ციკლიდან «თორმეტი შეხვედრა (1949—1990)»
ორმოცდამეცხრე წელი
თუ ხარ სულით ავადმყოფი,
თამამად გამოდი ზღვისკენ,
მთვარე რომ დაეკიდება,
გადამწიფებულ ალუბლებს.
თუ ხარ სულით ავადმყოფი,
გულს ტკივილის კვალი მოსდევს,
ფრთხილად ზღვასთან წამოწექი,
ის ჭრილობას შეგიხორცებს.
მაგრამ უნდა გააკეთო,
ეს ფრთხილად და ოსტატურად,
მთვარე რომ დაეკიდება,
გადამწიფებულ ალუბლებს.
ხოლო ეს ხეები მწვანე,
ლურჯ კვამლში რომ ირევიან,
ნელა-ნელა ჩვენს თვალებში,
რატომაღაც ცისფრდებიან.
მერე ნუღარ გაიკვირვებ,
თუ მღელვარე ტალღებიდან,
გამოვიდა გოგონა და
ზღვასთან გვერდით წამოგიწვა.
როგორც ნიადაგი მიწის,
ზღაპაფრ-სურვილებზე მეტი,
შეგხედავს და გეტყვის: კარგო,
მე ნურაფერს შემპირდები...
არც სიტყვები მინდა შენი,
ზედმეტია სიტყვა ახლა,
რასაც ფიქრობ, მე ისედაც,
შენს თვალებში დავინახავ.
ციკადები მოკვდებიან
და ჩაცხრება ტალღაცუცებ,
დაინახავ ასე ახლოს,
ვნებიან და ლამაზ ტუჩებს...
მაგრამ უნდა გააკეთო,
ეს ფრთხილად და ოსტატურად,
მთვარე რომ დაეკიდება,
გადამწიფებულ ალუბლებს.
გინდ იცინონ მეგობრებმა,
მთავარია გძინავს მშვიდად,
შეიძლება დაგესიზმროს,
რაც აქამდე არ გესიზმრა...
დე, იცინონ, არ ჯეროდეთ,
რა აზრი აქვს აზრებს უკვე,
მთვარე რომ დაეკიდება,
გადამწიფებულ ალუბლებს.
ორმოცდამესამე წელი
ეს ხმაურიც უცებ შეწყდა,
ბრაზით მოიხურა კარი,
მე კი ახლა ისევ შენთან,
შესახვედრად მოვისწრაფი.
შორს გავრბივარ, მზერას ვაწრთობ,
ველურ სიზმრებს შევეფეთე,
ღამის უნდა გადავასწრო,
დროზე ადრე უნდა შეგხვდე.
ღამე ყურში ჩუმად მეტყვის:
ნუ იჩქარი, ნურც ფეხს ითრევ...
თოვლში მოჩანს ნაკვალევი -
ორი დიდი, ორი მცირე.
მივხვდი, ნაბიჯებით სწარფით,
მოსკოვის თოვლს ერთად ვთქერდით,
უდარდელი საუბარი,
შეიცვალა მერე სევდით.
უცებ, განა როდი-როდის,
სიცილიც და სევდაც ჩაცხრა,
ჩვენ გავედით სუფთა თოვლში,
არ უვლია არვის სადაც.
გელოდები, მეტყვი: „დიახ...»
წევხარ თოვლში, როგორც ლექსში,
წევს სტრიქონი, ვხედავ დიდ კვალს,
მოშორებით მცირეც ერთვის.
ნაბიჯებით ვანგარიშობთ,
თოვლის ხრაშუნს ვუსმენთ ჩუმად,
ჩვენამდე ხომ მასზე თითქოს,
ჯერ არავის გაუვლია.
და ჰა, ეს ხმაურიც შეწყდა,
ბრაზით მოიხურა კარი,
მე მოვრბივარ, ისევ შენთან
შესახვედრად მოვისწრაფი.
ღამე გუგუნებს და ფეთქავს,
თოვლიც აღარ მოდის თითქმის,
ნაკვალევიც შეაერთა,
ორი მცირე, ორი დიდი!..
ორმოცდამეხუთე წელი
როგორ ცდილობდა ბრაუნი,
დაეფარა გარემოცვა,
შავ კიბეთა ნაპრალებში,
შენ რომ ჩემთვის არ გეკოცნა.
