კატა

სიცოცხლის განმავლობაში ანა ანატოლიევნამ იმდენ ძაღლს, თხას, განსაკუთრებით კატებს დაარქვა სახელი, რომ კიდევ ერთისთვის ძალა არ ეყო. სახელი შეურჩია ბეწვის ფერის მიხედვით ნაცრისფერი.

ის უბრალოდ გამოჩნდა, ჯერ კიდევ კნუტი — ვერ გაარკვევდი ხვადი იყო თუ ძუ, საცოდავად ითხოვა სახლში შემოსვლას. დრო იყო, ზამთრისპირულს რომ ეძახიან — თოვლი ჯერ არ იდო და სარეველა ზოგან მწვანედ მოჩანდა. შუადღისას მზე ჯერ კიდევ აცხუნებდა, მაგრამ, როგორც კი ღრუბლებს მიეფარებოდა, ჰაერში სუსხის ცივი ეკლები იჭრებოდა და ღამით მიწა ყინულის ქერქით იფარებოდა.

ჰოდა, სწორედ ასეთ სუსხიან საღამოს მივიდა ანა ანატოლიევნასთან და დარჩენა სთხოვა.

თავიდან გაგდება დაუპირა, მაგრამ ის არ გაიქცა, როგორც სხვა კატები, როცა სხვის ეზოში შეეხეტებიან, არამედ დინჯად ჩამოჯდა ზღურბლის კიდეზე. იმზირებოდა შიშის გარეშე, რაღაცნაირი კატური ქედმაღლობით. ისე უყურებდა, როგორც ტოლი ტოლს, მაგრამ ეტყობოდა, მძიმეში დღეში იყო ჩავარდნილი, თითქოს თვალებით ევედრებოდა: ,,დამეხმარეო”.

ანა ანატოლიევნა ცოტახანს ჩაფიქრდა, შემდეგ ბეწვზე მოეჭიდა და ხელში აიყვანა. კატა მორჩილად მიჰყვა, თათები მოხარა და განაგრძო მისი ყურება. ახლა თვალები ამბობდნენ: „ჯანმრთელი ვარ, ჯანმრთელი ვარ ...“. ანა ანატოლიევნამ ის ზღურბლზე დასვა და კარი გააღო. კნუტი შემოვიდა.

მას შემდეგ ისინი ერთად ცხოვრობენ.

ქოხი დიდია — ექვსკედლიანი, ორი ღუმელით, ორი შესასვლელით. დათბილული და ცივი. ირგვლივ დაახლოებით ორმოცი ჰექტარი მიწაა. ეზოში — აბანო, საზაფხულო სამზარეულო, ფარდული, შეშის დასაწყობი, მონაკელებული ბოსტანი სათბურით და სანერგეთი. მთელი ეს სიმდიდრე დიდი ხანია არავის სჭირდება.

ანა ანატოლიევნას მაღალი ზღურბლიც კი აღიზიანებს — ახვალ, ჩამოხვალ დღეში ოცჯერ და ფეხების გარეშე დარჩებიო! — ამბობს. ნათესაობა გაიფანტა, თანატოლები ცოცხლები აღარ არიან. ანა ანატოლიევნაც დიდი ხანია ელოდება სიკვდილს, მაგრამ არ აჩქარებს. ჩუმად შეჰხარის ყოველ ახალ დღეს, პოულობს საქმეს თავის ბოსტანში, ტელევიზორს გულგრილად ვერ უყურებს, ზოგჯერ ეჩხუბება მათ, ვისაც აჩვენებენ; ეთანახმება და თანაუგრძნობს, ვინც ცუდ დღეში აღმოჩნდა, უხარია, თუ ქურდებს და ბანდიტებს იჭერენ.

მხოლოდ დაძინება უჭირს ძალიან. გრძნობს რომ დაიღალა, რომ ძილი ძალას მისცემს, რომ ძილში ბნელი ღამე უფრო სწრაფად გაილევა და გათენდება ახალი დღე, ამოანათებს მზე და გამოჩნდება საქმე, მაგრამ სწრაფად დაძინება ვერ ხერხდება. მოგონებები ეძალება ამ დროს და ახსენდება ყველაფერი ცუდი და მწარე, რის გამოც თვლემიდან საბოლოოდ ფხიზლდება. ქრება ძილი, როგორც სქელი ნისლი, აშიშვლებს ჭუჭყს, ლურსმნიან დაფებს, მკვეთრ კუთხეებს და კიდევ, სხვა რამეს, რისი დანახვაც არ უნდა და რისიც ეშინია...

