ოდისევსის სიმღერა
ჩემს მეუღლეს ნატაშა რუმარჩუკს
როცა ჩემი გემი ნაპირთან მიცურდება,
ჩემთან ერთად ნაპირზე სიმღერაც ჩამოვა,
აქამდე მას მხოლოდ ზღვა უსმენდა,
სადაც ის სირენათა ხმას ეჯიბრებოდა.
მასში მხოლოდ სველი ხმოვნები იქნებიან,
რომლებიც ასე ჟღერენ ფერმკრთალ თარგმანში
მოხეტიალე ენიდან სანაპიროს ენამდე:
მე შენ მიყვარხარ ზღვის თოლიების შეძახილებით,
პრომეთეს ღვიძლის სუნზე მოფრენილი არწივების კივილით,
ზღვის კუს ათას სახოვანი სიჩუმით,
ვეშაპის გვრემით, რომელსაც უნდა იყოს მოღრიალე,
პანტომიმებით, რვაფეხები საცეცებით რომ ასრულებენ,
საიდანაც ყველა წყალმცენარეს თმა ყალყზე უდგას.
მე შენ მიყვარხარ ზღვიდან გამოსულ მთელ ჩემ სხეულით,
ყველა მისი მდინარეებით, ამაზონის და მისი სიპის შენაკადებით,
ყველა უდაბნოთი, რომლებსაც თავი ზღვები ჰგონიათ,
გესმის, როგორ იყრება იმათი ქვიშა ჩემს გამშრალ ყელში.
მე შენ მიყვარხარ მთელი გულით, ფილტვებით და თვალის ჩინით,
მე შენ მიყვარხარ დედამიწის ქერქით და ვარსკვლავებით მოჭედილი ცით,
წყალვარდნილებით, ზმნების უღლებით,
მე შენ მიყვარხარ ევროპაში ჰუნთა შესევით,
ასწლიან ომით და მონღოლურ-თათართა უღლით,
სპარტაკის აჯანყებით და ერთა დიდი გადასახლებით,
ალექსანდრიის სვეტით და პიზის დახრილი კოშკით,
გოლფსტრიმის სწრაფვით, რომ გაათბოს ჩრდილოეთის პოლუსი.
მე შენ მიყვარხარ მიზიდულობის კანონის ბგერით,
და სასჯელით სიკვდილით დასჯის,
და სიკვდილამდე მარადიული დაცემით
შენს უძირო ბერმუდის სამკუთხედში.





