დახედე უკანა გვერდს
მაისის ცხელი დღეა იტალიის პატარა ქალაქ რავენაში, იქ, სადაც დანტეა დაკრძალული. ოდესღაც, მეხუთე საუკუნის დასაწყისში იმპერატორმა გონორიამ აქ გადმოიტანა დასავლეთ იმპერიის დედაქალაქი. აქ ოდესღაც პორტი ყოფილა, მაგრამ დროთა განმალობაში ზღვამ უკან, შორს დაიხია და მისი ადგილი ჭაობებმა, ვარდებმა, მტვერმა და ვენახმა დაიკავა. რავენა ცნობილია მისი მოზაიკებით და ტურისტთა ჯგუფები მუდმივად სიმაღლისკენ კისერმოღრეცილები, ერთი საყდრიდან მეორეში გადაადგილდებიან, რათა იქ , აჩრდილ შეპარულ თაღებს შორის უკეთ გაარჩიონ მრავალფეროვან ნაწილაკთა დაბინდული ბრწყინვალება. რაღაც ჩანს მაგრამ, არც თუ ისე ნათლად, მკვეთრად და კარგად. მბრწყინავ სარეკლამო ფურცლებზე უკეთ, უფრო ლამაზად მაგრამ, რაღაც, აი თითქოს იაფფასიანად ჩანდა ყველაფერი ეს.
მე მცხელა, ლამის სული მეხუთება და ირგვლივ მტვერია. სული თითქოს ამბოხს აპირებს. მამა გარდაიცვალა, მე კი ის ძალიან, ძალიან მიყვარდა! ოდესღაც, ძალზე დიდი ხნის წინ, ორმოციოდე წლის წინ ის აქ იყო გავლით და აქედანვე, მოსაკითხი ბარათი გამომიგზავნა ერთი ცნობილი მოზაიკის გამოსახულებით. უკანა გვერდზე იყო წარწერა, რატომღაც ფანქრით (ეტყობა ჩქარობდა): ,,ჩემო გოგონა! არაფერი უფრო მომხიბვლელი (დახედე უკანა გვერდზე), მე ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს! ტირილი მინდა! ოჰ, ნეტავ შენც აქ მყავდე! შენი მამიკო!“.
ყოველი ფრაზა ამ ბრიყვული ძახილის ნიშნით მთავრდებოდა. ახალგაზრდა იყო, ბედნიერებით მხიარული, იქნებ ღვინოც ჰქონდა გადაკრული. წარმოვიდგენ, და თითქოს ვხედავ კიდეც მას, ორმოცდაათიანების მოდის მიხედვით — უკან ჩაკეცილი თხელი ნაჭრისგან შეკერილ ქუდში — ჯერ კიდევ საკუთარ, თეთრ, ქათქათა კბილებში გაჩრილი სიგარეტით, ოფლის პაწაწინა წვეთებით შუბლდაწინწკლულს. ტანმაღალი, მამაკაცურად ლამაზი; სათვალეების მრგვალ მინებს ქვეშ მისი თვალები ბედნიერად ბრწყინავენ კონვერტზე, რომელიც მან საფოსტო ყუთში ჩაუშვა და მიამიტურად მიანდო ორ, არასაიმედო ფოსტას, იტალიურსა და რუსულს, გამოსახული იყო სამოთხე — მარადმწვანე, მუდმივად გაზაფხულიან სამოთხეში უფალია დაბრძანებული, მის გარშემო კი თეთრი კრავები სძოვენ ხასხასა ბალახს. ამ ორმა, არა საიმედო ფოსტამ მოკითხვის ბარათს კუთხეები და გვერდები მოთელეს, დაუმტვრევ-დაუჭმუჭნეს, მაგრამ არა უშავს, გზავნილი მიღებულია და ყველაფრის გარჩევა შეიძლება.