ბევრი ცუდი რამ მოიტოვა უკან. ბავშვობაში, რომელიც წესიერად არც უგრძვნია, საჭირო იყო: უფროსების დახმარება საშინაო საქმეებში, უმცროსი ძმისთვის ძიძის მაგივრობის გაწევა და, ასევე, საშინაო დავალების შესასრულებლად დროის გამონახვა. მერე იყო სასწავლებელი რაიონში, რომელიც ანა ანატოლიევნამ სწრაფად მიატოვა. არ იზიდავდა მომავალი პროფესია მღებავ-მებათქაშისა. დაბრუნდა აქ, თავის სახლში და ფერმაში მწველავად მოეწყო.

სწორედ იმ დროს ფერმაში მანქანური წველა ინერგებოდა, მწველავები ექიმებივით თეთრ ხალათებში გამოწყობილები დადიოდნენ, ბოსელში სისუფთავე იყო, მესაქონლეები სანიტარებს ჰგავდნენ. ერთი სიტყვით, მან აქ სანიმუშოდ იმუშავა თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში და მოასწრო პენსიაზე გასვლა მანამ, სანამ ეს ყველაფერი დაინგრეოდა და გაპარტახდებოდა. ფერმა უკვე დიდი ხანია ცარიელია, შენობის ადგილას მხოლოდ კედლების ნარჩენებია, გრძელი, ნაცრისფერი, სახურავების გარეშე...

ანა ანატოლიევნას ოჯახიც ჰყავდა, სამი შვილი — ორი ვაჟი და ქალიშვილი. ისინი ახლაც ცოცხლები ჰყავს, მაგრამ თავადაც ასაკში არიან. ის დრო, როდესაც ისინი ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდნენ, თავიდან მარტო, მერე რძლებთან და სიძეებთან, მერე შვილიშვილებთან ერთად, ეტყობა, სამუდამოდ დასრულდა.

ზოგჯერ ვინმე ესტუმრება, თუმცა მოკლე ხნით და აშკარად სურვილის გარეშე, მოვალეობისთვის! შვილიშვილები მოზრდილები არიან, სოფელში ყოფნა არ მოსწონთ, მათთვის აქ მოწყენილობაა, კოღოები იკბინებიან, ტუალეტი ეზოშია. ეპატიჟებიან, რომ მათთან იცხოვროს, მაგრამ რაღაცნაირად უგულოდ, სიტყვისთვის.

ანა ანატოლიევნას არ უნდა სხვაგან იცხოვროს. უფრო სწორად, მას არასოდეს მოსვლია თავში აზრად აქაურობის დატოვება სამუდამოდ, ან თუნდაც მცირე ხნით. სულ ორჯერ იქნება ნამყოფი რაიონულ ცენტრში, უმცროსი ვაჟის ოჯახში და ეს დღეები მას უსაშველოდ გრძელი და ცარიელი ეჩვენა, შვილიშვილთან ყოფნის სიხარულმაც რომ ვერ გადასწონა. უბრალოდ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა ეცხოვრა ბინაში. წუხდა იმ მოხუც ქალებზე, ვინც დილიდან საღამომდე ისხდნენ სადარბაზოსთან სკამზე, ან მათი შვიდსართულიანი სახლის წინ პაწაწინა ყვავილნარებს ევლებოდნენ თავს.

„რა კარგი იქნება რომ დაუბრუნდეთ თქვენს კოხტა სახლებს, ეზოებს, ბოსტანს, დაახლოებით, ხუთ ქათამს მაინც იყოლიებდით თითოეული, — თავის გულში აძლევდა მათ რჩევას ანა ანატოლიევნა. სიტყვა „უსაქმურობას” გონებაში წარმოთქვამდა არა დაგმობით, არამედ თანაგრძნობით.

თვითონ ყოველდღე რაღაცას აკეთებდა. ხშირად არც ისე სავალდებულოს, ზოგჯერსრულიად ზედმეტ რამესაც, მაგრამ მან იცოდა ერთი რამ: თუ შეწყვეტდა მოძრაობას — უძლურება დაეუფლებოდა. ქათმებს ინახავდა. ჯერ ხუთი ჰყავდა, მერე შვიდი. მარცვლეულში ფულს იმაზე მეტს ხარჯავდა, ვიდრე კვერცხი რომ ეყიდა მაღაზიაში, ან რომელიმე მეზობლისგან, მაგრამ ცარიელი საქათმე ვერ წარმოედგინა.

