან შემპარავად ჩაიცინა კაპორეიკინის მიერ გასაყიდად მომზადებული ნახატების დანახვაზე. მაგრამ სიროფით დახატული გლუვი სურათების მიღმა, კაპორეიკინის ნამდვილი ნამუშევრები იმალებოდა. აქ კი ბილმესმა თავი რატომღაც ცუდად იგრძნო და რაღაცნაირი ზიზღიც კი შეეტყო. — რამდენად იყიდება? — ჰკითხა მან არაბუნებრივად მხიარული ხმით და მიუთითა კაპორეიკინის ბოლო ნახატზე, რომელზეც გამოსახული იყო პატარა მწვანე ადამიანი-წიწილა ფაიფურის ჭურჭლის სახურავზე, რომელიც გარკვეულწილად წააგავდა რუსეთის იმპერიის გვირგვინს. „რა ვიცი“ ყოყმანობდა კაპორეიკინი. ამ ნამუშევარმა მას პრობლემები შეუქმნა. საიმპერატორო პომპეზურობით მოხიბლულმა მხატვარმა ეს ჭურჭელი ერთი სასიამოვნო ოჯახიდან იქირავა. მისდა საუბედუროდ, ღამით წყლის დასალევად ამდგარმა, მოჩვენებებს შორის, დაბინძურებული სახელოსნოს სიბნელეში მოარულმა კაპორეიკინმა ჭურჭელი ჩამოაგდო. გატეხილი ჭურჭლიდან უსწორმასწორო ნამსხვრევებიღა დარჩა, რომლებმაც მთლიანად დაკარგეს დიდებულება და კომბოსტოს ფოთლებს დაემსგავსნენ. შეეცადა რა ზარალი თავად ნახატით აენაზღაურებინა, მხატვარმა სრული ფიასკო განიცადა. მეპატრონეებმა, რომლებმაც ყოველგვარი მიმზიდველობა დაკარგეს, კატეგორიული უარი განაცხადეს, რომ ნახატი, რომელზეც ჭურჭელი იყო გამოსახული, თავად ჭურჭლის ეკვივალენტად მიეღოთ, მეპატრონეებს არ მოეწონათ ასევე ის ფაქტი, რომ ჭურჭელი ტილოზე დახრილი, ანუ წუნიანი ჩანდა.

კაპორეიკინისთვის ეს კიდევ ერთი სიგნალი იყო იმისა, რომ არსებული რეალობა ახლა სხვაგვარადაა ორგანიზებული, ვიდრე ადრე: მასში ყველაფერი დაჟინებით მოითხოვს კონკრეტულობას, საგნების პრიორიტეტის მიხედვით. როგორც ჩანს, ახალმა კანონმა მკვეთრად იჩინა თავი: ჭურჭლის მეპატრონეებმა, იცოდნენ, რომ მხატვარი არც ნივთს და არც ფულს არ დააბრუნებდა, მაინც პრინციპზე წავიდნენ. ახლა კაპორეიკინს ძალიან სურდა სურათისთვის — არა კერძო მფლობელების გამო, არამედ საკუთარი ნუგეშისთვის და ლუდისთვის — ათას ხუთასი მანეთი. — ორასი მწვანე! წამოცდა უცებ და თვალი ჩაუკრა იანა ვ-ს. კაპორ, იცი რომ გენიოსი ხარ? თქვა ბილმესმა მოულოდნელად უსიამოვნო ღიმილით. ის დივანზე იწვა, გაიწელა და მტკივნეული მუხლების ტკაცუნით, „ადიდასის„ თეთრ ფეხსაცმელებიანი ფეხები მორყეულ ტაბურეტზე შემოაწყო. — ორასი მწვანე — სასაცილოა! ამისთვის ორას ხის ფულსაც არ მოგცემენ. ზუსტად ამიტომ, დღეს არ დაგაფასებენ, კაპორ, თუგინდ ყურიც რომ მოიჭრა. ეს შენი გენიალური ნაჯღაბნი, — ანიშნა და ჭიქიანი ხელი ნახატისკენ გაიშვირა, — ოდესმე ათობით ტონა მწვანეს იწონიდეს იქნება. შესაძლოა ასობით. მაგრამ შენ მათ ვერ მიიღებ, კაპორ. ეს არასწორი იქნებოდა. იმიტომ რომ გენიოსობა — ბოროტებაა! კაპორეიკინმა გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი და ხელები შარვალზე შეიმშრალა. შემდეგ ისევ შეიმშრალა. უეცრად ვიტრიოლმა თვალები აუწვა და წამიერად მოეჩვენა, რომ სურათზე რაღაც შეიცვალა. თითქოს იქ, ფერთა ნაცნობ არეულობაში, კიდევ რაღაც საღებავი დააწვეთეს და სურათი შეკრთა. — რატომ? — ამოღერღა ხმაჩახრინწული მამალივით და მოუნდა ყველაფერი ერთბაშად ეკითხა. — და რა გვესაქმება ჩვენ გენიოსებთან? — ზანტად, მაგრამ მზარდი სიბრაზით ჩაილაპარაკა ბილმესოვმა. — გესმის შენ, რა არის შაგალი? ან პიკასო? ან, ეს ტკბილი იმპრესიონისტები — რა არიან ისინი? მე ვერ გავიგე! თუ, შენგან განსხვავებით გრაპა არ დამილევია და გონდოლიდან წმინდა წყლებში არ მიღებინებია, ვმოგზაურობდი და ვაკვირდებოდი. გულწრფელად ვცდილობდი გამეგო. იდიოტივით დავბოდიალობდი მათ თვალწინ მუზეუმებში. ისინი ჩაკეტილები არიან საკუთარ თავში. მხოლოდ ერთი წუთით უცებ იხილავ და მერე ისევ — ,,ჰოპ“ და არ არიან! ჩემი წარმოდგენა ნახატზე არსებობს თავად ნახატის მიღმა და საიდან გაჩნდა, უცნობია. მაგრამ ეს ჩემშია, ჩემია და არა გენიოსისგან! გენიოსი პირობითობაა. საშიში პირობითობა. იმ მდიდარი სულელების ნახევარ პროცენტს, რომელიც ფულს საღებავებით დაფარულ ტილოში ყრის, ჩემზე ნაკლებად ესმის ხელოვნების. უფრო სწორად, მათ ეს ესმით არა ამ გზით, არამედ ფულის მიზეზით. გენიოსი დიდი, უზარმაზარი საპნის ბუშტის აფეთქების საბაბია. ის ვენერა მილოსელის ხელებს ჰგავს. ეს ხელები ფიქრით არიან გამოძერწილნი მთელ ქალთან ერთად -და ახლა არიან თუ არ არიან? მითხარი!

ჩვენი ბილმესიკი ფილოსოფოსია, — თქვა იანა ვ.-მ ალერსიანი უდარდელობით და შეეცადა ბილმესის უხეში თათრული თმა მოეწიწკნა, მაგრამ მან, თავის ქნევით, თავი აარიდა. — შენ, კაპორ, სულელი ხარ, მე კი ჭკვიანი. ამიტომ მომისმინე, — განაგრძო ბილმესმა და კაპორეიკინმა ამაზე მექანიკურად თავი დაუქნია. — შენ, როგორც გენიოსს, ამ ცხოვრებაში არაფრის უფლება არ გაქვს, რადგან მომავალს აბინძურებ. რასაც ხატავ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სანამ ხატავ. შემდეგ ის კარგავს თავის თავს და იძენს ღირებულებას. შენ, კაპორ, კუბოში იწვები, შენს ნაჯღაბნს კი მუზეუმში დაკიდებენ. მაგრამ ეს არ იქნება შენი უკვდავება. მასში არ იქნება იმაზე მეტი ადამიანური, ვიდრე ყვავილებში, რომლებსაც შენ გაზრდი. სურათს გაყიდიან, მოიპარავენ, აუქციონზე გაიტანენ, ფულს მოიგებენ, დაბეჭდავენ ყალბ ასლებს. ვერავინ გაიგებს, მათ შორის გადამწერებიც, რა დახატე და საიდან მოვიდა ეს შენში. ვერავინ დაუბრუნებს ნახატს თავის ნამდვილ ცხოვრებას. შემდეგ კი გამოჩნდება მუზეუმში ვინმე მანიაკი და დანით დასერავს მას. ვინმეს ამ ისტორიაში