გოეთე
შევყვირე მჭახედ: „ჰო, როგორ
დიდხანს მინდოდა ყოფნა
ახალგაზრდულად! ვისურვებდი რომ ჩემი სხეული
არ დამდნარიყოს ვით თოვლის თასი,
ცეცხლოვანი ვერცხლისწყლით სავსე!
სული ჭამს ჩემს ხორცს! როგორ მინდოდა
ვყოფილიყავი სამოცდაათის,
ვთქვათ და მყოლოდა იდუმალი ორი მრჩეველი, თან მგზნებარე შეყვარებული,
როგორც გოეთეს!
შენ ჩაიცინე: „ბოდიში, ჩემო მეგობარო, შენ
პოეტი ხარ. და შენ რა გინდა —
პოეზიაა, რომელიც შენ გწვავს.
ვინც ლექსებს არ წერს, ის უკეთ ცხოვრობს
და საქმიანად, ვით წისქვილის ქვა,
თვალებით მარცვლებს რომ ვერ უყურებს.
და რა არის აბა გოეთე!
მას რომ ეწერა,
სავარაუდოდ, ლეგენდარულად ასე დიდხანს
ვერ იცოცხლებდა.
მისი ხსნა იყო ალბათ სწორედ ის,
ერთი სტრიქონიც რომ ვერ დაწერა, —
ასე არ არის?» — და შენ თვალები ასწიე მაღლა.
მე გავიყინე
შეშინებული. ოთახიც შეკრთა
და ცრუმორწმუნედ დახარა თავი.
ცვილივით გახდა ჰაერი მასში. სანთლები,
როგორც ერეტიკოსის თითები, თავად გაბრწყინდნენ.
უცბად შეტოკდა ღვინის ჭიქა და
მაგიდას გადმოაფრინდა. სანამ დაეცა,
მთელი ის დრო მე მიყურებდი
(ღიმილი — როგორც კედელი შუაღამისა მიმაგრებული გარეთ მინაზე) და
არაფერს მეუბნებოდი.