ხან ძაღლივით სლუკუნებდა,
ხან ითვლიდა უჯრებს კიბის,
მთელ სადარბაზოებს კეტდა,
ამ მერზლიაკოვსკის ჩიხში.
ის მზად იყო ამისთვისაც,
მოეძებნა ხრიკი ბევრი:
ხან კატები მოესია,
ხან კიდე დამლაგებელი
შეეძლო ბიჭების სწავლაც,
ეშმაკური მეგობრობით,
ხან შუქს აანთებდა სწრაფად,
სიკვდილამდე ვშინდებოდი.
ხელიხელჩაკიდებულნი
ვდგავართ, ლოყას ლოყას ვადებთ,
ის ხმაურობს და ჭერს უვლის,
არ გვასვენებს მთელი ღამე.
ჩემო კარგო და ძვირფასო,
მე სხვა საქმეს აღარ ვეძებ,
ჰოდა, იქნებ დამაფასო,
დღეს მე იმას უნდა შევხვდე.
როგორც იმ შორეულ წლებში,
ვით მჩვეოდა, ისევ ისე,
შავი კიბის ნაპრალებში,
ასანთის ღერს ვესვრი კიბეს.
სხვენიდან კი პასუხს ველი,
დიდი ყურადღებით ვუცდი -
სულ არ არის მგონი სხვენში,
ან გავიდა ერთი წუთით.
სამოცდამერვე წელი
კლოდიას, რომელმაც ავტორს
სატურნალიის დროს აჩუქა
ერთმანეთი როგორ გვსურდა,
მიილტვოდნენ სხეულები,
იმ დღეს კატულუსი ვიყავ,
შენ რომ იყავ ლესბოსელი.
დღისით, ღამით, მახსენდება,
მოვდიოდი შენთან ხშირად,
მე გკითხავდი: «გინდა ჩემთან?»
მპასუხობდი: «დიახ, მინდა!»
ვკოცნიდით და ვუსრულებდით,
სხეულს ყველა ახირებას,
მხიარული სატურნალი,
თოვლიან რომს აბრწყინებდა.
ერთმანეთის სხეულს ვსვამდით,
ვით მშიერი წურბელები,
შენ იმ ღამეს ღვინით მთვრალი,
ტიბერიუსს მიუწექი.
გცემდი, პატიებას გთხოვდი,
ჩვენ ორივე გვტანჯა ხვედრმა,
ბოლო ინკარნაციაში,
ისევ ვნებამ შეგვახვედრა.
აგვისტოს თვე იყო ცხელი,
იყო მოსკოვი და რომი,
შენ ყვიროდი და სიტყვები,
ყელზე დამეკიდნენ მგონი.
ჩვენ კი ჯიუტად და მკაცრად,
რაც დავმარხეთ, ამოვთხარეთ,
როგორც ბლოკთან, ისე აქაც,
მეორდება ყველა საქმე!
ისევ დღისით და ბნელ ღამით,
ტელეფონზე ციფრებს ვკრიფავ,
ტელეფონის ყურმილიდან,
ისევ ყვირი: „შენთან მინდა!»
კვლავ იქნება სატურნალი,
სმა, სიცილი და სიმთვრალე,
მაგრამ სუფრა ჯერ არ არის,
ორი, ხუთი... გავითვალე.
ტიბერიუსს ვნახავთ ისევ,
დღის დასასრულს მოვა დენდი
და შენც მოხვალ ჩემთან მყისვე,
ღირებული საჩუქრებით.
სამოცდამეცამეტე წელი
ერთმანეთისგან შორს რომ არ ვიდგეთ,
ივლი ქუჩებში როცა ოდესის,
მე გადავწყვიტე ზღვად გადავიქცე,
ზღვა— ჩინოვნიკის მელნის მოდელი...
ვირთხა ხვრელის და კანცელარიის,
სამსახურში ზღვად გამოცხადდება,
აუცილებლად ცხრის ნახევრისთვის,
ასეთი არის მისი განგება.
ჯერ მთხოვნელები უნდა მიიღოს,
მერე ილიქნოს უფროსობასთან,
სად ეწევიან ერთხანს იქ იყოს,
იაფფასიან კალმის ოსტატმა
ეს სახაზინო ფურცლები ავსოს.
