ოთახი სტუმრებით სავსეა...
* * *
ოთახი სტუმრებით სავსეა
და დედის კაბაზე აცეკვდა
კოპლები, აქ ყველა ფასდება —
კარგებად, ან უფრო კარგებად.
მეტს დალევს, მოილხენს ვინ უფრო,
მამა კი აბოლებს პაპიროსს,
ეს ალბათ ეწვევა ნიუ-იორკს,
ის სიკვდილს დაუთმობს თავის დროს.
ილევა დღე ფოთოლცვენისა
და სუფრაც თანდათან ალაგდა,
ეს გარდაიცვლება სენისგან,
ის ალბათ ჭკუიდან გადავა.
ჩაქრება ოთახში სინათლე,
სიბნელე სახეებს ედება
და წლები დაითვლის ათეულს,
რაც ეს ისტორია გრძელდება.
ახლაც იწერება თავიდან,
ქრებით, თუ ხელახლა ენთებით,
გადიხართ თქვენ ჩვენი კარიდან,
ჯერ კიდევ ცოცხლები, მთელები...