თუ კი სამოთხე მართლა არსებობს, მამა იქაა. ან სხვაგან სად უნდა იყოს? ოღონდ ეგაა რომ იგი გარდაიცვალა, გარდაიცვალა და ძახილის ნიშნებიან ბარათებს ვეღარ მწერს, ვეღარ მიგზავნის შეტყობინებებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან: მე აქა და აქა ვარ, ძალიან მიყვარხარ, ნეტავ შენც თუ გიყვარვარ ასვე? ხარობ კი ჩემსავით და ჩემთან ერთად? ხედავ და აღიქვამ იმ სილამაზეს, რომელსაც მე ახლა ვხედავ? გაუმარჯოს! აი მოკითხვის ბარათი! აი იაფფასიანი სურათი მასზედ! — მე აქ ვიყავი! აი, აქ ყველაფერი შესანიშნავია! ოოჰ, ნეტავი შენც შეგეძლოს აქ მოსვლა! მან მოიარა მთელი მსოფლიო და მას მსოფლიო მოეწონა. ძალიან, ძალიან მოეწონა...
ახლა მე შესაძლებლობების მიხედვით მივყვები მის ნაკვალევს, მივემგზავრები იმ ქალაქებში, რომლებშიც ის იყო ნამყოფი და ვცდილობ მისი თვალებით დავინახო, ვცდილობ მის წარმოდგენას, ახალგაზრდისას, კბილებში სიგარეტგაჩრილმა როგორ მოუხვია ამ კუთხეში, აყვა საფეხურებს, დაეყრდნო სანაპიროსთან მოაჯირს... ამჯერად რავენაში ვარ, ქუჩებში ტურისტების სიმრავლითა და შესაბამისად ხმაურით, მტვერით, დახუთული ჰაერით, გადამღლელი გარემოთი გაჯერებულ რავენაში. მკვდარ, აღრიანცელებულ, ცხელ ქალაქში დასაჯდომსაც კი რომ ვერსად იპოვი. მშობლიური ფლორენციიდან განდევნილი დანტეს საფლავი, საფლავი თეოდორხისა, გალა პლაციდას, იმპერატორ გონორიის მეუღლის მავზოლეუმი, სწორედ იმ იმპერატორისა, რავენა რომ იმპერიის დედაქალაქად აქცია. თხუთმეტი ასწლეული მიილია. ყველაფერი შეიცვალა. ყველაფერს მტვერი მიეყარა, აქა იქ მოზაიკაც ჩამოიფცქვნა. ის რაც ოდესღაც ეგზომ მნიშვნელოვანი იყო — სრულიად უმნიშვნელოდ გადაიქცა. რაც ამაღელვებელი იყო — მტვერმა და ქვიშამ ჩაყლაპა. თავად ზღვაც კი წავიდა, გაქრა, და მის ადგილზე, იქ სადაც ოდესღაც მხიარული ტალღები ტკარცალებდნენ, ახლა სიცარიელეა, მტვერი, სამარისებული სიჩუმე და ჭაობში გაშენებული ვენახის პლანტაციები.
ორმოცი წლის წინ — მთელი ცხოვრების წინ — მამაჩემი აქ დადიოდა და იცინოდა, ჭუტავდა ახლომხედველ თვალებს, ქუჩაში გამოდგმულ მაგიდას მიმჯდარი მიირთმევდა ჯერ კიდევ თავისი, ჯანსაღი, მაგარი კბილებით პიცას, აგემოვნებდა წითელ ღვინოს, ბინდბუნდი იყო, მწერდა ფანქრით თავის სიყვარულზე სამყაროს მიმართ და უმისამართოდ მიმოაბნევდა ძახილის ნიშნებს.
ცა მოღრუბლულია და ჩახუთული. ცხელა, მაგრამ მზე არა ჩანს. ის რაც ერთ დროს ზღვის ფსკერს წარმოადგენდა, ახლა ქალაქის გარშემო გაშლილა ნაყოფიერი ნიადაგის სახით, სადაც კიბორჩხალები დაბობღავდნენ, იქ ახლა ვირები დააბოტებენ, სადაც წყალმცენარეები ხარობდნენ, ახლა ვარდების ბუჩქები ამოზრდილა. ყველაფერი მიიცვალა და დადუმდა. ოდესღაც დასავლეთის ბრწყინვალე დედაქალაქის აწ უკვე მტვრიან ქუჩებში დაბორიალებენ უკმაყოფილებით აღსავსე, გაღეღილ-ვარდისფერ ტანსაცმლიანი, ამერიკელი ტურისტები, უკმაყოფილონი იმით რომ, ისინი ისევ მოატყუა ტურისტულმა ბიურომ: აქ, ამ ევროპაში ყველაფერი ისე პაწიაა, ისე პატარაა, ისეთი ძველია რომ...!
