საავადმყოფოში
ეს თიხის ჭურჭელი უცებ რომ დაიმსხვრეს,
გზას როგორ გაიკვლევ სულო, მიღმიერთან?
როგორც ნიჟარაში ყველა ცხოვრობს ისე
ამ თეთრ პალატაში თავის ტკივილებთან.
განა რამეა სხეულზე უფრო სუსტი?
მაგრამ ო, ტკივილო, შენ ხარ დიდი ტალღა,
ისეთი, ჯებირებს აქცევ ნაცარ— ტუტად
და მაინც გვაბრუებს ასე შენით დაღლა ...
ამ შიშველ ხეებს რომ ვუმზერ, არ ვღონდები,
უცხონი არიან, სხვათათვის ილოცებენ
ფიფქებიც...ჭრიალებს ეტლის აქ ბორბლები
და ეს დერეფანი გრძელია სიცოცხლეზე...




