შერ ამინ
მამა წასასვლელად მოემზადა.
იხვევდა თავის ფუმფულა, მჩხვლეტავ, მრავალფერად — რაღაც წითელ, ყვითელ, ყავისფერ, ნარინჯისფერ ფერებში არეულ შარფს. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ ფრანგულ სტიმში ელეგანტური კვანძით შარფის მოხვევა. მამა ატარებდა შარფს რუსი ინტელიგენტივით. რომ ყოფილიყო თბილად, ფაფუკ შარფს ტუჩი უნდა დაეფარა და როცა მასში სუნთქავდა, იქ გაყინული ნაორთქლი რჩებოდა.
მამას ბეწვის ქურთუკი ეცვა. როცა ცალკე ეკიდა, შეეძლო დაეყეფა კიდეც. მამას კი ემორჩილებოდა.
ვკითხე: ,,სად მიდიხარ?" მამამ ძალდატანილი უდარდელობით თქვა, რომ მაღაზიაში სიგარეტისთვის მიდიოდა.
ბაბუკამ — ბებიაჩემმა, ასე ეძახდა ყველა, დაადასტურა: ,,მაღაზიაში გავა და დაბრუნდება".
კარი გაჯახუნდა, შემდეგ მეორე კარი. მამა წავიდა.
ჩვენ დავსხედით — ბებია დივანზე, მე — იატაკზე. სათვალე ეკეთა, ბაბუას პერანგს კერავდა, ნემსს აწვალებდა, თითქოს ფიქრობდა: ღირდა თუ არა ასეთ წვრილმანზე გაღიზიანება. ბებიას ვუყურებდი და ვცდილობდი, რაღაც უზარმაზარი გამომეცნო; მე ალბათ ხუთი წლის ან უფრო პატარა ვიყავი.
თავში ერთი აზრიც არ მიტრიალებდა, ახლაც იშვიათად მოდიან, უბრალოდ, ფეხზე ჩაუცმელად წამოვხტი და გავიქეცი.
მინდოდა დამეწერა, რომ გავაცნობიერე მომხდარი, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია, რა გაცნობიერება, უბრალოდ სურათი დავინახე: მამა გზაზე დგას, ხელს უწევს მანქანებს და სიგარეტს ეწევა; უკვე სოფელში მოდის, სადაც ჩვენი ოჯახური სახლია და სადაც ცოლი — დედაჩემი ელოდება. მამა სატვირთოს მძღოლს ელაპარაკება, ისინი იცინიან, მძღოლს „ბელომორის“ სიგარეტით უმასპინძლდება. ის დაბლა სწევს ფანჯარას — ღრეჭოში თებერვლის ,,გაუპარსავი“ ორპირი ქარი ნავარდობს.
გარეთ ციოდა, იდო დიდი თოვლი — სოფელში ყოველთვის მეტი თოვლია, ვიდრე ქალაქში. ტყე ჩვენი კარიბჭიდან იწყებოდა, ტრასა ტყის უკან გადიოდა, ნახევარი კილომეტრის დაშორებით. ტყეში გაქცეულს ბაბუკა დამეწია და ამოღლიავებული სახლში მომიყვანა. მე არ ვტიროდი და არც ვუძალიანდებოდი. დამიჭირეს და დამიჭირეს. ესე იგი ბედი არ იყო.
ბებიამ იმავე ადგილას დამსვა, სადაც ვიჯექი. აიღო პერანგი, მერე მეორე, რომ უსაქმოდ არ მოეწყინა, იქვე ეკიდა ძაფი ნემსით. თითქოს არაფერი მომხდარა.
წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გავიქეცი. გასაგებია, რომ მამაჩემთან.
მაგრამ ჩემი მშობლები განსაკუთრებულად არასდროს მომნატრებია. როცა სტუმრად მოხუცებთან მტოვებდნენ, ისე არხეინად ვცხოვრობდი...
სად გავქანდი?
ალბათ, მამაჩემი თებერვლიდან უნდა დაბრუნებულიყო, ხელში ავეყვანე.
მას შემდეგ ყველაფერი ისე არ არის...
მომდევნო წყალწყალა თებერვლის ბოლო დღეებში, წყნარი, ნათელი ბიჭი მივდიოდი ქუჩაში (მე მიყვარს ჩემი თავი ბავშვობაში, თითქოს ოცდაათი წლის წინ ეს ბავშვი ჩემი შვილი იყო). ჩვენს სოფელში ხულიგნები ცხოვრობდნენ, ჩებრიაკოვების გვარს ატარებდნენ, მათ ვერ ვარჩევდი, ორივე გრძელი იყო, ქონიანი ტანით, ხორხიანი ყელით, სახეები წაგრძელებული, სულელები, ნაძირლები, — ერთ-ერთმა მხრებზე უკნიდან ხელი მკრა და მთელი სხეულით ყინულიან ტალახში ჩავვარდი.
საშინელი ტალახი იყო ჩვენს სოფელში, ახლა ასეთს ვერ იპოვით. ფაფასავით მოხარშული, გაზაფხულზე წვრილ ნაწილებად იდო, ყინულში იზილებოდა, ზაფხულში ორთქლდებოდა, შემოდგომაზე „წკლაპუნობდა“, არ შრებოდა და არ იყინებოდა არასოდეს. თითქოს ამ ტალახში ჩუმად დრტვინავდა ნავთობის წყარო, უფრო სწორად, ჩირქგროვა.
ზუსტად ჩემს დაცემამდე სოფლის ტრაქტორმა ჭუჭყიანი გუბე გადაასწორა და წუმპე უფრო სქელი გახდა. მერე ზედ ცხენმაც გადაირბინა და ბეღურებს ცხელ-ცხელი ნეხვის საკვები დაუტოვა.
