ხმა ჩაიდნიდან

ვიღაც ძლიერ ანჯღრევს, მაგრამ თვალების გახელა არ უნდა. გუშინდელმა მეგობრებთან ერთად ჩავლილმა ე. წ „მალჩიშნიკმა“ მგონი უმართავი ხასიათი მიიღო. სამწუხაროდ, ასეთი რამე ადრეც მომხდარა. ამჟამად სად აღმოჩნდა, ნეტა? სახლში კარგა ხანია არავინ ანჯღრევს.

დამძიმებული ქუთუთოები გაჭირვებით მოაშორა ერთმანეთს. — მდაა! მაინც ჯობდა თვალები არ გაეხილა. ზანგის სახე სულ ახლოსაა მასთან. მარტო ეს რომ იყოს, კიდევ არა უშავს, ჩვენს ქუჩებში ახლა ზანგებიც გვხვდებიან. თუმცა, ამას ახურავს ქუდი ლენტით და წარწერით ««New York City», იგივე წარწერაა, მხოლოდ უფრო დიდი, მისი პერანგის სახელოზე.

— ესეც ასე! მორჩა თამაში! ცხოვრებაში არაერთხელ ყოფილა გაუგებრობებში, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა თავის დაღწევას. მართალია, ისეთი, ლიტეინაიას ქუჩაზე ოფიცერთა სახლის სალუდეში კათხა მიიტანოს პირთან და გაღვიძებისთანავე, მყისიერად, ნიუ-იორკში აღმოჩნდეს აქამდე არასდროს მომხდარა. ჯერ საჭიროა ფხიზელი გონებით გაანალიზოს სიტუაცია. თუმცა, როგორც ჩანს, სიფხიზლე ასე უცებ არ მოვა. ზურგი დაბუჟებული აქვს, თითქოს რაღაც ბასრი ჩაარჭვესო. რომ წამოდგა და შეხედა, თურმე ფართო, უხეშ საფეხურზე იწვა, ზედა საფეხურს ზურგით მიყრდნობილი. ზევით ბრწყინვალე ნაცრისფერი შენობაა აღმართული. მბრუნავი მინის კარში ინტელიგენტური გარეგნობის ადამიანები შედიან და გამოდიან.

— მადლობა ღმერთს, ადგილი მაინცაა ღირსეული! — გაიფიქრა მან და გაიღიმა. ე. ი. პატივს მცემენ. მაგრამ ვინ? მშვენივრად ახსოვს რაზე ისაუბრა მიმტანთან ბარ „პატრიოტში». ნიუ-იორკი ნამდვილად არ შეუკვეთავს.
— დახმარება ხომ არ გჭირდება? — ჰკითხა ინგლისურად პოლიციელმა.
იმ ფაქტმა, რომ ის ინგლისურად გაესაუბრა, საბოლოოდ მოუღო ბოლო სიდოროვს. სისულელე იყო სხვა რამის მოლოდინი, მაგრამ რატომღაც იმედს მაინც არ კარგავდა. სთხოვოს ამ კარგ ბიჭს, დააბრუნოს ის ოფიცერთა სახლში „ლიტეინაიაზე“? არაფერი გამოვა! ვერ გაიგებს!
— კარგი! ნაგვის გროვაში ხომ არ ვაგდივარ? ე. ი. რაღაცას წარმოვადგენ! მინდა ეს ვაგრძნობინო ჩემს შავკანიან მეგობარს, მყარად რომ დგას და პოლიციელს უღიმის: თითქოს ამ ღიმილით ამბობს: ფიქრებში ჩავიძირე, სულ ეს იყოო! შეიძლებოდა, რამე სასიამოვნოს თქმა მისთვის, მაგრამ ჩემმა აქცენტმა შეიძლება საქმე გააფუჭოს. გაჩუმება სჯობს და საერთოდ, მეტი მობილიზებაა საჭირო! მშვიდად დაეშვა კიბეებზე. ახლა ასევე ძალდაუტანებლად უნდა წავიდეს სადმე. მარჯვნივ? მარცხნივ? პიტერში დანამდვილებით იცოდა, საით წასულიყო, აქ კი დაბნეულია.

კარგად ახსოვს, ციგის მატარებელი ანტარქტიდის სადგურებს ,,მირნისა» და ,,ვოსტოკს» შორის რომ გაიჭედა, სიკვდილი უფრო ახლოს იდგა, მაგრამ რატომღაც უფრო მშვიდი იყო. სიკვდილი ერთია, იყო შეურაცხყოფილი — მეორე. ამ „სუფთა ფულის ქალაქში», როგორც ამას სკოლაში ეძახდნენ, ნამდვილად არ უნდოდა თავის შერცხვენა. შენიანებთან კიდევ არა უშავს.

საფეხურებს გარს ეკრა მაღალი მოაჯირი, რომელსაც ორივე ბოლოში ძლიერი ლომები ამშვენებდა. მარცხენა ლომის მახლობლად მშვიდად იწვა, ფეხებგადაჯვარედინებული, დაძონძილი, წვერებიანი მოხუცი. როგორც ჩანს, ეს მე ვარ, არც თუ ისე შორეულ მომავალში! — ამ აზრმა გაუელვა. უსახლკარო რატომღაც პოლიციელს საერთოდ არ აწუხებდა, სიდოროვს თვალს არ აშორებდა.

მეორადი ჯინსი, ტყავის ქურთუკი, თავი მელოტი, მაგრამ მამაკაცური იერი რით არის ცუდი? მე მგონი სრულიად ასატანია. მორალურად გამოვკეთდი მგონი! — დააიმედა თავისი თავი. ალბათ არ ღირს ამ პოლიციელთან ინფორმაციისთვის კონტაქტის დამყარება, გონება უკვე აშკარად ამუშავდა, სხვა გზას გამოვნახავ!