თხუთმეტი ასწლეული. დანტეს საფლავი. გალა პლაციდას საფლავი და მუზეუმი. ჩემი მამის საფლავი. დაჭმუჭვნილ ბარათზე რაღაც მიამიტი მწვანე ფერის სამოთხე.
რამ მოხიბლა და მოაჯადოვა აქ ასე? ვპოულობ საჭირო საყდარს, აი ზევით ვიხედები — კი ბატონო, რაღაც მწვანეს ვამჩნევ იქ, მაღლა, თაღებში თეთრი ბატკნები მწვანე მინდვრის ფონზე. თითქმის მიმქრალი ნათელი ბუნებრივი შუქისა, დაბლა კი, ტურისტების, არაფრით განსხვავებული მდორე ხმები. თითებგაშვერილები ერთმანეთს რაღაცას უჩვენებენ, ეძებენ ტურისტულ მაძიებელში სხვადასხვა განმარტებებს. ესა და ეს საუკუნე, ესა და ეს ხელოვნება... კარგი რა, ყველაფერი ისევეა, როგორც ყველგან. ძალიან ცუდად ჩანს.
ყველა იტალიურ ტაძარში კედელზე მიმაგრებულია რაღაც კოლოფი, ფულის ჩასაყრელად დაინტერესებულთათვის დამატებითი, მეტი მომსახურების გაწევის მიზნით. თუ თქვენ მასში ჩაუშვებთ სამას ლირას — მეოთხედი დოლარი — გაელვებასავით, რამდენიმე წამით ყველაფერი ნათდება, აბრდღვიალდებიან პროჟექტორები და ცინცხალი შუქით განათდება მოზაიკაში ჩაწნული უამრავი, მრავალფეროვანი ნაწილაკი, საღებავთა ფერები აღტაცებამდე მიმყვანნი ხდებიან, გარჩევადი ხდება დეტალთა მრავალფეროვნება. ადამიანთა ეს გროვა აღგზნებული გამოსცემს რაღაც ახალ ხმებს, რომლებიც შესამჩნევად მაღალ ტონალობაში გადადიან. სულ რაღაც მეოთხედი დოლარის ფასად. თქვენ ხომ აქ ძალიან შორიდან ჩამობრძანდით, გაწეული გაქვთ თვითმფრინავის, მატარებლის, სასტუმროს, კვების, გამაგრილებელი სასმელების, კაფეს, ყავის ხარჯები... სულ რაღაც, რამდენიმე ცენტის დახარჯვას ნანობთ?... მაგრამ, ბევრს ენანება. ისინი უკმაყოფილონი არიან: ისინი არ გაუფრთხილებიათ. მათ მუქთად სურთ სამოთხის ხილვა და ტურისტების გროვა ელოდება სანამ ვინმე, სულსწრაფი, ან ძალზედ მოჭარბებული ემოციითა და სურვილით აღტკინებული ამ, იტალიური ეშმაკობით მოფიქრებული აპარატის ჭრილში მონეტას ჩაუშვებს. იტალიელები ყველანი თაღლითები არიან, ასე არ არის? — და აი მაშინ ადამიანის თვალისთვის აღსაქმელად მცირე დროით, გაელვებასავით აბრჭყვიალდება პროჟექტორების შუქი და გამოჩნდება უფრო მეტად მწვანე სამოთხე, უფრო მეტად მიამიტი ბატკნები და უფრო მეტად კეთილი ღმერთი. გროვა აღტაცებული ბობოქრობს, მაგრამ სხივი ქრება და გაცრუების ნოტებშეპარული, პროტესტის შემცველი ხმები, ხელშესახებად აღქმადი ხდება. ბუზღუნში სიძუნწე, ჩურჩულში იმედგაცრუება და ისევ ყველაფერი ბინდ-ბუნდითაა მოცული.
