აალებული ასანთების დრო

(მოთხრობები ეკლესიაზე)

დედის ლოცვა

„დედის ლოცვა ზღვის ფსკერამდეც ჩააღწევს“ — ეს ანდაზა რა თქმა უნდა ყველამ ვიცით. მაგრამ, სჯერა კი ყველას რომ, ის მხოლოდ ლამაზი გამონათქვამი კი არ გახლავთ და ჭეშმარიტად შემოწმებული და დადასტურებულია საუკუნეთა მიერ, ურიცხვი მაგალითებით?

მონაზონმა, მამა პავლემ მიამბო ის, რაც მას არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადახდა თავს. იგი ამას ისე ჰყვებოდა, თითქოს ყველაფერი ასეც უნდა მომხდარიყო და არაფერი განსაკუთრებული ამ ისტორიაში არ იყო. მე კი ამ მონათხრობმა შემძრა. მინდა მოგიყვეთ და ვფიქრობ რომ ის საკვირველი მხოლოდ ჩემთვის არ იქნება.

მამა პავლეს, ქუჩაში ქალი მიეახლა და სთხოვა სახლში მისვლა და მისი ვაჟისგან აღსარების მიღება, თან მისამართიც უთხრა.

— მე კი, ამბობს მამაო, ძალიან ვჩქარობდი და საერთოდ, იმ დღეს მათთან მისვლა არ მომიხერხდა. სიმართლე გითხრა, მისამართიც დამავიწყდა. ერთი დღის შემდეგ, ადრიანი დილით ისევ შემხვდა და აღელვებული პირდაპირ, მევედრებოდა ვაჟთან მივსულიყავი. რატომღაც, არც კი მიკითხავს, რატომ თავად არ სურს ჩემთან ერთად წამოვიდეს. მე ავედი კიბეებზე და ზარი დავრეკე. გამიღო მამაკაცმა. ახალგაზრდა იყო. ისე გამოიყურებოდა, რომ ეტყობოდა ძალზედ ბევრს სვამდა. თავხედურად მიცქერდა: მე საეკლესიო კაბა მეცვა. მივესალმე და ვეუბნები: „თქვენმა დედამ მთხოვა, გსტუმრებოდით“. წამოიყვირა: „რად იტყუებით, დედა ხუთი წლის წინ გარდამეცვალა“. კედელზე კი ვხედავ სხვა მიცვალებულებთან ერთად, მისი სურათიც ჰკიდია. მივუთითე სურათზე და ვეუბნები: ,,სწორედ ამ ქალბატონმა მთხოვა თქვენთან მოსვლა“. მან გამომწვევი ტონით დამისვა შეკითხვა: ,,გამოდის თქვენ, ახლა ჩემთან იმ სამყაროდან მობრძანდით?“, ,,არა, ვეუბნები მე, ჯერჯერობით ამ სამყაროდან, მაგრამ რასაც ახლა გეტყვი, აუცილებლად შეასრულე: ხვალ დილით აუცილებლად მოდი ტაძარში“. ,,რომ ვერ მოვიდე?“ — ,,მოხვალ, დედა გთხოვს, მშობლის თხოვნის შეუსრულებლობა კი უდიდესი ცოდვაა“.

და ის მოვიდა. აღსარებაზე კანკალი აუვარდა, ამბობდა რომ, დედამ სახლიდან გააგდო. სხვადასხვა ახლობლებთან ცხოვრობდა და მალე გარდაიცვალა კიდეც. ესეც გვიან გაიგო, დაკრძალვითაც, მას არ დაუკრძალავს.

— იმავე საღამოს მე მის დედას უკანასკნელად შევხვდი. ძლიერ გახარებული იყო. ადრე მუქი თავსაბურავით მხვდებოდა, იმ დღეს კი თეთრი ფერისა ეფარა. დიდი მადლობა შემომწირა და მითხრა რომ შვილს მიეტევა, რადგან მან ალალად მოინანია. აღსარება ჩააბარა და ახლა ის უკვე შეიძლება ითქვას რომ, შვილს შეხვდა. აქ უკვე მე თავად დავინტერესდი და დილაადრიან წავედი იგივე მისამართზე. მეზობლებმა მითხრეს, რომ საღამოს გარდაიცვალა და დამკრძალავ ბიუროში გადაიყვანეს.