უკან დახევას არ იყო ჩვეული. ახალგაზრდობაში, მეგობრებთან ერთად ძირგახვრეტილი ნავით მან გადალახა მძვინვარე შემოდგომის ლადოგა — თუმცა, მხოლოდ ერთი მიმართულებით: უკანა გზაზე ჩაძირვა იწყო. დიზელის ელექტრომავალი „ობი’’ ყინულის ალყაში მოექცა ისე, რომ ვერავინ მიდიოდა დასახმარებლად. მან მოახერხა! ერთხელ, მივლინებაში, მეგობრებთან ნიძლავი დადო, რომ ნახევარ საათში დიაგონალურად გადაკვეთავდა მთელ მოსკოვს და მოსკოვის მეორე ბოლოში მათი საერთო მეგობრის ბინაში აიღებდა ყურმილს. არ ახსოვს, როგორ გააკეთა ეს, მაგრამ ახსოვს ის, როცა შევარდა ბინაში, იმ წამში დარეკა ტელეფონის ზარმა. — რამდენი ხანი უნდა გელოდოთ? — ჩასძახა ყურმილში.

ამ მამაკაცურმა გამბედაობამ ახლა ის ნიუ-იორკში მიიყვანა. მართალია, ეს უკვე პენსიონერის გაბედულება იყო, ძნელად შესაფერისი ამ მასშტაბის განსაცდელისთვის. — რატომ აჩქარდი? მეგობრებიც საყვედურობდნენ ხოლმე, საკუთარი უმოქმედობისთვის რომ გამართლება მოეძებნათ, მაგრამ მშფოთვარე ცხოვრების შემდეგ, მისი მეუღლისა და ორი საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების შემდეგ, ის მოულოდნელად აღმოჩნდა „უსაქმოდ» და ახლა ინტერნეტის საშუალებით ჩაერთო ამ საერთაშორისო სათავგადასავლო რეალითი შოუში „ედვენჩურისი“, რაც თარგმანში ნიშნავს, როგორც მისი ვითომ ჭკვიანი მეგობრები ხუმრობდნენ, „თავგადასავლები ჩემდა ჭირად». მათი ხუმრობა კიდევაც აუხდა. რა შევუკვეთე — მახსოვს, როგორ გადავიხადე. — არა! აქ მომიწევს ალბათ გადახდა!