მე ეკლესიიდან ეკლესიამდე მივბოდიალებ ადამიანთა ამ მცირე მორევთან ერთად, მესმის ზღვის ხმაურის დარი, მრავალენოვანი მსჯელობა-ჩურჩულ-ბაასი, ეს მორევი თავის ჭკუაზე მატრიალებს და დამატარებს, გამოკრთიან უაზრო, დაღლილი სახეები-ისეთივე უაზრო, როგორც ამ წუთებში ალბათ ჩემია-ბრწყინავენ სათვალეების მინები, შრიალებენ გზამკვლევის ფურცლები. მე ვცდილობ გაღიზიანების გარეშე, ახლოს მდგომის ცოტათი ჩაჩოჩების ფასად შევძვრე საყდრის კარებში, რომ (როგორც ყველა აქ მდგომმა), უკეთესი ადგილი დავიჭირო რადგან, თუ კი სამოთხე მართლაც არსებობს-ვფიქრობ. მე მასში შევალ ცხვრების ასეთ გროვასთან ერთად, მობერებულ, არც თუ ჭკვიან, მოძუნწო ადამიანთა გროვასთან ერთად. რამეთუ, თუ კი სამოთხე ჩვენთვის არ არის, საკითხავია და საინტერესოა, ვიღასთვის არსებობს იგი? განა არსებობენ სხვანი, განსაკუთრებულები, ისინი ვინც ჩვენზე, ჩვეულებრივებზე, საშუალოდ სტატისტიკურებზე შესამჩნევად უკეთესნი არიან?
არა ბატონო, ისინი არ სჩანან და ვატყობ, აქაური, ყველაფრის სიძველითა და ,,არ სიმაღლით“ ძალზედ უკმაყოფილო, ამერიკელ ტურისტებთან ერთად მომიწევს მწვანე ბილიკებზე ხეტიალი. და თუ ეს ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ სამოთხე მოსაწყენი და ცუდი ყოფილა, რაც არამც და არამც არ უნდა ხდებოდეს. სამოთხეში მოხვედრა უნდა იყოს განსაცვიფრებლად კარგი და იქ ყველაფერი ჭკუის დასაკარგად ბრწყინვალე უნდა იყოს.
,,არაფერი, უფრო მომხიბვლელი (დახედე უკანა გვერდზე) მე ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს...!“ მომწერა მე მამამ. ვუცქერი ბარათის უკანა მხარეს და ვხედავ ჩვეულებრივ სამოთხეს. ნეტავ რას ხედავდა იგი ისეთს, რასაც მე ვერ ვხედავ?
ჯგუფთან ერთად გაჭირვებითა და ჭყლეტა ჭყლეტით შევდივარ პატარა შენობაში, რომელზეც მეოცე საუკუნის დასაწყისის რუსი მოგზაური პავლე მურატოვი თავის ცნობილ წიგნში, ,,იტალიის სახეები“ წერდა:
,,არაჩვეულებრივი და როგორღაც მიუწვდომლად ღრმა არის გალა პაციდას მავზოლეუმის ჭერის ძალზედ ლურჯი ფერი. სხივთა თამაშით რომლებიც აქ მხოლოდ პატარა სარკმელიდან შემოაღწევენ, იგი იღვრება ხან განსაცვიფრებლად მომწვანო, ხან ლილისფერ და ხანაც მუქი აჭარხლებული ფერების ანარეკლებად. ამ ფონზე დადებულია უთეთრეს ბატკანთა გარემოცვაში მჯდომი, კეთილი, ყრმა მწყემსის უცნობილესი გამოსახულება. სარკმლის ნახევრად წრედ შექმნილ ჩარჩოს ამშვენებს ანკარა წყაროდან წყლის შესმით გართული ირმების გრავიურა. ნაყოფითა და ფოთლებით დახუნძლული გრილიანდები თაღთა ორივე მხარეს ძირს ეშვებიან ორივე მხრიდან. მათი შემხედვარე ძალაუნებურად იწყებ ფიქრს იმაზე რომ, კაცობრიობას საყდრის კედელთა მოსართველად