გამიშვი, ენისეი!
(ფრაგმენტი წიგნიდან)
პირველად ენისეი ვნახე 1974 წლის, ივნისის დასაწყისში ტუვის დედაქალაქ კიზილში, სადანაც მდინარე ერთ მღვრიე მოცახცახე სხეულად იკვრება ორი მთის შენაკადის კაა-ხემი და ბიი-ხემის შეერთებით. იქ ვიბანავე მის მოყვითალო ფერის ყინულივით ცივ წყალში, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ჩემი დარჩენილი სიცოცხლე ამ წყალთან იქნებოდა დაკავშირებული.
აქ უძველესი ქვის თვალებით უმზერენ მთები ენისეის ორ შესართავს. სტეპის ფერდობებზე მკვეთრად და სასიამოვნოდ აფრქვევს სურნელს აბზინდა, რომლის ბუჩქებიც, ზღარბებივითაა მოდებული მიდამოს და ამ სურნელითაა თითქოს გაჟღენთილი თავად სიტყვა ტუვა. საოცრად მდგრადი და გამჭოლი სურნელი მოდის ზაფხულის მხურვალე სიცხისა და ზამთრის სუსხიანი ქარებისგან დატანჯული მცენარისგან. ასე ხდება, როცა ცხოვრებისგან გამოწრთობილი ადამიანი გაოცებს თავისი გამძლეობით, გამოცდილების მწარე სიბრძნით.
იმ შორეულ და ნათელ დროს ქვეყნის მხარეები უფრო ახლოს იდგნენ და ერთმანეთს უფრო მჭიდროდ ეხებოდნენ მხრებით. დიახ, მასწავლებლებმა ყველაფერი გააკეთეს ჩვენთვის, რომ გვესწავლა, გვემოძრავა, დაგვენახა და ჩვენი საოცარი მიწის სურნელი შეგვეგრძნო. იცოდა რა, ციმბირით ჩემი სერიოზული გატაცების შესახებ, ჩემმა ბიოლოგიის მასწავლებელმა, გალინა ანატოლიევნამ, თავის ნაცნობებთან ერთად შავ ჭირთან მებრძოლ ექსპედიციაში გამაგზავნა ტუვის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ მუგურ-აქსიში.
აბაკანიდან კიზილამდე ავტობუსით ვიარეთ უსინსკის ტრაქტის გასწვრივ — რომელიც ერთერთია ძველი უღელტეხილების ჩამონათვალში. გზაზე იყო ეზოები, სატვირთო მანქანები ,,კოლხეთი” ნახევრად მისაბმელებით, ბორში, არაჟანი და კომპოტები გამჭვირვალე ჭიქებში, მძღოლები ლანგრით ხელში ... ჩვენ გავედით შუადღის მერე და მახსოვს, შორს, მარჯვენა მხარეს, გაიელვა შუშენსკოემ გაშლილი მინდვრის გადაღმა და ტანზიბეიდან რაც უფრო ახლოვდებოდა ბინდი, იკვეთებოდა მთის ტაიგის სხეული. რაღაც იდუმალებით დაკავშირებულმა ბინდთან, მან გაგვაოცა ბორცვების დახრილი მოხაზულებით, ტაიგის შავი სიმკვრივით, კედრების, ნაძვების, ფიჭვების ღამის სიბნელეში გაზრდილი სიდიდით, ქალაქში საათობით ვუყურებდი ციმბირის რუკას. მთები მუქი ყავისფერი იყო, მცხუნვარე მზისგან გადამწვარი ფერი და მეც წარმოვიდგენდი ხოლმე ასეთ ადგილებს შიშველი, ყავისფერი მარტოხელა ხეებით, როგორც წიგნის ილუსტრაციებში... ტყის საფარი მოულოდნელი და უწყვეტი აღმოჩნდა, ტაიგა თუ გვიახლოვდებოდა წარმოუდგენელი სიმკვრივით ავსებდა ყოველ მტკაველს, გვავიწროებდა, იბრძოდა და იკავებდა ყოველ მეტრს გზისპირთან.
როდესაც პირველი უღელტეხილი, კულუმისი, დაიწყო, ყველას კარგად ესმოდა სიჩქარეთა გადართვის ხმა, ძრავის ხმაური, მოულოდნელად გართულებული მოძრაობის გამო. ავტობუსი ნელა და პირველი სიჩქარით მოძრაობდა და როდესაც მოსახვევში უხვევდა, ფარებით განათებულ კლდოვან კედელზე კედრის ფესვები ჩანდა. გადართვა, მოხვევა და გრძელი „იკარუს-66» ძლივს თავსდებოდა გზის მონაკვეთზე, ისევ მოსახვევი და ისევ მაღლა მივიწევთ ხვეული გზით. ისევ დაძაბული სვლა პირველი სიჩქარით და ახალი მოსახვევის დაპყრობა. მთები სულ უფრო მჭიდროდ გვეკვრიან შავი კედლებით და მერე ღამეში უჩინარდებიან. ძილი გვერევა, ნანახიდან რაღაც ფრაგმენტები იელვებენ მტკივნეულია ბრძოლა — როგორც ძილთან, ასევე ამ ენითაღუწერელ, ულამაზეს სახეებთან საიანის შესასვლელთან.
მერე მე ჩავთლიმე. მახსოვს ეს დამქანცელი ნახევრად ძილი, რომლისგანაც დილის თვალისმომჭრელ შუქთან ერთად რაზმის უფროსის, ედვარდ ლეონიდოვიჩის რბილმა ხმამ გამომაფხიზლა: — სძინავს, ამ სულელს! (იმის, ნაცვლად რომ შეხედოს ამ სილამაზეს, ეს იგულისხმა), არ მინდოდა სულელი ვყოფილიყავი და თითქოს არაფერი მომხდარა, ჩავიბურტყუნე: სულაც არა!
შემდეგ არადანია! ეს სახელწოდება ედუარდ ლეონიდიჩმა ისე წარმოთქვა, თითქოს ეს სიტყვა ნიშნავდა არა სოფელს პატარა სახლებით, არამედ რაღაც მნიშვნელოვანს და უზარმაზარს, რაც მჭიდრო კავშირში იყო ყველაფერთან, რაც ამ საათებში ხდებოდა და ჩვენ გავიმეორეთ: ჰო, რა თქმა უნდა გვესმის, ეს არადანია, არადანი! ჩემი და ედვარდ ლეონიდოვიჩის გარდა ჩვენთან ერთად ექსპედიციაში მოდიოდნენ ინსტიტუტის საღამო განყოფილების სტუდენტ-თანამშრომელი ლუდა, ორი სტუდენტი და კიდევ დაქორწინებული წყვილი ძაღლებთან ერთად, რომლებიც საიანის მთებში სხვადასხვა ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ, ავტობუსში მათ არ უშვებდნენ.
ავტობუსის ფანჯრებში უახლესი ნამიანი შუქი იღვრებოდა, ტირიფის ხეების, არყის ხეების, მთის ტაიგის ფოთლოვანი ხეების სიმწვანეს შერეული, ყველა მხრიდან რომ მოიწევს ყოვლისმომცველი ძალით და მზადაა ჩაყლაპოს გზა, სოფელი და ადამიანი ...
