ყოველ საუფლო დღეს, შაბათ-კვირისა და ...

                                   * * *

ყოველ საუფლო დღეს, შაბათ-კვირისა და
სადღესასწაულო დღეების გარდა,
როცა არა აქვს აზრი დიდი ცენტრისაკენ სახლიდან გასვლას,
აუტანელი ღრიალით, სტვენით, უხეშად, ყვირილითა და
ჭექა-ქუხილით, რომელიც კაწრავს და ამტვრევს

ყურის ბარაბანს, გიჟურ სისწრაფით
მიწისქვეშა მატარებელი ჩვეულებრივ გამაცილებს
იმავე ადგილს, ავტოქარხნის და პაველეცკს შორის,
სადაც ჩემი ახლობელი, არა ნათესავი,
მშვიდი ადამიანი და ოჯახის კაცი, რომლის მსგავსნიც საძებარია,

თანამეინახე და მგზნებარე მწიგნობარი,
პატიოსანი შრომით ვისაც გროში არ უშოვია,
ბორის გელიბტერი (მოიხსენე ლოცვებში ცოცხლად სახელი მისი!)
ქრისტეშობიდან ორიათასოთხი წლის თებერვლის ექვსში,
პარასკევ დღეს, ცხრის ოცდათორმეტ წუთზე

როცა დილის პიკის საათებში სამსახურში ეშურებოდა
და ბედოვლათს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ორმოცდასამ წლამდე
ორმოცდათოთხმეტ დღე დარჩენილს, არაფერი მოუვიდოდა,
აფეთქებამ ნაკუწ-ნაკუწ დაასახიჩრა...
(ოხ, ეს უაზრო უბედური შემთხვევითობა!)

და გაბრაზებულს თავში მომდის კრულვა და წყევლა:
„მათ, ვინც ხელის აუკანკალებლად საშინელი ბრძანება გასცა და მათ,
ვისაც შეგნებული და გაცნობიერებული ჰქონდა და შეასრულა,
დაე, არ ჰქონდეს მას სიმშვიდე არც იმ და არც ამ სამყაროში,
არც ცივ საფლავებში, არც მათ სხეულების არ ეძინოთ ცხელ საწოლებში,

ხოლო სულები სამზადისში იყვნენ დასჯისთვის! « —
თავმდაბალი და მშვიდი აზრები იმის შესახებ,
რომ ზეციური განგებულება ადამიანისთვის მიუღწევია,
რომ უაზროა მასზე ფიქრი მიწიერთათვის,
რომ მოკვდავების დაბადება, სიცოცხლე და გარდაცვალება უფლის ნებაა,

ვინც მოუწოდებს ყველას და ამბობს:
„კურთხეული იყოს ჩემი საყვარელი!» —
მაშინ ბუნდოვანია წინათგრძნობები, რადგან, თუ საერთო საქმის
ფილოსოფოსი მართალი იქნა და მომავალი აღდგომისთვის
ყველაზე ზუსტი ციფრი დაგვჭირდა,

მისი აღება აქედანაც ხომ შეიძლება და უარყოფა
სხვა მოაზროვნის მწარე სიტყვებით უნდა დამტკიცდეს,
რომ პოეზია ოსვენციმის და გულაგის შემდეგ, სისხლიანი
რევოლუციებისა და ომების, ხიროსიმას, ბაღდადისა და ნიუ-იორკის
შემდეგაც შეიძლება იყოს, მაგრამ როგორი? — ვინ იცის — ალბათ ასეთი.