მოსაწყენია უკვე ზედმეტად, რამე გიამბოთ ისევ ახლიდან...
* * *
მოსაწყენია უკვე ზედმეტად, რამე გიამბოთ ისევ ახლიდან,
არაფერს ნიშნავს ეს საუბრები. საცაა უკვე მოვა ზამთარი.
ცოტაც კიდევ და თეთრი ფარდები დაეშვებიან ისევ მაღლიდან
სახლზე, ხეებზე, ჩვენს ნაცნობებზე რაღაცნაირი სევდით გამთბარნი.
ეს კი ძალიან სამწუხაროა — ამ საქორწილო ცისფერ ქალაქში,
სხვისი ნიშნობის ბეჭდით მომავალ შენს შეყვარებულს როცა შეხვდები,
მოიკლა თავი ასე უბრალოდ და ამნაირი ცრუ სიამაყით,
და დაივიწყო დიდი თამასა მოჩუქურთმებულ ბანთა ხედების.
ეს ახლა ისე ხელოვნურია, რომ დაემჩნევა ლოყებს სიწითლე,
რომ ბრაზისაგან და სირცხვილისგან თავად დაისიც ლამის გაწითლდეს,
რომ ნაჩქარევად გაწმენდილ ოთახს, ნივთები, სახლის მთელი სიმდიდრე,
ტოვებენ, თუმცა საბრალოებმა, ის არ იციან, საით წავიდნენ?