ჯერ კიდევ იმ დილიდან მახსოვს მდინარის ქვებზე შეხეთქება ვიწრო, მეჩხერ ადგილებში. მახსოვს, როგორ ამოიმართა მთის მდინარის ქაფიანი ქოჩრები და ამერია რა შორეული აღმოსავლეთი და ციმბირი ერთმანეთში, სულელურად გავიფიქრე: იქნებ ეს თევზი ამოდის ქვირითისთვის? კიდევ მახსოვს ცუდად გადებული ხის მორები მდინარეზე და მაღალი კლდეები მდინარის ზემოთ. მაგრამ ყველაზე მეტად ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნაძვებისა და სოჭების ბასრწვეტიანმა სანთლისებურმა მოხაზულობამ, რომელთა შორის განსხვავება მე ნამდვილად არ მესმოდა, მაგრამ მაშინვე ვიგრძენი მათი სილუეტების უნიკალური ციმბირული სტრუქტურა. ბავშვობიდან მაქვს გამწვავებული ადგილის განცდა — მაშინვე აღვნიშნე, განვიცადე და შევიყვარე ნანახი სილამაზე. და კიდევ იყო გზის მონაკვეთი ტაიგის ჩაღრმავებულ ადგილას, იგივე ნაძვის და სოჭის სანთლებით და სადღაც სულ დაბლა სატვირთო მანქანა, დაჟანგული ამოწეული ღერძით.
დიდი ხნის ნანატრ კიზილს რომ მივუახლოვდით, მოვიხიბლე ქალაქის კლასიკური იერით, ცაცხვნარის ნაზი სიმწვანით დაფარული, უსასრულოდ გადაჭიმული ადგილებით. შევხედე და მთელი გულით მივხვდი, რომ სწორედ ამას ჰქვია ტაიგის ზღვა. რა თქმა უნდა, ვაკვირდებოდი, თუ როგორ შეიცვალა ტაიგა ღია წიწვოვანით, როგორ გახდა ტერიტორია უფრო მშრალი და შემდეგ მთლიანად გადავიდა მთის სტეპში. დაახლოებით ასეთ ადგილას, ჩვენ ჩავუარეთ შემოკავებულ ირმების სადგომს ნახევრად სტეპურ ფერდობზე და ირმებსაც შევავლეთ თვალი. შემდეგ კიზილი გადაიშალა ჩვენს თვალწინ სტეპურ დაღმართში, გარშემორტყმული ქვიანი მრავალფეროვნებით — უთვალავი სამკუთხედით, ნაკეცებით, ჩრდილებით, ძარღვებით, ქვის ჯაჭვებით და ქამრებით. სადაც არ უნდა გაიხედო, — განაბული მთიანი შორეთია, სილურჯის ფენები... ნისლი იმდენად სავსეა საიდუმლოთი და უხმო ძახილით, რომ პატარა ცისფერმა ნისლმა დაიწყო შიგნით შესქელება და მსუბუქი გულის რევის შეგრძნება დამიტოვა.
კიზილში შევხვდით ალექსის და მარინას. მათ გადაკვეთეს საიანები სატვირთო გადამზიდის ,,კოლხეთის» მეშვეობით — ორი ძაღლით, დასავლეთ ციმბირული და კარელიური ჰასკით. ამ აღწერას თან ახლდა ხუმრობები და ვითომ ზვენკიური აქცენტი: მძღოლო, მძღოლო გადაგვიყვანე საიანის მთებზე. ალექსეი, მსუქანი, ბრგე ბიჭი, მსხვილი სახით, რომელიც გარკვეულწილად მამონტს წააგავდა, თავგადაკლული მონადირე, იარაღის მცოდნე და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი იყო.
მუგურში ,,Ан-2-ით ჩავფრინდით, მანამდე ერთი კვირა ველოდით გამგზავრებას — ცაგან-შიბეტაზე გადასასვლელი უღელტეხილი ღრუბლებით იყო ჩაკეტილი. ყოველ დილით მივდიოდით აეროპორტში, სადაც განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობოდა ტაიგის სიმხურვალე და ნისლების დნობა, მომაჯადოებლად ჟღერდა დასახლებების სახელებში: თორა-ხემი, კიზილ-მაჟალიკი, სისტიკ-ხემი, ტეელი. ფრენას იქ ორი კაცი ელოდა, გაცვეთილ მწვანე ,,ენცეფალიტკებში» და საბელზე გამობმული დათვის ბელით, პატარა თათებით მიწას რომ ტორავდა და საბელზე ტრიალებდა, სანამ კისერი არ გაიჭრა. კისერი საკმაოდ გამხდარი უჩანდა. ხანდახან ბურდღუნს იწყებდა და მაშინ ბოთლით რძეს აძლევდნენ. ზურგზე დაწვებოდა, თათებს შემოახვევდა ბოთლს და სულმოუთქმელად იწყებდა წოვას, თან უცნაურ ხმებს უშვებდა, თითქოს ერთ ნოტზე აწყობილ ბგერებს გამოსცემსო: დირ, დირ, დირ!
ხუთსართულიან კორპუსში დავბინავდით ტელეცენტრის უკან ჭირის საწინააღმდეგო რაზმის უფროსის, იგორ კრიუკოვის ბინაში, რომელიც ედუარდ ლეონიდიჩის მეგობარი იყო. კრიუკოვი მინდორში იყო.
ველოდებოდით საფრენ ამინდს. დავსეირნობდით კიზილის ქუჩებში, მივუყვებით ასფალტის ბილიკს ვერხვების გასწვრივ. ჩვენს წინ მიაბიჯებს გამხდარი რუსი ქალი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, კოხტა ვარცხნილობით, გახამებული ვუალით. ლუდამ და მარინამ გაიცინეს გარეუბნის ზნე-ჩვეულებებზე, ედუარდ ლეონიდოვიჩმა კი ამის გამო მკაცრად უსაყვედურა მათ, ვფიქრობ, სამუდამოდ მოაკეტინა ენა: თქვენ უცხო ქალაქში ხართ და არა საკუთარ მოსკოვში, ამიტომ ისწავლეთ ხალხის პატივისცემა.
მერე იგივე Ан-2— ით გადავაფრინდით მთებს და ისევ ვიცანი მშობლიური და ნანატრი სამკუთხა ბორცვები, ჩრდილოეთის ფერდობებს შეფენილი ფოთლოვანი ტყით. «ჩრდილოეთი» უფრო ნოტიოა და შუა აზიის მიწაზე ყოველი წვეთი მნიშვნელოვანია. სამასი კილომეტრი ვიფრინეთ და გარდა ამ ბორცვებისა და ფოთლოვანი ტყეებისა ცაგან-შიბეტამდე, არაფერი მახსოვს.
ახალგაზრდა მეხსიერება გასაოცარია: დღეს რომ გავფრენილვიყავი ბევრად მეტს ვნახავდი, დავიმახსოვრებდი... როგორც ჩანს, მეცხრეკლასელის თვალი ჯერ არ იყო მზად შეწყობოდა ამ რაოდენობის მიწის ნაოჭებს და დაუოკებელი სული მხოლოდ ცხოვრების ნაოჭების გამეორებას სწავლობდა.