და ყოველ აპრილის თვეში, როცა მეზობლად არსებული მეფრინველეობის ფერმიდან ჩამოსული მამაკაცი იკითხავდა:

— ქათმები გჭირდებათ?

პასუხობდა:

— მჭირდება, მჭირდება!

ქათმები ყოველთვის ძალა მილეულები იყვნენ, თითქმის გაპუტულები, თუ რომელიმე კვერცხს დებდა, ისიც უგემური იყო, ღია ფერის გულით. მაგრამ თანდათან, მარცვლეულით, ახალი ბალახით, მიწის ჭიებით და ლოკოკინებით, რომლებსაც ანა ანატოლიევნა საათობით ეძებდა ბოსტანში, ქათმები გონს მოდიოდნენ, ღონიერდებოდნენ და ყოველ მეორე დღეს, ან სულაც ყოველდღე, კვერცხის დადებას იწყებდნენ. ნოემბრის დასაწყისში, როცა ყინვები მოახლოვდებოდა, ვინმე მეზობელს სთხოვდა დაეკლა ისინი, გაპუტავდა, გამოწმენდდა, გაყინავდა, შემდეგ ნელ-ნელა ჭამდა გაზაფხულამდე.

მაგრამ ძალები სულ უფრო და უფრო აკლდებოდა. იძულებული გახდა სოციალური მუშაკი მოეწვია, კარის მეზობელი, ორმოცი წლის ნადია, რომელიც კვირაში ორჯერ მოდიოდა, ამარაგებდა წყლით, საკვებით, ჭრიდა ზედმეტად გაზრდილ სარეველას, როცა რაიონში ჩადიოდა, წამლებს ყიდულობდა და ელექტროენერგიის გადასახადს იხდიდა, ტელეფონზე ფულს დებდა.

მართალია, ანა ანატოლიევნას არ სურდა ნადიას ზედმეტი დატვირთვა — ბევრი საქმე ფასიანი იყო. მას კარადაზე ჰქონდა შემოდებული ფასიანი მომსახურების ჩამონათვალი, სადაც წაიკითხავდით: მაცივრის გალღობა და გარეცხვა, მაგალითად, სამას თოთხმეტი მანეთი, ერთი კვადრატული მეტრის შეთეთრება — ოცდაცამეტი მანეთი, თოვლის მოხვეტა ოცდაათი წუთი — სამოცდაშვიდი მანეთი, ბოსტანში ასი მეტრის მორწყვა — ას ოცდათოთხმეტი მანეთი, სარეცხი მანქანით რეცხვა — სამოცდაშვიდი მანეთი კილოგრამზე ...

ანა ანატოლიევნას ფული ჰყოფნიდა — პენსიაც ჰქონდა და შვილებიც უგზავნიდნენ, თუმცა არასდროს უთხოვია, მაგრამ მისთვის არა მხოლოდ სირცხვილი იყო დედოფალივით ცხოვრება, ვისაც ურეცხავენ და ულაგებენ, არამედ უხერხულიც, ანუ სულაც ზიზღის მომგვრელი, როცა უცხო ადამიანი შენს საცვალს რეცხავს.

მოკლედ, ჯერჯერობით უმკლავდებოდა. ზოგჯერ ხდებოდა ხოლმე, მთელ დღეს ფეხზე ატარებდა, დიდად არ აწუხებდა დაღლილობის შეგრძნება, ან სისუსტე, მოწყენილობა, მაგრამ აი, საღამოები კი... ეს ღამის გრძელი საათები, როცა ტელევიზორი გამორთულია, შუქი ჩამქრალია, როცა უნდა დაიძინო, მაგრამ არ გეძინება და ჭიებივით გიძვრებიან თავში მძიმე მოგონებები.