სწორედ იქ ჩავვარდი.
სახლში მოვედი ყველანაირად გადასხვაფერებული, როგორც კლოუნი.
პირში ტალახი მქონდა და პოსტმოდერნისტს ვგავდი.
დედას არაფერი უთქვამს — იმედი მქონდა, რომ წავიდოდა და ჩებრიაკოვებს მოკლავდა, მაგრამ მან უბრალოდ დამბანა, გამხადა ეს ყველაფერი და გამომიცვალა.
შემდეგ ჯერზე, ერთი წლის შემდეგ, ისევ თებერვალში, სკოლის უკან ფეხბურთს ვთამაშობდით — ზამთარში ფეხბურთის თამაში მოგვწონდა, ზაფხული ხომ ხანმოკლეა, სანამ დაელოდები... ბურთი კი აქ დევს და დარტყმას ელოდება. სამ დახეულ სვიტერში და ქუდის გარეშე ვიყავი. ეს ყველაფერი, როგორც მეგონა, გამბედაობას მმატებდა. გუნდები შერეული ასაკის იყო. მოწინააღმდეგეებს ჯარიდან ახლახან დაბრუნებული, მისი სახელი არ მახსოვს, — ეშმაკივით თეთრწამწამებიანი, სასაცილო ბიჭი შეუერთდა. ჭიშკართან ვიყავი ატუზული. უფერული მხიარულად თამაშობდა, ოსტატურად, შეათამაშა ბურთი და სახეში მომხვდა. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ, ჰაერში ორი წრე გავაკეთე და დავეცი. თვალი თითქოს თავში შიგნით ჩამივარდა და ფრთხილად უკან ამომქონდა. შეშინებული თითებით თეთრ შუქზე ვაბრუნებდი ქუთუთოებსა და წამწამებს. მეჩვენებოდა, რომ თვალი იყო რაღაცნაირად ხორციანი, ძალიან შეშუპებული ჩანდა, თითებში წურბელას მსგავს შეგრძნებას ტოვებდა...
ძელთან რომ ვმდგარიყავი, თავს მივარტყამდი და მოვკვდებოდი.
ასე რომ კოლექტიური თამაში არ გამომივიდა.
სოფლიდან ისე წამომიყვანეს, როგორც წიწილა ბუდიდან, დამასახლეს ქარხნის მილთან: ოჯახმა გადაწყვიტა, რომ საბჭოთა ძალაუფლების სიკვდილს სჯობდა ქალაქის ასფალტზე ფეხზე მდგარნი დავლოდებოდით.
ახალ სკოლაში პირველად ზამთარში, თებერვალში მივედი.
სკოლასთან ბუღივით ჩემი პარალელური კლასელი იდგა — ჩემზე ერთი თავით მაღალი, ცხრა წლის ცხოველი. ქუდი მომხადა და შორს გადამიგდო. შურისძიების გამო მინდოდა მის ქუდს შევწვდენოდი, მაგრამ იოლად მომიცილა. ძალები თანაბარი არ იყო.
შესვენების დროს უკან დავყვებოდი და ვფიქრობდი: უნდა ვიყოჩაღო და დავარტყა, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა.
ახალ სკოლას ჰყავდა მასწავლებელი ქალი, კლასის დამრიგებელი, სტალინელი, ნაყვავილარი სახით, მსხვილძვალა, გესლიანი.
დაიწყო გარდაქმნა (პერესტროიკა) და მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატია იყო საჭირო და ანონიმურად გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვინ რას ფიქრობდა მის შესახებ.
ჩემმა მერხის მეზობელმა ჩიბისოვმა დაწერა, რომ მასწავლებელი ნაძირალა იყო.
მე დავწერე, რომ მასთან პრეტენზია არ მქონდა.
ერთი დღის შემდეგ მან ისევ ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც აღარ იყო ანონიმური, მაგრამ იყო ხელმოწერებით.
ჩვენი პასუხების შეგროვების შემდეგ, გესლიანმა თავისი უზარმაზარი სათვალიდან დაცინვით გადმომხედა და თავშეუკავებლად თქვა: „ვნახოთ, რა დაწერე აქ, პატარა იუდა“.
ოთხი წლის შემდეგაც სრულიად ცხოველურად მელაპარაკებოდა, ვერაფერი გავიგე, გავუძელი.
ერთხელ, გაკვეთილების შემდეგ, კლასს ვალაგებდი. ნაყვავილარსახიანს მრავალი წლის განმავლობაში შურისძიების ქავილი არ უწყდებოდა. მან კიდევ ერთხელ წამოწია სიძულვილის თემა: რომ არარაობა, მატყუარა ვარ, როგორ უნდა ვიცხოვრო ასეთმა, როგორ მიტანს დედამიწა, არადა, არ უნდა მიტანდეს.
მე უკვე გავიზარდე, ჩემში ვიპოვე გამბედაობა და უხალისოდ ვკითხე, თუ რაში იყო საქმე.
— გახსოვს გამოკითხვა? ანონიმურად დაწერისას თქვი, რომ არამზადა ვიყავი, ხელმოწერილ ფურცელზე კი პირიქით, რომ ნაძირალა არ ვიყავი. დასკვნა: მატყუარა ხარ, შენთან დაზვერვაზე წასვლა შეუძლებელია.
ვეუბნები: — მაჩვენე გამოკითხვის ფურცელი. მასაც მზად ჰქონდა (თურმე მთელი ამ წლების განმავლობაში ინახავდა სპეციალურად რვეულში და ატარებდა შურისსაძიებლად): — შეხედე! — ფურცლები დავრიშივით ააფრიალა, — ახლა იქნება ნომერი.
