ქარის თავადი
(ნაწყვეტი რომანიდან)
ქარის ბუნების მქონე ადამიანი წელში მოხრილია, გამხდარია, მწვანე ფერი გადაჰკრავს. თხელი აღნაგობა თავისთავად ბევრს ლაპარაკობს, ვერ იტანს სიცივეს, ნისლს და ყველაფერს, რაც სიცივისა და ნისლისგან იბადება. ბუნებისგან ბევრი არაფერი ერგო, ხანმოკლე სიცოცხლე და ზედაპირული ძილი.
ის მოჩვენებათა შემოქმედია, სიმღერის, სიცილის, ჩხუბისა და სროლის თაყვანისმცემელი. აქვს გრიფის, გიენის, ძაღლის და მელას ნიშნები. სროლაში განსაკუთრებით დახელოვნებული ადამიანი არ ფლობს ქარის ბუნებას. ადამიანი კი, რომელიც განსაკუთრებით დახელოვნებულია მოჩვენებების შექმნაში, ფლობს მას, როგორც ქარის მბრძანებელი და თავადი, რომელსაც აქვს ლომის ნიშნები.
„ვაიდუ-ონბო, ტიბეტური სამედიცინო ტრაქტატი“
ასეთი არაჩვეულებრივი დამთხვევები და ჭკვიანური ხრიკები შეადგენს საზოგადოების მსახურების ამ უმნიშვნელოვანესი სფეროს თავისებურებას.
ჩარლზ დიკენსი. "დეტექტიური პოლიცია"
ნაწილი 1. ჩრდილების თეატრი
თავი 1. განაჩენი
1
როგორც ცნობილია, 1893 წელს მოსკოვის დეტექტიური პოლიციის ლეგენდარული უფროსი ივანე დიმიტრის ძე პუტილინი პენსიაზე გავიდა და დასახლდა ნოვგოროდის გუბერნიაში, ვოლხოვის ნაპირზე, კოხტა სახლში, ვაშლის ბაღით. მალე, ვერ გაუძლო რა ცდუნებას, ცნობილი გამომცემლის მიერ შემოთავაზებულ შთამბეჭდავ ავანსს, მოემზადა მემუარების საწერად.
ორი კვირის განმავლობაში დიდი ენთუზიაზმით შეიმუშავა მომავალი ჩანაწერების გეგმა, მოიფიქრა თავების სათაურები და შეარჩია მათთვის ეპიგრაფები, მაგრამ ბოლოს გააცნობიერა, რომ ნაკლებად შესაძლებელია დამოუკიდებლად აქციოს ეს ყოველივე რამე ღირებულად.
ვიღაცამ მას პეტერბურგელი მწერალი საფრონოვი ურჩია.
თუმცა წერილში საფრონოვმა ამბიციურად მოითხოვა გამომცემლის მიერ დაპირებული ჰონორარის ნახევარი, პირად შეხვედრაზე მესამედზე დათანხმდა, რადგან გაიგო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, იპოვიდნენ სხვას უფრო იაფად.
მათ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, საფრონოვმა ივან დმიტრიევიჩი მატარებლამდე მიაცილა. როცა ნახევარს ითხოვდა, მეოთხედს ელოდა და ახლა სასიამოვნოდ აღელვებული ამბობდა, რომ შეეცდებოდა თავისი სტილი საშუალოდ გამოეხატა, ნაკლებად ინდივიდუალური ყოფილიყო, რომ არ დაეჩრდილა მემუარისტის პიროვნება და საკუთარი პიროვნებით არ ჩაენაცვლებინა.
სადგურზე ერთმანეთს დაემშვიდობნენ, ორი დღის შემდეგ კი საფრონოვი იმავე მატარებლით ესტუმრა ვოლხოვის ნაპირებს.
აქ, ივან დმიტრიევიჩის სახლში, ის ცხოვრობდა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, წერდა მასპინძლის მოგონებებს. მერე საჭირო იყო ამ ჩანაწერების დამუშავება და წიგნის დასაბეჭდად მომზადება. წიგნს მხოლოდ ერთი ავტორი უნდა ჰყოლოდა, ამიტომ ეს პროექტი თავად საფრონოვს არ ჰპირდებოდა დიდებას, მხოლოდ ფულს, თუმცა ამითვისაც ღირდა ტანჯვა.
ერთი თვის განმავლობაში, ივან დმიტრიევიჩის პირად ცხოვრებაში ყოველდღიური ხეტიალის შედეგად, მწერალმა სამი ფანქარი გალია, შუა თითზე ნაწიბური ჩამოუყალიბდა, ერთი სახის ფანქარი მეორენაირმა შეცვალა, მაგრამ მაინც წამების ინსტრუმენტად დარჩა.
ბაღში უკვე ბოლო ვაშლები დაიკრიფა, ფოთლები გაყვითლდა, დილით მდინარემ ნისლში დაიწყო გახვევა, როცა საფრონოვმა რამდენიმე რვეულის გავსების შემდეგ გადაწყვიტა, რომ წასვლის დროა. მასალა საკმარისი იყო, პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ სტილისტურ გადახედვას და ყველა ისტორიის ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დალაგებას, ისტორიული ფონის შექმნას, ცოტა ამინდისა და ფსიქოლოგიის ჩამატებას საჭიროებდა.
საფრონოვი უკვე მოუთმენლად ელოდა, როგორი ტკბილი იქნებოდა ამ უპრეტენზიო საქმისადმი თავის მიძღვნა სახლში, ჩუმად, ხალათში, საყვარელი კატის გვერდით და სავარძელში მძინარე არასაყვარელი ცოლის გვერდით, რომელსაც ეყო გამბედაობა ეღიარებინა, რომ რაც უფრო უფორმო ხდებოდა მისი ბიუსტი და რაც უფრო ფართო წელი, მით უფრო სურნელოვანი უნდა ყოფილიყო ქმრის ოფისში მიტანილი ყავა და უფრო ფაფუკი ჩაისთან ერთად მიტანილი ფუნთუშა.