არ გამოუვიდა ანა ანატოლიევნას ბედნიერი ცხოვრება ქმართან, ვიქტორთან. სკანდალები არ ყოფილა, არც ყვირილი ნახევარი სოფლის გასაგონად; ყველაფერი ხდებოდა ჩუმად, ცივად, ბავშვებისთვის შეუმჩნევლად. ეს ალბათ სკანდალებზე უარესია. იყვირებ, იყვირებ, მერე შეხედავ და, ლაგდება უკვე რაღაც... ქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ, როცა უკვე ვაჟიშვილიც ჰყავდათ და ქალიშვილიც, ანა ანატოლიევნამ გაარკვია, რომ ქმარი მას ღალატობდა. უფრო სწორად „კეთილი ადამიანები” მიანიშნებდნენ ჩურჩულით, ქირქილით, ხითხითით — კარგა ხანი მაინც არ სჯეროდა. შემდეგ მან მოიკრიბა გამბედაობა და ერთ დღეს, დასვენების დღე იყო, ჩუმად აედევნა და გაიგო სად დადიოდა მისი ქმარი. ქმარმა დაუბარა, რომ ერთმა ნაცნობმა, სახელი არ უთქვამს, დახმარება სთხოვა.

სინამდვილეში, ამ ნაცნობს ოლგა ერქვა, სოფლის მეორე მხარეს ცხოვრობდა. თითქოს განზრახ აარჩია ვიქტორმა თავისი სახლიდან მოშორებით. ოლგა ჩამოსული იყო. — ქმარმა ჩამოიყვანა აქ და თვითონ მალევე დაიხრჩო მდინარეში. ეგონათ, რომ ის თავისიანებს დაუბრუნდებოდა, მაგრამ არ დაბრუნდა. შეიძლება ვიქტორმა უკვე აგრძნობინა ალერსის გემო, ან დაპირდა მოფერებას და ისიც დარჩა. სახელმწიფო ფერმის სასადილოში მზარეულად მუშაობდა.

იმ დღეს ანა ანატოლიევნა დაიმალა, ტელეგრაფის ბოძს ამოეფარა. ჭიშკარში ქმრის შესვლას დაელოდა. იდგა, იმ იმედით, რომ ვიქტორი მხოლოდ შევიდოდა და მალევე გამოვიდოდა. მაგრამ ის არ გამოვიდა, არც ნახევარ საათში, არც ერთ საათში. ანა ანატოლიევნა სახლში დაბრუნდა...

ვიქტორი დილაადრიან გამოჩნდა, მხიარული, კეთილი და ანა ანატოლიევნას ისე მხურვალედ ეალერსა, რომ მას ეჭვიც კი შეეპარა: მართლა იყო მისი ქმარი საყვარელთან, თუ არა, რამდენიმე დღე ვერც კი გაბედა ამ თემაზე საუბრის დაწყება. მაგრამ როცა ვიქტორი სადმე წავიდოდა, თავში სულ ეს აზრი უტრიალებდა: ვიქტორი ახლა იმ ქალთანაა, ვიქტორი იმ ქალთანაა. ვიქტორი ტრაქტორზე მუშაობდა, იღებდა სხვადასხვა დავალებებს, უფრო ხშირად სოფელში იყო, ანა ანატოლიევნა კი თითქმის სულ ფერმაში — ათი კილომეტრის დაშორებით.

ერთხელაც გაბედა და შეეცადა ყველაფერი საბოლოოდ გაერკვია, ქმარმა მშვიდად აღიარა, რომ ის დადის ოლგასთან, რადგან ძალიან მოსწონს. ანაც მოსწონს, რა თქმა უნდა და მის მიტოვებას არ აპირებს. სახლეულობას არჩენს, ბავშვები უყვარს... და, როგორც ძლიერ მამაკაცებს სჩვევიათ დარწმუნება, მან დაარწმუნა ანა, რომ ასე ცხოვრება სწორია. მაშინ სოფელში უამრავი მსგავსი სასიყვარულო სამკუთხედი არსებობდა. მამაკაცები და მოზრდილი ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მოტოციკლეტებით სრბოლაში, იღუპებოდნენ ჩხუბში, ლოთდებოდნენ და კვდებოდნენ არყის სმისგან. ვიქტორი თითქმის არ სვამდა, ის იყო შრომისმოყვარე, მხიარული. დიახ, და რაც მთავარია, უყვარდა ბავშვები და ანა ანატოლიევნამ გადაწყვიტა: — იყოს ასე! თუნდაც ასე.

ამის შემდეგ მისი სიყვარული ქმრის მიმართ გაქრა. დარჩა უბრალო თანაცხოვრება პასპორტში შტამპით და საერთო ბავშვების დაბადების მოწმობებით. ანას არ შეეძლო ყოფილიყო საწოლში ვნებიანი, ეკეთებინა ის, რაც არ არის სირცხვილი, როცა გიყვარს, როცა იცი, რომ ერთადერთი ხარ.