უმჯობესი სახის მხატვრულ საშუალებად არაფერი შეუქმნია. და აი აქ უკვე ძალიან მცირე ზომის, საფლავის სამრეკლოს ნაწილაკების წყალობით მოზაიკა არ გამოიყურება ფუფუნებისა და ამაო ფუსფუსის ნაყოფად. ლურჯი ალით მოციმციმე ჰაერი, რომლითაც გარშემორტყმულია იმპერატორის მეუღლის ბალზამირებული სხეულის ოდესღაც შემნახველი სარკოფაგი, ღირსეულად წარმოადგენს ოცნებებში და გონებაში წარმოქმნილ მგზნებარე-რელიგიურ წარმოსახვებს. სწორედ აქეთ, ოღონდ სხვა გზებით, ხომ არ ისწრაფვოდნენ გოთური არქიტექტურის, ფერადი მინების მოხატვით დაკავებული დიდოსტატი მხატვრები?“ საკვირველი სიტყვებია, მაგრამ რის ვაი-ვაგლახით სამრეკლოში შეღწეულიყო, მე ვერ ვხედავ ვერაფერს. იქნებ თავის დროზე მურატოვს გამცილებელი ჩირაღდნით უნათებდა ტაძარს. ახლა კი აქ უბრალოდ, ბნელა და ის მცირეოდენი შუქიც კი, რომელიც პატარა სარკმლებიდან შემოაღწევს, ტურისტების ზურგებითაა დაფარული. ჯგუფი დგას მჭიდროდ, მკლავი მკლავთან და დგას ჯიბრიანად. საჭიროა კოლოფში მონეტის ჩაგდება, მაგრამ ამის გაკეთებას არავინ ჩქარობს. ყველა ელოდება რომ, ამას ვიღაც სხვა გააკეთებს. არც მე ვიკლავ თავს სიჩქარით — ,,მე უკვე რამდენიმეჯერ ჩავაგდე — შინაგანად ვიმართლებ თავს — ახლა მოდი, სხვებმაც გაიმეტონ“. გადის წუთი ამ დახუთულ უკუნეთში, მეორე წუთი. ,,არ დავუთმობ“ — ფიქრობს ყველა. ეს სიბნელე თითქოს თავზე გაჭერს. იგრძნობა თაგვების, ობისა და რაღაც სპეციფიკური სიძველის სუნი, თითქოს ასეთ სუნს თვითონ დრო გამოსცემდეს. შემდეგ უკვე ადამიანთა სუნიც ხდება საგრძნობი — სიბერის მოახლოვების სუნი, სუნამოების, პიტნის აბების, თამბაქოსი, ოფლის. აი ასე იქნება სიკვდილისთანავე: სიბნელე, ვიღაცის სუნთქვა და ფშვინვა სიბნელეში, სიმხურვალე, ლოდინი, თანამგზავრების მიუღებლობის, უსიყვარულობის მოუხელთებელი შეგრძნება, სურვილი ამ შეგრძნების მაქსიმალურად მიჩქმალვა, არჩვენებისა, მცირე ეგოიზმი, გაჯინიანება, იმედის ნაპერწკალი, ორჭოფობა. სამოთხის გზაზე მოსაცდელი დარბაზი, რა თქმა უნდა სამოთხის, აბა სხვაგან სად? ,,არაფერი უკეთესი ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. ტირილი მინდება!“ — მომწერა მამამ სამოთხიდან.
როგორც იქნა გაისმის დამახასიათებელი ტკაცუნის ხმა — ვიღაცამ გაბედა, გადაწყვიტა და აი, რამდენიმე წამით ინთება შუქი. უმოკლესი დროით — თვალი ვერ ასწრებს ჭერის აღქმას, თვალი მიმორბის, უკუნი ვარსკვლავიერ ცად გადაიქცევა, ვეებერთელა მუქ-ლურჯი თაღით, თვალთან მაქსიმალურად მოახლოებული მოციმციმე, ასევე დიდი ვარსკვლავებით. ,,აჰ“ გაისმის ერთიანი წამოიყვირებს ხმა, და შუქი ქრება, და ისევ უკუნი, იმაზე მეტად ბნელი, დამთრგუნავი, ვიდრე ამ მომენტამდე იყო.