ცოტა წინ თუ გავუსწრებთ მოვლენებს, ვიტყვით რომ გაზაფხულზე სამუშაოები დასრულდა. როგორც კი ივან დმიტრიევიჩის მემუარებმა სტამბა დატოვა, საფრონოვმა გაანადგურა მისი ყველა რვეული ჩანაწერებით, გარდა ერთისა, რომელიც მის არქივში იყო დაცული. მასში აღწერილი ამბავი წიგნში არ შესულა. ალბათ, საფრონოვმა ის მომავლისთვის შეინახა, როგორც საკუთარი რომანის სიუჟეტი, მაგრამ დაწერას ჯერ არ აპირებდა.
ეს იყო საკმაოდ სქელი რვეული მწვანე გარეკანით, ყდას შიგნიდან მიწებებული ჰქონდა ჟურნალიდან ამოჭრილი ორი გვერდი, სადაც ივანე დმიტრიევიჩის წიგნზე გამოხმაურება იყო დაბეჭდილი. მიმოხილვის ტექსტში ხაზგასმული იყო ფრაზა: — მისი ნიჭის ჯადოსნური ჯარა თანაბარი ოსტატობით ქსოვს ორივე ძაფს, სიუჟეტურსაც და ფსიქოლოგიურსაც. კუთხეში მინაწერი ჰქონდა: «ჯარას არ შეუძლია ქსოვა!» უფრო ქვევით კი ეს აზრი უარყოფილია სხვა მინაწერით: „ჩვენ ვსაუბრობთ ჯადოსნურ ძაფის ჯარაზე, ჯადოსნურს ყველაფერი შეუძლია!“
ზოგან, რვეულის ფურცლებს შორის, 1913-1914 წლების გაზეთ „აზიიდან“ ამონარიდებია ჩასმული. ამ ყველაფერიდან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ორი ათეული წლის შემდეგ, საფრონოვს ხელახლა განუახლდა ინტერესი ამ ამბისადმი. თუ რატომ, ეს ბოლოში გახდება ცხადი. ანალოგიურად, ამ ჩანართების მნიშვნელობა სრულ საიდუმლოდ რჩება, სანამ ფინალამდე არ მივაღწევთ. თუმცა, თქვენ მაშინვე შეამჩნევთ, რომ ისინი ყველა დაკავშირებულია მონღოლეთთან და წარმოადგენს შერჩეულ ადგილებს რუსი ოფიცრის სოლოდოვნიკოვის მოგონებებიდან, რომელიც 1913 წელს იმყოფებოდა მონღოლ აჯანყებულთა არმიაში, როგორც სამხედრო ინსტრუქტორი.
წელიწადნახევრის წინ გარე მონღოლეთმა (ხალხამ) გამოაცხადა დამოუკიდებლობა პეკინისგან და სოლოდოვნიკოვს უნდა ჩამოეყალიბებინა მებრძოლი ნაწილები ჩინელებთან საბრძოლველად.
ერთი შეხედვით, მისი ჩანაწერები ბლოკნოტის ირგვლივ მიმოფანტულია ყოველგვარი კავშირის გარეშე სხვა ჩანაწერებთან. მაგალითად, საფრონოვის მონათხრობი ივან დმიტრიევიჩის გაცნობის შესახებ გრძელდება შემდეგი ჩანაწერით:
„ვიხსენებდი რა ჩინგის ხანს, მე მეგონა, რომ, როგორც უკიდურესად მეომარი ხალხი, მონღოლები მოისურვებდნენ ბრძოლას და მე მომიწევდა მათი გულმხურვალების შეკავება მანამ, სანამ არ დაეუფლებოდნენ უახლეს ევროპულ იარაღს და თანამედროვე ომის ტაქტიკას. ძალიან მალე დავრწმუნდი, რომ ჩემი წარმოდგენები მათ შესახებ ისეთივე შორს არის რეალობისგან, როგორც დღევანდელი მონღოლები თავიანთი წინაპრებისგან.
ისინი ახლა ბუდისტები არიან და „ყვითელი რელიგიის“ მიერ მათში ჩანერგილი პაციფიზმის სიგიჟე, ნამდვილ წყევლად იქცა ამ ღარიბი ტომისთვის. მანევრებზე მთელი ესკადრონები ტოვებდნენ პოზიციებს და მიდიოდნენ მეზობელ მონასტერში ,,ლოცვაზე დასასწრებად», ავტომატებს ასხურებდნენ თვითნახად არაყს, მაგრამ, წესისამებრ, არ ზეთავდნენ, ბრიგადის შტაბში მყოფი ლამები გამუდმებით ერეოდნენ ჩემს ბრძანებებში და ისეთ რელიგიურ გულმოდგინებას იჩენდნენ ჩვენი ქვედანაყოფების განლაგების ან არტილერიის გამოყენების საკითხებში, რომ ეჭვი მეპარებოდა, რომ ისინი ჩინელი ჯაშუშები იყვნენ. რატომღაც ყოველთვის ბევრი წყალი იყო იქ, სადაც ვაზნები ინახებოდა და ტყვიამფრქვევის კოლოფებში ტყვია საერთოდ არ იყო. ხარებს შორის, რომლებიც იარაღის ტარებისთვის იყო საჭირო, რეგულარულად ჩნდებოდა ჭირი, ისინი მიჰყავდათ აცრებზე, რის შემდეგაც უკვალოდ ქრებოდნენ გამრეკებთან ერთად. ბევრი დეზერტირი იყო, მაგრამ ქურდები უფრო მეტი, ყველა ერთმანეთს რაღაცას პარავდა და თან ამავე დროს საჩუქრებსაც უკითხავდნენ ერთმანეთს. ყველა კეთილი ზრახვებით იყო სავსე და არავინ არაფერს აკეთებდა.