აუცილებლად მოკლავენ. მიპასუხე, კაპორ, — აქ, კი ბილმესოვის ასიმეტრიულ თვალებში ბოროტი ნაპერწკლები აცეკვდა, — წინასწარ რომ იცოდე, შენი შედევრის გამო, ვთქვათ, ათი ადამიანი დაიღუპება, ახლა რას გააკეთებდი? — მე თვითონ დავსერავდი, — გულახდილად უპასუხა ქრისტიანმა კაპორეიკინმა და რატომღაც ისევ იანასკენ გააპარა თვალი. იმის გამო, რომ მოხდა მისი სამარცხვინო და ტკბილი შერაცხვა გენიოსად, იყო განცდა, თითქოს შემთხვევით ეძინა იანასთან. იანა ვ. ჯერ კიდევ ძალიან ნორმალური იყო: შოკოლადისფერი ხალი უჩანდა მკვრივ, კრემისფერ კისერზე და ამობრუნებული ზედა ტუჩის ზემოთ, ულვაშები გათეთრებოდა დაბალი ხარისხის ლუდის ქაფისგან, როგორც რძისგან. ამასობაში გალერეის მფლობელმა, მეგობრების ზურგს უკან დატოვა ბოლოდროინდელი მოშვებულობა და კაპორეიკინის ნახატს იმ განსაკუთრებული, მიზანმიმართული გამომეტყველებით უყურებდა, რომელიც ძველ კარგ დღეებში ყოველთვის ხელსაყრელ გარიგებას პირდებოდა. სინამდვილეში, იანა ვ. სულ მცირედაც არ დამორჩილებულა ბილმესის პროვოკაციულ ფანტაზიებს. უბრალოდ, სურათი, რომელიც მის წინ სადგამზე იდგა, მშვენივრად ემთხვეოდა ფერებში მისთვის ნაცნობი ოთახის ფონს. იანა ვ.-ს მრავალ ფანტომურ ნიჭს შორის — თავისუფალი ლექსების შედგენა, არანორმატიული გრაფიტით ბებიის თეთრი კრეპდეშინის მოხატვა, საიდანაც მისმა მეგობარმა, რომელიც ასევე ერთ დროს ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ქალბატონი იყო, საინტერესო ნიმუში შექმნა თავის ატელიეში — ერთი ყველაზე ნამდვილი იყო. იანა ვ.-მ, როგორც ვერავინ შეძლო, გამოეთვალა ისეთი სერიოზული პერსონაჟების სახლის და მობილური ტელეფონის ნომრები, რომლებსაც ყველაზე მაგარი ჟურნალისტებიც კი უტრიალებდნენ და არაფერი გამოსდიოდათ.. საკმაოდ სახიფათო იყო მიღებული ინფორმაციის გამოყენება: შესაძლო იყო იანა ვ.-ს ფიზიკური ზეწოლით დამუქრებოდნენ — და ერთხელ იგი მართლაც გაება თავგადასავალში რის შემდეგაც დადიოდა უკვე შეპუდრული სისხლჩაქცევებით, თუმცა, უმეტესწილად, მკაცრი აბონენტი, რომელიც ქალბატონების ჭიკჭიკს უსმენდა ყურმილიდან გრანდიოზული არტეფაქტის შესახებ, გულმოდგინედ ფიქრობდა, რომ თუ ყველა მხატვარი გიჟია, მაშინ მათი ხელოვნებათმცოდნეებიც ცოტათი გიჟები არიან.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითვლებოდა კიდეც, რომ თუ იანა ვ. უკვე მივიდა იმ ადამიანთან, ეს ნიშნავს, უკვე აჯობა დაცვისა და მდივნების გუნდს, და მაშინ სამართალი მოითხოვს, რომ იყიდო მისგან რამე. შეიძლება ითქვას, რომ იანა ვ. თავისებურად უყვარდათ — და ისიც საპასუხო სინაზით პასუხობდა საშიშ VIP-ებს, მათ ბუნდოვან გეგმებს, რაც ძირითადად გამოწვეული იყო მისი აზრით, ხელოვნების არცოდნით. იანა ვ.