შემობრუნდა. პოლიციელი დგას და თვალს არ აშორებს! შეუყვარდა თუ რა... სიდოროვმა მას ხელი დაუქნია და კიბიდან გადავიდა. — აბა, დავთვალოთ ნაღდი ფული! აღმოჩნდა, რომ დასათვლელი არაფერი იყო — არც ერთი კაპიკი ჯიბეში. როგორც ჩანს, რუსული რუბლი, არ გამყარებულა იმ დონეზე, რომ ყველგან იყოს მიღებული, ყოველ შემთხვევაში, ეტყობა, ნიუ-იორკში, ჯერ არ იღებენ. ასე რომ, ტყუილად ვდარდობ! საინტერესოა, რას იტყოდნენ ის ,,ედვენდჩურისტები»? ეს მეზღაპრეები მხოლოდ ერთხელ ნახა და მაშინაც ხელმძღვანელი კი არა, არამედ დროებით დაქირავებული, დამხმარე პერსონალი. მათაც არასაკმარისი წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე, რასაც აკეთებდნენ, თუმცა მთელი მონდომებით იბრალებდნენ ტოპ-მენეჯერობას, იშველიებდნენ ათასნაირ ილეთებს, სახუმარო ხრიკებს, რასაც ხშირად იყენებს ახალგაზრდობა. ეს მოხდა მაშინ, „გალერნაიას» ვიწრო ქუჩაზე, რომელიღაც გრაფის ყოფილ სასახლეში, ახლანდელ კულტურის სახლში. ახლა კი, ღმერთმა იცის, იქ რა ხდება. მყვირალა ანონსით და ექსტრავაგანტულად ჩაცმული აუდიტორიის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, სექსუალური უმცირესობების ფესტივალი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ედვენდჩურისტები ირწმუნებოდნენ, რომ ამ ფესტივალთან მათ საერთო არაფერი ჰქონდათ. გასაკვირი ის იყო, რომ დარბაზში, სადაც „თავგადასავლების მოყვარულნი“ შეიკრიბნენ, ბევრი ახალგაზრდა და ლამაზი ერია. თვითონ, მათ ასაკში შუამავალს ნამდვილად არ მიმართავდა, როგორმე გაარკვევდა რა უნდა ექნა! — ეჰ, ახალგაზრდობავ!
— გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი, ხოლო ოცდამეექვსე გრაფის ,,გ» პუნქტში მიუთითეთ რა ოცნებების ახდენა გსურთ! — გაისმა ხმა სცენიდან.
— შეგიძლიათ წაიკითხოთ წინა მომხმარებლების სურვილები? — იკითხა გამხდარმა სათვალიანმა მამაკაცმა აუდიტორიიდან.
— დიახ! დიახ! დამსწრე საზოგადოებამ მოწონებით აუბა მხარი.
მორჩა! — სიდოროვი სწრაფად წამოდგა. თუ ადამიანები თავიანთ ოცნებებს მზა სიიდან იღებენ, მას აქ არაფერი ესაქმება.
— გვტოვებთ? — თბილი ხმით იკითხა სცენიდან მოწყენილმა ტოპ— მენეჯერმა, იქნებ უმცირესობებთან არც არაფერი ჰქონდა საერთო, მაგრამ, ჯანდაბა მაგის თავს, რატომ იყო მაშინ შეღებილი სტაფილოსფრად?
— მივდივარ! წინააღმდეგი არაფერი მაქვს... მაგრამ დრო ცოტა მაქვს.
— იქნებ თქვენი ოცნება გაგვიმხილოთ წასვლამდე?
— ოცნება?
— დიახ! ალბათ, მისი ყველა ოცნება დიდი ხნის წინ ახდა და თან გადასარევად.
— ოცნება...მაინც გაჩერდა.
— მინდა შევხვდე ჩემს პირველ სიყვარულს! — ვგულისხმობ იმას, ვინც იყო...
— მეგობრებს ალბათ ასე ეტყოდა: მე თვითონაც გაოცებული ვარო! როგორც ერთმა მოხუცმა ქალმა თქვა: „აბა საიდან უნდა ვიცოდე, რას ვფიქრობ, თუ არ გავიგონებ, რასაც ვიტყვი?»
ჰოდა, თვითონაც გაკვირვებული დარჩა.
— დარწმუნებული ხართ?
— იმაში რომ ცოცხალია? — სიდოროვმა კითხვის გაგრძელება გამოიცნო.
— დიახ! — მორცხვად თქვა «სტაფილოსფერმა».
— ცოცხალია, მაგრამ სამწუხაროდ, ნიუ იორკში ცხოვრობს!
და აი შედეგი! რომ მცოდნოდა, რომ ასე გამოვიდოდა, არ ვიტყოდი... თუმცა, ფაქტობრივად, „way not “! მოდით, შევამოწმოთ ჩვენი ინგლისური! თუმცა არაა საჭირო შემოწმება.
— თანამემამულე ხარ ხომ? უცებ მოესმა გვერდიდან.
— ბატონო? — სიდოროვი შემოტრიალდა.
მსუქანი ასაკოვანი მამაკაცი დგას, მაისურში და შორტში გამოწყობილი. მოხუცები ნევსკის პროსპექტზე ასე ჩაცმულები ნამდვილად არ დადიან... ჯერ კიდევ.
— საიდან დაასკვენით? — ჰკითხა სიდოროვმა. ასეთ დროს რუსები ყოველთვის განაწყენებულები რჩებიან.
— თვალებში ამოვიკითხე, სხვანაირად აბა როგორ! ჩანდა, რომ აშკარად სიამოვნებდა მშობლიური ენა.
— დათრგუნული ჩანხარ!
— დიახ... და თან ისე, რომ არც დაგსიზმრებიათ!
სიმთვრალის თემა, როგორც სიდოროვმა ივარაუდა, ყველაზე სწორი ჩანდა.
— რატომ არც დამსიზმრებია? ადრე მეც მიგრძვნია! რატომ ხარ ასე დაბნეული?
— დავრეკავდი... ოღონდ ფული არ მაქვს.
— არ არის მარტივი ამბავი! პატივისცემით თქვა ახალმა მეგობარმა. ნომერი მაინც თუ გახსოვს?
— მახსოვს! — უცებ წარმოთქვა სიდოროვმა და შეკრთა. როგორც ჩანს, მათ უკვე იმუშავეს მის ტვინთან: მისი ტელეფონი სრულად ამოუტივტივდა, თუმცა არასოდეს დაურეკავს, არც დამახსოვრება უცდია, ერთხელ ყური მოკრა, შემთხვევით! თურმე არც თუ ისე შემთხვევით! გამოდის, რომ მაგრად გაება...
— შემოდი! — თქვა ახალმა მეგობარმა.
ჯიხურში შევიდნენ. სიდოროვმა გაოცება ძლივს დამალა, საშინელი ტელეფონი ეკიდა, უზარმაზარი, რამდენიმე ასხმა ასო-ნომრებით, მოკლედ, გინებით დაიღლები!
— აბა, მიკარნახე? — თანამემამულე მოთმინებას კარგავდა.
— შვიდას თვრამეტი... დაასახელა სიდოროვმა პირველი ციფრი.
— აჰა... ზემო კვინსია? მშვენიერ უბანში ცხოვრობს შენი რჩეული!
სასიამოვნო იყო ამის მოსმენა
— რეზიდენტია ხომ? — თვალი ჩაუკრა თანამემამულემ.
— ესღა აკლდა! სიდოროვმა საპასუხოდ თვალის დახამხამებაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.
— შემდეგ.
სიდოროვმა თავდაჯერებულად წარმოთქვა კიდევ შვიდი ციფრი.
— და ესენი? თითები მოისრისა, — აპარატში ხომ უნდა ჩააგდო? მართლა, პარაშუტით ხომ არ ჩამოფრინდი? — აიღე ყურმილი! თქვი „კოლექტი“, მერე დაასახელე შენი სახელი და გვარი და უთხარი ოპერატორს, რომ აბონენტის ხარჯზე ისაუბრებ, თუ, რა თქმა უნდა, ის ინებებს შენთან საუბარს.

„მოუნდება კი?“ — გაუჩნდა უცებ ეს კითხვა. ჩვენ დიდი ხანია ... და უკვე არც ისე ლამაზები და ახალგაზრდები ვართ

ჯიხურში დახუთული ჰაერი იყო და წებოვანი ოფლის სუნი იდგა. ყურმილში ქალის უხეში ხმა გაისმა „კოლექტი!» — ძლივს მოასწრო თქმა. ხმა ჩაცხრა. მერე ისევ რაღაცა აგრუხუნდა, თითქოს პირდაპირ თავში გირტყამენო!
— დროა დაასახელოთ თქვენი ვინაობა! — უკარნახა ახალმა მეგობარმა.
— ბატონი სიდოროფფფ! — ასე სამი «ფ»-თი რატომღაც უფრო სოლიდური ჩანდა მისი გვარი.
— კარგი, მიდი აბა! — თანამემამულემ მხარზე ხელი დაჰკრა.

გავარვარებული ღუმელის სიცხე შემოვარდა კარის ღრიჭოდან. აი, თურმე როგორ ცხოვრობენ ისინი აქ, ოქტომბერში ასეთი მწარე მზე აცხუნებს... ოფლი წურწურით ჩამოსდის. აქამდე რომ არ განუცდია, ისეთმა შიშმა შეიპყრო, ურჩევნია ახლა სადმე ანტარქტიდაში იყოს.