უმნიშვნელოვანესი საბუთები ჩემს მონღოლ უფროსებს კვირების განმავლობაში ეწყოთ მაგიდაზე და ისიც კარგი იყო, საერთოდ თუ არ დაიკარგებოდა. სამაგიეროდ იზრუხაიჩინის მკითხავები უჩვეულოდ აქტიურობდნენ. სამხედრო ოპერაციების გეგმები მოწმდებოდა ცაში ვარსკვლავების განლაგებით და ცეცხლში ჩაგდებული ცხვრის გვერდზე გაჩენილი ნაკეცების მოხაზულობით და ბრძანება ნომრით, რომელსაც ეს მშვილდოსანი პითიელები მიიჩნევდნენ უიღბლოდ, არ სრულდებოდა სუფთა სინდისით, რადგან თავად ეს რიცხვი უბრალოდ ამოღებული იყო კალენდრიდან.
მეორეს დაუყოვნებლივ მოსდევდა მაგალითად, მესამე მთვარის დღე, მერე იყო მეოთხე, რასაც მოჰყვებოდა ორი მეხუთე. ყოველი თვის, რიცხვების მესამედი ცხადდებოდა არარსებულად და ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი შეიძლება აღნიშნულიყო ერთი და იმავე თარიღით, რის შესახებაც შაბათ დილით ვიგებდი.
ველური ყვირილით, რომელიც ოდესღაც აფრთხობდა ყველა ცოცხალ არსებას პეკინიდან იერუსალიმამდე, ჩემი მონღოლები შეტევაზე გადადიოდნენ, მკვლელობის წყურვილით აღვსილები, წარსული დიდების ხსოვნისგან დამთვრალნი, მაგრამ პირველივე ქვემეხის გასროლისას მიმოიფანტებოდნენ ხოლმე.
დისციპლინის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებად რჩებოდა ჯოხები. მე მიუღებლად მიმაჩნდა განმათავისუფლებელ ჯარში გაროზგვა, სამხედრო სამინისტროში ჩემს მიზეზებს ისეთი ღრმა და გულწრფელი გაგებით შეხვდნენ, რომ მეგონა თავისთავად ამოიწურა პრობლემა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ისედაც უნდა მოგვარებულიყო.
ბოლოსდაბოლოს მეც ხელი ჩავიქნიე და ვითომ ვერაფერს ვამჩნევდი, როცა ბრიგადის შემსრულებლებს საზეიმო პატივმოყვარეობით, თითქოს რომელიმე კულტს ეკუთვნოდნენ, ფორმირების წინ შავი გალაქული ყუთი მიჰქონდათ, სადაც ბამბუკის ჯოხი იდო. ამბობდნენ, რომ ეს ჯოხი თავად დიდ აბატაი-ხანს ეკუთვნოდა და დამზადებული იყო ბამბუკისგან, რომელიც სასწაულებრივად ამოსულიყო ღამით რომელიღაც წმინდა ლამას თავის ქალიდან, რათა ღარიბ ქვრივს შეძლებოდა ეხმია მისი ახალგაზრდა, ნაზი ყლორტები.
ერთ-ერთი ასეთი ჯოხი, ახლა ინახებოდა შტაბში ფულის ყუთთან და რაზმის დროშასთან ერთად. თუმცა, მისგან სარგებელი ჯერ კიდევ მცირე იყო, მონღოლებს საკუთარი წარმოდგენები ჰქონდათ ამა თუ იმ დანაშაულის სიმძიმის შესახებ. მხედარი, რომელიც ცხენის ზურგს ოფლში გახვითქავდა, შეიძლება ცემით სიკვდილის პირას მიეყვანათ, ხოლო მდინარის გადასვლის დროს დამხრჩვალ, სროლის მანძილის გამომთვლელს დამნაშავისკენ მიმართული გაუბედავი წივილი მიჰქონდა თან.
გარდა ამისა, ვერ გადავწყვიტე, რის საფუძველზე იქნებოდა უფრო უკეთესი ესკადრილიების და რაზმების შექმნა. წესრიგი უფრო მეტი იყო ჯგუფური ნიშნის მიხედვით ჩამოყალიბებულ რაზმებში, მაგრამ გადახრები უფრო საშიში. შერეულ ერთეულებში ქაოსი სუფევდა, მაგრამ დისციპლინის მასიური დარღვევის ალბათობა მცირე იყო. მათ გიჟურ კალენდართან ერთად ამ ყველაფერმა სასოწარკვეთილებამდე მიმიყვანა, დამქანცა და დამასუსტა, როგორც აკვიატებულმა კოშმარმა.
„აღმოსავლეთის ხალხისთვის, დღის ყველა საათი ერთნაირია”, — თქვა კიპლინგმა ინდოეთის რკინიგზის სამგზავრო მატარებლების ძალიან სპეციფიკურ განრიგზე. ამ ჭეშმარიტების უნივერსალურობა ჩემთვის აშკარა გახდა ბოგდო-გეგენ მერვე ურგინის ხუტუხტას და ამჟამად, შეთავსებით, მონარქის, ქალაქგარე სასახლეში სტუმრობისას. დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში ჩვენ, ანუ ბრიგადის მეთაურობა, რომელსაც სამხედრო მინისტრი ხელმძღვანელობდა, ველოდით მიღებას, შემდეგ აუდიენცია გაგრძელდა იმდენივე ხანს და მთელი ამ ხნის განმავლობაში, თითქმის უწყვეტად, მესმოდა ხმა სხვადასხვა კედლის, მაგიდის თუ დასადგამი საათებისა. ისინი დიდი რაოდენობით იდგნენ და ეკიდნენ სასახლის გადასასვლელებში, ანფილადებში, მისაღებ და საცხოვრებელ ოთახებში.