-ს გამოცდილებით, გამოდიოდა, რომ თუ გარიგებაში პარტნიორი აღმოჩნდებოდა მისი ძმა— ექსპერტი, იგუანას ცივი თვალებით, ან ცნობისმოყვარე კოლექციონერი, რომელსაც უამრავი წიგნი აქვს წაკითხული, ეს ჯერ არ იყო რეალური ფული. ნამდვილი ფული იყო იქ, როცა პრეზენტაციის დროს, ვიღაც მოდელი ჭრელ სამოსში, სპონსორს კისერზე ჩამოეკიდა და იხვეწებოდა: _ვაიმე, ეს, ყვითელი მინდაა! და ვასია, რომელმაც ღრმააზროვანი ნაკეცებით შუბლი შეიჭმუხნა, ამოიღო კილოგრამიანი საფულე ჯიბიდან. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკული იანა ვ. არ იზიარებდა ძალიან ჭკვიანი ბილმესოვის ფილოსოფიას, იგი უმეცრებისა და ხელოვნების გაერთიანების მომხრე იყო. თავის დროზე მან წარმატებას ვერ მიაღწია მილიონერ მაიკთან, რომლის საგრძნობლად მცირე მამაკაცური შესაძლებლობები, პლუს უსიამოვნო ხელები, თითქოს უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის ქირურგიულ ხელთათმანებში რომ ჰქონდა მოჭიმული, ყოველდღიურ ცხოვრებაში სიძუნწეს ერწყმოდა; არაფერი გამოუვიდა შიდა წარმოების რამდენიმე მკაცრ ბატონთანაც, რომლებშიც რაღაც ციხისეული იგრძნობოდა, ორივე პურს წააგავდა მათში გამომცხვარი ქლიბით. მიუხედავად ამისა, იანა ვ. სიმპათიით იყო განწყობილი „ნიმფეტების მიმართ“, რომლებიც სპონსორებს მათთვის უცნაური შენაძენებისთვის განაწყობდნენ, და საერთოდ არ ბრაზდებოდა ცხოვრებაზე, ამჯობინებდა უბრალოდ მიეღო ყველაფერი, რასაც ის აძლევდა. სულ უფრო და უფრო რთულდებოდა ხელოვნების ნიმუშების გაყიდვა: ქალაქი ზედმეტად გადატვირთული აღმოჩნდა და პოტენციური კლიენტები უკვე ბრაზობდნენ განმეორებით ზარებზე, რადგან მათ ადრე იყიდეს რამდენიმე ნახატი იანა ვ.-სგან და ამით თავიანთი მეცენატური მოვალეობები შესრულებულად მიაჩნდათ. თუმცა, ერთი კვირის წინ მან მიაკვლია ადრე მიუწვდომელ კლიენტს. ფინანსური და სამრეწველო ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელზედაც მთლიანად იყო დამოკიდებული რამდენიმე პატარა ქალაქის ბიუჯეტი, თავად ბ-ნი სელივანოვი დათანხმდა შეხვედრას არა თუ მარტივად, არამედ რაღაც გაუგებარი გულგრილობით. ოლიგარქმა აღელვებული იანა ვ. მიიღო ელეგანტურ დასასვენებელ ოთახში მისი კაბინეტის უკან, რომელიც მიუღწეველი ნიმუში და სრული პროტოტიპი იყო ყველა იმ ოფისის მოდელისა, რაც კი მან აქამდე ნახა; თუმცა ორივე ოთახში უცნაური, სრულიად გამჭვირვალე სიცარიელე იყო, თითქოს კონდიცირებულმა ჰაერმა უცებ დაკარგა ჩვეულებრივი მტვრის გამოსხივების უნარი. ბატონი სელივანოვი პატარა კაცი აღმოჩნდა იდეალურად მორგებულ კოსტიუმში და დიდ ჰალსტუხში; ქუთუთოები ანთებული ჰქონდა, ვარდისფერ თავზე იშვიათი დავარცხნილი თმა ახალშობილი წიწილის სველ ბუმბულს მიუგავდა.