ასე იცხოვრეს თითქმის ოცი წელი. ხუთი წელი სიყვარულისა და ოცი წელი თანაცხოვრებისა...

ვიქტორი უცებ გარდაიცვალა, წესიერად არც კი უავადმყოფია. წონაში საგრძნობლად დაიკლო სულ რაღაც ერთ თვეში, ყველაფრის მიმართ გულგრილი გახდა. ხშირად იჯდა წელში მოხრილი, მოკუნტული, თითქოს რაღაც საშინელება ხდებოდა სხეულის შიგნით.

ანა ანატოლიევნა სთხოვდა ექიმებთან წასულიყო. ის ამბობდა: გაივლის! არ გაუარა! ძილში მოკვდა. ცხედარი ქალაქში გადაასვენეს — იმის გახსენებაზე როგორ ელოდნენ მანქანას ქოხის სიჩუმეში, ახლაც გული ლამის ყელში მოებჯინოს. ექსპერტიზა გახდა საჭირო, რადგან ასაკით საკმაოდ ახალგაზრდა, ორმოცდაშვიდი წლის იყო, თითქმის არ სვამდა, ზომიერად ეწეოდა...

აღმოჩნდა, რომ ეს იყო კუჭის კიბო. ექიმებმა გაკვირვებით ჰკითხეს ანა ანატოლიევნას:

— და რა, არასდროს დაუჩივლია?

მან უპასუხა:

— არა! — და ჩუმად წუხდა და ბრაზობდა ქმარზე, რომ ასე მოიქცა. შესაძლოა, რომ ეთქვა, გადარჩენაც შესაძლებელი ყოფილიყო. ახლა კი მას სამი შვილი ჰყავს მისახედი მარტოს. უფროსი ახლახან ჩამოვიდა ჯარიდან, მართალია ტექნიკუმი დამთავრებული აქვს, მაგრამ ფეხზე დადგომას დრო სჭირდება. ქალიშვილი პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობს, უმცროსი ჯერ კიდევ მერვე კლასშია. მაგრამ ყველაზე მეტად ბრაზობდა იმაზე, რომ ვიქტორი თავის ოლგას მაინც არ ჩამოშორდა, სანამ შეეძლო კვირაში ორჯერ აკითხავდა.

ოლგა დაკრძალვაზეც მოვიდა. გათხრილი საფლავიდან მოშორებით იდგა, როცა ყველამ უკვე დააყარა კუბოზე ერთი მუჭა მიწა, სწრაფად მოვიდა და მანაც დაყარა. ანა ანატოლიევნას ეჭვი გაუჩნდა, გასარკვევია, რას აჭმევდა, კუჭის კიბო არაფრისგან არ ჩნდება. იქნებ რამე ბალახის ნაყენს ასმევდა წლობით, რათა მთლიანად მისი ყოფილიყო.

ალბათ, სწორედ ამ ღალატის გამო, ანამ იოლად გადაიტანა ქმრის სიკვდილი. იყო შემთხვევები, რომ პირდაპირ კუბოში უწვებოდნენ გარდაცვლილ მეუღლეებს, ხმებოდნენ და ილეოდნენ დაკრძალვის შემდეგ და ფაქტიურად მათ კვალს მიჰყვებოდნენ. თუმცა ეს უფრო ახალგაზრდებში ხდებოდა ან ღრმა მოხუცებში. ანა ანატოლიევნა მაშინ ორმოცდახუთი წლისა იყო; მას აღარ სჭირდებოდა მამაკაცი-მამრი, ან როგორც ადრე, მამაკაცი-დამხმარე. ქმრის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ გაყიდა ძროხა, სამი ღორის ნაცვლად დაიტოვა ერთი. საერთო ჯამში, მალე შეეგუა ახალ რეალობას და ტკივილიანი სიბრაზისგან დაიცალა.

უფროსმა შვილმა სამსახური იშოვა, კარგი გოგო ითხოვა, მოახერხა ოროთახიანი ბინის მიღება, სანამ ყველა ამ ცვლილება-პრივატიზაციას შემოიღებდნენ; ქალიშვილი გათხოვდა და კარგი ქმარი შეხვდა. პატივს სცემდა ანა ანატოლიევნას, როცა ჩამოდიოდა, სიამოვნებით ეხმარებოდა. არც უმცროსმა ვაჟმა გაუცრუა იმედი. ყველანი სტუმრობდნენ დედას და ოცდაათმა წელმა ჩაიარა მარტოობის, მწუხარების და ამ დამქანცველი ფიქრების გარეშე, როცა ვერ იძინებ.