აი, ასეთი იყო მამა პავლეს მიერ მოყოლილი ისტორია. მე ცოდვილი კი ვფიქრობ: გამოდის დედა ხედავდა თავის ვაჟს იმიერი ქვეყნიდან. გამოდის მისთვის ცნობილი იყო შვილის გარდაცვალების თარიღი. გამოდის იქაც კი, მისი ლოცვები იმდენად გულმხურვალე იყო რომ, ნება დაერთო განსხეულებულ იყო, მღვდელმსახურთან გამოცხადებულიყო და შვილისთვის, მონისათვის ღვთისა, აღსარება და ზიარება გამოეთხოვა. არა და, აღსარებით მონანიების გარეშე და უზიარებლად გარდაცვალება ხომ ყველაფერზე საშიში რამ არის. და რაც მთავარია: გამოდის რომ: მას უყვარდა ვაჟი, ისეთი, როგორიც იყო, სიმთვრალით გაბრუებული, დედის განმდევნელი. ანუ, იგი არ იყო შვილზე გაბრაზებული და ებრალებოდა ის, იცოდა რა ყველა ჩვენგანზე მეტი ცოდვილთა სასჯელზე, ყველაფერი გააკეთა რომ, შვილისთვის ეს სასჯელი აერიდებინა. მან იგი ცოდვის ფსკერიდან ამოიყვანა. ეს შეძლო მან, და მხოლოდ მან, შეძლო სიყვარულისა და მხურვალე ლოცვის ძალის შეწევნით.

მე ტაძარში არ შემიშვეს

დიახ, დიახ, სწორედ ასეა, არ შემიშვეს. და ვინ? რუსმა ჯარისკაცებმა. და მერე როდის? გამარჯვების დღეს. ადრიდანვე ვაპირებდი ცხრა მაისის ცისკარის ლიტურგიაზე. ადრე ავდექი, დავიბანე, ავიღე მეუღლის მიერ ჩამოწერილი, მიცვალებულთა მოსახსენებელი და ცოცხალთა ჯანმრთელობის სავედრებელი ბარათები, მივაწერე: ,,და სამშობლოსათვის დაღუპულთათვის“ და წავედი. ჩვენ ვცხოვრობთ ტვერსკაიას ქუჩის დასაწყისში, ცენტრალური ტელეგრაფის წინ და საყდართან მისასვლელად ქუჩის მეორე მხარეს გჭირდება გადასვლა. შვიდის ნახევარი გახლდათ. მთელი ქუჩა გადაკეტილი იყო დამცავი ფარებით. ფარებს მიღმა საბრძოლო ტექნიკა იდგა: ახალი, თანამედროვე ტანკები, ასევე ომის დროინდელიც. მათი ძრავების ღრიალი ბოლო კვირების მანძილზე გამართული რეპეტიციების გამო მუდმივად გვესმოდა, ეს რეპეტიციები კი დღეს გასამართი აღლუმისთვის მზადება იყო. მე ფარებს შორის დარჩენილ ვიწრო გასასვლელთან მივედი. მაგრამ, აქ უკვე, მისი გავლით, მიწისქვეშა გადასასვლელთან აღარ გამატარეს. ,,მე ეკლესიაში მივდივარ“, — ,,არ შეიძლება!“ — ,,ჰო, მაგრამ, მე ხომ ეკლესიაში მივდივარ, აქ ვცხოვრობ, აი ჩემი პასპორტი“.— „აღლუმის დამთავრების შემდეგ გაიხსნება“. — ,, ჩემო კეთილო, აღლუმის დაწყებამდე ჯერ ოთხი საათია დარჩენილი’’. — ,,გაიარეთ, გაიარეთ, მოცილდით აქაურობას’’.

აი ასე. წავედი მეორე გადასასვლელისკენ, ქალაქის საბჭოსთან დაკეტილია. პუშკინის მოედანთან, უსარგებლო მცდელობაა. აი ასეა საქმე და მთელი ამ სამხედრო ძლიერების ცქერის ყოველგვარი სურვილი დამეკარგა. მე კი არ გამიშვეს, მე, ვისაც მინდოდა ასევე მელოცა ამ, თანამედროვე მებრძოლთა სულებისთვისაც.
    — თქვენ რა, ქრისტიანები არა ხართ?
    — ნაბრძანებია, არ გავატაროთ!
აი, ასეა საქმე. რა თქმა უნდა, დავბრუნდი შინ. სულში რაღაც, ძალიან მწარე ნაღველი ჩამეღვარა, მე რა თქმა უნდა, დიდი მლოცველი ალბათ აღარ ვარ, ერთი, ცოდვილი ადამიანი გახლავართ. მაგრამ, იქნებ, სწორედ ჩემი ლოცვა წაადგებოდა ჩვენს, სახელოვან არმიას ?