ამიხსნეს, რომ თავისი ბოლო სამი გარდასახვის პერიოდში ბოგდო გეგენი აგროვებს საათებს, ძირითადად დარტყმის ხმით და მუსიკით. ამიტომაც საათებს ჩუქნიან ვაჭრები, მომლოცველები, ჩინოვნიკები, უცხოელი დიპლომატები, მაგრამ წელიწადნახევრის წინ, ტრაქომის მწვავე ფორმით დაავადების მერე, კინაღამ დაკარგა მხედველობა და მთელი თავისი ძალა მიუძღვნა ბრძოლას შეთქმულების მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებმაც თავიანთი შანსი მის სიბრმავეში დაინახეს. რაღაც მოიშალა სასახლის ცხოვრების იმ აწყობილ მექანიზმში, რომელთანაც საათის მექანიზმები იყო დაკავშირებული.
საათის დაქოქვა საერთოდ შეწყვიტეს, ან ქოქავდნენ, მაგრამ ისრების გასწორება ავიწყდებოდათ. ზოგი გაჩერდა და მათგან, ვინც ჯერ კიდევ აგრძელებდა მუშაობას, უმეტესობა სხვადასხვა დროს აჩვენებდა. შესაბამისად, ზოგი დროზე ადრე რეკდა, ზოგი მოგვიანებით. მთელი დღე და ღამე, ხან აქეთ, ხან იქით, ხან კიბეებზე, ხან სატახტო ოთახში, იშლებოდნენ ზამბარები, ურტყამდნენ ჩაქუჩები, ჟღერდა ოპერის უვერტიურების ნაწყვეტები, უკვე არარსებული იმპერიების ჰიმნები ან რაიმე სახის მარშის ორი-სამი ტაქტი, რომლის თანხლებითაც ბრძოლაში მიდიოდნენ პოლკები, რომელთა ძვლებიც კი აღარ დარჩა უკვე საფლავებში.
მარადისობის სახლი, აგურისგან დამზადებული მუსიკალური ყუთი, რკინის სახურავიანი, მწვანესათვალიანი ბუდას სამეფო რეზიდენცია. ამ სასახლემ შემდგომში გამახსენა, რომ თუ მონღოლები მას ერთ-ერთ მთავარ სალოცავად თვლიან, მე არ მაქვს უფლება ძალიან ბევრი მოვითხოვო მათგან.
მაგრამ მოდით დავუბრუნდეთ საფრონოვის ამბავს.
მაშასადამე, მეორე დღეს ის აპირებდა პეტერბურგში დაბრუნებას. ჯერ კიდევ თბილოდა და მან და ივან დმიტრიევიჩმა ივახშმეს ვერანდაზე, რომელიც ორივე მხრიდან ვაშლის ბაღით იყო გარშემორტყმული. მესამედან იხსნებოდა ვოლხოვის ხედი, მომკული ველებით, რომლებიც კუთხიდან ეშვებოდნენ ტირიფების ზოლისკენ მოპირდაპირე ნაპირზე.
სუფრაზე მათ გარდა პეიზაჟისტი მჟელსკი იყო, მტკიცე პროფილის და სევდიანი სამხრეთელი თვალების მქონე ახალგაზრდა კაცი. ის დაახლოებით ორი კვირის წინ ჩამოვიდა ესკიზებისთვის და სოფელში ადგილობრივ მდაბიოსთან ერთად ცხოვრობდა.
— უცნაური რამ არის, — თქვა ივან დმიტრიევიჩმა ჩვეული ხრინწიანი სახით და მისკენ მიბრუნდა, — სექტემბერი ახლა მდიდრულია, ჩვენი ადგილები ულამაზესია და შეხედე შენს სურათებს — წვიმს, ქარია, ხეები იხრება, ჩალა იშლება სახურავებიდან.
— გუშინ წვიმდა, — იმართლა თავი მჟელსკიმ.
— და პარასკევსაც წვეთავდა.
— პარასკევს? რაღაც ვერ შევამჩნიე.
— იყო, იყო, ივან დმიტრიევიჩ, — დაადასტურა საფრონოვმა.
— ჰო, მაგრამ, ერთხელ მაინც დაგეხატათ ნათელი დილა, წყნარი საღამო, ანდა ნისლიანი გარიჟრაჟები, ან სისხლიანი მზის ჩასვლა, შებინდება, რაღაც საბედისწერო ნაპერწკლის კრთომა ღრუბლებს შორის. ღრუბლები დაძენძილები არიან, თითქოს კატებმა იჩხუბესო ზედ.
— დიახ, აი, აქ არის! — ანიშნა მჟელსკიმ კედელზე მიყუდებულ, ჯერ არ გამშრალ ახალ ესკიზზე. ყველაფერი მშვიდია, ერთი ფოთოლიც არ მოძრაობს.
— ეს როგორ გავიგოთ? თუ ქარი არ არის, მაშინ მომენტია ჭექა-ქუხილის წინ. მზე ღრუბლებიდან გამოიხედავს, ეს ნიშნავს — ჭექა-ქუხილი გადავლილია. უბრალოდ ისე, არაფერი კარგი არ ხდება.
— ჯერ არ ხართ მზად! ვფიქრობ, რომ ჩახვალთ იტალიაში, მაშინვე დაიწყებთ ზღვის ხატვას მზის ქვეშ, ცისფერი ცა, ფიჭვები, პალაცო, ბრწყინვა, სინათლე. გოგოები ყურძენს მიირთმევენ, ბანაობენ. ბავშვები ცეკვავენ. აქ ხომ უმრავლესობა ქალებისა ქვრივია ან ჯარისკაცი, ან ჯოხით თხას დასდევს. თუ ბავშვებია და ოთხთვალას ეზიდებიან ყინვაში, ან ჭექა-ქუხილს გაურბიან.
— გგონიათ იტალიაში არ წვიმს? რომ დაუშვებს, მთელი კვირა ცხვირს ვერ გამოყოფთ სასტუმროდან.