ქედები სულ უფრო მაღლა იწევდა და ახლა ცაგან-შიბეტას გასწვრივ მივფრინავდით. ხეობა ლამის გვიტოლდებოდა სიმაღლეში იასამნისფერი მწვერვალებით და ყველაფერი იყო რაღაცნაირად შოკისმომგვრელი და დიდებული, ერთგვარი გარღვევა სივრცისა... ამას ვგრძნობდით ჩვენც და თვითმფრინავიც. პილოტებთან შესასვლელი კარი ღია იყო... და ბოლოს... გამჭვირვალე და შეორთქლილი მინის მიღმა დავინახე რაღაც კაშკაშა და თოვლიანი — თეთრი გუმბათი-საბანი, რომლის ქვეშ იდო, ოდნავ მუხლაწეული, რაღაც უზარმაზარი. ქვემოდან კი ეს მბზინავი გუმბათი შავი თათებ-ნეკნებს ეჭირათ. ეს მონღუნ-ტაიგაა. მისი სიმაღლე თითქმის ოთხი ათასი მეტრია. მახსოვს, როგორ ანათებდა იმ დღეს!
მუგურები დგანან ამ სასწაულებრივ მთასა და ცაგან-შიბეტუს შორის. მთის სტეპი. ნაკეცები. ყველაფერი ყვითელია, როცა მზე ანათებს, მწვერვალები უფრო მაღალი და მკვეთრია — უფრო იასამნისფერი, ერთს თითქოსდა ცარცის ვარსკვლავი წამოუცვამს და ორი მთრთოლვარე სხივი იჭყიტება იქიდან.
მას ჰქვია სახელად ვარსკვლავი — აკ-ბაშტიგი. მასზე ხუთქიმიანი ვარსკვლავია თეთრი ქვით დახატული. (რამდენი რამ მსმენია ამ ვარსკვლავის შესახებ — რამდენი ვარაუდი: რომ ის მყინვარია, და ვარსკვლავი განზრახ დაახატეს). მუგურები. ხის სახლები. ცხვრები... მივდივართ სოფელში, მერე შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურში. იქ ქვეყნის ხალხია, მშრომელები, მზისგან და ცხოვრებისგან გადამწვარები, გამხმარები. ირკუტსკის ხალხი ჭირის მიმართ მდგრადია. ერთი მოსკოვიდანაა, ვიღაც სუნცოვი, არაადამიანურად ყავისფერი მზისგან და თეთრ სპეცტანსაცმელში, ყველანი საშინლად გარუჯულები არიან მზისგან.
ბოლოს ჩავსხედით ГАЗ-53-ში და წამოვედით... ბანაკი უნდა დამდგარიყო მდინარე ,,კარგის», ნაპირზე, მუგურის დინების გასწვრივ ოცდახუთი კილომეტრის მანძილზე, მონღოლეთის საზღვრიდან ათი კილომეტრის დაშორებით. ჩვენ ვიმოგზაურეთ სტეპის გასწვრივ. ბორცვები. ბორცვები რიგებად, მათ უკან და მათ ზემოთ მონღუნ-ტაიგა. გზას მივიკვლევდით მდინარე ,,კარგასკენ «პატარა ბორცვებს შორის, სათამაშოს რომ წააგავდა და ულამაზესი კლდოვანი ხეობის გავლით. გახუნებულ კარავთან გავჩერდით, რომელიც ისე ძლიერ იყო საყრდენ ბოძებზე გადაჭიმული, რომ კუთხეები ნამგალივით ჰქონდა მოხრილი. იქიდან ამოყვინთვის მსგავსი მოძრაობით გამოძვრა მრგვალთავიანი, გაპარსული და მოწესრიგებული ახალგაზრდა ბიჭი ვალია რილნიკოვი. ასევე მზისგან დამწვარ-გარუჯული და იმავე მზისგან გამოთეთრებულ-გამოხუნებულ ენცეფალიტურ კოსტიუმში. გადმოიღო და დაკეცა საძილე ტომარა, შემდეგ კარავიც დაშალა და საბარგულში ჩააგდო, მერე თვითონაც საჭეს მოახტა.
ხეობამ კირგიის ჭალასთან გაგვიყვანა, რომელიც მწვანე ლენტით, სრულ კონტრასტს ქმნიდა შემოგარენის ქვიან სიმშრალესთან. კარვის სიმაღლის სქელი ტირიფები და იშვიათი უზარმაზარი ფოთლოვანი ხეები. მდინარე ვიწროა, მოლურჯო-რძისფერი, ასევე ლურჯ-ნისლიანი კლდეების ფრაგმენტებს შორის.
ქანების ზედაპირი გაყინულ ტალღასავითაა. გაშალეს კარვები. გაამზადეს გადასაჭიმი თოკები, და შეჩერდნენ ვერ გადაეწყვიტათ ვინ სად წავიდოდა. შეიქმნა არეულობა ... მე ვამბობდი — ამ ადგილას ასე უნდა მეთქი. სწორი აღმოვჩნდი. ლიოხა მირონოვმა, მესამე კურსის სტუდენტმა, ჭკვიანურად შენიშნა: — ყველაზე ახალგაზრდას ყველაზე მახვილი თვალი აღმოაჩნდაო. ლიოხა ყოველთვის პოულობდა ჩემთვის გამამხნევებელ სიტყვას.
ერთად ვიკრიბებოდით, ვხარშავდით და ვჭამდით ყველაზე დიდ კარავში — მართკუთხა სახურავით და ქსოვილით დაფარული ფანჯრებით. ღუმელიც იქ გვქონდა. ასეთი კარვები იმ დროისთვის იშვიათი იყო — არა გაცვეთილი მწვანე, არამედ დამზადებული სპეციალური სინთეტიკური ქსოვილისგან, ყვითელი ფერის და ჩარდახებით. საღამოს თითოეულში სანთელი ენთო და ისინი, შუქით სავსენი, საოცრად და არამიწიერად გამოიყურებოდნენ. ჩემი ცხოვრება კარგაზე გაჟღენთილი იყო მისი წყლის დამაფიქრებელი ხმაურით, საღამოობით ვალიას გიტარის ხმით — ის ყოველთვის იღებდა რამდენიმე ერთსა და იმავეს საზეიმო აკორდს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სწავლობდა დაკვრას.
მდინარე ვიწროა, ზაფხულობით ღრმა არ არის. სატვირთო მანქანა გადადის ფართო ადგილას, სიმაღლე ზღვის დონიდან 1800 მეტრია. მთის მდინარის უკან ცადაწვდილი სტეპია, რომელიც მიიწევს ცაგან-შიბეტის ძირისკენ, ერთ ხაზს მიჰყვება და ერთ კუთხეს ქმნის დაქანებული ფილით. ქედი ყვითლადაა შეფერილი, მომრგვალებული, ნაკეცებიანი და დანაოჭებულია. ახლახან გავიგე, რომ აქ გადის ცაგან-შიბეტუს კუთხის ზღვარი. ამ ქედს უწოდებენ რთულ მონღოლურ სახელს ბურშბან-უმუნ-სალანი-ნურუ. ხოლო ცაგან-შიბეტუ მონღოლურიდან ითარგმნება როგორც „თეთრი ღობე».
