გუსტავ კურბეს ნახატის «ქოხი მთებში» გახსენებისას
* * *
გუსტავ კურბეს ნახატის
«ქოხი მთებში» გახსენებისას
ახლა ვეღარც ღრუბლებს გამოვრიცხავთ,
ტვინში მუზეუმთა — ვეღარც კურბეს,
სადაც ჩუმი სევდა სიმორცხვისგან,
ნელა იპარება ფარნის შუქზე.
კურბეს ამ პატარა სამალავში,
ისე ვიქნებოდი ბოლო წლებთან,
რამეს შევმატებდი საფლავამდი,
ჩემს ბედს, იქნებ რამეც დამეწერა.
შუქი როგორ კრთება შევხედავდი.
„მთებში სიბნელეა? მთებში ბნელა“, —
ქარის ბოდვასა და ჩემი თავის,
ჩურჩულს მოვისმენდი ამ ერთხელაც.
დავლევ უბრალო და ძლიერ ღვინოს,
ცივ წყალს გადავუშვებ მერე ყელში,
„ახლა მთაში ღამე უნდა იყოს“,
ვიტყვი და სიბნელეს შევერევი.
ვუსმენ — ჩაიდანი როგორ მღერის,
წვრილი, გაწურული სტვირის ენით,
ყველა ნოტს აიღებს სიჩუმეში,
მუსიკა იღვრება სტრიქონებში.
ლექსში შენს ცხოვრებას დაინახავ,
როგორც სახეს პროვინციელისას,
მერე დაიძინებ, როგორც მხატვარს,
ერთხელ ძველ დროში რომ მიეძინა.





