ძილისპირული

იძინე, ჩემო, ტკბილად იძინე,
სუფევს სიმშვიდის მადლი პირთამდის,
მხოლოდ შექსპირის ლანდი იძიებს,
შეყვარებულებს ტანჯვა-ხსნისათვის.

ნუღარ იტირებ, დარდის ალყაშიც,
ჩვენთან არს ღმერთი და მას დიდება!
მხოლოდ ჯოისის წარმოსახვაში
იშვება წყენა, განხეთქილება...

ნუ, ნუ, პატარავ, ბალახებს აკრავს
სიმწვანის ფარჩა, მზე არის ერთა,
და ახლა, რაზეც თავს იმტვრევს კაფკა,
არვის ადარდებს, შეუნდოს ღმერთმა!