პირველსავე დღეებში მოვახერხე ამ ზეციური შემოგარენის ხილვა და, ხედით გაოცებული, დიდხანს ვიდექი იმ სიმაღლეზე, საიდანაც იხსნებოდა უკიდეგანო შორეთი, სივრცე, ქედების ჯაჭვით ლამაზად შეკრული. ასობით ვერსტი მშვიდად და გამჭვირვალედ გაჭიმულიყო ჩემს ფეხებქვეშ შორეულ ჰორიზონტამდე. დასავლეთით მდებარეობდა მთიანი ალტაის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, ჩიხაჩევის ქედი, მონღოლეთის უფრო სამხრეთ-დასავლეთით მოჩანდა ტურგენ-ული და კიდევ ოთხი ათასმეტრიანი მწვერვალი — თეთრი სამკუთხედი, რომელიც ყოველთვის იქნება ჩემთვის სულიერი ხედვის არეალი. და რა თქმა უნდა, იქვე ძალიან ახლოს ჩრდილო-დასავლეთით მოგნუნ-ტაიგა მანათობელი საბნის ქვეშ.
ყველაფერი როგორც ახლოვდებოდა, ისე მრავლდებოდა ბორცვების დანაწევრებულ სამკუთხედებში. თითოეულზე ელავდა ქოჩორი, როგორც უხეშად შედუღებული ქვის ნაკერი. მისი გულიდან ყავისფერი ბატკანივით რომ გაშეშებულიყო, თითქოს ქვიანი სითხე მოედინებოდა. სამკუთხედების მწკრივები, შუქ-ჩრდილების, საზღვრების მონაცვლეობაში, ცხოვრობდნენ როგორც ერთ მუსიკაში, ერთ ქროლვაში, როგორც გაყინული ტალღა... მაგრამ ამას ყველაფერს ბინოკლით თუ დაინახავდი და დააკვირდებოდი... ისე კი, ჩანდა ათობით მილის მანძილი. ყვითელი, ყავისფერი, მოვარდისფრო ტილო და მასზე ღრუბლის ჩრდილების გაუთავებელი მოძრაობა... მაშინ მეგონა — სწორედ ასეთი უნდა იყოს ჩვენი ბუნება და რომ ჩემი დგომა სივრცეში და სივრცის ზემოთ არის კიდევ უფრო თვალუწვდენელი სივრცეების ათვისების წინაპირობა.
კითხვაზე: რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი, ჰაეროვანი და ლამაზი იქიდან, რაც ვნახე? ვუპასუხებდი, რომ სწორედ ეს ადგილი. მსგავსი რამ არსად მინახავს, თუმცა დალაშქრული მაქვს ციმბირის მრავალი მთა.
მონგუნის ცეცხლოვანი მწვანე შუქით სავსე თვალებით დავეშვი ცაგან-შიბეტუს ფერდობზე. აბზინდის სუნს ვისუნთქავდი, მივცურავდი დაბლა, ხან ვეჭიდებიდი რევანდის ღეროს, ხან მთის ხახვის მილს. ბანაკში ნორმალურად ვცხოვრობდით. ედუარდ ლეონიდიჩი, რომელიც კოფოზე იჯდა, იარაღს წმენდდა. მან სწრაფად და საქმიანად მკითხა სად ვიყავი, რატომ არ ვთქვი, სად მივდიოდი და მერე იარაღი განზე გადადო და თვალებში ჩამხედა: — კიდევ ერთი ასეთი საქციელი და უკან დაბრუნდები, მოსკოვში! მსოფლიოში არც ერთი ადამიანს არ შეესაბამება გამოთქმა „თავგადაკლული მონადირე“, როგორც ედუარდ ლეონიდოვიჩ სედიხს. ის დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლისა იყო, შავთვალება, ქერათმიანი, ვიწრო, მშრალი სახის, ლოყები ჩავარდნილი, წვერ-ულვაში, — ასევე მშრალი, ერთ პატარა კონტურად რომ აჩენდა პირს... ამავე დროს, სპორტულიც იყო და მოულოდნელად დიდი ბიცეფსები ჰქონდა. გულმხურვალე, ზარის მსგავსი ხმით, წარმოშობით მუშათა ქალაქის გარეუბნიდან. ინახავდა ძაღლებს, იყო მოსკოვის მონადირეთა კავშირის წევრი. ცხოვრობდა კარაჩაროვოში. ძაღლებს ერქვათ კარა და ჩარა. მისგან გავიგონე პირველად გამოთქმა — აზარტული ძაღლები. ძაღლი ძალიან ჰგავდა ედიკს, თუ შესაძლებელია ადამიანის სახის ცხოველთან შედარება, ისე რომ არ დააკნინო ადამიანის ღირსება, შემდეგ კი ედიკი დაემსგავსა მონადირე ძაღლს.
ტუვამდე ის მუშაობდა ურალში ვიშერაზე და მუდმივად საუბრობდა ბაბუაზე, მეტსახელად მაისი, რომელსაც იგი დაჰყავდა ძრავიანი ხის ნავით. ერთ დღეს ,,მაისის» ნავი გადაბრუნდა და საექსპედიციო ტვირთი წყალში ჩაიყარა. ფრაზა „მაისი გადაბრუნდა», — ბევრჯერ გაიმეორა ედუარდ ლეონიდოვიჩმა და ამით ხაზი გაუსვა ,,მაისის» გამოცდილებას და განსაკუთრებულ ტრაგიზმს, რომელითაც დახატულია უბედურება, რომელიც დაემართა გამობრძმედილ და ძლიერ ადამიანს.
ინსტიტუტი სწავლობდა ჭირის გავრცელების წყაროს. მისი მატარებლები არიან რწყილები, გადამტანები კი ციყვები და მებულულეები, კერძოდ მონღოლური პიკა, რომლის ცხოვრებასაც ჩვენ ვეცნობოდით. მებულულეები კოლონიებად ცხოვრობდნენ. მე ვალიას განკარგულებაში ვიყავი და მევალებოდა ბორცვის პირას მჯდარვიყავი, მეთვალთვალა მებულულეების კოლონიისთვის მოპირდაპირე ფერდობზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დამეთმო ყველაფრისთვის, რაც გამრავლებასთან იყო დაკავშირებული და შთამომავლობისთვის, რომელიც ზაფხულში ორჯერ ჩნდებოდა. მე შევამჩნიე რომ, როდესაც მეორე წყება გაჩნდა, პირველი უფრო მოზრდილები კოლონიიდან გაუჩინარდნენ, თითქოს ადგილს ანთავისუფლებენო. მე ეს დაკვირვება ვალიას გავუზიარე და მან მხურვალე შემხვედრი მოძრაობით წამოიძახა: — ასეა! სწორია! — თითქოს მე მამოწმებდა და ამ აღმოჩენას ელოდებოდა, რათა მებულულეების შემსწავლელთა რიგებში ჩავეწერე.
