მარტი
უფორმო ლაქები: ოხრა და ტყვიები,
ჟანგია კიდეზე, ფირუზის რიგ ხაზებს,
სდევს ორი წვნიანი ვარდფერი შტრიხები,
ავტოგრაფს ქუსლებით ხატავენ თიხაზე.
არც შუქი, არც სივრცე, უკან ვდგამ ნაბიჯს და
ვუმზერ ჩემს ეტიუდს გონების დათმენით,
შემეძლო გამეგო ის ჩექმა სად იდგა,
სველ თოვლში ვერცხლისფრად მბზინავი თასმებით.
ამ რელიეფურად თეთრ თოვლის ნაკადში,
ერევა ერთმანეთს ჭვარტლი და ლაზური
და ჭიანჭველების ფეხების ნადგამი,
საცნობად ყველაზე პატარა სადგური
და ჩრდილი ლურსმნების. იქ ფონი იშლება,
იწყება ცვლილება ტალღოვან ფერების,
იქ მზერა ჩაიხრჩო და იყო ღვთის ნება,
ფოლადის ფაფახს რომ მოკიდა ხელები.
სრულ სიგრძე-სიგანით შეკრული კედელი.
შემდეგ ხმის ჩახლეჩვა, ხრინწი და შიშები,
ლურჯ ბზართა პირდაპირ, სარკმელი, ეკვდერი,
თუთიის ჟოლობი — არხი წყლის დინების.
საიდან კასკადი ბნელ ინტერიერში,
შავ რკინის დაჭმუჭნულ კასრში რომ იღვრება,
ტრიალებს გრაგნილზე წვეთები ზღვისფერი,
აგრძელებს ქვებს შორის სიარულს დინება.
ირევა თიხაში, ტალახში თოვლი და
ჩემს მოგონებებში ვუმზერ ჩემს მომავალს
და ვნანობ სამყაროს რომ ვხედავ შორიდან,
ყველაფერს ფერი და ტექსტურა რომა აქვს.
რაც უფრო შორს არის, მით უფრო საშიში,
არ გადაიჩეხო, იქ სადაც სინათლე,
მუქდება, არა აქვს სახელსაც ადგილი,
ვინ იცის ის წლებმაც თუ შემოინახეს.
დევს ორი სურათი, ორივე ნამდვილი,
მერმისი ნათელი, აწმყო კი ბრმა არის,
თვალები ხატავენ და ლაქის აჩრდილი,
ივსება... რა არის, ნუთუ თმის სამაგრი?