ფურცლები რომ დავინახე, გავცხარდი: — ჩიბისოვი უკვე სამი წელი სხვა სკოლაში სწავლობდა, — ეს მე არ ვარ! ეს ჩიბისოვმა დაწერა!
მან, დაბნეულმა, მაშინვე თქვა: „შენ ახლა გალაპარაკებ!“ — და კითხვარები მოაშორა. ბოდიშის მოხდა, რა თქმა უნდა, არ ჩათვალა საჭიროდ.
გარკვეული დროის განმავლობაში ფანჯრიდან თოვლის დნობას უყურებდა. როგორც ჩანს, ფიქრობდა, იყო თუ არა შეცდომა მრავალი წელი ბავშვის აბუჩად აგდება. მერე მტკიცედ დაასკვენა, რომ არა. ვინ გაიხსენებს ძველ ამბებს, გადაწყვიტა ბრძნულად, როგორც უფროსმა და თვალი ამარიდა.
ეს კიდევ რა არის.
გოგოები მყავდა, მაგრამ ხშირად — არა.
სულ მახსოვს, რომ გოგოები არ არიან, მაგრამ მაქვს თავბრუსხვევა და თინეიჯერული გულისრევა.
ნასვამები ძველი ახალი წლის აღსანიშნავად გამართული წვეულებიდან საიდანღაც ვბრუნდებოდით. ორი ქალბატონის გასაცილებლად გამოვედით მე და ჩემი ორი მთვრალი თანამგზავრი, არცერთს სახეზე ნაკვთები არ ეტყობოდათ.
მე ყველაზე მოლაპარაკე აღმოვჩნდი, ყველანაირად ვცდილობდი გამემხიარულებინა კომპანია. კომპანია კი დროდადრო წუწუნებდა.
ერთ სიმპათიურ ქალბატონს ტელეფონის ნომერი ვთხოვე და მომცა.
დავრეკე. თებერვალი იყო, რაღაცას ვეუბნებოდი შეხვედრაზე, ისე საუბრობდა, თითქოს არც ესმოდა ყურში, როგორც გაციებულზე იცის — ძლივს, კრიჭაშეკრული. მერე ვიღაცამ ახლოს ხმაური ატეხა, მამაკაცის ხმა გაისმა და ქალი უცებ ჩურჩულით მეუბნება:
— თავი დამანებე, ბოლოს და ბოლოს მომშორდი, რა გინდა საერთოდ?
თითქოს წყალში დასველებულ მორზე ვიჯექი, თითქოს ქარიშხლიან ზღვაში, თოვლქვეშ ვიყავი, ვეცემოდი ყინულტალახიან შავ ტალღებში და ნაპირზე გამოღწევა მინდოდა, ამ გოგოს დაბლიდან მაღლა ვუყურებდი, მან კი ჩემი მორი ფეხით მოიშორა: იცურავე სადაც გინდა, მაგრამ ნაპირზე არ გამოხვიდე, აქ უშენოდაც საკმარისადაა — ო...
ოცი წელი გავიდა. ალბათ ახლა ქმარს ბორშსაც უმზადებს — ისე ცხოვრობს, თითქოს არაფერი მომხდარა, ყველაფერი დაავიწყდა. ნეტავ ქმარმა თეფშის კიდეზე ხელი უჰკრას ისე, რომ თეფშმა ჰაერში წრე გააკეთოს, კომბოსტო ჭერზე, ჭაღზე ჩამოეკიდოს, ირგვლივ ყველაფერი მდუღარე წყალში ცურავდეს, როგორც ბავშვურ საშინელებაშია და ქმარმა დაუღრიალოს: „ძუკნა! რა ეშმაკმა შემახვედრა შენი თავი!”
ვიღაცამ ჩემს მაგივრად შური ხომ უნდა იძიოს ბოლოს და ბოლოს.
ის მაშინ მიხვდებოდა, ასე უდანაშაულომ რა განვიცადე.
...მაგრამ არა, ქმარი ჭამას დაამთავრებს, არაფერს იტყვის, ყველაზე მნიშვნელოვანს გულში დამალავს.
ჯარში, უკვე ,,ჩერპაკი“ გავხდი, ერთხელ დავლიე და არ გამოვჩნდი ხაზზე, ოსტატურად გადავიტანე ყველა შესაძლო საფრთხე, მივაღწიე ჩემს ლოგინამდე, დავწექი.
ერთ ჩემნაირ ,,ჩერპაკს“ ჩემი განყოფილებიდან ჰქონდა ფოტოკამერა და გადაწყვიტა ჩემთვის, მძინარე კოლეგისთვის სამახსოვრო ფოტო გადაეღო.
წამოწყება სწრაფად გადაიქცა საჯარო ღონისძიებად: იპოვეს სანთელი, ჩამიდეს, მადლობა ღმერთს ხელში და ხელები გადამიჯვარედინეს. სანთელი აანთეს, მართლა ლამაზად გამოვიდა.
ზეწარი გადაჭიმეს, როგორც უნდა, შუბლზე ჯვარი დამახატეს, წესდება გულზე დამადეს, მერე კიდევ წესდებების გროვა — ჩათვალეს, რომ ახლა ბევრი დრო მექნებოდა მათ წასაკითხად; 47 ზომის ჩექმები ფეხზე შემომიჭირეს: მიცვალებული იყო კეთილზნიანი, გულკეთილი და გრძელფეხა.
თავზე კი ცოცხიდან ბრწყინვალე გვირგვინი დამადეს.