— თქვენ ყოფილხართ იტალიაში? — იკითხა მჟელსკიმ.
— ვყოფილვარ!
ივან დმიტრიევიჩმა შეხედა საფრონოვს, რომელმაც გაკვირვებული სახე მიიღო და დაამატა, რომ ეს წიგნისთვის არ გამოდგება, ის იქ პირადი საქმის გამო იმყოფებოდა.
— მხოლოდ პირადი? — არ დაიჯერა საფრონოვმა, რომელმაც უკვე იცოდა, რომ ივან დმიტრიევიჩის ცხოვრებაში ყველა პირადი საქმე ერთგვარად იყო გადაჯაჭვული ოფიციალურთან.
— დიახ, ვიმყოფებოდი როგორც კერძო პირი, თუმცა ირიბად ეს მოგზაურობა ერთ დანაშაულთან იყო დაკავშირებული, რომელსაც მაშინ ვიძიებდი.
— მშვენიერია, მოგვიყევით! წინ მთელი საღამო გვაქვს.
— რა თქმა უნდა, მოგისმენთ, საინტერესოა! — დაუჭირა მხარი მჟელსკიმ, იმ იმედით, რომ თან ივახშმებდა.
— ვშიშობ, ჩემი მონათხრობი იმედებს გაგიცრუებთ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იტალიას არ ეხება, არამედ მონღოლეთს, — უპასუხა ივან დმიტრიევიჩმა.
— თქვენ ყოფილხართ მონღოლეთში?
— არა! მაგრამ ყოველთვის მინდოდა სტუმრობა. ამბობენ, რომ საოცრად ლამაზი ქვეყანაა, თუნდაც თქვენი საზომით რომ გავზომოთ. გამიგია, რომ მდინარე, ტოლას" ხეობა, სადაც მონღოლთა წმინდა ქალაქი ურგა მდებარეობს, ლომბარდიის ხეობებს წააგავს.
— კარგი, დროს ნუ წელავთ, დაიწყეთ! მე მზად ვარ! — თქვა საფრონოვმა და თავისკენ მიიზიდა სუფთა რვეული, რომელიც მწვანე ყდაში იყო ჩასმული.
აქედან სულაც არ არის საჭირო დავასკვნათ, რომ ყოველივე ქვემოთ მოყოლილი მისი ჩანაწერის პირდაპირი გადმოცემაა. თუმცა, არც ამ ჩანაწერებში დაფიქსირებულა ივან დმიტრიევიჩის ამბავი სიტყვასიტყვით. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო და არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რეალობის უზადოდ შესრულებული ზუსტი ასლი. სამივე შემთხვევაში განსხვავება საკმარისად დიდია. პირველ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს იმდენად თვალშისაცემი, ვიდრე დანარჩენ ორშია. მაგრამ რვეულში ჩასმული სოლოდოვნიკოვის ჩანაწერების ტექსტი ხელუხლებლად იყო შემონახული.
2
მაისის იმ დილით, ივან დმიტრიევიჩი საუზმობდა თავის ცამეტი წლის ვაჟიშვილ ვანეჩკასთან ერთად, მის ერთადერთი შვილთან, რომელიც ბალღობაში სიკვდილს გადაურჩა. ცოლი მაგიდასთან არ ჯდებოდა. კაცებს რომ ასაუზმებდა და ერთს სამსახურში გაგზავნიდა, მეორეს კი გიმნაზიაში, ეგონა, კიდევ ცოტა ხანს დაიძინებდა. ადრე ასეთი გეგმებს არ ამხელდნენ, მაგრამ ახლახან მეზობელმა იგი შეაიარაღა სტატიით ქალთა ჟურნალიდან, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ქალის ორგანიზმს გაცილებით მეტი ძილი სჭირდება, ვიდრე მამაკაცისას. ამიტომაც ცოლი ისევ საწოლში წვებოდა ხოლმე თავისი უდანაშაულობის სრული შეგნებით.
კარგი, როგორც ვხედავ, მოგბეზრდა და არ გინდა შვილთან საუბარი! — თქვა მან და ივან დმიტრიევიჩს გაზეთი წაართვა, — მაგრამ თუ გადაწყვეტილი გაქვს საბოლოოდ გაინადგურო საჭმლის მონელება, წიგნი მაინც წაიკითხე! დიდი ხანია წიგნთან ერთად არ მინახიხარ!
ართლაც, როგორც დეტექტიური პოლიციის უფროსი, ივან დმიტრიევიჩი მუდმივად დაკავებული იყო, ცოტას კითხულობდა და საერთოდ არ იცნობდა თანამედროვე მწერლებს. როდესაც ორი საათის შემდეგ მას აცნობეს, რომ მწერალი ნიკოლაი კამენსკი მოკლეს თავის ბინაში კარავანაიას ქუჩაზე რვა ნომერში, მან პირველად გაიგონა მისი სახელი.
მოხსენებით გამოჩნდა აგენტი გეიპელი, მეტსახელად, სტუდენტი», რადგან ბოლომდე არ ჰქონდა სწავლა დამთავრებული. მან კამენსკის ბოლო წიგნიც მოიტანა, ყოველი შემთხვევისთვის ეყიდა. ივან დმიტრიევიჩმა წიგნი ჯიბეში ჩაიდო და გეიპელი მეეტლესთან გაგზავნა. ეკიპაჟი ხუთ წუთში მზად იყო. როგორც კი დასხდნენ, მათ შუახნის ასაკის, ძვირფას პალტოში ჩაცმული, ხელჯოხიანი მამაკაცი მიუახლოვდათ.
— მახსოვხარ, მახსოვხარ! — თქვა გაკვირვებისგან პირდაღებულმა ივან დიმიტრიევიჩმა, — პეჩენიცინი გქვია, ობუხოვის ფსიქიურად დაავადებულთა საავადმყოფოს დირექტორი ხარ და ერთი კვირის წინ მესტუმრე, ვიღაც გიჟი გაგექცათ.