ყურმილში გუგუნი და შიშინი ისმის — ამაზე სასიამოვნო მუსიკა არასოდეს მოუსმენია. ნეტა სამუდამოდ გაგრძელდეს?!
— გისმენთ! — უპასუხეს რუსულად.
გასაგებია, მიხვდა ვინცა ვარ... ნეტა ერთი ყლუპი წყალი დამალევინა?
— გამარჯობა! — ძლივს ამოღერღა ყელგამშრალმა.

ცოტა ხანში ჯიხურიდან ძალაგამოცლილი გამოვარდა.
ახალმა მეგობარმა შეაჩერა.
— რაო? რა გითხრა?
— შემპირდა, მოვალო!
— კარგია! ანუ, უყვარხარ!
ამაში დიდად დარწმუნებული.არ იყო.
— ნუ დგახარ ერთ ადგილზე! —იმოძრავე! აქ თუმცა თავისუფლებაა, მაინც სჯობს ბრბოსგან არ გამოირჩეოდე!

ამ სიტყვებით, პირველი და, როგორც ჩანს, უკანასკნელი ამერიკელი მეგობარი, მჭიდრო მასას შეერია... იმის ნაცვლად, რომ სადმე ერთად დამთვრალიყვნენ, გული გადაეშალათ ერთმანეთისთვის, პერანგი შემოეხიათ ტანზე, წავიდა, მიატოვა! თანამემამულე უძახე და ყველანი ასეთები არიან აქ! მთლიანად გაუფუჭდა გუნება. სიარული კი არ უნდოდა, არამედ ისევ საფეხურზე წამოწოლა, მაგრამ იფიქრა რომ, ირას ეს არ მოეწონებოდა. როგორ გამოიყურება ნეტა? ოცდაათი წელია ერთმანეთი არ უნახავთ. მისმა ხმამ როგორ ააფორიაქა? ისეთივე მორცხვი საუბარი ჰქონდა, ყოველი ფრაზის ბოლოს, თითქოს იხრჩობაო. მაგრამ ის არ იყო სინამდვილეში მორცხვი.

უცებ ცრემლები წამოუვიდა. ეტყობა ემოციებისგან ძალიან დასუსტდა. თვალწინ წარმოუდგა კავგოლოვსკის დამაბრმავებელი თოვლი, მის ნაპრალებში ცისფრად მოციმციმე შუქი... ირა, განსაკუთრებით გამხდარი ჩანს გრძელ სქელ სვიტერში (პეტკამ რომ მისცა, მეგობარმა!). სიდოროვი მასთან ერთად მიდის სადგურისკენ და ბუნება თითქოს აფრთხილებს: „არ უნდა წახვიდე!» ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდის სახეზე. ისეთი სიკაშკაშეა ირგვლივ, ყველაფერი განათებულია: ფერდობები, ყინულის ლოლუები, ფიჭვის ტოტები. და ირადანაც სინათლე მოდის...

ასე ვთქვათ, მეგობარს დაუტოვა! სულ ერთი დღით! საღამოს პეტკა შეხვდა სიტყვებით: „მაპატიე, მოხუცო!“

(ახლა ასაკოვანია, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ იყო მოხუცი).

რა ცუდად ენიშნა ეს ვითომ ხუმრობა. გულწრფელად გავუწიე წინააღმდეგობა, მთელი ნახევარი საათი! ის ჯერ კიდევ იღიმოდა, მისი ეს უეცარი სითამამე სიმორცხვის ფონზე თავზარდამცემი იყო. ვითომ „მეგობარი“ პეტკაც კი უფრო ღელავდა, ან ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა. — მოდით, მომხდარი ტრაგიკულ შეცდომად მივიჩნიოთ! — მოდით... მაგრამ ეს ჩემი შეცდომა იყო! — ჩაიჩურჩულა სიდოროვმა და სამუდამოდ წავიდა იმ ქოხიდან, რომელიც ნაქირავები ჰქონდათ დაქანებული თოვლიანი ბორცვის ძირას. იქ, ერთად ეღვიძებოდათ თოვლის ხმაურისგან: „შშშ!“, „შშშ!“... ბორცვიდან ძირს ეშვებოდნენ „პირველი მერცხლები“. ეს იყო ოცდაათი წლის წინ და აი, უცებ, ყველაფერი მოულოდნელად დაბრუნდა. ცრემლები, როგორც მაშინ, ღვარად გადმოსკდნენ თვალებიდან. რა უნდა ქნას? მას უყვარდა და უყვარს სწორედ ასეთი ირა. მთელი ღამე სადგურზე გაატარა. გამთენიისას ჩასთვლიმა, კინაღამ გაეპარა პირველი მატარებელი. როგორღაც მოასწრო ხელებით კარების შეკავება და გაღება. მატარებელი უკვე დაიძრა და ადვილი შესაძლებელი იყო ეს ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო, ამასაც არ შეუშინებია, სიამოვნებდა კიდეც ეს თავგანწირვა.

რა დარჩა? მხოლოდ ფოტოსურათი მოკეცილი კუთხეებით: დგანან ქოხის გვერდით მუხლამდე თოვლში, ირა სულს უბერავს დაბალ სახურავზე ჩამოკიდებულ ყინულის ლოლუებს და ლოლუებიც ბრწყინავენ და თითქოს გვერდზე იხრებიან. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, ქარის ოინებია. მაგრამ ფოტო შესანიშნავია „სიყვარულის სასწაულია“ ზედ აღბეჭდილი.

ეგონა ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ როგორღაც ურთიერთობა დათბა, რაღაც საერთო საქმე გამოჩნდა და ნიუ-იორკიდან პეტკაც ჩამოვიდა. პირველი და მთავარი, რაც მან თქვა, იყო ის, რომ ირამ ისიც მიატოვა და ცოლად გაჰყვა მულატ მხატვარს. ალბათ ეგონა ეს ამბავი გაუხარდებოდა მეგობარს. „მოდი, დავლიოთ, ჩვენი საერთო სიყვარულისთვის!“ — პეტკას სახე შეეცვალა, შეიგინა და იმ ბინაში, ფართე ფანჯრებით პარკს რომ გადაჰყურებდა და სადაც ბოლო დროს სიდოროვი ცხოვრობდა, მათ გაიხსენეს წარსული.