ოლიგარქს ავადმყოფური იერი ჰქონდა და თავის კომფორტულ სამალავში ისე გამოიყურებოდა, გეგონებოდა ექიმის მოსაცდელში ზისო. ჩანდა, რომ მან არ იცოდა სად წაეღო თავისი ძვირფასი, მხოლოდ რჩეულთათვის ხელმისაწვდომი დრო და მზად იყო გაეძლო იანა ვ.-საც კი, გინდ რქიანი ეშმაკისთვისაც, თუმცა აშკარად ვერ ახერხებდა მათზე კონცენტრირებას. იანა ვ. ყურადღებით აკვირდებოდა ტილოს, თუ როგორ მიჰქონდა გაცივებული ყავა ტუჩებთან, ადამიან-ფრინველს, ისე, თითქოს ფინჯანში კენჭი ჩაუგდესო, იანა ვ. უკვე გრძნობდა მოსალოდნელ გრანდიოზულ გარიგებას. დიდი სელივანოვი, თუმცა იქ არ იყო, ამავე დროს ადვილად ემორჩილებოდა და ყველაფერზე თანახმა იყო. მის თავს ზემოთ, იანა ვ. ხედავდა რაღაც სინათლეს, რომელსაც თავისებურად ხსნიდა: ოლიგარქის კაბინეტის კედელი ითხოვდა კეთილშობილური ტონის სურათს და წამიერად იანა ვ.-მ განიცადა შთაგონების მოზღვავება, მოულოდნელად მიხვდა, თუ როგორ ავსებს სიცარიელეებს ხელოვნება. თუმცა, ნათელმხილველობას მაშინვე შეეშვა, იგი იანა ვ.-სთვის დამახასიათებელმა დეკორატიულმა განწყობამ ჩაანაცვლა. თავისებურად პატიოსანმა ქალმა გადაწყვიტა, რომ სელივანოვი, რომელიც მზად იყო გაეღო საკმაოდ სოლიდური თანხა, თავის მხრივ კმაყოფილი დარჩებოდა. ახლა დარჩა მხოლოდ ისეთი ნამუშევრის არჩევა, რომელსაც შეეძლო ეს ექსპრესიული ფონები კიდევ უფრო გამომხატველი გაეხადა. ორსართულიან ჭუჭყიან ფარდულში კი, სადაც რესტორანში წაყვანის ნაცვლად, გიჟმა ბილმესმა მიიყვანა, ზუსტად დაინახა ის, რაც სჭირდებოდა. მაშ ასე, ღირდა ამ ყველაფრის ატანა: მტვრიანი სკამი, თბილი ლუდი და საერთოდ მთელი ეს სისულელე, რომელსაც საკუთარი მიგნებებით კმაყოფილი ინტელექტუალური სტუმარი აფრქვევდა. — ჩემი რჩევა შენ, კაპორ, — განაგრძობდა დაცინვას ბილმესი, შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი კაპორეიკინის სრული ჰიპნოზირებით, — არასოდეს დახატო ნამდვილი! ხალტურას მიაწექი! შექმენი საკუთარი, შენებური, მაგრამ ყალბი. გააბევრე! ეს იქნება სწორი და სამართლიანი. მერე შეხედავ და რაღაც შენც გერგება ცხოვრების კეთილდღეობისგან... — კარგით, ბიჭებო, გეყოფათ უაზრო საუბარი! — უხეშად შეაწყვეტინა იანა ვ-მ და მჭიდროდ მოტკეცილი ბლუზიდან ჩიპსების ნაფშვენები ჩამოიფერთხა. — ჩამოდით ზეციდან დედამიწაზე! მე გავყიდი, კაპორ, შენს გიჟურ ნახატს. ორას დოლარს არ გპირდები, მაგრამ შენს ასს მიიღებ! ხვალ სახლში მიკერილივით დამხვდი, დილიდანვე შემოგივლი. საღამოსკენ, ბილმესი და იანა ვ., რომლებიც უკვე ოდნავ ნაბიჯი ეშლებოდათ და ერთმანეთს ფეხებზე აბიჯებდნენ, ახალი თავგადასავლების საძიებლად გავიდნენ. მათ კაპორეიკინი არ წაიყვანეს, დიდად არც მას გამოუთქვამს სურვილი: თითქოს მარტო არ იყო მთელი ბოლო რთული წლების განმავლობაში, მოუთმენლად ოცნებობდა საკუთარ თავთან და ნახატებთან განმარტოებაზე, რომლებსაც თითქოს გამოცდა მოუწყო. პირველ რიგში, ნახატები დანგრეული ავეჯის გასწვრივ რიგებად მოათავსა. მეორედა... კაპორეიკინი სინამდვილეში სულაც არ იყო სულელი და მიხვდა, რომ ბილმესი მასზე ჩაგალისა და პიკასოს გამო იძიებდა შურს და მაინც... და მაინც. ბილმესის მაცდური საუბრები ძველი საფუარივით შეეზილა მის ფიქრებს. უცებ გაცოცხლდა ყველა ის ვირტუალური თანხა, რომელიც კაპორეიკინმა დაურიცხა საკუთარ თავს, თავისუფალი შრომის ასანაზღაურებლად და უფსკრული შეიქმნა.

