დიდი ხანია თავს არ ვგავარ, დიდი ხანია...


                                  * * *

დიდი ხანია თავს არ ვგავარ, დიდი ხანია
არ ვგავარ, — ვამბობ და ჯიუტი ქარის ხმა მესმის,
მან ჩამოყარა ეს ფოთლები, ჭექდა ძალიან,
როგორც ყვავს, კუდით მიათრევდა ცივ ზაფხულს შეშლილს.
დიდი ხანია ჩემს თავს მე არ, დიდი ხანია...
აი ფირფიტა გაიჭედა!.. ვინილის ფერში,
ამოიზარდა ღამე თითქოს კინო-კადრიდან,
ვხედავ — ვიცვლები, ვბერდები და ვერაფერს ვერ ვცვლი...

დააკაკუნა ფანჯარაზე უცხო პეპელამ,
ვინძლო — გზავნილი ნათურის ქვეშ ლექსად ვაქციო,
გამოვიყვანო პოეზია, იქნებ ერთხელაც,
ანგელოზებმა ჩვენგან ვინმე „გამოაღვიძონ“...
ქარი ბავშვივით ხეებს არხევს, ქრიან სიზმრები,
ლოყა ზაფხულმა მიუტანა სანათს ღაწვებთან,
ვინილის ბნელშიც სითეთრისკენ მივიზიდები
და ყველა ლექსი მდუმარებით მისით სავსეა...