— ნახავ, იმასაც მალე მოისვრის! — რატომღაც აღტაცებით წამოიძახა პეტკამ. შემდეგ კი... ძველმა ბრაზმა თითქოს გადაიარა. დარჩა მხოლოდ სიყვარული, პლუს — მაღალი წნევა!

უკვე დაიღალა ლოდინით! შენობა, რომლის წინ, წინ და უკან დადის, ბიბლიოთეკას ჰგავს. მგონი გასაგებად იყო ნათქვამი: დაგელოდები „ლომებთან!“ საკმარისზე მეტი იყო მის ცხოვრებაში ბიბლიოთეკები. ინსტიტუტი, ასპირანტურა, დაცვა — ეს ყველაფერი ბიბლიოთეკებში მზადდებოდა, ამიტომ ამ დაწესებულების ამოცნობა რთული არ იყო მისთვის... პოლიციელი ისევ თვალს არ აშორებს! ერთი რამ ამშვიდებს: ჯაშუშებს ხომ ასე არ ექცევიან. ასე რომ, ის არ არის ჯაშუში. მაგრამ მაინც არის პრობლემა: პასპორტი, ვიზა, და კიდევ ათასი წვრილმანი. ამაზე თუ იფიქრეს იმ გადარეულებმა, როცა აქ მოისროლეს?

— შეჩერდით! — წამოიძახა მაშინ „სტაფილოსფერმა, როცა სიტყვა „სიყვარული“ წარმოთქვა. — თქვენ მოიგეთ!
— საინტერესოა, რა?
— თქვენი ოცნება ახდება!
— როდის?
— ეს ჩვენი პატარა საიდუმლოა!
— ეს თუ ,,პატარაა"? — გაიფიქრა გულში.
მანამდე კი, განაგრძო „სტაფილოსფერმა“, თქვენ მიიღებთ საუკეთესო პრიზს! — ღირებული საჩუქარია, ინებეთ ,,მოლაპარაკე ჩაიდანი" და ყუთი გაუწოდა.

— ეს როგორ? ტექნიკური სიახლეები მას არასდროს აკვირვებდა. ერთ დროს თავისი ხელებით გადააწყო საბრძოლო ტექნიკა სამზარეულო მოწყობილობად, მაგრამ „მოლაპარაკე ჩაიდანი?“ არც კი გაუგია.
— გამოიყენეთ, ისიამოვნეთ!

თავიდან ფიქრობდა გადაეგდო ეს საჩუქარი, მაგრამ დაიტოვა იმ უცნაური იმედით, რომ ის რამეს შეცვლიდა მის ცხოვრებაში და არც შემცდარა. კინაღამ სკამიდან გადმოვარდა, როცა ჩაიდანი ათუხთუხდა და უცებ წარმოთქვა: „გასწორდი!“ ესღა მაკლდა! წამოიძახა გაბრაზებულმა სიდოროვმა. ახლა ჩაიდანი ასწავლის მას, როგორ დაჯდეს! თუ ოცნებობთ შეხვდეთ თქვენს პირველ სიყვარულს, მაშინ ღირსეულად უნდა გეჭიროთ თავი და სწორად ზურგი! — გაისმა ჩაიდნიდან. — რა დამრიგებლური ტონია, სად ასწავლეს ნეტა? სიდოროვი სამზარეულოში დარბის დაბნეული, მოულოდნელად როგორი მეგობარი-მრჩეველი გამოუჩნდა, ასეთი მეგობრების! — გამონათქვამის მეორე ნაწილი, სამწუხაროდ, უცენზუროა და არ გავიმეორებთ. ცოტა ხანში ჩაიდანმა ჩვეულებრივი სტვენა ამოუშვა. ჩაის წვეულება თითქოს არანაირ საფრთხეს არ უქადდა სიდოროვს, მაგრამ დროა დაფიქრდეს! გასაგებია, რომ „თამაში» დაიწყო და ინსტრუქციები მოდის ჩაიდნიდან. ათი წლის წინ ასეთ რამეს ვინ დაიჯერებდა? თუმცა რადგან ხელი უკვე მოაწერა ამ სიგიჟეზე, სხვა რა გზაა? ცხოვრება გავიდა. გვერდით არ ჩაუვლია, მაგრამ მაინც გავიდა. ახალი კი რითი გაახარებს, ვნახოთ!

ჩაიდანი თითქოს დაწყნარდა, მიხვდა, რომ არასწორ ადამიანს გადაეყარა, დილით მოკრძალებულად ამცნო ამინდის შესახებ, მერე მთელი გრძნობით წაუკითხა ჩეხოვის მოთხრობა „კაშტანკა“. ზოგადად დამეგობრებას ცდილობდა. რა საინტერესოა, რისი იმედი ჰქონდათ მათ, ვინც ეს მოაწყო? რომ ყველა სიხარულით გაიქცევა «ჭკვიანი ჩაიდანის» შესაძენად, თუ რა? და სად არის ამდენ ხანს ის «პირველი სიყვარული»?

ღმერთო ჩემო! აი მოდის და თითქოს არაფერი მომხდარა, მანქანის ფანჯრიდან ხელს უქნევს სიტყვებით: მოდი, სწრაფად, ჩაჯექი!

— ესეც შენი ნიუ-იორკი! — თქვა სიდოროვმა, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა ამ ქალაქში.
— კიდევ კარგი, სადმე უკაცრიელ კუნძულზე არ მოგისროლეს, როგორც ახლაა მოდაში! — ჩაიცინა მან.