მათ გადაწყვიტეს, რომ ერთი სანთელი საკმარისი არ იყო და ხელში ერთდროულად სამი ჩამიდეს: რით არის მიცვალებული ტორტზე უარესი — დასაფლავება არაა დღესასწაული? გასმევენ, ზამთრის სალათებს ამზადებენ, მაგრამ ცეკვა არ შეგიძლია, თუმცა სიმღერა მგონი შეგიძლია.
სულები არ განუდევნიათ, სულებიც გაერთნენ.
გადაწყვიტეს, რომ ახლოში ჩვრის დადება უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა: ჩვრით შევძლებდი ეშმაკების დაშინებას, იმ შემთხვევაში თუ მიცვალებულთან სტუმრობას გადაწყვეტდნენ.
ყოველი შემთხვევისათვის თეფში და კოვზიც დამიდეს. ვთქვათ, მატლები მჭამენ, მე კი მათ შევექცევი ანუ ხდება ურთიერთგაცვლა. ასე შეიძლება დიდხანს გაერთო — ვინ ვის შესანსლავს პირველი.
შუბლზე ჯვრის ქვეშ ფლომასტერებით დააწერეს ხუთასოიანი სიტყვა: ამინ!
ჩემი ნათელი კაცური ჯარისკაცის სახელი, მოპოვებული ბრძოლებით, ასეთი გამოვლინებებით, ასეთი გამჭრიახობით, იმ ყველაფრით, რაც ცხრამეტი წლის განმავლობაში დამიგროვებია, ყველაფერი ეშმაკებმა გაიყოლეს.
ძუკნებმა ეს ფოტოები დაბეჭდეს, ფული არ დაიშურეს, ყველამ ნახა.
ჩემს ყოველ ნაბიჯს, როცა სასადილოში მივდიოდი, სამხედრო განაწესი იქნებოდა ეს თუ სხვაგან სადმე, თან სდევდა: მოიცადე, ის მოდის, სანთლითა და ჩვრით, ტორტით საიქიოდან, „ჩერპაკი“, ამინ. (ჩერპაკი სამხედროში არასაწესდებო ურთიერთობის, მიმართვის ფორმა, დედოვშინის ნაწილია).
(იმ თებერვალში კინაღამ გავიყინე მორიგეობისას, ძალიან მეზარებოდა ცხოვრება.)
ჩემმა უახლოესმა მეგობარმა „ შერ ამინ“ დამარქვა. ეს იყო ერთადერთი ამხანაგი, ბოტანიკოსი, რომელიც სკოლაში ფრანგულს სწავლობდა, იმდენჯერ დავეხმარე, უჩემოდ მკვდარი იქნებოდა — მაგრამ მას ამჯერად კბილებში ვგლიჯე, ბევრი სისხლი წასკდა. შემდეგ მისი კბილი სასადილოს მაგიდაზე, კომბოსტოს სუპის გუბეში ეგდო. ვიფიქრე: ხომ არ ავიღო, როგორმე ჩავამაგრო თავის ადგილზე, როგორღაც ყველაფრის შეცვლა შეიძლება.
(...მერე მითხრეს, რომ ,,ბაბუებს“ (деды) უნდოდათ სანთლის პირში ჩადება მეტი სილამაზისთვის, მაგრამ ბოტანიკოსმა არ მისცა უფლება).
უკვე არაფრის გამოსწორება არ შეიძლებოდა.
ჩემი შეყვარებული შევიფარე იმ ბინაში საცხოვრებლად, რომელიც მრავალჯერადი გადაცვლის შემდეგ, ჩემს ოჯახს დარჩა.
დედას ის მოსწონდა — ენდობოდა.
დედაჩემმა მთელი ცხოვრება მამაჩემთან ერთად გაატარა და აზრადაც არ მოსვლია, რომ ქალს, რომელსაც იმაზე მეტი საყვარელი ჰყავს, ვიდრე ერთ ხელზე თითებია, შეუძლებელია სხვანაირად ერქვას, ვიდრე „მეძავი“.
მით უფრო ვის შეუძლია მის შვილს უღალატოს? ამ ნიჭიერების, ტაქტიანობის, სილამაზის, სიმამაცის იდეალურ განსახიერებას.
სინამდვილეში, ეს იუდა, ეს „შერ ამინ“, შეუცვლელი სიმყრალით პირში, რომელიც შურს იძიებს სუსტებზე, იტყუება, ლაქუცობს, თავს იმცირებს, პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს, არაფრის ცოდნა არ უნდა, სარკეში საკუთარ თავს ათვალიერებს, ტკბება სამხედრო-საპარადო ტანსაცმლით.
ჯარი მოვიხადე, შეყვარებული არ დამხვედრია, ბებიასთან ისვენებდა — აბა ბებიას როგორ მიატოვებდა?! ესეც მესმის. ერთი კვირის შემდეგ ჩამოვიდა, სულ ისეთი მომღიმარი, დაბალ ხმაზე მოლაპარაკე, ისე იქცეოდა, თითქოს ცელოფანში გაახვიეს. ლოყაზე აკოცებ და კანია თუ სუნამოა და მაინც ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ცელოფანს ჰკოცნი.
საღამოს მთელი ცელოფანი გავხადე, ფენებად დავშალე, ზოგან მიწებებულიყო, დიდხანს მოვუნდი. მან მთხოვა, შუქი არ ამენთო — ეძებე და იყურე სიბნელეში, განავითარე შენში თხუნელა, იყიდე ღამის ხედვის მოწყობილობა და მოუხმე ფანტაზიას?!