და აი, ისევ ჩხაკუნი, კვლავ ფანტასტიკური ათასფერადი ვარსკვლავები, თითქოს მბრუნავი ბორბლებიაო და იგივე, ,,ლურჯ ფერად აალებული ჰაერი“ — წამიერი ხილვა და ისევ უკუნი... და კვლავ მონეტის წკრიალი, ჩხაკუნი და — ,,ზღაპრულო ხილვაო, ნუ დაგვტოვებ, ნუ დამთავრდები“! — და ისევ სიბნელე. ცოდვილთა გროვა კი, მოჯადოევებულივით დგას, წარმოსახვითი ცისკენ მოცქირალი. უკუნეთში განეხვნა გზა, პირობა მოცემულია, მტკიცებულება წარმოდგენილია, ყველანი გადავრჩებით. ახსნა-განმარტებები საჭირო არ არის — უსახელოდ დარჩენილი მხატვრების მიერ აგებული ჯადოსნური, ლურჯი უსასრულობა თავად ღაღადებს, მღერის უსიტყვო ენაზე. სილურჯე ძირს დაედინება, ხილითა და ფოთლებით სავსე კალათებში...ყველაფერი ქრება, მაგრამ ისევ და ისევ იფეთქებს ნათელი და დღესასწაული უსასრულო ხდება და სადაც არის გაისმება ანგელოზთა გალობა. დე, იყოს ნათელი!
მე ნელ-ნელა მივიწევ წინ, გზა და გზა მუჯლუგუნებითაც ვიკვლევ გზას, ძალიან მინდა დავინახო ის გაუმაძღარი, ვინაც, ნათელის საშუალებით სამარხის კედლების გაწევით, ეს ფეიერვერკი მოგვიწყო. ის თავდახრით ზის ინვალიდის სავარძელში, მუხლებზე აი ,,ის“ ყუთი უდევს, თან ერთ ხელში მონეტებს იმარჯვებს, თან ყურს უგდებს თავის წამყვან გამცილებელ ქალს, რომელიც ყურში რაღაცას ჩასძახის. მე მისი ლაპარაკი არ მესმის, თუმცა, რომც მესმოდეს მაინც ვერაფერს გავიგებ, რადგან მე ამ ადამიანების ენა არ ვიცი.
ეს კაცი უსინათლოა. მას როგორღაც ჩაკეტილი და მოთმინებით აღსავსე სახე აქვს, როგორც ყველა უსინათლოს უპეები დაუხურავს და ყური ამ ქალისკენ აქვს მიშვერილი. ნეტავ ეს ქალი ვინაა — ვისი ქალიშვილი თუ მეუღლე, ან იქნებ მოგზაურობისთვის დაქირავებული კომპანიონი? იგი უსმენს ქალის ჩურჩულს და დროგამოშვებით თავს უქნევს მას: ჰო, კი, დიახ, მას კიდევ და კიდევ უნდა მოსმენა, მონეტას მონეტაზე აგდებს და უსმენს სიბნელიდან მომდინარე ხმას, რომელიც თავისებურად ჰყვება, როგორც შეუძლია — სილამაზით მონიჭებულ სულიერ სიმშვიდეზე, ნუგეშზე.
მამაკაცმა მოუსმინა, გაიღიმა, თავის კანტურით რაღაც ანიშნა და ქალმაც გაწაფული მოძრაობით გროვას არიდებული ინვალიდის სავარძელი მავზოლეუმიდან გარეთ გააგორა. მათ აკვირდებოდნენ, დაჟინებით უცქერდნენ, მისთვის სულ ეთი იყო, ქალი კი ალბათ უკვე შეჩვეული იყო მსგავს რამეებს. სავარძელი მიგორავდა ქვაფენილით მოკირწყლულ მოედანზე და ალბათ მასში მჯდომს წვრილმან ტკივილს აყენებდა. სხივებს შორის წვიმის წვეტებმა გაიწკაპუნეს მაგრამ მალევე ჩაჩუმდნენ.