აი, ასეა საქმე. აღლუმს ტელევიზორში ვუყურე. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა კაცმა, რომელსაც თავდაცვის მინისტრად მოიხსენიებენ, მანქანაზე შემდგარმა, თავზე ქუდის გარეშე, ისე რომ, თავთან ხელის მიტანით არც ერთხელ, არავისთვის პატივი არ მიუგია, შემოუარა ყველა ჯგუფს, მოისმინა მათი სამჯერადი, მჭექარე ვაშა, შემდეგ ავიდა ტრიბუნაზე და უპატაკა მთავარსარდალს, რომელიც ასევე უქუდოდ და სამოქალაქოში გამოწყობილი გახლდათ და არც მას მიუგია პატივი თავთან ხელის მიტანით... ჰო, ჩვენ ხომ ჯარში გვეუბნებოდნენ: ,,ცარიელ თავთან ხელი არ მიაქვთ’’.

აგრიალდა აღლუმი. დიქტორები განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობენ მასში, მარშით მონაწილე, უცხოელ სამხედროებზე. შემდეგ, ხმაურიანი ღრიალით ჩაიარა სამხედრო ტექნიკამ. მერე კი,ზედ სახლების სახურავებზე გადაიფრინეს მფრინავებმა. ზოგი თვითმფრინავი განუზომლად დიდი გაბარიტებისა იყო. დიქტორმა გვახარა რომ, თუ კი ისინი კიდევ ათიოდ მეტრით ქვევით დაიწევდნენ, ფანჯრებში და ვიტრინებში არც ერთი მინა არ დარჩებოდა დაუმსხვრეველი.

შემდეგ იმ სიმწარემ გადამიარა. ყვავილები, ორდენები, ბავშვები, მუსიკა. რას იზამ, ალბათ ვერ დავიმსახურე პატივი, საყდარში აღმევლინა ლოცვა დაღუპულთა და ცოცხალთა სულების საცხონებლად. ცოლთან ერთად დავდექით ხატების წინ, სახლში და წავიკითხეთ ჩვენი ბარათები. გავედით ქუჩაში და შევიგრძენით რომ, 45-ში გამარჯვება ჩვენთვისაც იყო მოპოვებული.

მე არ ვიყავი

ყველაფერი იყო: აზიური ჭრილის თვალები, ქვევიდან ზევით, თითქოს სადღაც უკან მიმართული შუბლ-მომქროლავი სვლა... ყველაფერი ჩემამდეც ათასჯერ დაწერილ-გადაწერილია.

მივაბიჯებ ესკალატორის კიბეზე და ამით ვაჩქარებ მაღლა ასვლის პროცესს. შევჩერდი, მაგრამ წინ სვლას განვაგრძობ, ოღონდ ახლა საკუთარი ენერგიის დაუხარჯავად. დავინახე ჩემგან ცოტა ზემოთ, ესკალატორზე მდგომი თანამგზავრი ქალისკენ ნახევრად და ჩემკენ სამი მეოთხედით შებრუნებული ქალბატონი. ნეონის ერთგვაროვან შუქს მისი გამხდარი სახისგან ყოველგვარი ჩრდილები მოეცილებინა და ევროპელისთვის არა მშობლიური, სახის კუნთები და თვალების ჭრილი ძალაუნებურად იწვევდნენ იაპონურ გრავიურათა შედარების სურვილს.

და აი, სწორედ ამ დროს მეწვია საგონებელში ჩამგდები მწარე ნარევი ფიქრი: როგორ გინდა აღწერო? სურათთან შედარება, ეს უმარტივესი გზაა. თუმცა, გარდა მაგისა, ასეთი შედარების გასაკეთებლად კარგად უნდა იცოდე ის, რასაც ადარებ, ეს კი, ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. თუმცა კი ბუნინის ქალს, ,,წმინდა ორშაბათიდან’’, გადავარცხნილი თმები აძლევენ ცნობილი სურათებიდან ნაცნობი, აღმოსავლელი ქალის იერს, მაგრამ, ეს ხომ ბუნინია.

თუ კი ყველაფრის მოსინჯვას დავიწყებ ერთმანეთის მიყოლებით, ალბათ ეს უფრო მალე დამღუპავს, ვიდრე მიშველის.

