დანტეს მიხედვით
,,მერე რა რომ მანდ ვიყავი?»
იური ლევიტანსკი
,...ცივი, პირქუში დარბაზები».
ლევ ლოსევი
ცხოვრება მფეთქავი ზუზუნა სკა არის,
მზად ხარ რომ შეერთო ამ ყოფის მარათონს,
გაახელ თვალებს და სიკვდილის საკანში
მოსულხარ, სიზმრიდან ვიღაცამ გადაგრთო...
ჩათვალე, გიმართლებს ამაშიც, თუმცაღა
იღბლიანს, უიღბლოს აქ ერთი ფასი აქვს,
აქედან გასული არავინ უნახავთ,
მოსაცდელ დარბაზში დრო თითქოს ფარსია,
აუცილებლობას ხომ არ ვცნობთ რწმენაში,
აქ უფრო ნდობაა ეჭვების გარეშე,
ოღონდაც ვინატროთ და უცებ ჩვენს თვალწინ
ჩნდებიან, ვინც მოსვლა დაგვასწრეს, გაბედეს.
საგნებიც თითქოსდა თავისით ჩნდებიან
როგორც კი შევახებთ ფიქრს, მერე გვიქრება
და მზერა ეჩვევა ღრუბლების ამბიონს
და მიწის ლანდშაფტის წყალივით დინებას.
ბგერების სიუხვე არა ჩანს საკმარი,
სმენას სურს რომ ღვთიურ მუსიკას ემონოს,
არც ყნოსვის არქონა მთავარი არ არის,
თუ გიყვარს ნამდვილად, არ ეძებ ფერომონს
ახლა ვთქვათ სიტყვებზეც, აქ სიტყვა მეტია,
რაც თქმულა მიწაზე ოდითგან საცდელად,
არც დღეა, არც ღამე, ნახევრად ბინდია,
კლიმატიც იმგვარი — არც ცივა, არც ცხელა.
და გტანჯავს ის აზრი, ადგილი სადაც ხარ,
არ არის საშენო, ან ხსნას, ან სჯას ელი,
სულების ასეთმა კმაყოფამ დაგღალა,
რა უნდა იღონო, არა ჩანს საშველი...