ჩემმა ფანტაზიამ წელიწადნახევარი იმუშავა, მთელი ამ დროის განმავლობაში ტრანსფორმატორივით ვზუზუნებდი, დეტალურად განვიხილავდი თუ რა მოხდებოდა, როცა დემობილიზებული ვიქნებოდი, მაგრამ ცხოვრებამ თავისი ვერსია შემოგვთავაზა. არა, ასე ვერ წარმოვიდგენდი მოვლენების განვითარებას სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნების პირველ ღამეს...
სამოქალაქო ცხოვრებამ იმედები გამიცრუა. დამავიწყდა ყველაზე ელემენტარული საქმეები. აქ თურმე უნდა დავეხმარო, იქ არც ისე უხეშად შევეხო, იქ ვერ უჩქმეტ, აქოდა ასე რატომ მკოცნიო.
ჰო, კარგი.
ნუ მიაქცევ ყურადღებას. უბრალოდ დაღლილი ვარ.
— დაიღალე? დაიღალე წელიწადნახევარში? ანუ წელიწადნახევარი არ ისვენებდი? შენ წახვედი ბებიასთან, სამზარეულოში ნიჟარაც კი არ გარეცხე. სააბაზანო ისეთი ჟანგიანია, თითქოს იქ რკინის კაცს ან კიდევ რკინის ცხენს ხეხავდი. აა, იქნებ კომბაინს რეცხავდი?
— შეწყვიტე ყვირილი. ჭურჭლის მრეცხავად დამტოვე? მცოდნოდა ერთი.
(... ცალი ფეხით წასასვლელად მოემზადა; შემხვედრი მოძრაობით შევაჩერე: დაიცადე, ჯერ ყველაფერი არ არის ნათქვამი, საით გაგიწევია, აქ, რა უნდა ვაკეთო მარტომ?).
დილამდე ვსაუბრობდით. ის გაწამებულ მდგომარეობაში, მე კი უკიდურეს და გადაუწყვეტელ მღელვარებაში. იცი რა გამოვიარე? იცი, როგორ გვცემდნენ ცხოველები? ჯარში კინაღამ რომ გავიყინე? კინაღამ ჩუჩმეკისტანში რომ გამგზავნეს მოხალისედ, როცა პირველად დავრეგისტრირდი? თუთიის კუბოთი ჩამომასვენებდნენ და შენ იდარდებდი? იტყოდი? „ეჰ, რა ცოტას ვახარებდი მას“. ვინ იყო ჩვენი ასეულის მეთაური? ის იყო შეუდარებელი კრეტინი! ბატალიონის უფროსი? სამი, მაგათი დედაც... კრეტინი! გენერალიც კი ვნახე ერთხელ! და ბოლოს, იცი რომ ერთხელ მათ კინაღამ პირში სანთელი ჩამთხარეს, გაჩვენო, როგორ?
ყველაფერი სითბოსა თუ კვნესის გარეშე მოგვარდა. მაგრამ სჯობდა, რომ არ მოგვარებულიყო.
მეორე დღეს ტელეფონი რეკავს, ვიღებ — ალო? — მეორე ბოლოში ვიღაც დარცხვენილი, მოჩვენებითი უდარდელობით მეკითხება: „თინას სთხოვეთ?“
(მას სძინავს; თუმცა მე დავინახე ზურგიდან რომ ეღვიძა და ისმენდა).
ყურმილში მაშინვე ვიცანი მამაკაცის ხმა. ეს იყო ჩემი კლასელი, თინა ჩემამდე მას იყო გადაკიდებული, მერე ჩემთან წამოვიდა, მაგრამ დიდხანს ახსოვდა... ჩემზე მაღალი იყო, ლამაზი, მდიდარი, თუმცა, სანამ მეგობრობდნენ, მას არც შეხებია. მაგრამ სანამ ჯარში ვიყავი, წესდებას ვსწავლობდი, როგორც რწმენის სიმბოლოს და პატაკს ვიძლეოდი, როგორც ჩანს, შეეეხო კიდეც. თინას, გამოდის, რომ არც კი უთქვამს, რომ ჩემს ბინაში ცხოვრობდა. რატომ? რომ დაბრუნებისთანავე დამეწვა ეს ბინა?
ამ ბინიდან თინას გაგდების შემდეგ, მე ახალ სამყაროში გავემგზავრე, სადაც პოეზია ჟღერს და თამაშდება ახალი დრამა. სადაც ახალგაზრდები უცნაურ ტანსაცმელში არიან გამოწყობილები და უკიდებენ იაფფასიან სიგარეტებს უზარმაზარი კუს ფორმის სანთებელებით („... ეს არტისტულია, ასეა მიღებული მწერლებში, სპეციალურად ვიყიდე სადგურზე, ძმაო, რომ მეჩვენებინა, რომ ვინმე გაუგებარი ბრიყვები არ ვართ...“), სადაც გოგოები ბევრად უკეთ არიან ჩაცმული, ვიდრე ბიჭები (თითოეული ატარებს ჯინსებით მოწითალო თბილ მზეს, რომელიც არასოდეს ამოდის უბრალო მოკვდავებისთვის) და ყურადღებას არ აქცევენ ახალგაზრდებს, მხოლოდ ირონიულად აცქერდებიან რკინის თავის ქალებს, მეხუთე მცდელობიდან სურნელოვანი ცეცხლის მფრქვევლებს, მაგრამ ფრთხილად, პირდაპირი მზერით უყურებენ „მეტრებს“, რადგან „მეტრები“ წურავენ მნიშვნელოვან სიტყვებს. მათ დაკუჭულ ძვირფას (არც ისე ძვირიან, როგორც ჩვენ წარმოდგვიდგენია) პიჯაკებში ხედავენ ... ბროდსკი? — ვინაა იქ ბროდსკი, მას წინ მდგარსაც ვერ შეამჩნევდნენ. უნდათ რაღაც კიდევ უფრო გულის განგმირავი, მარადისობის ბობოქარი სიღრმიდან მომზირალი, მარმარილოსთან ამოზრდილი ცოცხალი თვალებით... ხედავდნენ, ვთქვათ, საკუთარი თავს, როცა სასტუმრო ოთახიდან გასვლის წინ უყურებენ თავიანთ ანარეკლს სარკეში...