ზაფხულის ღამე გამჭვირვალე იყო. ჰაერის სქელი მასისგან მხოლოდ მოვერცხლისფრო ღრუბლები დარჩა, ნათელ სიცარიელეში გადაჭიმული და სხვა არაფერი იყო მონპლეზირსა და ციმციმა ვარსკვლავებს შუა, რომელთა შორის გზას თამამად მიიკვლევდა ამერიკული თანამგზავრი. ფარნის ანარეკლი მძინარე ვისეიკაზე ისე იწვა, როგორც კატა საბანზე; ტილოზე ამაყი კაცთევზა წრეზე წყალს აშხეფებდა და გაურკვეველი კაცჩიტები მტვერს იშორებდნენ და კანკალებდნენ მელნისფერ ფოთლებში, დროდადრო აჭრელებული სახეებით იჭყიტებოდნენ და პაწაწინა პირებით ტკბილად იღიმებოდნენ. ფარდაჩამოფარულ ოთახში ჩიტკაცას შეეძლო ემზირა, როგორ დადიოდა წვერიანი მამაკაცის დანით ხელში, როგორც მასწავლებელი საჩვენებელი ჯოხით, დროდადრო რომ ურტყამს აქეთ-იქით მოთავსებულ თვალსაჩინოებებს. ფაქტობრივად, კაპორეიკინმა ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება. ხანდახან ეჩვენებოდა, რომ დანის დახმარებით იხსნიდა ადამიანების მომავალს და ბედს. მის სულში უცნობი ინგრედიენტები შეჭრილიყვნენ და ერთმანეთში ირეოდნენ. ამ ყველაფერს ამძაფრებდა გაძლიერებული ლტოლვა იანა ვ— საცმი, რომლის მოგვარებაც კაპორეიკინმა ვერ გაბედა იმ განსაკუთრებულ ღამეს მარტოხელასთვის ჩვეული გზით. როდესაც მისმა მღელვარებამ რაღაც წარმოუდგენელ კულმინაციას მიაღწია, იფიქრა, რომ შეუყვარდა იანა ვ. და რომ მისი ცხოვრება ხვალიდან შეიცვლებოდა. მეორე დილით, გასიებული, გასრესილი კოღოების სისხლით მოსვრილი კაპორეიკინი კიბეზე ქუსლების კაკუნმა გააღვიძა. იანა ვ. საქმიანი და ფხიზელი, ნახევრად სამხედრო კოსტიუმში, რომელსაც უთოს სუნი ასდიოდა, სახელოსნოში შემოიჭრა და ძლიერად აკოცა, და გუშინდელ ნატურმორტს სტაცა ხელი... კაპორეიკინმა ვერ მოასწრო საბოლოოდ გამოღვიძებულიყო. ორი საათი მოუნდა, სანამ ოფლიანი საწოლიდან გამოძვრა და ვედროდან უგემოვნო წყალი მოყლურწა. მერე დალაგების დაწყება სცადა და მუყაოსავით გამხმარი ტილოც კი დაასველა ვედროში. მღელვარება არ ტოვებდა კაპორეიკინს, მაგრამ რაღაცნაირი ცარიელი გახდა. ბოლოს, მან გაიგონა და ფანჯრიდან დაინახა, როგორ მოდიოდა მონაცრისფრო-მომწვანო, აბზინდისფერი უცხოური მანქანა მისი დახრილი სახლისკენ, ერიდებოდა მტვერს და ხრეშს აწკარუნებდა. — თავად სელივანოვმა შეიძინა, იამაყეთ! — გამოაცხადა ზღურბლიდან გამარჯვებულმა იანა ვ-მ, სრულიად რომ არ ჰგავდა იმ ქალის სახეს, რომელიც მთელი ღამე ტრიალებდა ამ ცოდვილ კედლებში. იანა ვ.