ჰყავდა პირუტყვი — თხა, ღორები, ქათმები, ზოგჯერ ბატების ხუთეული, რამდენიმე

კურდღელი, ძაღლი, რა თქმა უნდა, კატა. მისი რომელიმე ვაჟი ან მეზობელი პირველი ყინვების დადგომამდე საქონელს დაუკლავდა, გაზაფხულზე კი ანა ანატოლიევნა თავიდან იწყებდა ყველაფერს და თავს იმით იმართლებდა, აბა სად უნდა წაიღოს მორჩენილი პური, სტაფილო და კომბოსტო, რომელიც ყოველთვის უხვადაა, პატარა ზომის კარტოფილი, ბევრი სხვა საკვები... ძაღლები და კატები თავისი სიკვდილით კვდებოდნენ განკუთვნილი დროის გასვლის შემდეგ. სამაგიეროდ, გამოჩნდებოდნენ ახალი — ლეკვები, კნუტები. მერე უკვე აღარ ყოფნიდა ძალა ჯერ ღორისთვის, თხისთვის, კურდღლისთვის, შემდეგ ბატებისთვის და ბოლოს ქათმებისთვისაც. შარშანწინ ძლივს დაასაფლავა ბოსტნის კუთხეში, ძაღლი „ტიომკა“, რომელიც ჯაჭვზე მიბმული გარდაიცვალა, გადაწყვიტა ახალი ლეკვი არ აეყვანა. შარშან დაიკარგა „რისკა“ და დარჩა კატის გარეშე.

— მე მათი მოვლის თავი არა მაქვს, — იმართლებდა თავს. ნადია კი ყოველდღე არ მოდის.

და აი, გამოჩნდა ნაცრისფერი. ალბათ მან გადაარჩინა იგი იმ ზამთარს, უფრო სწორად, მასზე ზრუნვამ.

პირუტყვის მიმართ განსაკუთრებული ზრუნვა არასდროს გამოუჩენია ანა ანატოლიევნას — კატები კი მის ყურადღებას დიდად არც ითხოვდნენ. გადაუგდებდა პურის ნატეხებს, ზოგჯერ რძეს უსხამდა ჯამში — სულ ეს იყო მთელი საზრუნავი. კატამ თავისი თავი თვითონ უნდა გამოკვებოს — აი იატაკში ხვრელია, იქ მთელი მიწისქვეშეთია, სადაც თაგვები ყოველთვის დაძვრებიან, მაგრამ თუ თაგვები იქ არ არიან, სხვაგან შეიძლება მათი პოვნა, მაგალითად, ფარდულში, მიტოვებულ ბოსელში, ბეღელში, სხვენზე, ბოლოსდაბოლოს ბეღურების დადარაჯებაც შეიძლება.

მაგრამ ამ კნუტს ანა ანატოლიევნა პატარა ბავშვივით ევლებოდა თავს. იმას აჭმევდა, რასაც თავად მიირთმევდა — მოხარშულ ქათამს და თან კანის გარეშე. ,,დოქტორსკის” ძეხვს უსხამდა სუპს. ნადიას პროდუქტებზე რეგულარულ შეკვეთებს, კატის საკვებიც დაემატა. სოციალურ მუშაკს თავიდან გაუკვირდა, მაგრამ შემდეგ მორჩილად და რატომღაც სიხარულით დაუქნია თავი:

— კარგი, კარგი! დავინახე, ვინც გესტუმრათ! მშრალი საკვები ვიყიდო თუ თხევადი პაკეტებში?

— აიღე ისიც და ისიც! ვნახოთ რა უფრო მოეწონება.

კნუტი მადლიერი იყო. ქოხში არ ისაქმებდა. იატაკის ქვეშ ძვრებოდა, ან ეზოში გადიოდა, ანა ანატოლიევნას ზედმეტად არ აწუხებდა, მაგრამ თუ ის სავარძელში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა, მის ფეხთან მოკალათდებოდა და ოდნავ ეხახუნებოდა მანამ, სანამ პატრონი ალერსიანი ხმით ეტყოდა:

— კარგი, მოდი!

ისიც რბილად შეახტებოდა და კალთაში უწვებოდა, სიამოვნებისგან კრუტუნებდა, თითქოს პატარა გამათბობელი ყოფილიყო.

