სად მიხვალ, საით... თოთო ბავშვი გამოჰყავთ ეტლით...
* * *
სად მიხვალ, საით... თოთო ბავშვი გამოჰყავთ ეტლით,
მოპირდაპირე სადარბაზო... გამოაქვთ კუბო,
ეს ხელნაკეთი ოფორტები, ეს თოვლი თეთრი,
არეულია ერთმანეთში სამკვდროდ და უნდოდ.
კარგი ხალხია, წყენინება არა ღირს მათი,
გმადლობთ, გპირდებით რომ დაგკიდებთ პირველ ლურსმანზე,
სისულელეა, აპირებდი გაქცევას ღამით,
შენ კი მეათე ფინჯან ყავას მიემხურვალე.
შენ თამბაქოთი გმასპინძლობდნენ ამ ქვეყანაში.
ითვლიდა წამზომს მაღვიძარა, გახვევდნენ ჩვრებში.
სულის ორკესტრი ბობოქრობდა ქალაქის ბაღში.
შენ რენეგატებს მეგობრულად წიწკნიდი თმებში.
სად მიხვალ, საით... არც წმინდაა და ცარიელი.
ეტლიც ადგება, დაეშვება მიწაზეც კუბო.
„არა ძაღლს ჯაჭვი, უფრო ჯაჭვის უწყვეტი რგოლი» —
გამოცრის ამას, გაკვირვებით დაუსტვენს უხმოდ.





