ვერ იგუგულებს ვერაფრით არყის გუგული ზამთარში...
* * *
ვერ იგუგულებს ვერაფრით არყის გუგული ზამთარში,
მეხსიერებაც ყრუ გახდა, ზედ ვარ ყურებზე დამდგარი,
მხოლოდღა ლოცვებს ვიხსენებ, მეხსიერება მკვდარია,
შენ შემიწყალე მწუხარე მე, ღვთისმშობელო მარიამ!..
გადავდიოდი მდინარეს სკოლისკენ სვენებ-სვენებით,
მივბაკუნობდი ძველ ხიდზე დაჭედებული ჩექმებით,
იქ ინვალიდი უკრავდა უცნაურ ქნარზე რაღაცას,
უნდოდათ სხვებსაც მოხვედრა მელოდიაში, მაგრამ რა,
ყველას არ ეწიფებოდა, ცხოვრება გროშის ფასია,
კატამაც თვითმფრინავიდან სკუტერისაკენ გასწია,
აქ დამნაშავე ვინაა, ეს ახალგაზრდა თაობა,
თუ მესერშმიტი?.. გუგულმაც ზამთარში ვერ იგალობა.
მე მივდიოდი სკოლაში ხიდებით, თეთრი დაფებით,
გვერდით ცხოვრება მომდევდა დედინაცვალის თვალებით,
სადაც ბაღს არემონტებდნენ, სურდათ ბოსტანის ამოთხრა,
მექანიკოსმა გულინმა სადაც კროსვორდი ამოხსნა,
მუსიკალური თადე კი, თავის ძალ-ღონით ცნობილი,
აკარდეონის ფუტლიარს დაატარებდა ცარიელს,
ცოცხალი სულის საოხად შიგ აგურები ელაგა,
რომ ატმოსფეროს კანკალი „ბუმბერის ფრენას“ ემსგავსა.
ბედი! ეს არის — გვერდი-გვერდ ცხოვრება ჩვენი — თამაში,
ყველა იმ არყის ხისაკენ წავალთ, რომ გავალთ დამკაში,
გუგული წაიგუგულებს, იწყება მწუხრის არია,
მწუხარებაში მყოფები შენ შეგვიწყალე მარიამ!