სიდოროვი ელდანაკრავივით შემოტრიალდა: „მაშ, შენც თემაში, ხარ, მოხუცო?“ თავზე უცნობი ნაცრისფერი ზღარბი აზის თითქოს, მაგრამ სახე... აშკარად უკეთესი გაუხდა! — არ მიყვარს სიურპრიზები! ამბობს და ეტყობა რომ საიდუმლოს გამჟღავნებას განიცდის... არავითარი სიურპრიზი, მხოლოდ ნაცნობი სახე, გამხდარი ლოყებით, კუთხეში აწეული თვალებით და „კოვბოის მსგავსი“, ოდნავ მოღრეცილი ფეხებით. ერთი წუთით! — ამბობს და ფეხსაცმელს იხდის, პედალს აჭერს. რა საინტერესოა — ახლა ცოტათი მულატს ჰგავს. ალბათ ვისთანაც ხარ, მას ემსგავსები. აუტანელი სიცხეა, ის კი შალის წინდებშია. მაგრამ... უცებ გული შეეკუმშა, ეს ხომ ყოველთვის ასე იყო. გაახსენდა, პირველად როგორ შეახო ირას ცივი თითები მუცელზე და შეკრთა. მან კი ჩაიცინა: — დიახ! აი, ასეთი გაყინული ხელები მაქვს, სხვათა შორის, ფეხებიც, ამიტომ მამაკაცებთანაც კი შალის წინდებში მძინავს. რატომღაც ვერ ვბედავ ხელთათმანებიც გავიკეთო.

— გაეროა! — ირა მაღალი, ბრტყელი შენობისკენ ახედებს, სადაც დროშები ფრიალებს. მერე მანქანით გადადიან სამრეწველო-სატვირთო ტიპის გრუხუნა თუჯის ხიდზე, მდინარის შუაგულში პატარა კუნძული მოჩანს. მშვიდად ცლიან ბარჟას, ცემენტი გრძელი ნაცრისფერი ლენტივით დაფრინავს ქარში. აი, თურმე რას ნიშნავს „ღია საზოგადოება:“ ყველაფერი გამჭვირვალეა, ყველაფერი ჩანს! ხიდი უკან დარჩა. ისინი მანქანით მოძრაობენ პატარა სახლებს შორის, როგორიცაა „ოფიცერთა საშუალო შემადგენლობისთვის განკუთვნილი სააგარაკო კოოპერატივი“, მერე უფრო მაღალი სახლები მოჩანს.