-ს ლოყებზე დიდი ბრტყელი ლაქა იწვოდა და რაღაც მენთოლით განახლებული სუნი ასდიოდა სუნთქვასას. მან ხელი ჩანთაში ჩააცურა, ცოტა ხანს იქექა და მარაოსავით გაშლილი მწვანე დოლარებიდან უუცრად ერთი ამოაძვრინა და საზეიმოდ დააგდო გაოგნებული კაპორეიკინის წინ. მხატვარი ცდილობდა გალერეის მფლობელისთვის ხელი წასვლო, თითქოს ქვაბი ყიფილიყოს, იდაყვებით დაეჭირა, მაგრამ იანა ვ., მოხერხებულად დაუსხლტდა, მკლავის ქვეშ გაუძვრა და ქუსლების ბაკაბუკით ზღურბლზე დაეშვა. თავიდან კაპორეიკინმა მოიწყინა, შემდეგ კი ჩვეულებრუვ განწყობაზე დადგა. მან მაინც გარეცხა გამონთავისუფლებული იატაკის ნაწილი, რის გამოც სახელოსნოში ბინძური აბაზანის სუნი გაჩნდა. როცა დაინახა, რომ მზის სხივებით აციმციმებული წყლით სავსე ალუმინის ჯამი შიგნიდან გაკაწრულ, გაცვეთილ ოქროს ჰგავდა, ინტერესით დაფიქრდა საღებავებზე.

მერე იფიქრა, რაკი უცებ ფული აღმოაჩნდა, ღირდა, ძველ ნაცნობებში ბილმესი მოეძებნა, რათა მომდევნო დღეებში ადამიანებში გარეულიყო. მაგრამ ვერ გადაწყვიტა. იატაკის წმენდისგას დასველებული კაპორეიკინი საწოლზე დაეცა და უსაქმურობისგან დაიწყო რადიო ღილაკის ტრიალი, რომ გაეგონა ამერიკის ხმა. ეთერი უსტვენდა და ღრიალებდა, რაღაც საინტერესო ჯაზს გადმოსცემდა, რომლის დაჭერასაც კაპორეიკინი ცდილობდა, ძაფივით წყდებოდა. უცებ, სრულიად უბრალო ქალის ხმამ, რომელიც თავისუფალი იყო ეთერული ნაგვისგან, დაიწყო ახალი ამბების გადაცემა ნახევარი სიტყვიდან: — ტყვიამფრქვევის სროლით შევჩენკოსა და პერვომაისკაიას კუთხეში. სელივანოვის ერთ-ერთი მცველი ადგილზე გარდაიცვალა, თავად სელივანოვი კლინიკისკენ მიმავალ გზაზე ინტენსიური თერაპიის მანქანაში გარდაიცვალა. როგორც სამხარეო პოლიციის სამმართველოს პრესცენტრის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ავტომობილი — ალუბლისფერი „ჟიგული„, რომელიც ძებნაში იყო და საიდანაც სროლა განხორციელდა, დანაშაულის ადგილიდან არც თუ ისე შორს მიტოვებული იპოვეს. ავტომობილი მოპარულთა სიაში მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებიდან იყო. ვარაუდობენ, რომ სელივანოვისა და ფინანსური და ინდუსტრიული ჯგუფის “ოქროს დათვის“ საქმიანობა შეეხო ინტერესებს... აქ მკვეთრი ხმა დაიკარგა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კაპორეიკინი თითქოს ოთახში არ იყო. შემდეგ კაპორეიკინი დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ ოთხი საათი იყო გასული, მზე ჩადიოდა და ჩაბნელებული ფოთლების ნაპრალებში ბოლო სხივები თამაშობდნენ თითქოს ვარდისფერი ვარსკვლავებიაო. ახლა საწოლზე, მუხლებზე ხელებშემოჭდობილი სულ სხვა ადამიანი იჯდა. ჭრელი, მწყერის კვერცხებივით, ადამიანის თვალები არაამქვეყნიური იყო, გამხდარი მუცელზე ორი კომპაქტური ნაკეცი აჩნდა, მსხვილ თავზე თმა ყალყზე ედგა. ამ ამბავს მოჰყვა კაპორეიკინის რაღაც უცნაური გააქტიურება, რომელიც