ვალია ძლიერია, ცისფერთვალება, კარგი. გაცვეთილ ენცეფალიტურ კოსტიუმში ჯარისკაცს ჰგავს, რადგან გაპარსული, მრგვალი თავი აქვს... ყველას უყვარდა ვალია. ჰქონდა მას თავისი საწუხარი. „სწავლას ერთ წელიწადში დავამთავრებ... შემდეგ რა უნდა ვაკეთო, არ ვიცი...მომავალი გაურკვეველიაო! — ამბობდა დაფიქრებული. მაგრამ არა იმიტომ რომ ეშინოდა გაურკვევლობის, არამედ იმის ხაზგასმა სურდა, რომ ძალიან აფასებდა დღევანდელ აქ ყოფნას ქვის ბორცვებს შორის. და ისმოდა მის ხმაში სევდა გავლილი წლების გამო, თითქოს ოცი წლის ასაკში განსაკუთრებით მწვავედ გრძნობდა დროის მდინარებას... სპორტული აღნაგობის, ძლიერი და მხნე, წუხდა: ეჰ, რამდენი ძალა მქონდა... რამდენი ძალა ...” — ალბათ გულისხმობდა დაახლოებით მე-9 კლასში ყოფნის ასაკს. საუბრობდა ხმადაბლა, გამომეტყველებით. იგრძნობოდა ახალგაზრდული განცდა წუთისოფლის ამაოებისა, როგორც ლიოხასთან, როცა ის „ახალგაზრდა თვალებზე“საუბრობდა.
მალე კრიუკოვი მეგობართან ერთად ჩამოვიდა და ედუარდ ლეონიდიჩმა მათთან გაატარა მთელი დღე. არ მახსოვს მაშინ იყო, თუ შემდეგ ჯერზე, ცხვარი ჩამოიყვანეს. როგორ მოამზადეს არ მახსოვს, მახსოვს მხოლოდ სისხლიანი მთლიანი ნაჭერი და როცა ხორცს ანაწევრებდნენ, ლიოხამ სისხლით სავსე ჭიქა გამოიტანა და ყველას დასანახად დალია, აქაოდა, მარგებელიაო! მერე ცეცხლთან ისხდნენ და საუბრობდნენ. კრიუკოვის ამხანაგმა თქვა, რომ მათი მანქანა ამოტრიალდა. რატომღაც მე ვიკითხე: — მართლა? და მას ეწყინა, ხელმეორედ რატომ, მეკითხები, არ გჯერა თუ რაო? მას შემდეგ ვცდილობ, უაზრო კითხვები არ დავსვა.
კრიუკოვი ძალიან გულღია ადამიანი იყო. ტანდაბალი და გამხდარი, მოზარდს ჰგავდა, ქვევიდან ამოკეცილი სპორტული შარვალი თითქმის ბავშვურ კუნთებს აჩენდა. კრიუკოვი ბევრს და ხალისით ჰყვებოდა, თუ როგორ გადაბრუნდა, მაგალითად, იენისეიზე ტივით, როგორ გაცურა კუნძულზე, როგორ იწვა იქ კენჭებზე. და კიდევ კლდის შესახებ, რომელიც მდინარის შუაგულში აღმართულა და მის წვერზე პატარა ქოხში მოხუცი ,,სტაროვერი» ცხოვრობს. კრიუკოვი და ედიკი, სანამ დაშორდებოდნენ, შეკამათდნენ და ედიკმა დაიჟინა: „არა, რა, შენ ახლა შეგეშალა! მე შენ გეუბნები: ჩაიჭერი! კრიუკოვს ჰყავდა ვაჟი, სანკა და ჩვენ ერთმანეთთან მიმოწერა გვქონდა ორი წელი. საერთო თემები უფრო და უფრო მცირდებოდა და მიმოწერა გახდა უფრო სავალდებულო, დამძაბველი, ვიდრე სასიამოვნო და ბოლოს საერთოდ შეწყდა.
ედუარდ ლეონიდიჩი ზღაპარივით ყვებოდა რომელიღაცა გლეხზე, რომელმაც ყველა გაამხიარულა, როცა თქვა, რომ მან „იმანუელი დაიჭირა“ — სინამდვილეში კი უბრალოდ მანული დაიჭირა. მანულზე გამიგია, მაგრამ არასდროს შეხვედრია. ერთ დღეს, გორაკის პირას ვიჯექი და მოპირდაპირე ფერდობზე დავინახე სქელი კატა, მუქი განივი ზოლი გასდევდა თვალებთან. დიაგონალზე გადაჭრა გზა საშინლად საქმიანი იერით და ეს საქმიანი იერი და მიზანმიმართულობა ნიშანი იყო იმისა, რომ ის აქ იმდენად სახლშია, რომ შეუძლია არც კი შემამჩნიოს. ცოტა ხანს დურბინდით ვუყურებდი.
შთაბეჭდილება ძალიან დასამახსოვრებელი იყო, ის ზაფხული კიდევ ბევრი ფასდაუდებელი შეხვედრებით იყო სავსე: მაგალითად, კარგას ჭალის ველზე, მონღოლეთის სიახლოს, ვიპოვე შავი ყანჩის ბუდე ფოთლებში. მასში უკვე დიდი ბარტყები ისხდნენ. აქ უთვალავი ჩიტი იყო, განსაკუთრებით საოცარი ჩიტები: ჭრელი შაშვები (ხასხასა წითელი ლურჯით), შურთხები, რაც მე არ მყავდა ნანახი, უხვად იყო ოფოფებიც. რა თქმა უნდა იყვნენ მტაცებელი ფრინველებიც — შუააზიური კაკაჩები, რომლებსაც ცაკის ვუწოდებთ და განსაკუთრებით საპატივცემულო ქორები და ოქროს არწივები.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ფრინველებზე დაკვირვება არ მევალებოდა, მე მაინც ვსწავლობდი მათ დიდი სიხარულით, ხან მწვანე ფოთლების ქვეშ ვცხოვრობდი, ხან ტირიფების ქვეშ, მოლაპლაპე და მორაკრაკე მდინარეების ნაპირებზე. თავისუფალ დროს შემოგარენში დავხეტიალობდი. დავსდევდი ბალახებში ჭრიჭინებს. დილაობით კი ხევში სათამაშო კლდოვან ბორცვებს შორის დავცოცავდი, იმდენად მოწესრიგებულად გამოიყურებოდა გამომშრალი ქვის გროვა, ქალაქის ნანგრევებს მოგაგონებდათ. ყველგან აბზინდის სურნელი იდგა — მწარე და მოტკბო, იზრდებოდნენ აბზინდის ზღარბები და კარაგანის ბუჩქები, ღეროების ოქროსფერი ელფერით ...
როგორც ყველგან სტეპიან ციმბირში, აქაც იყო კალიები. თავიდან ვერ მივხვდი, რომ ეს ის მსუქანი და გაუმაძღარი კალიებია, ხორბალს რომ ანადგურებენ და შავი ღრუბლებივით რომ ფარავენ ცას. უხეში ნაცრისფერი მწერები ვეტმფრენებივით ზუზუნებდნენ, მათი უკანა ფრთები მარაოსავით იშლებოდა ვარდისფერი ან ლურჯი სიელვარით. აუ, დაეშვა, იშვიათ სტეპურ ბალახში შეიჭრა და უკვალოდ გაუჩინარდა. დიდხანს უნდა იარო და ეძებო, სანამ ისევ არ აფრინდება ტკაცუნით და არ გაფრინდება სხვა მხარეს.
ხშირად ავდიოდი ჩემს საყვარელ ფერდობზე და საათობით ვუყურებდი მებულულეს, ვითვლიდი მათ, ვიწერდი ქცევის თავისებურებებს და ვადგენდი კოლონიების რუკებს... და თვითონ ამ დროს ვხდებოდი, ვკაჟდებოდი ... ქალაქური ჭირვეულობა სულიდან ორთქლდებოდა და სულიერი კუნთები უფრო ამტანი ხდებოდა, როგორც თელას ვარჯები.