ჩვენ — მე და რამდენიმე ჩემი პლიუს-მინუს თანატოლი — სწრაფად შევეზარდეთ ბანდას; ყველაზე უფროსი ახალგაზრდებს შორის, ყველაზე უმცროსები მოზრდილებში — დაბადებულები, გაზრდილები და ნამსახურები, სადაც კი შეეძლოთ გასულ საუკუნეში, რომლებმაც ახალ ათასწლეულში შემოაბიჯეს არა მხოლოდ კუს გამოსახულების სანთებელებით, არამედ ცოდნით და გამოცდილებით, რომელიც შესაძლებელი იყო გამოეფინათ სახელის მაძიებლობის, წარმატების და იმედის ბაზრობაზე.
მე შემარქვეს: მთხრობელი, ლიტერატორი.
მე მყავდა ძმა, არა ძმა, არამედ კარგი მეგობარი, დიდი ტანის, პატარა თვალებით, რომელიც ხელგაშლილი ცხოვრობდა და ითხოვდა, რომ ახლომახლო სხვებსაც ასე ეცხოვრათ. რომ ყველაფერი ყოფილიყო მთელი გულით და სულით, შიშველი, სირცხვილის გარეშე, ღიად, დაუფარავად...როცა სხვები ფართოდ აღებდნენ გულს...
ის მაშინვე იწყებდა ნერვიულობას, რომ სხვებს რაღაც მეტი „გაეზარდათ“, რაღაც მნიშვნელოვანი, უფრო მეტი, ვიდრე მას.
დროთა განმავლობაში მან სრულიად შეწყვიტა წინ და ზევით ყურება, მხოლოდ ელამივით, გვერდიდან უყურებდა გარშემომყოფებს, სანამ სულ მთლად არ დაელამდა. მერე გაიქცა თავის ზღვისპირეთში სათევზაოდ, სადაც შეეძლო ფართოდ გაეხსნა გულისკარი და არ შეშინებოდა, რომ ვინმეს ეჭვი შეეპარებოდა მის ნირსა თუ ვნებებში, მის თავდაპირველ სიდიადეში.
თითქოს უნდოდა დაეხსნა თავისი სიდიადე, რომელსაც ადარებდა დაჭერილ თევზს, ხან ციმორის, ხან კარჩხანას, მერე ხარხარებდა სიხარულისგან, ტიროდა ამ უზარმაზარი და კეთილი სამყაროს სიყვარულით.
მაგრამ სანამ გავიქცეოდი, ჩემმა ამხანაგმა ხელი საყელოზე მომიჭირა, ჩემი ჯილდოს გადაცემისას (ყვავილების კალათა, ქვემოთ დაწყობილი ლამაზად დაჭრილი მწვანე ქაღალდის შეკვრებით, ნომრებით გაწერილი), ხმამაღლა დაიყვირა, რომ ირგვლივ ყველას შემოეხედა — გოგოებს და „მეტრებს“ და ყმაწვილებს კუს სანთებელებით, და ყველასთვის თვალები აეხილა:
— თქვენი აზრით ეს ვინ არის? ეს არ არის ის, როგორც თავს ასაღებს! ის მატყუარაა, ნაძირალა, ეშმაკი შოშია, ადამიანი მყრალი პირით, შუბლზე აქვს ხუთასოიანი სიტყვა, სახელი მოპარული, სული ბირკავაში! — და, უკან რომ შემოტრიალდა, მკერდში თითი ჩამარჭო: — აქოთდი, მოღალატევ, შენ ჩვენ მოგვატყუე!
სრულ სიჩუმეში ყველა მე შემომცქეროდა. ვიღაცის ხელში კუს სანთებელა ძლივს შიშინებდა, არ ჰყოფნიდა ძალა ცეცხლის დასანთებლად.
მე (კალათი არ გადამიგდია) გამოვირბინე ქუჩა, არც ვტიროდი, არც ვიცინოდი — უბრალოდ, ვსუნთქავდი ცარიელი და სირცხვილისგან გადამწვარი თავით. მაინც ვერ ვისწავლე ფიქრი. საფეთქლები მიელავდნენ: ახლა როგორ ვიცხოვრო, ამის მერე განა შეიძლება?!
ქუჩებში ისევ ლღვებოდა ზამთრის ბოლო თვე, მხოლოდ მოტყუებას, ტკივილებს გაცივების ტკივილებსა და წვალებას გვპირდებოდა.
ყვავილები კალათიდან თოვლზე გადავყარე, მწვანე ქაღალდები კი ჯიბეებში გავიჩარე, რომ არ წაერთმიათ.
მამაჩემს მაინც ვერ დავეწიე.
ყველაფერი თავიდანვე მრუდედ წარიმართა.
ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, რომ არ წასულიყო.
ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაშინ რომ არ წასულიყო.
ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაშინ რომ არ მივეტოვებინე.
დაიჯერეთ? ხომ დაიჯერეთ?
თქვენ ფიქრობთ: „ის, ახლა, როგორც იქნა გახდა გულგახსნილი და ჩვენ ვხვდებოდით, რამდენად სევდიანი და ფათერაკიანი ყოფილა შიგნიდან".
ვერაფერსაც ვერ ხვდებით, მოკეტეთ!
ახლა სხვანაირად მოგიყვებით.