— ვერ იპოვეთ?
— არც გვიძებნია! ხომ გითხარით, ჩვენ მსგავს საქმიანობას არ ვეწევით.
ეკიპაჟი დაიძრა, მაგრამ პეჩენიცინი გვერდით მოდიოდა, ხელი ეტლის სახელურისთვის ჩაევლო.
— მე აქ ჩამოვწერე მისი განაკუთრებული ნიშნების ჩამონათვალი! — თქვა მან, — აიღეთ გთხოვთ! იქნებ რამეში გამოგადგეთ?
უფრო სიბრალულის გამო, ივან დმიტრიევიჩმა გამოართვა ეს ჩამონათვალი, ცოტა მოგვიანებით გადახედა და იფიქრა, რომ ასეთი ნიშნების მიხედვით, ქუჩაში ყოველი მეორე ადამიანის დაჭერა შეიძლებოდა. მართალია, იყო ერთი მართლაც განსხვავებული ნიშანი, მუწუკი ცხვირის ძგიდეზე, მაგრამ შეიძლებოდა მისი უფრო მხატვრულად აღწერა.
— ჩვენ თვითონ გავგიჟდებით, თუ გიჟების გამოდევნებას დავიწყებთ! — უთხრა მან გაიპელს.
მან თავი დაუქნია. კარგად დაქუცმაცების შემდეგ ივან დიმიტრიევიჩმა ფურცელი გადააგდო, ამოიღო კამენსკის წიგნი და ხელახლა წაიკითხა სათაური: "გზაჯვარედინზე". სარჩევი მიუთითებდა, რომ ეს იყო არა რომანი, არამედ მოთხრობების კრებული. ივან დმიტრიევიჩი ბედს ენდობოდა, რომელიც ასეთ შემთხვევებში მას ყოველთვის სწყალობდა და ახლაც შემთხვევით გადაშალა წიგნი, როგორც მკითხაობისას და გაიხსნა მოთხრობაზე «ჩრდილების თეატრი». ივან დმიტრიევიჩმა მისი წაკითხვა ქარავანნაიასკენ მიმავალ გზაზე მოახერხა.
სიუჟეტი შემდეგში მდგომარეობდა.
სანკტ-პეტერბურგში ჩადის ჩინეთის საელჩოს შემადგენლობაში მყოფი მონღოლი თავადი ნამსარაი-ჰუნი, „მედროშე არმიის“ პოლკოვნიკი, ჩინგიზიდი, რომელსაც აქვს ქუდზე ფარშევანგის ორი სამქიმიანი ბუმბულის ტარების უფლება. ელჩთან ერთად სტუმრობს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს, ესწრება მეჯლისებს, დადის ოპერაში. ყველაფერი, რასაც ხედავს, ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს მასზე. ერთი თვის შემდეგ, ნამსარაი-ჰუნი აცხადებს, რომ მას სურს ქრისტიანობა მიიღოს და მოინათლოს ბერძნული წესით.
დრაგომანი ნ., რომლის სახელითაც მიმდინარეობს თხრობა, პირველია, ვინც შეიტყობს პრინცის ამ განზრახვის შესახებ, რომელიც ჩვეულებრივი ამბავია ციმბირის უცხოტომელების შემთხვევაში, მაგრამ ბუდისტისთვის ძალიან უჩვეულო. შემთხვევა უნიკალურია, მსგავსი პრეცედენტი არ მომხდარა, მაგრამ მაინც მრავალი ეჭვის, სასულიერო პირებთან კონსულტაციების და ბიუროკრატიული დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, რომლებიც თავიდანვე ფანტასმაგორიულ ელფერს აძლევს მონათხრობს, სალტიკოვ-შჩედრინის სულისკვეთებით, გადაწყდა, რომ დაეკმაყოფილებინათ ნამსარაი— ჰუნის სურვილი.
თავადის მოთხოვნით, ნათლობა ფარულად, აღესრულა. მის ამალას, საელჩოს სხვა წევრებს, თავად ელჩს არაფერში ეჭვი არ შეპარვიათ. ეს არ გამოიწვევდა დიპლომატიურ გართულებებს, საუბარი არ იყო თავადის რუსეთის მოქალაქეობაზე გადასვლაზე, მაგრამ სამინისტროს მოხელეებს არ სჯეროდათ, რომ ამიერიდან ნამსარაი-ჰუნი შეძლებდა ისევე მომსახურებოდა პეკინს, როგორც აქამდე. აღმსარებლობის შეცვლაში მათ, როგორც ჩანს, გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტი ამოიკითხეს. ეს აზრი დაინახეს თავადის სიმბოლურად გამოხატულ მზაობაში, წვლილი შეიტანოს რუსეთის გავლენის გაძლიერებაში ცენტრალურ აზიაში. ეს ასეა თუ არა, ამის გადამოწმება დაევალა იგივე დრაგომან ნ. — ს.
ნათლობის შემდეგ ნამსარაი-ჰუნი იღებს მილოცვებს თანამდებობის პირებისგან და საჩუქრებს ცოლებისგან, შემდეგ ნ. სთან ერთად მიდის თავის განსასვენებელში და აქ, ჩაის მირთმევისას, ცხადი ხდება მონღოლ თავადზე დამყარებული იმედების ამაოება.