მაშ ასე, უკვე ყველაფერი იყო? მე არ ვყოფილვარ. მაშ რა ან ვინ ვარ, ვარ სახელდობრ მე? თუ მე ვარ პირველის სრული ანარეკლი?

უფალო, ნება შენია! გვაქვს კი უფლება ვწეროთ იმ ქვეყანაში, რომელშიც პუშკინის პროზას კითხულობენ? მაგრამ, თუ კი ჩემი ნაცოდვილარი მკითხველს უბიძგებს, თვალი აარიდოს ჩემს სტრიქონებს, მაშინ მზერა პუშკინისკენ მიმართონ. დე, მე ვიყო დიდსულოვნად დავიწყებული. მივიწყებამ არ უნდა გაგვაბრაზოს: ის, რის გამოც ავიწყდებათ ჩვენი, თავად ჩვენვე მოგვიცავს.

ესკალატორმა გამატარა ზუსტად იმდენი, რასაც ჩემს მიერ გადახდილი ხუთი კაპიკი ეყო. შემდეგი გზის გავლა თავადვე მომიწევდა.

ამულეტი

...ჩვენთან, სანამ სკოლაში სიარულს დავიწყებდი, ერთი უსიტყვო, უდმურტი გოგონა ცხოვრობდა. ის სწავლობდა და ჩვენს სახლში, ერთი თუ, ორი ზამთარი იცხოვრა. იმ დროს სოფლებში სკოლები ძალზედ ცოტა იყო.

იკვებებოდა ძალიან ცუდად, თითქმის მხოლოდ კარტოფილს სჭამდა. გარეცხავდა ორ-სამ ცალს და შეაგორებდა გახურებულ ღუმელში. კარტოფილი მალე იწვებოდა, მაგრამ ისე კი არა, როგორც კოცონზე, კი არ იბრაწებოდა, ვარდისფერდებოდა. რომ გატეხდი, სულ სხვა ვერცხლისფრად შეფერილი იყო.

მე ერთხელ მას პურის ნატეხი მივეცი. ის რატომღაც შეშინდა და თავად კი არ შესჭამა, მათხოვარს მისცა.

დედას უდმურტი-გოგონა ებრალებოდა:
    — ღმერთო, მანც რა ღარიბად ცხოვრობენ.
    — პური კი არ გამომართვა,— ვთქვი მე.
    — არ გამოგართმევს, ის ჩვენი რწმენისა არ არის.
    — აბა მაშ, რა რწმენისაა?
    — ძალიან კარგად თავადაც არ ვიცი, ჩვენ ხომ ხატებთან ვლოცულობთ, აი, ისინი კი გადიან ხეივანში და იქ ლოცულობენ.
    — მე? მე რა რწმენისა ვარ?
    — შენ ამა ქვეყნისა ხარ, მართლმადიდებელი.
...მახსოვს, მოვიდა გაყინული ქუჩიდან ამ გოგონას დედა; ბოდიშებს იხდიდა რომ მისი, გაყინული ქალამნები ხმაურს გამოსცემენ სიარულისას, მე მათი ენა არ მესმის, მაგრამ ვხვდები რომ, შვილი ჩემზე უყვება რაღაცას.

დილით მან მე მალულად რაღაც მომცა. აღმოჩნდა რომ, ეს იყო სიძველისგან გამუქებული, მათი რელიგიის კერპის გამოსახულებიანი ხის ამულეტი. ჩემთვის უცნობი, მათი რელიგიისა, რომელმაც მე, კეთილად მომნიშნა, მათი მშიერი გოგონასთვის პურის მიცემის გამო.

არის დღეები, როდესაც ეზოში სირბილ მოყირჭებული, ღუმელზე წამოგორებული ვთბები, მზის სხივები კი მაგიდის გადასაფარებელს ოქროსფერი სხივებით აფერადებს, უდმურტი გოგონა ზის და იზუთხავს პუშკინის რომელიმე ლექსს. მე მასზე სწრაფად ავითვისებ ხოლმე და ვუსწორებ ტექსტს. გოგონა კეთილად იღიმება და ალალი გამოხედვით გამომიწვდის ხოლმე თბილ კარტოფილს.