ჩემი სოფლის იქით, ერთი საათის სავალზე გორებია — შუა სარტყლისთვის მაღლები და ფლატედან რომ გადახტე, ყველაფერს დაიმტვრევ.
შემდეგი ლაშქრობისას, მაშინ ცხრა წლის ვიყავი, (ზამთარში რატომ უნდა მდომებოდა მთაზე ასვლა, ვერავინ ამიხსნიდა) თოვლი იყო ზოგან მუხლამდე, ზოგან მკერდამდე, პირველივე ნაბიჯებიდან სასწრაფოდ უნდა უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ მე ვცოცავდი, ვყვიროდი, გზაში ვმღეროდი, ერთხელ ვიტირე კიდეც, წინ იყო შორი გზა, უკან დაბრუნება კი გვიანი.
ყველა ვერ ბედავდა იქ აცოცვას ზაფხულშიც კი.
როცა მზე იწურებოდა, მე უკვე მწვერვალზე ვიყავი: თოვლით სავსე ჯიბეებით, თოვლით სავსე ჩექმებით, თოვლით სავსე ხელთათმანებით, სავსე მკერდით, სავსე ყურებით, სავსე თვალებით... ჩავიფიქრე და პირი თოვლით გავიტენე: „შეგჭამ, თებერვალო!“.
ქუდი მოვიხადე, თმებიდან ცხელი ოფლი ჩამომდიოდა, ისეთი კარგი იყო, ისეთი ტკბილი, რომ ერთი წუთით, გონება დავკარგე, იქნებ ერთი საათით, ვის ვკითხო, არ ვიცი. როცა გონს მოვედი, სწრაფად დავეშვი დაბლა, თან მიმქონდა ფეხები, თავი, სული.
ძალიან ბნელოდა, სოფელი სიბნელეში საშინლად შორს ჩანდა და თებერვლის „მელნის ბულიონში“ დაცურავდა სოფლის ცოცხალ-მკვდარი სინათლე (ან შუქურა),
მაგრამ ჩემში უკვე დაიდო ბინა ვერცხლმა და სიხარულმა.
გაყინული დავბრუნდი, მხოლოდ კეფა მიხურდა, თითქოს იქ ზამთრის მზე მიმაკრეს, როგორც გახურებული სპილენძის ფული. ასეთ მდგომარეობაში ვიყავი, როცა გამაღვიძეს.
გარკვეული ასაკიდან, ვთქვათ, თხუთმეტი წლის ასაკიდან, ნებისმიერ კომპანიაში, ჩემთვის ჩუმად ვწყვეტდი: „მე ვარ აქ კაცი!“ და თუ საჭირო იყო გადაწყვეტილების მიღება, ვიღებდი. ყველაზე ხშირად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სხვა ვერ ბედავდა.
სიცოცხლისთვის არავითარ ძალღონეს არ ვხმარობდი, ამიერიდან ის თვითონ მეგებოდა ფეხქვეშ.
სამყარო ორ ნაწილად გაიყო — ერთნი ჩემთან მეგობრობდნენ, სხვები ჩემზე სუსტები იყვნენ. ჯერ კიდევ არის მესამე მხარე, მაგრამ ჩვენ არაფერი გვესაქმება ერთმანეთთან.
ჩემგან წავიდნენ მხოლოდ ისინი, ვინც არ მიყვარდა და ვინც მიყვარდა ჩემთან დარჩნენ.
ის, სკოლიდან, რომელმაც კურდღლის ქუდი მომხადა და გადამიგდო, თხუთმეტი წლის შემდეგ ქუჩაში შემხვდა, ის კიდევ უფრო მაღალი გახდა, ჩემზე სამი თავით დიდი. მომიწია მაღლა შეხტომა. გაოგნებული იდგა, თვალი მყისვე დაუბუჟდა, თითქოს გუაში გადაასხეს.
— ეს რა არის შე ბოზო? — მკითხა მან.
ჩვენ მეტად აღარ ვპასუხობთ ასეთ კითხვებზე.
მეგობარმა გოგომ, სწორედ იმან, ცელოფანში რომ იყო, ჩვიდმეტი წლის შემდეგ წერილი მომწერა: არ ვიცოდი, შენ ვინ იყავი.
უნდა გცოდნოდა, მაშინ რატომ ხარ ქალი?! მხოლოდ მამაკაცებს აქვთ არცოდნის უფლება!
თხუტმეტი წლის შემდეგ ჩემს სოფელში ჩამოვედი. ყოველწლიურად ვბრუნდებოდი, თითქოს იქ რაღაც დავკარგე — თოვლში კალოში? ვერცხლის მონეტა? პირველი ჯვარი გულმკერდზე? — ჩავედი, სოფელი ისევ თოვლს დაეფარა, დავდიოდი და ვფიქრობდი: თოვლი რომ დავგავო, იქ ჩემი ბავშვობის შიშველი ფეხების კვალია. თუ ამ ნაკვალევს გავყევი, ზუსტად ჩემს თავთან მივალ, ჩემს ცხოვრებაში შევალ და მასში მთლიანად ვიცხოვრებ... მერე ისევ იმავე ადგილას მოვალ და ისევ ვიფიქრებ: თოვლი რომ გავხვეტო, იქ კვალია...
სოფელში არც ცხენები და არც ტრაქტორები არ არიან. ვხედავ, რომ გუბე ისევ იმ ადგილასა, რუსეთის ნიადაგი გამოუფიტავია, თუმცა შავდება, ბუყბუყებს, სლუკუნებს, წკლაპუნობს, ბურტყუნებს.