ერთხელ, როცა ანა ანატოლიევნამ, ჩვეულებისამებრ, ვერ დაიძინა, კნუტი ფრთხილად ავიდა საწოლზე და ფეხებთან დაუწვა. ანა ანატოლიევნას სურდა მისი განდევნა-აქამდე არასოდეს ყოფილა, რომ კატას მის საწოლში სძინებოდა, მაგრამ გადაიფიქრა. უსმინა, უსმინა კნუტის კრუტუნს და დაიძინა.

მას შემდეგ კნუტი ყოველ ჯერზე მოდიოდა მასთან და თუ სხვაგან მოიკალათებდა დასაძინებლად, ანა ანატოლიევნა თავად ეძახდა მას:

— მოდი, მიმღერე შენი სიმღერები!

და ნაცრისფერიც ალერსით მოძვრებოდა, თანდათან უფრო და უფრო უახლოვდებოდა მის მკერდს, თავს. კრუტუნებდა და ანა ანატოლიევნას ეჩვენებოდა, რომ მას ის ებრალება, რომ ის მას კურნავს...

ასე გაატარეს ზამთარი. კნუტი კატად გადაიქცა. ახალგაზრდა, მაგრამ ძლიერი იყო, მკვრივი მუცლით და კუნთებით. კანი ისე უბზინავდა, თითქოს პრიალა ლაქით ჰქონდა დაფარული.

— კარგია, ქათამზე და არაჟანზე ყოფნა ხომ? — თითქოსდა უკმაყოფილოდ, მაგრამ სინამდვილეში სიამოვნებით აღნიშნავდა ანა ანატოლიევნა. ,,ნაცრისფერი” ამაზე სიამოვნებისგან თვალებს ნაბავდა.

როცა მიწა ცოტათი გაშრა, კატამ მასთან ერთად დაიწყო ეზოში სიარული, სუნავდა კედლებს, სათლებს, ითვისებდა ქოხთან ახლო მდებარე სივრცეს. მზეზე თვლემდა. მასთან ერთად საქმე თითქოს უკეთესად გამოსდიოდა ანა ანატოლიევნას, ჩანდა რომ, მარტო საკუთარი თავისთვის არ შრომობდა.

— იქნებ შვილიშვილები ჩამოვიდნენ და შენთან ითამაშონ, ნახავ, როგორი კარგები მყვანან.

მერე ჩუმდებოდა და ცდილობდა გონებაში აღედგინა შვილიშვილების ასაკი. უფროსი შვილიშვილი უკვე ოცდასამი წლისაა, დანარჩენები კი თხუთმეტი, თორმეტისანი არიან. დროა უკვე შვილთაშვილებისთვის მოვემზადო. უნდოდა მათთაც მოსწრებოდა და არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, რომ ამ ნაცრისფერს მოფერებოდნენ, მასთან ერთად ეთამაშათ...

როცა ეზოს შიგნით მოშინაურდა, კატამ ქუჩაში გასვლა დაიწყო. ანა ანატოლიევნა თავიდან უშლიდა, სთხოვდა არ წასულიყო, აშინებდა ძაღლებით და ონავარი ბიჭებით. მაგრამ მისი სიტყვები არავის ესმოდა. ქოხში ხომ ვერ ჩაკეტავდა. სოფელში გაზრდილი კატა იყო, და არა რომელიმე ქალაქის ბინაში, ოცდამეერთე სართულზე.

თავიდან ნაცრისფრის სეირნობა ხანმოკლე იყო, შემდეგ კი უკვე ერთი-ორი საათით გაუჩინარდებოდა, არც სადილზე მოდიოდა. და აი, ერთხელ ღამის გასათევადაც არ მოვიდა. ანა ანატოლიევნა გვიანობამდე გადიოდა ზღურბლზე, ეძახდა, აყურადებდა მეზობელ ქუჩებში ძაღლების ყეფას, მოჩხუბარი კატების გაავებულ ყვირილს და რას წარმოიდგენდა, რომ მისი ნაცრისფერი განსაცდელშია.

ადრე დილით ის დაბრუნდა, სავენტილაციო ხვრელიდან შემოძვრა. დიდხანს ჭამდა თეფშზე მისთვის დატოვებულ საკვებს, პირი დაიბანა, შემდეგ საწოლის კიდეზე დაეცა და მთელი დღე ეძინა.