გაირკვა, რომ ორი კვირის წინ, მარიინსკის თეატრში შარლ გუნოს ოპერის ,,ფაუსტზე» დასწრებისას, ნამსარაი-ჰუნმა შეიტყო, რომ მსოფლიოში არსებობს ეშმაკი, რომელსაც შეუძლია ადამიანმა მიჰყიდოს სული, უფრო სწორად, გაცვალოს იგი ნებისმიერი სურვილის ასრულებაზე. საელჩოს მიერ მიჩენილმა ერთ-ერთმა მთარგმნელმა თავადს აუხსნა, რომ ასეთი გარიგებები განსაკუთრებული ხელშეკრულებით დასტურდება. მელნისა და ტუშის ნაცვლად გამოიყენება სისხლი, აღმოჩნდა, რომ ეშმაკს მხოლოდ მონათლული სულები სჭირდება. ის არ ცნობს სხვა გარემოებებს და არანაირ კავშირს არ ამყარებს სხვებთან.
ამ შესაძლებლობამ მოხიბლა ნამსარაი-ჰუნი. ნ-სთვის საიდუმლოდ დარჩა, რისი მიღება სურდა მას კაცობრიობის მტრისგან, მაგრამ შესაძლებელი გახდა ფიქრების ლოგიკის აღდგენა, რამაც იგი ნათლობის ემბაზამდე მიიყვანა.
ონონის ნაპირებზე, სტეპებში გატარებული ბავშვობიდან ნამსარაი-ჰუნიმ მტკიცედ შეითვისა, რომ ყველა ადამიანს სამი სული აქვს: სენ-სუნსი კარგი სულია, დუნდ-სუნსი არის საშუალო და მუ-სუნსი ცუდია, ანუ ბოროტი. სწორედ ეს უკანასკნელი უნდა გამხდარიყო ეშმაკთან ვაჭრობის საგანი. თავადმა გულწრფელად აუხსნა მღვდელს, რომ მას სურდა მისი სამი სულიდან მხოლოდ ერთის მონათლა — მუ-სუნსისა, მაგრამ მთარგმნელმა არასწორად გაიგო და ეს გამოთქმა თარგმნა არა როგორც „ცუდი», ან ბოროტი სული», არამედ როგორც «ცოდვილი სული». ბუნებრივია, ნამსარაი-ჰუნის მხრიდან ეს მიჩნეულ იქნა აღიარებად იმისა, რომ ის ადრე ცოდვაში იყო, ცრუ „ყვითელ რწმენას“, ანუ ბუდიზმს ასწავლიდა, მაგრამ ახლა მას სურს ნათლობით განიწმინდოს.
მღვდელმა ეს ცოდვების აღიარებად ჩათვალა, დაამშვიდა თავადი და ცერემონია მსუბუქი გულით, ოდნავი ყოყმანის გარეშე შეასრულა.
როცა საქმის არსი ცნობილი გახდა ნ.-სთვის და მისი უფროსებისთვის, სულელურ მდგომარეობაში ჩავარდნილებმა, გაჩუმება ამჯობინეს, თავად თავადი კი დარწმუნებული იყო, რომ საჭირო ხარისხის განძი შეიძინა და მყიდველი არ დააგვიანებს.
ის არ ჩქარობს, თუმცა საელჩო უკვე ემზადება პეტერბურგიდან გასასვლელად, მოსამსახურეები ნივთებს აწყობენ. რამდენიმე დღე დარჩა, მაგრამ ნამსარაი-ჰუნი იმედს არ კარგავს. ამაოდ ცდილობს ნ.-სგან გაარკვიოს, რა საფასურის გადახდა მოუწევს თავისი მონათლული ნაწილისთვის მუ-სუნსისთვის.
თავადი დუმს. ყოველ ჯერზე, როგორც კი საათი შუაღამის ზარს ჩამოკრავს, დერეფნის კარს აღებს ან ფანჯარასთან მიდის, უსმენს, ქუჩის სიბნელეში იყურება და ელოდება. არავინაა, ზეგ კი საელჩო სამშობლოში ბრუნდება.
გამგზავრების წინა საღამოს დრაგომანი ნ. სამთავრო აპორტამენტებში გვიანობამდე დარჩა. სახლში წასვლის დრო მოვიდა, მაგრამ თითქოს რაღაც აკავებსო. ნამსარაი-ჰუნის ოთახი ცარიელია, მსახურებს სძინავთ, თავადი თვითონ ასხამს ჩაის ნათლობის შემდეგ ნაჩუქარი სამოვარიდან. ფანჯრებს მიღმა პეტერბურგის ნესტიანი სექტემბერია, ფოთლების შრიალი და თუნუქის სახურავზე ქარისგან ატეხილი ჭრიალი ისმის.
ორპირი ქარისგან მაგიდის ლამფის ალი კანკალებს, ჩრდილები ეშვებიან კედლების გასწვრივ და იკეცებიან კუთხეებში, იმალებიან ფარდების მიღმა და, ახალი ქარის შემობერვაზე, კვლავ იწყებენ ცეკვას კედლებზე. რაც უფრო ახლოა შუაღამე, მით უფრო ხშირად გეჩვენება რაღაც გააზრებული მათ არასტაბილურ თამაშში, თანდათან ქაოსიდან იკვეთება ბუნდოვანი, უსასრულოდ განშტოებული, მაგრამ მაინც რაღაც სიუჟეტი. უსიტყვო მსახიობები თამაშობენ ვარიაციებს მოტყუებული იმედების თემაზე, ჩამქრალი სურვილები, რომლებსაც ბედნიერება არ მოუტანიათ, მშვენიერი ოცნება, რომელიც ასრულებისას საპირისპიროდ იქცა.
ნ.-ს აქვს უცნაური განცდა, რომ ამ მუქი ლაქების გრძელი მაქმანი, რომელიც მუდმივად მოძრაობს, იცვლის ტონსა და ფორმას, არავითარ კავშირშია ფარდების რხევასთან, ფანჯრის მიღმა ხეების კანკალთან, ან თუნდაც მთვარის, ფარნის ან ნათურის შუქთან. ოთახი შეუმჩნევლად გარდაიქმნება ჩრდილების ჩინურ თეატრად, კედელზე გადასროლილი უსხეულო არსებებით, რომელთა კონტურები გამოკვეთილია სწორედ რომ არამატერიალური შუქით. როგორც ჩანს, ამ სპექტაკლში მოჩვენებები არიან მთავარი გმირები, რომლებიც დიდი ხანია ცხოვრობენ იმ ადგილებში, სადაც სხვადასხვა ცივილიზაცია იყრის თავს და ტრაგედია იმაშია, რომ მათ არ შეუძლიათ ერთმანეთის გაგება.