საღამოობით ცაცხვის ფიჩხებისგან დანთებული ცეცხლი ტკაცუნობდა, ვალიას გიტარა უხეში ბგერებით არღვევდა ღამის სიმყუდროვეს, კარგა ხმაურობდა და სანთლებით განათებული ყვითელი კარვები გამჭვირვალე პარაფინისგან დამზადებულ ფრთიან ნათურებს ჰგავდნენ. სადღაც ჭოტი გაჰკიოდა ხეობაში და ვალია მღეროდა: „მდინარეში ქვას ქვა ენარცხება“. სიმღერა მთავრდებოდა სიტყვებით: და გაშლილი ხელებით მე ამ ქვიან ალაგას ვიქცეოდი თავად ქვად, თაყვანს თუ მცემ ქვაქალას! — რა ქალურია! — ჩუმად ლაპარაკობდა ვალია. სინაზის და მონდომების ერთობლიობამ მონუსხა მისი სული, გაუმძაფრა მარტოობის განცდა და თავისი გამოცდილების გაზიარებით გვასწავლიდა ჩავღრმავებოდით ნაფიქრალს, რომ სიტყვებში, და მუსიკაში და საერთოდ ყველგან, შეგვეცნო ადამიანის შინაგანი სიღრმე. ალბათ, რომ არა ვალია, არასოდეს მივაქცევდი ყურადღებას ამ მართლაც პოეტურ შტრიხებს...
რა თქმა უნდა, ამ სტეპის მთის სასწაულის აღმოჩენამ არ გამინელა ლტოლვა ჩემი ოცნება — ტაიგისადმი. და ასე გამაგზავნეს კიდეც ცაგან-შიბეტუს ქედზე მდინარე ბარლიკზე სამუშაოდ. ქედი დაჰყურებდა კარგას თავისი მოსლიპული გვერდებით, ნაოჭებით და ნაკეცებით პირველ მომრგვალებულ რიგს რომ გასცდებოდი (ბურშბან-უმუნ-სალანი-ნურუ), შემდეგ იწყებოდა იისფერად მოელვარე მწვერვალები, რომელთაგან ერთი განსაკუთრებით მომეწონა — გრძელი, მთის გვირგვინის მსგავსი. ჩვენ მას ასეც ვუწოდეთ — გვირგვინი.
არ მახსოვს, საქმისთვის, თუ ჩემი გატაცების გამო, ისევ ჩემს საყვარელ ცაგან-შიბეტუს ქედზე აღმოვჩნდი, საიდანაც მოჩანდა იისფერი წახნაგები და მონღოლეთი ურეგ-ნურის ტბით და მის ზემოთ სამკუთხა მწვერვალით და მონგუნ— ტაიგა, რომელსაც თოვლის კაშკაშა საბნის ქვეშ ეძინა. ამ წუთებში ჩემს ქვემოთ და ფაქტიურად ოთხმოცი მეტრის დაშორებით სწრაფად ჩაგვიქროლა წვერიანმა ულვამ, ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მთის მტაცებელმა, რომელიც მხოლოდ სურათებიდან ვიცოდი, როგორც ბევრი სხვა ფრინველი და ცხოველი... ფერადი, შავი ზედაპირით, წითელი მკერდით და თვალიდან ნისკარტამდე შავი ზოლით. ზოლიც კი მახსოვს... თუ როგორ ირწეოდა და მიარღვევდა ბუმბულიანი ფრთებით ჰაერის ნაკადებს. თვითონ ვერ მხედავდა. მე მთის ნაწილი ვიყავი და მისი საიდუმლოს თანაზიარი გავხდი.
მას შემდეგ რაც ქედი გადავკვეთე ბარლიკის მიმართულებით, ჯუჯა არყის ხეებით დამშვენებულ მთის ტუნდრის ულამაზეს ფერდობზე აღმოვჩნდი, აქვე შეხვდებოდით მშრალ ხის ტოტებს ცეცხლის დასანთებად. ყავისფერები და უხეშები, შეხებისას ზამბარისებურად ცახცახებდნენ. ზურგჩანთაში სულ მედო ბარდის ქილა მავთულის გასახსნელით, სწორედ იქ მოვათავსე კაშკაშა ფიფქის მარცვლებისგან შეკრული თოვლის ბურთი, შუა ზაფხულშიც რომ დევს ხოლმე მთის ჩაზნექილ ზურგზე. გახარებული ვაგროვებდი თოვლს და შავ ლაქებს ვტოვებდი თეთრზე. თითქოს ცხელი და უხილავი კოცონი დავანთე, ავადუღე მთის წყალი. ვერცხლისფერი ორთქლი ამოუშვა ჩემმა ჩაიდანმა.
ნახევრად წამოწოლილი ვსვამდი ჩაის, როცა ნახევრად გამჭვირვალე ღრუბელი ნაზად მომიახლოვდა, განათებული ქვედა მხრიდან. მშრალი მსხვილი ფანტელებით ალაპარაკდა მთის ცა და ბედნიერება ჩამეღვარა სულში. ყველაფერი თავისთავად მოხდა. არც მთებს და არც საკუთარ სულს არაფრის ახსნა არ სჭირდებოდა. ეს ყველაფერი მან უკვე იცოდა. ახლა, ამ წუთას რომ ვიყო იმავე ადგილას და ისეთი თოვლი წამოვიდეს, მუხლებზე დავიჩოქებდი და ცრემლიანი თვალებით მადლობას შევწირავდი უფალს მისი უსაზღვრო წყალობისთვის...
ბარლიკი იწყებოდა ცაგან-შიბეტუს ქედზე, მიედინებოდა ხეობაში, რომელზედაც ჩვენ გადავდიოდით სხვადასხვა საშუალებით: ხან ფეხით, ხან ცხენებით და ხან მანქანით, ოღონდ შემოვლითი გზით. ხანდახან ბარლიკის სათავემდეც კი ვაღწევდით. მაღალმთიანეთში სტეპის მიწა სრულდებოდა, იყო სუფთა ჰაერი და მწვანე ტუნდრა ჰყვაოდა ხეობის გვერდებზე და უღელტეხილებზე. ბარლიკი ძირითადად ქვების ქვეშ მოედინებოდა, ხეობის ერთ ადგილას მოჩანდა ყინული მთის ცხვრების შეყინული რქებით. ამ ყინულის ველს ჩვენ მეტსახელად არხარების სასაფლაო დავარქვით. მყინვარის ქვემოთ გუბეც იყო. მე და ლიოხა გუბეს მივუახლოვდით და იხვები დავინახეთ. ლიოხამ მათ თვალს არ აშორებდა და ზურგჩანთის მოხსნა დაიწყო, მე ვთხოვე, — ჯერ სურათს გადავუღებ და მერე ესროლე მეთქი. ლიოხამ მორჩილად დამრთო ნება. მე მივვარდი იხვებს და შევაშინე. ახლაც მახსოვს ჩემი სირცხვილი და ლიოხას კეთილი ღიმილი: ერთი სიტყვაც არ უთქვამს.