ოქროსფერი თეთრით

აი ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება ჩემი ცხოვრებიდან: ვდგავარ ბორტებიანი ავტომანქანის ძარაზე, თავს ვარიდებ ნაძვის სველ ტოტებს. მანქანა ღმუის, მისი, გაცვეთილი საბურავები კი, თიხაზე, შიშველი ფეხებივით ცურავენ.

და უცებ, მანქანა შეიჭრა წიწიბურას ოქროსფერი თავთავით მოფენილ, ვეებერთელა თეთრ მინდორში. და მთლიანად მომიცვა სურნელმა, რომელსაც ხსოვნის მახსოვრობა ვერასოდეს აღიდგენს, თბილი თაფლის სურნელი, რომელსაც, იმის გამო რომ, სახეში უცაბედად შემოგეტყლაშუნა, ცხელიც კი შეგიძლია უწოდო.

უზარმაზარი, თეთრად ნაქსოვი მინდორი. შუაში ყავისფერი გზა, რომელიც სადღაც ბოლოში ტყეს ერთვის, ძაფივითა გაჭიმულა.

წყლის ლილიის ფოთოლი

მე საერთოდ არა ვარ წუნია, შემიძლია მივირთვა სხვადასხვანაირი, ჩინური კერძიც, ან ქართული, იაპონური საჭმელი ან ჩვენი, რუსული, მსუყე საჭმელი, ან, სულაც კარტოფილზე გადავიარო, მაგრამ, ასაკთან ერთად ვამჩნევ რომ, სულაც არ არის სულ ერთი, რა ჭურჭლიდან ვსვამ, როგორი ჭიქიდან, როგორი ჩანგალი მიჭირავს. არ მიყვარს პლასტმასის ჭურჭელი, შორეული ფრენის რეისებზე რომ გვაწვდიან, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ რომ, ეს, უკიდურეს შემთხვევაში, ჰიგიენური მაინც არის.

ვფიქრობ და ვერ გამიგია, ეს ასაკის ბრალია თუ, ინტელიგენტური, ყველაფრისადმი გამორჩეული მიდგომისა? განა სულ ერთი არ არის საიდან ჭამ და რაში დგას სასმელი, ოღონდ კი დანაყრდე. და მით უმეტეს შენთვის, ამას მე საკუთარ თავს ვეუბნები, კაცისთვის, რომელსაც შიმშილობის უკიდურესი ხარისხებიც კი გინახავს და გამოგიცდია. მართლა არ ვიცი , ვერ ვხვდები, ასე რატომ ჩავიციკლე ჭურჭელზე. ლამაზია ფაიფური, ბრწყინვალეა ბროლი, თავშეკავებულად კარგია ვერცხლი, მედიდურად ოქრო, მაგრამ, თავზე საყრელადაც რომ მქონდეს ყველაფერი ეს, მაინც ვერაფერი შეედრება იმ ერთ ზაფხულს, აი ბიბლიოთეკარი, ბავშვთა სახლი, ახლომხედველი ვალია რომ მიყვარდა, და იმ დღეს, ჩვენ რომ მდინარის ნაპირს აღმა მივუყვებოდით და წყურვილით ვიხრჩობოდით. წყაროები კი, აი ბატონო აგერ, ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. მე რა, გავწექი თავი ჩავყავი და მივირთვი ყინულივით სითხე, შემდეგ მუჭით ამოვხაპე და გულის მურაზს მივაწოდე.
    — არა, — განაცხადა მან, მე ასე არ შემიძლია. მე რაღაციდან თუ არ დავლიე, სხვაგვარად არ შემიძლია. და აი ეს ,,რაღაცა’’— ც გამოჩნდა. მიმოვიხედე, მორევია და ამ მორევში, პირდაპირ ჩვენს ფეხქვეშ, წყლის ლილიები ყვავის. ეგრევე, მაღალყელიან ფეხსაცმელებში და შარვალ გაუხდელი გადავხტი წყალში, ავარჩიე და მოვწყვიტე ყველაზე დიდი ფოთოლი, დავახვიე ყანწივით, შევავსე წყლით და მივაწოდე შეყვარებულს.

მან წყურვილი მოიკლა და ჩვენ, პირველად ვაკოცეთ ერთმანეთს.

ჰო და აბა მაშ რას წარმოადგენს ჭურჭელი დანაყრებისა და დარწყულების სურვილის სრულფასოვნად დაკმაყოფილებისას? უი, არ ვიცი, მართლა ვერ გეტყვით. ნუღა მაწვალებთ პასუხის ძიებაში. სიცოცხლემ ჩაიარა, წყაროები, წყლის ლილიის ფოთოლი და ის დღე კი წარუშლელია და არასდროს გაივლის. და ჩვენ აი ამ ცის ქვეშ ვცხოვრობთ.