ასე ფიქრობს ნ., რომელმაც დაამთავრა ორი უნივერსიტეტი, ნამსარაი-ჰუნი კი ჩიბუხს ეწევა და ფიქრობს იმაზე, თუ რა ფორმით გამოჩნდება მასთან დიდი ხნის ნანატრი სტუმარი. მოვა ის იისფერი ბერეტით შავი ღამის ფრინველის ბუმბულით, გვერდზე გადაკიდებული მახვილით, როგორც ოპერაში, თუ გამოაჩენს თავის ნამდვილ სახეს? ანეკდოტია, მაგრამ ავტორს უკვე აღარ ეცინება.
მთვარე, რომელიც ღრუბლებს შორის მიცურავს შხამიანი ცისფერი ნისლით ბურავს ფანჯრებს, ხეები უფრო ხმამაღლა და შემაშფოთებლად შრიალებენ.
მოხდენილი, თავიდან კეკლუცი ჩრდილების ცეკვაც კი თანდათან სატანისტურ როკვად იქცევა და თუმცა ნ. სულაც არ არის ცრუმორწმუნე და არ არის მიდრეკილი მისტიციზმისკენ, მას ცუდი წინათგრძნობა ეუფლება. ის ცდილობს თავადს გადააფიქრებინოს თავისი წამოწყება, მაგრამ ის ურყევია. მისთვის გაუგებარია კედლებზე გამოხატული მსახიობების ჟესტების ენა. დამშვიდობებისას, სანამ ზურგს უკან კარს მიიჯახუნებდეს, ნ. ხედავს, რომ კედლის სპექტაკლი უკვე გადმოდის სიბრტყიდან, იძენს მოცულობას და შეუჩერებლად მიიწევს ფინალისკენ, სადაც ძნელი არ არის ყველა ილუზიის მსხვრევის, სისხლისა და სიკვდილის წინასწარმეტყველება.
ორივე ცივილიზაციის წიაღში, ქრისტიანულში და ბუდისტურში, იმალება, უცოდინართათვის საშიში სტიქიები. ვადა იწურება და ისინი, როგორც ლავა, არღვევენ მყიფე ნაჭუჭს და წვავენ ყველაფერს თავის გზაზე.
„ბედს ვერ დაამარცხებ მონიშნული ბანქოების თამაშით“ — ფიქრობს ნ., როგორც სიზმარში ან ციებ-ცხელების დროს, ეს უბრალო აზრი მისთვის უჩვეულოდ მნიშვნელოვანი ჩანს. ის დადის დერეფანში, ნამსარაი-ჰუნი სვამს ჩაის და იხსენებს მშობლიურ სტეპებს, ცხენების ჯოგებს, მწვანე ბალახზე გაშლილ თეთრ იურტებს, ლურჯ ცაზე გადამფრენ ფრინველთა გუნდებს. შემოდგომაზე ულუსელი ქალები რძეს აპკურებენ სამხრეთით მიმავალ ფრინველთა ქარავნებს, რათა გაზაფხულზე სამშობლოში მშვიდობით დაბრუნდნენ სწორედ ამ ბედნიერი „თეთრი გზით“.
— დაბრუნდება კი სამშობლოში ნამსარაი — ჰუნი? — ფიქრობს ნ. და ზღურბლს აბიჯებს.
აქ მოხუცი ლამა ზის სამთავრო ამალიდან. ვერ იძინებს, სული ეხუთება ქვის სახლში. ნ. მას თამბაქოს აწვდის და ეკითხება სულის სამი ნაწილის შესახებ: რა დაემართება ადამიანს, რომელმაც ერთ-ერთი მათგანი დაკარგა? ლამა პასუხობს, რომ სან-სუნსების, კარგი სულის გარეშე, ადამიანი გახდება მხეცი, მაგრამ შეუძლია დიდხანს იცოცხლოს; შუა დუნდ-სუნსის გარეშე, ადამიანს არაფერში ეცოდინება ზომა და მალე მოკვდება; მუ-სუნსის გარეშე კი ის მაშინვე მოკვდება, რადგან ცოტაოდენი ბოროტების გარეშე მიწიერი ცხოვრება შეუძლებელია.
უცებ ნამსარაი-ჰუნის განსასვენებლიდან საშინელი ყვირილის ხმა ისმის. ნ. უკან მირბის, კარს აღებს. არავინაა, თავადი იატაკზე წევს. ის მკვდარია. გარდაცვლილია, თუმცა სხეულზე ჭრილობები არ აქვს, მხოლოდ მარცხენა ხელის ერთ-ერთი თითის ბალიშია ოდნავ გაჭრილი. აქვე აგდია ბატის ბუმბული. ნ. ხელს ჰკიდებს და ხედავს, რომ მისი წვერი ახალი, ჯერ კიდევ შეუმხმარი სისხლითაა შეღებილი.
სიუჟეტი უცნაურია, მაგრამ ბევრად უფრო გასაკვირია, რომ ცენზურას გაეპარა და ასეთი სიუჟეტი საერთოდ დაიბეჭდა. ეტყობა, ცენზორმა წაიკითხა მხოლოდ იმ ადგილამდე, სადაც ამ მონღოლმა თავადმა გადაწყვიტა მონათვლა და რადგან ძალიან ეზარებოდა ბოლომდე წაკითხვა, იფიქრა, რომ მის წინაშე არსებული ნამუშევარი სრულიად კეთილგანწყობილი იყო.