ქალის ჩუმი ლირიკა


ქალის ეს მთელი ჩუმი ლირიკა,
რაღაცა დრომდე ჩუმია მხოლოდ,
რომ მერე ატყდეს და აგიჯანყდეს,
წამოგაქციოს მიწაზე ოღონდ.
აი, გრძელ ფრჩხილებს უკვე ილესავს
და მაცდუნებელ პირსაც იღებავს,
თითქოს ამზადებს კულულს საომრად,
გატეხილ წარბზე ხაზი ამოჰყავს.
ცრემლი და კვნესა, დარდი, ჩივილი, —
წყვევლის თავის ბედს, მოსთქვამს ტირილით;
საბრალო რითმა — კოჭლი, დევნილი,
პლატფორმაზე ჰყავს გამოფენილი.

სულ მუდმივი აქვს გაზაფხულები,
შემოდგომა კი გამხმარ ფოთლებით.
გამარჯვებების სასწაულები
და ოპტიმიზმის ყლუპი მორევი.
ეს რიტორიკა, ეს ისტერიკა,
ჰორმონალური აურზაური,
გქონდეს თამაში ასეთ ნევრიანს,
ჩრდილებთან არის დანაშაული.

ეროსი და ის — შეშენებულნი,
იმალებიან, თავის სანაცვლოდ,
შურისსაგებად გააგზავნიან,
თაღლითებსა და გადარეულებს.
იტყვი, საიდან შენში სიბნელე,
დამნაშავესაც ალბათ იკითხავ,
ეს ყველაფერი, ეს ჯოჯოხეთი,
ეს არის ქალის ჩუმი ლირიკა!