ტელემაყურებელი ქალი

იმ დროს, როდესაც რუს მწერლებს ტელევიზიაში იწვევდნენ ხოლმე იმ მიზნით რომ, მათთან ესაუბრათ, ეს პატივი მეც მერგო. მე მივედი, ჩავეწერე ათწუთიან ქადაგებაში. მითხრეს, როდის გავიდოდა ეთერში. გადაცემის დღეს სოფელში გახლდით. იქ მე საკუთარი ტელევიზორი არ მქონდა და ამიტომ, საყურებლად, მეზობელ ქალთან, ნასტია ბებოსთან გადავედი. დავსხედით ეკრანთან. ბებო ნასტია ჩემს გაორებას, რომ ერთის მხრივ, მასთან ვზივარ და ჩაის მივირთმევ, მეორეს მხრივ კი ამ ყუთში ვლაპარაკობ, დიდად არ გაუკვირვებია.
    — აბა, რას მეტყვით ანასტასია დიმიტრიევნა, ყველაფერი საქმიანად ვილაპარაკე?
    — კი ბატონო, საქმიანად, მაგრამ, მთავარი არ გითქვამს.
    — სახელდობრ რა?
    — ჩვენს გამყიდველებს არ მიუჩინე ღირსეული ადგილი. ძალიან ბევრს იპარავენ. აი, ამას წინად ორცხობილას საყიდლად წავედი, მომიყარა ისე რომ მთელებზე გაცილებით მეტი დამტვრეულ-დაქუცმაცებული იყო, მომაყარა რომ, ვერ გამერკვია და წონაშიც მომატყუა. საჭიროა, აუცილებელია მათთვის ჭკუის სწავლება.

მთელი სერიოზულობით მიმაჩნია, რომ ბებო მართალი იყო. სანამ ჩვენ პატიოსნებაზე და ზნეობრიობაზე ვლაპარაკობდით, მარჯვე ხალხი იპარავდა. შემდეგ კი მოგვაყურადეს და გაიკვირვეს: უყურე შენ / აქ ვიღაც, რაღაც თემაზე ლაპარაკობს, რომ, თურმე მოპარვა არასწორი საქციელი ყოფილა და ეს ცუდია. აბა, გამოყარეთ ესენი ეკრანებიდან. და, გამოყარეს. და დაიწყეს ოსტაპ ბენდერის მსგავსი თაღლითი და ვირეშმაკა ადამიანების ქება დიდება.

ამას წინათ კვლავ მომიწია ბებო ნასტიასთან შევლამ. ორცხობილა მივუტანე. დამჯდარა და უყურებს გადაცემებს მუშტიკრივზე და უზნეობაზე. იფურთხება მაგრამ, მაინც უყურებს. რა ქნას, სხვა არაფერი გადის და... ახალ ამბებს რომ უყურო, ნერვები გჭირდება: სპეციალურად უჩვენებენ რაც შეიძლება მეტ ავტო თუ სხვა კატასტროფებს, გვამებს, სისხლს, ლაპარაკით კი, მხოლოდ ფულზე ლაპარაკობენ. ან კიდევ, დიდი ხნის წინ გადარეულ ამერიკას აჩვენებენ.
    — შენ უნდა გამოხვიდე ?
    — არა, უკვე ალბათ, არ გამომიშვებენ.
    — რატომ?
    — აი გახსოვთ მაშინ, როცა გამომიშვეს და გამყიდველებს რომ არ მივუჩინე მათ მიერ დამსახურებული ადგილი? ამიტომაც დავკარგე ხმის უფლება. უფრო სწორედ, ხმა კი მაქვს მაგრამ, უფლება აღარ. შენს წინაშე გამოვალ, ჩაის სმისას. ხედავ, ყველა ორცხობილა მთელია.
    — მადროვე, ტელევიზორი გამოვრთო.
რა დიდებულია, სოფელში ჩაის მიირთმევდე, არსად გეჩქარებოდეს, მშვიდად იჯდე სახლში, ფანჯრის რაფაზე კი ბეღურები ხტუნაობენ ონავრულად. საჭიროა გახვიდე, მათ ასაკენკი დაუყარო და აი, მაშინ კი...ყველაფერი კარგად იქნება.