მე წამოვწვები მარილის ქვებზე,
ექვსინე პონტოს სამეფო ტახტზე,
და ბაიდარის კარის ბჭებიდან,
თვით სტამბოლამდე მნახავენ ასეთს.
და შენც, როგორც კი თვალს მომკრავ, მყისვე
მოირბენ ჩემთან, შეხვედრას დავთქვამთ,
რომ, საყვარელო, იმგვარად ისევ,
გეფერო, გკოცნო, გიმღერო თანაც...
მოფერებისგან დაკარგო გონი
და გახდე ასე შენ ჩემი ცოლი.
ოთხმოცდამეერთე წელი
იქ, სადაც ფიჭვების კორდი,
ღელავს როგორც მინდორი,
სამუდამოდ ვშორდებოდით,
ვიცინოდით, ვტიროდით.
ვიცინოდით თან ხმამაღლა,
ბავშვებივით სულსწრაფნი,
არ ვიმჩნევდით რომ რაღაცას,
ბოლო წერტილს ვუსვამდით!
ცდუნებას არ ვიცილებდით,
აღმაფრენის მორევში,
უხეირო მახინჯ ცეკვის,
მოტივს ვიმეორებდით!
თითქოს ღმერთმა კარნავალი,
მოგვცა სულის საოხად
OVIR — მა კი გართობის და
ლხენის ნება არ მოგვცა!
თითქოს წუთებს კი არ ვთმობდით,
წლები გვქონდა სავარდო,
ვიცინოდით, ვიცინოდით,
როგორც მერე არასდროს.
ოთხმოცდა მეცხრე წელი
ხუთი საათია უკვე,
ჭექა-ელვის ხმები ისმის,
აქვე მეოთხე სართულზე
სუნი არის დენდელინის.
სველი ფენა ამ ასფალტის,
სარკესავით გახდა ისევ,
ხალხი დამებად და კარტის,
ვალეტებად გადაიქცნენ.
ცა ჭერხოზე ჩამოიქცა,
ჩამოღვარდა ლავა წვიმის,
ყველა გაიქც-გამოიქცა,
არაფერი იყო ირგვლივ.
წყლით აივსო არე მთელი,
ეზო, ქუჩა, სახლი, პარკი,
შენ მოედნით ფეხშიშველი,
ჩემს ჭიშკარში შემოვარდი.
მე კი კართან გავიყინე,
შენი ცხელი გულის ფეთქვა,
რომ გამეგო, ფეხთა იმ სველ,
კიბეებზე ამორბენა.
აბა, მოდი, რაღას უცდი,
აგერ არის წვიმაც, ელვაც,
დენდელიონების სუნი
და ლამაზი ცისარტყელა.
ოთხმოცდამეათე წელი
მოვკვდები და ზღვად ვიქცევი,
მოიცადე აბა, ჯერ შენ
და იცხოვრე ბევრი წლები,
დარდი არასოდეს შეგხვდეს.
შეპყრობილი ნაზი მიზნით,
ვარ ჩემს ცისფერ სტიქიაში,
გელოდები, გნახავ ვიცი,
იქ, სომხეთის ხეობაში.
დგაფადგუფი ისმის ტალღის,
გესმის ალბათ ხმები ღელვის,
ეს ლოდინის ხმები არის,
ეს მე ასე გელოდები!
შენ ნელ-ნელა შემოდიხარ,
ჩემს სერფინგში მხიარულში,
რომ გავბანო ქაფით ფრთხილად,
შენი ვიწრო ფეხისგული.
ტალღებზე რომ განავარდო,
გატრიალო ზევით-ქვევით,
ახლაც ისე, როგორც სხვა დროს,
ხელი-ხელთან, მკერდთან-მკერდი.
მერე ვკოცნო ისე დიდხანს,
მაგ ბაგეთა ნაპირები,
ნაზი კბენით გავაგიჟო,
ძუძუების ასკილები.
ბოლოს, როცა წახვალ ისევ,
დაღლილი და ნაფერები,
ყურში ისევ იხმაურებს,
მოლოდინის მძფრი ხმები.