მივუახლოვდი და ჩებრიაკოვები არ წვანან?! ორივე ძმა ერთ გუბეში ჩაიჭედა, ერთი წევს, მეორე მიათრევს, ორივე ბებერ ძაღლებს ჰგვანან, მათი ხმა არ ისმის, გალურჯებულ სახეებზე ნერწყვი ეყინებათ. სახეები ისევ ერთნაირი აქვთ. მათი ამოყვანა დავიწყე, ერთ-ერთს მკლავში ჩავებღაუჭე — გაძვრა: ჯანდაბას, რა ვქნა, მე არ მინდოდა — გასაგებია, რომ შურისძიების დრო დადგა, მაგრამ ამხელა დოზით? მერე მივხვდი: დაბამბულ პალტოს ძირიდან მოვაგლიჯე სახელო.
თოვლში ვიღაცის მთვრალი, შიშველი ხელი მოჩანდა, თითები გათხელებულ თოვლში ცოცავდნენ.
სხვას არავის მისცეს უფლება ბოროტება ჩაედინა.
მე შემეძლო ჩავჭიდებოდა ასეთ მზეს, ღაჟღაჟას და ცხელს — მაგრამ მქონდა უნარი განმესაზღვრა ჩემი შესაძლებლობები, ამის ცოდნით ვიყავი გადამეტებულად ნაკვები, განებივრებული, გაჯერებული.
ბოლოს ჭექა-ქუხილის ზღვარს მივაღწიე და ხალხს ვესროდი, მაგრამ ვიღაცა ჩემს ნასროლ ტყვიებს ხელისგულში აგროვებდა და ჩენჩოსავით ყრიდა. მე ნამდვილად არავინ მომიკლავს, ეს დანამდვილებით ვიცი, მაგრამ თუ ვითხოვე, უფლებას მომცემენ. რაც მინდა ყველაფერს მომცემენ.
მამა წავიდა, მე არ დავეწიე. ის რომ დაბრუნებულიყო, მაშინ ყველაფერს იმაზე უფრო ჭარბად მომცემდნენ, რა სარგებელიც მივიღე ახლა?
რასაკვირველია, მთელ ახლანდელ სიკეთეს მოვიკლებდი, მამაჩემს რომ დავწეოდი, ოღონდაც დავწეოდი — მაგრამ ჩემთან არავინ ვაჭრობს, არავინ არაფერს მთავაზობს: აქ გაცვლა არ ხდება, უბრალოდ ჩემს თვალწინ აწყობენ საოცარ რაღაცეებს და მე ამას ვიღებ.
არჩევანი არ არის. რა თქმა უნდა, შეიძლება არ ავიღო, მაგრამ იქ ყველასთვის საკმარისია, მე ვნახე. იქ არავის ცუდს არ უსურვებენ, გულუხვი მეპატრონე ზის.
მაშინ, გახსოვთ?! როცა სულელურ მწვანე ქაღალდებით ჯიბეები გამოვიტენე — ავიხედე მაღლა და ძაღლის ენასავით სახე ამილოკა მელნისფერი თებერვლის სიცხემ, თითქოს ამბობდა: აბა, შენ კიდევ რაა... ვინ შეიძლება შენ გატკინოს, სულელო?
უზარმაზარ დარბაზში დავბრუნდი, ყველა მიღიმის, მესალმება, როგორ ხარ ჩემო ძმაო პუშკინო, ძმაო ჩვენო გამათრახებულო, გამარჯობა, ჩვენ გვინდოდა, რომ შეგვეჭამეთ, მაგრამ ამის მაგივრად, უზარმაზარ გულებში ჩაგიკრავთ.
ვიპოვე ჩემი ამხანაგი, ზოგადად, რომელსაც უყვარდა ძალადობა, ხელი ჩავავლე, კუთხეში გავიყვანე და თვალი თვალში გაყრილმა, ვუთხარი, მან იცის, ახსოვს, ვერ დაივიწყებს. პატიებასაც ვერ შეძლებს. ვუთხარი: შენზე ძლიერი ვარ, როგორც ადამიანი, როგორც კაცი, როგორც გამომგონებელი, ყველაფერზე წამსვლელი და რაც გინდა იმით... გაიგე? თავი დამიქნია, მიხვდა. გაქრი აქედან! — ვუბრძანე. გაქრა.
დიახ, ნებისმიერი ზრდასრულის გამარჯვება ბავშვის დამარცხების ფონზე სასაცილოდ და წვრილმანად გვეჩვენება, მაგრამ რას ვიზამთ.
მაგრამ ახლა მე თვითონ შემიძლია შუბლზე დავიწერო ნებისმიერი სიტყვა და ჩემი უფლება ამაზე ნებისმიერ დაცინვას მოინელებს — კბილებს გაუფრთხილდი, სულელო, რა გაცინებს, რაზე იცინი, შენს თავს დასცინი?! „ამინ“.
ჩემი სუნთქვით გაივსო მრავალფეროვანი შარფი, თოვლი თვალხელშუა დნება, მატყუარა თებერვალო, შენ წააგე, ან იქნებ მოიგე, ყველაფერი მასწავლე, მაგრამ მე არ ვიცი მომხდარიდან დასკვნის გამოტანა.
მე ახლა ზღურბლზე ვდგავარ, ჩემი შვილები კითხვის ნიშნებით ათვალიერებენ ჩემს ზამთრის ტანსაცმელს, მათი თვალები ცხელია, მათი თვალები მიყურებენ.
და მეკითხებიან თუ სად მივდივარ და რამდენი ხნით.
ვერ გადავწყვიტე რა გავაკეთო: წავიდე უკანმოუხედევად? თუ დავბრუნდე და ხელში ავიყვანო? როგორ გამოვიცნო, რა დაეხმარება მათ?