ერთხელ ბარლიკის გასწვრივ ცხენზე ვსეირნობდი და ტუვინეს შევხვდი — კოცონთან თბებოდა, იქვე ცხენი ძოვდა. გვერდით იდო ТОЗ-8 და მოკლული ტარბაგანი (მონღოლური ზაზუნა), — ზაზუნას ხორცს შეჭამ?» — მკითხა ტუვანელმა თავის კილოზე, რაც იმასაც ნიშნავდა, რომ მომზადება იყო საჭირო... სადილის მომზადების პროცესში ჩართვის მომერიდა და გზა განვაგრძე.
პირველად ბარლიკამდე შემოვლითი გზით ვიარეთ ГАЗ— 66— ით. ღამე გავათიეთ კოშარზე — ექვსკუთხა ცხვრის ფარეხში. დილით წითელნისკარტა მაღრანების ხმამაღალმა წივილმა გამომაღვიძა. მაღრანებს თხელი, ქირურგიული ნემსივით მოხრილი მუქი წითელი ნისკარტი აქვთ, მუქი წითელი... და ხმაც იგივე მკვეთრი, მწივანა... ვერც ამ ხმას და ვერც მთის ჰაერის სინორჩეს სიტყვებით ვერ აღწერ. ნემსივით ესობა სულს. სამუშაოდ ჩავედით ბარლიკზე რამდენიმე კილომეტრით ქვემოთ და ეს ნამდვილი დღესასწაული იყო: რაც უფრო ღრმად ჩავდიოდით ცაგან-შიბეტაში მდინარის ქვემოთ, მით უფრო ძლიერად ფარავდა სიმწვანე ფერდობებს. გამჭვირვალე და მწირი, ის მხოლოდ ჩრდილოეთით გვხვდებოდა. იყო კუვე-დაბის ხეობაც, სადაც ფოთლებს შორის მე და ლიოხამ კარავი გავშალეთ... აქ ტაიგის წიწვოვანების სუნი იდგა, ბინადრობდნენ თახვები, შავი ციყვები და ტყის თავზე ოქროს არწივის უზარმაზარ ბუდესაც წავაწყდი.
ბარლიკის გასწვრივ ვიარე და კლდეში პატარა მოედანი დავინახე. ავცოცდი და აღმოვაჩინე გამოქვაბული და იქვე დაგდებული შველის ფეხი. როგორც კი გამოქვაბულისკენ წავიწიე, იქიდან გამოვარდა, ნისკარტის წკარუნით და ყვითლად ანთებული თვალებით, ბუ. ერთი წამის შემდეგ, ის მშვიდად შეერია დღის სინათლეს და ჩრდილივით გაქრა. ბარლიკი კიდევ უფრო იდუმალი გახდა და მომინდა უფრო შორს წასვლა ცაგან-შიბეტამდე სადაც ყოველ კილომეტრზე ჩრდილოეთისკენ, მეტი ტაიგაა, ერთმანეთის მიყოლებით იხსნება ხეობები ფერდობებზე შეფენილი სიმწვანით. კიდევ მახსოვს ხევებში როგორ მიედინებოდა მდინარის ერთერთი შენაკადი, სახელად ხემჩიჩრეილიკი.
ჭირის საფრთხე, რომლის უზარმაზარი კერაც მონღოლეთის ჩრდილოეთით იყო, ჩემთვის შორეული, აბსტრაქტული იყო და თითქოს არავითარი კავშირი ჰქონდა ცხოველთან, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით და მებულულეები, მიწის ციყვები და ტარბაგანები უბრალოდ ჩემთვის მაინტერესებდა. მაგრამ სიტყვები «ბუბონური ჭირი» სერიოზულად ჟღერდა და ამოცანა რთული იყო: შესამოწმებელი იყო შხამების ზემოქმედება მიწის ციყვებზე და მებულულეებზე. ამისთვის საჭირო იყო უკაცრიელი ბარლიკი. გვჭირდებოდა ისეთი შხამები, რომლებიც არ დაგროვდებოდა ცხოველების ორგანიზმში და არ გაანადგურებდა სხვა ცოცხალ არსებებს. ამაზე სერიოზულად არავინ მსჯელობდა, ყველაფერი ისედაც ნათელი იყო. ვწუხვარ გოფერებზე და მებულულეებზე, რომლებსაც მე და ვალია ვსწავლობდით, მაგრამ ჭირი ჭირია. მახსოვს სახელები: რატინდანი, დეფინაცინი, სევინი და როგორ ვიცინოდით, როცა წარმოვიდგენდით, რომ ეს გვარები იყო. — ამხანაგო დეფინოცინ, გინდათ კოვზი?» ლიოხას ცოლი კი ულამაზესი მარინა, ძალიან მხიარულად და მიზანმიმართულად უცვლიდა სიტყვებს მახვილს: „დე-ფი-ნა-ცინ“.
ბარლიკის გასწვრივ დავდიოდი თუნუქის ცილინდრით ქამარზე. ცილინდრში მქონდა შვრია და შხამის შემცველი ზეთი. დიდი კოვზით ვყრიდი სოროებში. მერე შემიძლია დავბრუნდე ბარლიკში და ვუყურო ცას: თუ იქ ტრიალებენ ძერები, ოქროს არწივები, სვავები — ესე იგი შხამი მოქმედებს.
უღელტეხილზე ედელვაისები ხარობდნენ პატარა მოთეთრო ვარსკვლავებივით, ძალიან მოკრძალებულები ეფექტურ სახელთან შედარებით. ერთ დღეს ედელვაისით მოფენილი ხეობიდან ბარლიკამდე ჩავდიოდი და დავინახე მოპირდაპირე ფერდობზე შეშინებული მელა. მან ბარლიკი გადაირბინა და ჩემსკენ წამოვიდა. მიწიდან მშრალი ჯოხი ავიღე და დასახვედრად მოვემზადე. მელა მომვარდა და პირი დააღო. ჯოხმა გადამარჩინა, მელა ცოფიანი აღმოჩნდა.
მონღოლეთიდან ათი კილომეტრის დაშორებით ვიდექით. აქ მესაზღვრეები არ არიან. იყო შემთხვევა, ბარლიკის იისფერი მწვერვალების გავლით ახლოს მივედით საზღვართან, რომელიც რამდენიმე დაბალი ბოძით იყო მონიშნული ყოველგვარი მავთულხლართის გარეშე. მაღლა, ჩვენ ზემოთ, შევნიშნეთ მესაზღვრე, რომელიც ფარულად იჯდა და ყველა გაგვამხიარულა მრგვალი ქუდის სიდიდით, რომელიც მთებიდან გამოკვეთილად ჩანდა, ასე იმალებოდა ყველას დასანახად.
