სერგეი ბირიუკოვი
დაიბადა 1950 წელს სოფ. ტორბეევკაში (ტამბოვის რეგიონი). დაამთავრა ტამბოვის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, სადაც ასწავლიდა და ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ლიტერატურულ სტუდიას. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, კულტურის მეცნიერებათა დოქტორი, ზაუმის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი, ავანგარდული პოეზიისა და რუსული ლექსის არა ტრადიციული ფორმების ისტორიკოსი და თეორეტიკოსი, „ვიზუალური“ და „სონორული“ პოეზიის თეორეტიკოსი, XVII-XXI საუკუნეების რუსული პოეზიის მკვლევარი. ავტორია რუსეთში, გერმანიაში, ესპანეთში, აშშ-ში გამოცემული ოცი პოეტური კრებულისა, მათ შორის «კაცი ჭრილში» (2010), «დინოზავრის ფრენა» (2011), «ხმები» (2013), ლექსების კრებული «Universum-ი». «(2022) და სამი თეორიული წიგნისა. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, სომხურ, რუსულ, ბულგარულ, იტალიურ, ჩინურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ, ფრანგულ, იაპონურ და სხვა ენებზე. არის „ზაუმის აკადემიის ალმანახის“ მთავარი რედაქტორი. მიღებული აქვს ა. ე. კრუჩიონიხის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, ფ. ი. ტიუტჩევის სახელობის სრულიად რუსეთის პრემია და სხვა. დამფუძნებელია პრემიისა — „რუსული ფუტურიზმის მამის დევიდ ბურლიუკის სახელობის საერთაშორისო ნიშანი“. მრავალი რუსული და საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილეა. ცხოვრობს და ასწავლის ქ. ჰალეში (გერმანია).
პოეტი და კრიტიკოსი დენის ბეზნოსოვი ასე ახასიათებს ბირიუკოვის პოეტიკის თავისებურებებს: „ასეთია ბირიუკოვის პოეზიის სივრცე — ჩვენ წინასწარ არასოდეს ვიცით, აქვს თუ არა ამა თუ იმ სიტყვას მნიშვნელობა, თუ ის მოკლებულია ყველა ჩვეულ ფუნქციას, ან ჩამოართვეს რამდენიმე და ზოგიერთი დაუტოვეს. ჩვენ ვიმყოფებით ლაბირინთში, სადაც ყოველი შემობრუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ეს შეიძლება არ იყოს სერიოზულად ნათქვამი.”