— ახლა არ გაგიკვირდეთ! — ამბობს ირა, როცა გაივლიან მრავალწახნაგოვან, ხმაურიან გამზირს , რომელსაც მიუყვებიან მხოლოდ ინდიელები: მეწამულისფერები, სერიოზულები, სიცხისგან გამომშრალნი, მაღალი ტურბანებით. ასეთივენი სხედან მაღაზიებშიც.
— რომ თქვეს, პრესტიჟული რაიონიაო?! წამოსცდება სიდოროვს.
— ოდესღაც იყო! იცი, მე უკვე ინდოელი ვარ! — ამბობს და კეკლუცად ათამაშებს მხრეებს.
— აწი შეგვიძლია, ჩაიც მივირთვათ! — კმაყოფილი ტონით წარმოსთქვამს სიდოროვი და საწოლიდან სწრაფად დგება. მე თუ მკითხავთ, სულაც არ არის ცუდი, როცა მატრასი იატაკზე დევს. როგორც მაშინ კავგოლოვოში, ოცდაათი წლის წინ!
— სამზარეულო მარცხნივაა! — დაგვიანებით მოდის პასუხი. რა სასიამოვნო მოდუნება მოჰყვება მის ხმას...სამზარეულოში შედის და სხვა "მოდუნება" ეუფლება! ჩაიდანი! ის ჩაიდანი, უფრო სწორად — იმნაირი: ძველებურ, სპილენძის ჩაიდანს რომ ჰგავს. იქვე ჯდება. მკვლევარის ინსტინქტი კარნახობს თავისას, წყალს ასხამს, ელექტრო ღუმელს რთავს. — აბა, გისმენთ, ბატონო! ჩაიდანი ჯერ უცნაურად წრიპინებს... და უცებ წარმოთქვამს, რუსულ ენაზე სიტყვებს ასტრალური ხმაურის თანხლებით:
— დაწყვილება არასწორად მოხდა! — არ ითვლება! სოიტოლოგი მოვა ახლავე თქვენთან! და ჩაიდანი დამცინავად ფრუტუნებს.
იქ ნამდვილად ეშმაკი ზის!
— ვინო?! — ღელავს სიდოროვი.
— სოიტოლოგი! — იმეორებს ჩაიდანი, ოღონდ ცოტათი შეშინებული ჩანს.
— ეს როგორ უნდა გავიგო? ბრაზმორეული იკითხავს გაკვირვებით სიდოროვი, როცა სამზარეულოში ირა შემოვა ნაზი ზმორებით.
— ააა? — ირა უემოციოდ ხვდება ამ ყველაფერს. — შენც იგივე გაქვს, ვიცი! ნუ იეჭვიანებ! — ამბობს და კალთაში უგორდება... ოჰო, კოცნაც ამას ჰქვია!
— მოდი, ეს ჩაიდანი მოვაშოროთ აქაურობას?
— ერთი მაგისი! — წყნარად ამბობს ირა.
— აჰა, შენ! — და ჩაიდანზე განაწყენებული სიდოროვი პირდაპირ ღუმელზე აბრტყელებს მოლაპარაკე ჩაიდანს, ცოტა ცხელი წყალი ეშხეფება, მაგრამ არაფერია! მერე ღუმელიდანაც მოისვრის.
— აქაურობას მგონი პატრონი გამოუჩნდა! — ამბობს ირა კეკლუცი ხმით და ისევ ეხუტება.
სადღაც ზარის წკრიალი ისმის. ვინ უნდა იყოს? ირა ეკრანს უყურებს, და ღილაკს «შესვლა» აჭერს ხელს.
— სოიტოლოგი? მაგასაც ახლავე გავაბრტყელებ! — ტრაბახობს სიდოროვი, მაგრამ... დერეფანში მტკივნეულად ნაცნობი სამხრეთული რუსული დიალექტი ისმის.
— ამათთან ხომ ყველაფერი გართულებულია! — აღშფოთებასღა ახერხებს სიდოროვი.
— მოასწარით საქმე უკვე? —პეტია „შეყვარებულებს“ ათვალიერებს. ნაცნობი დიდი ჭორფლები რომ არა... იმ პეტიასი არაფერი შერჩენია! ბიზნესის ზვიგენია ვიღაც. — აბა, როგორ მოგწონს ბინა? — საქმიანი ტონით ეკითხება სიდოროვს.
— კარგია! — იბნევა სიდოროვი. თუმცა რა შეკითხვაა, აქ ხომ არ ვაპირებ ცხოვრებას?
— მე საქმეზე გეახელით! — გულახდილად ამბობს პეტია. აბა ისე, ვინ დამპატიჟებდა.
ირა ამთქნარებს.
— ამის ნამოქმედარი ჩანს? სიდოროვი კუთხეში მიგდებულ დამტვრეულ ჩაიდანს საყვედურით უყურებს.
— ეს კი, თავად თქვენი ნახელავი უნდა იყოს! — გაბრაზებული პეტია ცდილობს ჩაიდნისგან დარჩენილ გაბრტყელებულ რკინის ბლინს როგორმე ასევე გაბრტყელებული სახელური მიაწებოს. საინტერესოა, როგორ აპირებ ახლა სახლში გაფრენას?
— და რა ... ჩაიდნით უნდა გავფრენილიყავი? სიდოროვს ეღიმება, მაგრამ ცოტა შიშიც ეპარება.
— აქ როგორ მოვხვდი? იმედია წყალქვეშა ნავით, არა, ხომ?
— ამაში არაა საქმე! — მთავარია, ხალხს ტვინი როგორ გამოურეცხო და დამტვრეულ ჩაიდანზე ანიშნებს. სიდოროვი რაღაცას ხვდება. თუმცა ყველა არ ემორჩილება ამ ექსპერიმენტს. გაინტერესებს, რა იყო გასაკეთებელი? — ამბობს პეტია ოდნავი სასოწარკვეთით. მაისურის ტანზე შემოხევა სულაც არაა აუცილებელი. როცა აქ ჩამოვედი, ჩვეულებრივ ჩაიდნებს ვაკეთებდი.
-აჰ აჰ აჰ! — იცის სიდოროვმა ეს რასაც ნიშნავს, კარგად იცნობს პეტიას, იცის, ცოტას ნამდვილად არ დასჯერდებოდა, ახლა გენერალურია ალბათ ბრეჟნევივით?
— უბრალო დამთხვევაა! — აგრძელებს პეტია. ჩვენ, სხვათა შორის, თქვენთან ვეწევით მოსმენებს! რაც ხდება, ყველაფერს ვისმენთ... არ გეგონოს მიყიდეს.
— მმმ... არის ასეთი ვარაუდი! — აღიარებს სიდოროვი.
— დიახ! მოულოდნელად თანხმდება პეტია. მაგრამ მე არ მეშინია არავისი! — თითქმის ხმამაღლა ამბობს.
— როგორ ფიქრობ, რამდენად მიზანშეწონილია „ტივიზე“ ასაკოვანი მეგობრის მოძიება? ხომ იცი, ყველგან ახალგაზრდები სჭირდებათ!
— მადლობა! და საინტერესოა, სად არის კამერა? სიდოროვი ოთახს ათვალიერებს.
— რა მნიშვნელობა აქვს! — ამშვიდებს პეტია. შენ ხომ ჩემი ნამდვილი მეგობარი ხარ!
და უცებ რაღაც ბურთივით აწვება ყელში ორივეს...
— გახსოვს? — იწყებს სიდოროვი. — როგორ დავკარგეთ მე და შენ მთვრალებმა ტუნდრაში საომარი ბომბი? მაშინაც ხომ არ იყო მარტივი დრო? და მაინც არ გვეშინოდა, მაშინაც ვიცინოდით.
— ჩვენ არ გვეშინოდა არც კომუნისტური პარტიის! — თამამობს. პეტიაც.