ერთხელ მონღოლეთიდან ჩვენს ბანაკში აქლემების მთელმა ქარავანმა გაიარა. ისინი მიდიოდნენ, თითქოს აცოცხლებდნენ ისტორიის ფურცლებს — თითქოს წარსულში ბრუნდებოდნენ, ჩვენი გავლით, რწევა-რწევით, კისრების ქანავით. ზამთრის შემდეგ კუზი მოშვებული ჰქონდათ, ბეწვი გაცვენილი და თვალები განსაკუთრებით დიდი ჩამუქებული და ამობურცული უჩანდათ. ცოტა ხანში მათ საძებნელად მონღოლები მოვიდნენ და გაგვაოცეს თავიანთი სიკოხტავით და დეტალებისადმი ყურადღებით. ტუვინები ყოველთვის რაღაც უღიმღამო სამუშაო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები, ნაცრისფერ, შავ, ცხიმიან ქურთუკებში, გამხდრები, მოუვლელები. მონღოლები კი მოვიდნენ ჟოლოსფერ ხალათებში, ტყავის ჩექმებში ჯან-ღონით სავსენი, მკვრივები, მოვლილები. მათი სახის ფერიც კი განსაკუთრებული ჩანდა, ცხენები ასევე პატარა ჯიშის, მაგრამ კარგად ნაკვები და თეთრზე შავი დიდი ლაქებით.
ედუარდ ლეონიდიჩმა ისინი სამზარეულოს კარავში მიიწვია, პური დაჭრა, დადგა მაგიდაზე დიდი ემალირებული თასი გრანულირებული შაქრით, მოათავსა შიგ ორი სუფრის კოვზი. მონღოლები ჩაის სვამდნენ და პურზე შაქარს ყრიდნენ — უხვად და ძალიან ნელა, თითქოს რიტუალს ასრულებენო. როცა წავიდნენ, ედუარდ ლეონიდიჩი თქვა, რომ შაქარი მათთვის დელიკატესია.
მალე ჩვენს ბანაკში უზარმაზარ ცხენებზე ამხედრებულმა ორმა მესაზღვრემ შემოიარა. ერთს გვერდზე რადიოსადგური ჰქონდა მიმაგრებული, კვადრატული ბლოკით და მოქნილი მოძრავი ანტენით. ცხენებიც და ოფიცრებიც მონღოლებთან შედარებით უზარმაზარად გამოიყურებოდნენ და მონუმენტურ, ძეგლებს ჰგავდნენ.
ერთხელ, ჩემი მორიგეობისას, მანქანით ჭირთან მებრძოლების ჯგუფი გვესტუმრა. სამზარეულო და სასადილო საჯარო დიდ კარავში იყო მოწყობილი. ედუარდ ლეონიდიჩი საუკეთესო განწყობაზე იყო, რაც ჩვეულებისამებრ, უფრო თვალშისაცემი ხდებოდა სუფრაზე ჭირთან მებრძოლ მეგობრების ჯგუფთან ერთად. მე კარგად ვხვდებოდი ჩემთან ურთიერთობაში მის განწყობას ხმის ჟღერადობის ცვლილებით. ხან მკაცრი უფროსის როლს ასრულებდა, ხან კი შერცხვებოდა თავისი სიმკაცრის ჩემი ახალგაზრდა ასაკის გამო.
შემოვიდოდა კარავში და დაიწყებდა სიტყვებით: — ეჰ, მიხაილო, რა არეულობაა თქვენს სამზარეულოში... ბარდაგია... სტუმრებსა და ბურიატებს შორის იყო ვინმე იური დაშეევიჩ აჩიროვი, ორნიტოლოგი, მშვიდი, პატივსაცემი და კოხტად ჩაცმული ადამიანი. ჰქონდა იშვიათი, კარგი ხარისხის ქარსაფარი, ლურჯი ფერის და ბეჭებთან სარქველით. თავზე შუა აზიური თეთრი თექის ქუდი ეხურა შავი ფერის ნაპირით და ქაღალდის ნავის ფორმის — გვერდებზე გაბრტყელებული. მე ვუთხარი, რაც ვნახე წვერიანი ულვა, მაგრამ იური დაშეევიჩმა არ დამიჯერა: სანამ ხელში არ დავიჭერ ფრინველს, ვერაფერს ვერ დაგიმოწმებო! ასეთი სიმპათიური კაცის ცემა არამასპინძლური იქნებოდა რაღაცის მტკიცების მიზნით. რაში შეიძლება გამოგადგეს ორნიტოლოგი, თუ მას ვერ ენდობი.
ამგვარი ჭკუის სწავლებანი არ ამუქებდა ტუვანში ჩემს არსებობას, მითუმეტეს ის თავად ედუარდ ლეონიდიჩმა მოიწონა. როცა ვალიამ ხაზი გაუსვა ჩემს შრომისუნარიანობას, ედუარდ ლეონიდიჩმა, რომელსაც კეთილგანწყობილი ნოტები ჰქონდა ხმაში, თქვა, რომ მიშკა კარგი ბიჭი აღმოჩნდა და დაამატა: თორემ, თავიდან ცდილობდა... ეტყობა ამ ,,ცდილობდაში» ჩემს უნებართვო გაქცევას გულისხმობდა ცაგან-შიბეტუში.
როგორც მახსოვს, ჭირთან მეგრძოლი ჯგუფის წევრები ძირითადად მუგურის მიდამოებში იყვნენ განთავსებულნი. შელოცვასავით ჟღერდა სიტყვები: ,,ობუხოვის რაზმი», „ფეოქტისტოვის რაზმი», „რავდანიკას რაზმი“. ობუხოვის რაზმში სტუმრად მივდიოდით. საღამო იყო, კოცონი დავანთეთ... ახალგაზრდა სტუდენტები იყვნენ ირკუტსკიდან. განსაკუთრებით მახსოვს წყვილი-გოგონა და ბიჭი ნაკვთების მსხვილი მოხაზულობით, ოდნავ თეთრი კანით და გრძელი გაშლილი თმებით, პოპ-მომღერლებს ჰგავდნენ. ბიჭი გიტარით ხელში იჯდა და ანთებული კოცონი სახეს უნათებდა, გოგოც კარგად მახსოვს-დიდი დაბნეული თვალები, ამობურცული ქუთუთოებით. სახე პატარა, ლოყები ამოზნექილი, ვაშლივით მომრგვალებული. ოდნავ შეღებილი კარვიდან გასვლისთვის ცისფერი გადაჰკრავს ქუთუთოებზე, წამწამებზე. თმა საოცრი წაბლისფერი, მხრებზე და მკერდზე ხვეულებად ჩამოშლილი. ვიღაცამ ჩამჩურჩულა, რომ მალე დაქორწინდებიან.
ის სულ საქმროს გვერდით იჯდა. დახრილი მზერა. ნაზი ნახევარ ღიმილიანი სახე. ბიჭმა იმღერა ერთადერთი სიმღერა, რომელშიც ისე მკვეთრად იყო ასახული იმ ეპოქის სული და ახალგაზრდული მოწოდება, რასაც ახლაც ვერ ვუსმენ მშვიდად და ზურგზე მსხვილ ხორკლებს მაყრის.
სადღაც ირემი მოძოვს,
ბორცვებს სიბნელე ათოვს,
გათხოვილი ხარ, გოგოვ?
რატომ, მითხარი, რატომ?
ბიჭი მღეროდა, ცეცხლი კი გოგონას ლურჯ ქუთუთოებზე თამაშობდა და ამ სინათლის ციმციმში იყო იმედი, მომავლის ისეთი განცდა, რომ დღემდე მინდა ვითხოვო ნებართვა ედუარდ ლეონიდიჩისგან, ავიდე ცაგან-შიბეტის წვერზე და ვიყვირო მთელი ციმბირის გასაგონად: „ნეტა, ბიჭებო, სად ხართ ახლა?“