,,დახედე უკანა გვერდზე“! მაგრამ უკანა გვერდზე არაფერია, უკანა გვერდზე მხოლოდ სიბნელეა, სიცხე, მტვერი, სიჩუმე, გაღიზიანება, ორჭოფობა, ეჭვი, სასოება. უკანა გვერდზე სიძველით გახუნებული, რაღაცის გამოსახულებაა, რომელიც ოდესღაც ალბათ ძალზედ, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არა ჩემთვის. ,,ტირილი მინდება“ — წერდა მამა ორმოცი წლის წინ იმ სილამაზის შესახებ, რომელმაც განაცვიფრა იგი იმ დროს (ან იქნებ კიდევ რაღაც უფრო დიდზე). მე კი, ტირილი მინდება, იმიტომ რომ, ის უკვე აღარ არის და მე არ ვიცი სად წავიდა მამა. მისგან დარჩა ქაღალდების მთა და აი ეს, მწვანე სამოთხიანი მოკითხვის ბარათი, რომელიც მე მუდამ გადამქონდა ერთი წიგნიდან მეორეში, როგორც გვერდების ჩასანიშნი საშუალება.
ან იქნებ ყველაფერი ასე არ არის, ყველაფერი ეს დიდი-დიდი ხნის წინ იყო ჩაფიქრებული და გეგმის მიხედვით მიდიოდა, გამოხმაურება კი დღეის დღეს ჰპოვა? რწმენით განსხეულებულ, უცნობ ბიზანტიელ ოსტატს სილამაზე უფლის ბაღის სახით წარმოუდგა. მან თავის ენაზე, როგორაც შესძლო, გამოხატა იგი, იქნებ განიცდიდა კიდეც რომ უფრო დიდზე და მეტზე ძალა არ ჰყოფნის. წარვიდნენ საუკუნენი, ჩემი მამა ჩამოვიდა რავენაში, ასწია თავი, დაინახა ედემის გამოსახულება, იყიდა ამ გამოსახულების იაფფასიანი გამოსახულება, გაამძაფრა და გაამაგრა ძახილის ნიშნებით და სიყვარულით გამომიგზავნა მე. ამ ქვეყნად ყველა თავის ენას ირჩევს. მას რომ არ გამოეგზავნა, მე ალბათ აქ არ ჩამოვიდოდი, არ წავიდოდი ჩაბნელებულ სამრეკლოში, არ შევხვდებოდი უსინათლოს, ვერ დავინახავდი მისი ხელის ქნევით, თითქოს უბრალო მოძრაობით როგორ ფეთქდება სამოთხის კარიბჭესთან ლურჯი ფერი.
რამეთუ ჩვენ ისევე უსინათლოები ვართ. არა, ჩვენ ათასგზის უფრო მეტად ბ რმანი ვართ, ვიდრე სავარძელში მჯდომი, ეს მოხუცი ადამიანი. ჩვენ გვეჩურჩულებიან, მაგრამ არ გვესმის, ჩვენ თვალნათლივ გვიჩვენებენ, თავს უმალ სულ სხვა მხარეს შევაბრუნებთ. ჩვენში არ დევს რწმენა: გვეშინია დავიჯეროთ, გვეშინია, რადგან ვფიქრობთ მოგვატყუებენ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ რომ სამარხში ვიმყოფებით. გვგონია რომ ზუსტად ვიცით — წყვდიადში არაფერი არ არის. წყვდიადში შეუძლებელია რამე იყოს.
ისინი კი მკვდარი ქალაქის ვიწრო ქუჩებით ჩვენგან უფრო და უფრო შორს მიდიან, ქალი უსინათლო მოხუცის ყურისკენ დახრილი, მას რაღაცას ეჩურჩულება და თან ტაატით სავარძელს მიაგორებს. ალბათ იმ სიტყვებს არჩევს, რომელთაც მე ვერასოდეს შევარჩევდი. კაცს რაღაცაზე ეცინება, ქალი მუხლებზე დადებულ ყუთში უყრის ახალ მონეტებს, უსწორებს პერანგის საყელოს, შემდეგ შედის ტავერნაში და გამოაქვს დაჭრილი პიცა. მოხუცი ხელის ცეცებით ეძებს, პოულობს ნაჭრებს და მადლიერებით აღსავსე, მონდომებით, ბავშვივით არა აკურატულად შეექცევა მისთვის უხილავ, მაგრამ ჯადოსნურად გემრიელ საკვებს.