არ შეწყვეტილა რამდენიმე დღის განმავლობაში. ახლა გარე დამკვირვებელი მას აღარ ჩათვლიდა მასწავლებელად საჩვენებელი ჯოხით ხელში, არამედ შრომისმოყვარე ფერმერად, რომელიც დაკავებულია მამულითა და მეურნეობით. ენერგიულმა და გარუჯულმა კაპორეიკინმა ამოძირკვა დამპალი ღობე, დარბოდა წყლის ავზებით, რაღაცას აწყობდა, მომრავლებულ მტრედებს უქშენდა სხვენიდან. ვინც ცოტა მაინც იყო საქმის კურსში, იტყოდა, რომ მონპლეზირი არ ღირდა ყველაფერ ამად. მონპლეზირი ყველგან მთავრდებოდა: კერძო კოლექციებში და პატარა მუზეუმებში... და იშლებოდა პრიალა ნახატები, იკარგებოდა ლექსები ავტოგრაფებით, ნაგვის ნაგავსაყრელებიდან ამოქექილი თავისუფალი ავანგარდული კომპოზიციები ლპებოდნენ და იჟანგებოდნენ, დახატული ტოტები წვეტიანივით იჩხვლიტებოდნენ. ხელოვნება, რომელიც მოვიდა არა მარადისობისთვის, არამედ ამ მატერიალური და გონებრივი ნაგვისგან შექმნილ სამყაროში, საკუთარ თავზე არ იზრუნა და ახლა ისევ იქით დაბრუნდა, საიდანაც მოვიდა. ახლა კაპორეიკინს ესმოდა, რომ მას საერთო ბედი უნდა გაეზიარებინა და, რაღაც არაევკლიდური გზით, უნდა შეერთებოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ადამიანური არსებობის სხვადასხვა მხარეს მიმოფანტულ ადამიანებს. მან გამოიცნო, რომ სწორედ მან, ამ უკანასკნელმა მიიღო მისია, დაედასტურებინა მონპლეზირის არსებობა — რადგან თუ სადმე წასასვლელია, მაშინ ფენომენი მაინც არსებობს რაღაც მარადიული გაგებით. გზა, რომლითაც ამის გაკეთება შეიძლებოდა, ზედაპირზე არ ჩანდა, მაგრამ კაპორეიკინმა ის იპოვა. იმავდროულად, სელივანოვის პრესტიჟულ ხომუტოვსკის სასაფლაოზე დასაფლავების შემდეგ, მიწის გამოყოფის საკითხი ძალიან სწრაფად გადაწყდა დამაკმაყოფილებლად. ამის შედეგად, უბრალო სამუშაო დილას, გაფუჭებულმა ბულდოზერმა, რომელიც უზარმაზარ საკერავ მანქანას წააგავდა, გადაუხვია მის მიერ ნაკერ ასფალტიან გზას და აკანკალებულ ბუჩქებზე გადავლით, დაიწყო სამიზნე ობიექტში შესვლა. თუმცა, ბულდოზერისკენ, დამპალი სიძველის ნაცვლად, მოძრავი სიცხე დაიძრა. მონპლეზირი აალდა. მეორე სართულის დამტვრეული ფანჯრებიდან, ქარისგან აწეწილი აბრეშუმის ფარდებივით, ნარინჯისფერი ალი იფრქვეოდა, სახურავი გამჭვირვალე კოცონი იყო — და მალე მთელი მონპლეზირი შიგნიდან ჩანდა, ცეცხლოვანმა რენტგენმა გამოაჩინა იგი, როგორც პრეისტორიული ცხოველის ჩონჩხი. რაც შეეხება მხატვარ ილია კაპორეიკინს, ის მსუბუქი გულით წავიდა პენსიაზე. მხოლოდ ერთი ნახატი, რომელიც იმყოფებოდა გარდაცვლილი სელივანოვის კაბინეტში, სადაც ფანტომები, „რუპობი“-დან ახარისხებდნენ და ატრიალებდნენ ქაღალდებს, დარჩა მისთვის მიუწვდომელი.