— კუბოში ვნახე მე ეს კომუნისტური პარტია და ეს ჩაიდნებიც! — ყვირის სიდოროვი.
— ტფუ! — პეტია თამამად აფურთხებს ჩაიდანზე. შემობრუნდება და აწეული თითით ანიშნებს. აი სად არის კამერა. გასაგებია.
— მაშ, მასების ცნობიერებას აკონტროლებთ? — უკვირს სიდოროვს.
— რაც მთავარია, შენ ხომ იპოვე შენი პირველი სიყვარული?
წამიერი დუმილი.
— და თუ ეს, ასე არაა...ხმას უწევს პეტია — უთხარი იმ გიჟს, რომ ცოლად გამომყვეს, კიდევ ერთხელ! ბოლო ფრაზა ძალიან სევდიანად ჟღერს.
— სჯობს შენ უთხრა, ცოლად მე გამომყვეს! — მოულოდნელად ამბობს სიდოროვი.
— ბიჭებო, თქვენს წინადადებებზე ვიფიქრებ! — ირა იცინის და სააბაზანოში უჩინარდება. პეტია კი, ნამდვილი არტისტივით, მაშინვე ჩურჩულით იწყებს „ნამდვილ მამაკაცურ საუბარს“, თითქოს მანამდე ქალი უშლიდა ხელს.
— შენთან სერიოზული საქმე მაქვს!
— როგორც იქნა, აქ ხარ და უნდა დამეხმარო ამაში! პეტია ამხანაგს მკლავზე უჭერს ხელს. — იცი, რას გეტყვი? ფულის შოვნა საკუთარ დაკრძალვაზეც კი შეიძლება დღეს, მაგრამ სანამ მე და შენ ცოცხლები ვართ, ფული სხვების დაკრძალვაზე უნდა ვიშოვოთ.
— ორიგინალური აზრია! — პასუხობს სიდოროვი, ნიჩაბს მომცემ ალბათ?
— აბა, მითხარი, ვინ ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის? კითხვას სვამს პეტია.
— მეგობრები... თან ძველი? სიდოროვი მორიდებულად ცდილობს პასუხი ივარაუდოს. პეტია აღშფოთებული უარყოფს ამ ვერსიას, რაც, ცოტა არ იყოს გულსატკენია სიდოროვისთვის.
— მაშ, მეტოქეები?
— არა! პეტია უფრო უარესად ასავსავებს ხელებს. — იცი, რას ნიშნავს ,,საქმის კაცი»? ჩვენ პირველ რიგში ჰიდრავლიკები ვართ!
— ჰო! ასეა! მაგრამ რატომღაც დიდი ხანია ამის გამო სიამაყე არ მიგრძვნია — აღიარებს სიდოროვი.
— და სულ ტყუილად, იცი რას ვაკეთებ მე აქ?
— მგონი ჩაიდნებს!
— უკვე აღარ! წყლის ჭავლის პულსირებული წნევის საქშენის მეშვეობით, სასაფლაოს ქვის ფილებს ვჭრი... იგივე მექანიზმი გამოიყენება მშენებლობაშიც — ბარელიეფები გინდა, ჩუქურთმები თუ ასოების ამოჭრა ქვაზე, ეს შენ ჩაიდანი არ გეგონოს! — ასრულებს ამპარტავნული ტონით პეტია.
— ცუდი ნამდვილად არ არის. — ეთანხმება სიდოროვი, მაგრამ მე რა შუაში ვარ?
— იცი, საიდან მოდის ჩემი საქშენები? ჩვენი წყალქვეშა ნავის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემიდან! და იცი რამხელა ზეწოლას უძლებს? ჩვენთან ყველაფერი კეთდებოდა ასმაგი მონდომებით, მძიმე, მაგრამ მყარზე მყარი და მომავალზე გათვლილი! — მომავალში ჩვენს თავს, ანუ ახლის შემქმნელებს ვგულისხმობ! — და აჰა, ჩათვალე, ეს დრო მოვიდა, მაგრამ იცი... რამდენი დამრჩა? რომ იცოდე, იტირებდი...პეტია სწრაფად სწევს ორ თითს. ორი? თუ ორი ათასი?
პეტია განაგრძობს:
— ჩვენს წყალქვეშა ნავებს როგორც კი ჩამოწერენ, მაშინვე ჭრიან. მანამდე კი, ვისაც შეუძლია, ხსნის იმას, რაც შეუძლია. ადმირალი „ზღვის მგელი“ ხომ გაგიგია? შენ მას უნდა იცნობდე?
— ერთი ვედრო „შილა“ დავლიეთ მაშინ... სპირტს ვგულისხმობ.
— ვითომ მე არ ვიცი! შეურაცხყოფილად გრძნობს თავს სიდოროვი. — მე ვკითხე მას: „იმედია, თქვენ ჯერ კიდევ ხართ ,,ზღვის მგელი?» თორემ რას გაიგებ, სულ მოსკოვში ზიხართ და იცი რა მითხრა? ახლა „კომერციის“ მგელი ვარო! ჰოდა, ეს მგელი შენგან იმდენს არ აიღებს, თანხას ვგულისხმობ. პატივს გცემს, მისიანი ხარ მისთვის... სასაფლაოს თემა, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს იდეოლოგიური ურთიერთ დაპირისპირების ადგილი... ხომ ასეა? შენ ისე ჩინურის მომხრე ხომ არ ხარ?
— არა მგონია! — იბნევა კიდეც სიდოროვი.
— სჯობს შენთან ვიცხოვროთ, აქ ძვირია ცხოვრება! — ასკვნის პეტია. ამასობაში სააბაზანოდან ირა გამოდის და ისევ კალთაში უჯდება სიდოროვს.
რა მშვენიერი შეხვედრაა! თითქმის როგორც კავგოლოვოში მაშინ!
— სიდოროვს გამოეღვიძა და სამზარეულოში შევიდა. ირა საშხაპეშია და წყლის ხმაური ისმის. წუხელ გვიან დაბრუნდნენ სევერომორსკიდან და მაშინვე დასაძინებლად დაწვნენ. ჩაიდანი ჩვეულებისამებრ უსტვენს, ეტყობა, შეეჩვია აქაურობას, აღარ არის ძველებურად კატეგორიული, პირიქით, ყველა შესაძლო გზით ცდილობს ნდობის მოპოვებას. როგორც ჩანს, კარგად ახსოვს, საზღვარგარეთელი ძმის ტრაგიკული ბედი. რაღაცას თავისთვის ბუტბუტებს, საკუთარ თავთან ფილოსოფიურ დებატებს ეწევა, ხანდახან უკრაინულ სიმღერებს მღერის, რატომ უკრაინულს? ღმერთმა იცის!

სიდოროვმა ჩაიდანი ყელამდე წყლით შეავსო და გაზქურაზე შემოდგა. ცოტა ხანში წყალი ადუღდა, ჩაიდანი ჯერ წვრილ ხმაზე აწრიპინდა და უცებ ნაცნობი მბრძანებლური ტონი გაისმა: „ირინა ევგენიევნა, შეწყვიტეთ ბანაობა! კარგად გაიმშრალეთ გვერდები და თქვენს შეყვარებულთან ერთად სწრაფი ტემპით მიაშურეთ ,,გალერნაიას“ — თქვენ იქ უნდა ისაუბროთ, როგორ იპოვეთ ბედნიერება ჩემი დახმარებით.

სიდოროვს უნდოდა დაემსხვრია ჩაიდანი, მაგრამ გადაიფიქრა და გადასცა მეზობელს, რომელიც დიდი ხანია ხმებთან ურთიერთობდა და ამ საკითხში დიდი გამოცდილება ჰქონდა.