იავნანა ოდისევსისთვის
ეს საბრალო გოგო, — ამბობს, — ჩემი კარგი პენელოპა,
თურმე როგორ დამიბერდი, მე დრო ვკარგე, ვისულელე,
ამერიკა გაყინულა, ნამსხვრევებზე ძევს ევროპა,
აქ, მხოლოდ აქ, შენს ფეხებქვეშ საუკუნეები თვლემენ.
სანამ შენ იხეტიალე, ყველაფერი ბარდმა ფარა,
ვარდისფერი სამყურებით დაიფარა არემარე,
ნაქსოვი დრო სამყურების ფოლორცებით მოიქარგა,
მე, ძვირფასო, მოგიმზადებ სამყურისგან უკვდავ ნაყენს.
შენ დალიე, ის გემებიც უკვე ნაპირებთან ჩანან,
შენ დალიე, საქმროები გადაშენდნენ დასალიერს,
სვი, შვილები გაიზარდნენ, ამერიკა არის მათთან,
ზეცამ უკვე იყვავილა, ოდისევსო, შენ დალიე!
ქარი ქრის და მძინარ ტალღებს ეხვევიან ხის ფოთლები,
ეს სამშობლოს ფერებია ამ სამყურას მონაჟურში,
ერთგულების მითოსივით იხვევიან მიმოზები,
სვი, ძვირფასო, მყავხარ ისევ გულის გულზე მოხაზული.