საღამოს ისევ კარგად ჭამა და იატაკის ქვეშ ჩაძვრა.

— სად მიდიხარ? მტირალი ხმით იკითხა ანა ანატოლიევნამ. — ისედაც ბეწვი გაძრობაზე გაქვს, სახე დაკაწრული. მალე თვალებსაც ამოგჩიჩქნიან. დაჯექი სახლში!

„ნაცრისფერმა“ დამნაშავის თვალებით შეხედა, თან ცდილობდა აეხსნა: არ შემიძლია, არ შეიძლება რომ არ წავიდე!

— კარგი ბიჭი მეგონა და ხულიგანი გამოდექი. აი-აი-აი!

ახლა სოციალურ მუშაკ ნადიასთან საუბარი მხოლოდ კატის გარშემო ტრიალებდა. ნადია ისმენდა ჩივილებს და თავშეკავებულად იღიმოდა, შესაძლოა, სევდიანადაც კი, იმ წინათგრძნობით, რომ სიბერეში მასაც ასე მოუწევდა საყვარელ კატაზე წუწუნი, რადგან ქმარი დიდი ხანია არ ჰყავდა, ბავშვები ქალაქში სწავლობდნენ; სიბერე კი აუცილებლად მოაკითხავდა მარტოხელას...

შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, ნაცრისფერი უკვე ორი ან სამი დღით, ან თუნდაც მთელი კვირით უჩინარდებოდა. ანა ანატოლიევნა შეშფოთებული იყო, წუხდა და ელოდა, თან ბრაზობდა. უამრავ სალანძღავ სიტყვას ამბობდა კატაზე, სანამ ის წასული იყო და როგორც კი გამოჩნდებოდა, გაიხარებდა, მოეფერებოდა, ცდილობდა ხელში აეყვანა. (თუმცა არ ჰქონდა საკმარისი ძალა), თეფშზე ყველაზე გემრიელ საჭმელს უდებდა.

იცით, რა არის საინტერესო? — კატა, რომელიც მშიერი ბრუნდებოდა გაზაფხულზე და ზაფხულში, აბურძგნული და ნაჩხუბარი, ახლა თითქმის ყოველთვის მაძღარი იყო, ბეწვი თანაბრად ედო, დავარცხნილივით.

— ისწავლე ხომ ნადირობა? ჰკითხა ანა ანატოლიევნამ. ყველას აჯობე? მათ შორის რჩეული ხარ ხომ?

ნაცრისფერი ნეტარებისგან თვალებს ატრიალებდა და ხმამაღლა კრუტუნებდა.

ანა ანატოლიევნაც თანდათან შეეჩვია, რომ კატა რამდენიმე დღით მიდიოდა, მერე ბრუნდებოდა და ცხოვრობდა მასთან დაახლოებით ერთი კვირა — რა თქმა უნდა, გასეირნებასაც ახერხებდა შემოგარენში. რას იზამ, კატები ძაღლები არ არიან, მათ თავისუფლება სჭირდებათ. აი, ყინვები დაიწყება და გაჩერდება... და ანა ანატოლიევნას ახსენდებოდა ის გვიანი საღამოები, როცა ნაცრისფერი სულ მასთან იყო, ათბობდა და სევდისგან კურნავდა. მის გარეშე დაძინება ისევ ისე უჭირდა.

ზაფხულში უმცროსი ვაჟი მცირე ხნით ჩამოვიდა. რაღაცეებს ხელი შეავლო, ბოსტანი დაამუშავა. კატა მოეწონა. — ძაღლიც არ გვაწყენდაო, თქვა.

— რა ძაღლი. ხანდახან სადილს ძლივს ვამზადებ, მოკვდება მშიერი!

— ჩვენთან უნდა გადმოხვიდე! ცუდია მარტო ყოფნა.

— ჯობია თქვენ გადმოდით ჩემთან, აქ სუფთა ჰაერია!

— სიამოვნებით! პენსიაზე გასვლამდე თუ ვიცოცხლებ, დავკრავ ფეხს და ჩამოვალ!

— შენს პენსიაზე გასვლამდე მე ვერ ვიცოცხლებ!

— ვნახოთ, დედა, ნუ წუწუნებ...

დადგა ზამთარი, არავინ იცის ბოლო თუ შემდეგი. დაქირავებულმა მუშებმა მანქანით არყის ხის გრძელი მორები მოიტანეს, რომ შეშად დაეჭრათ. ანა ანატოლიევნა ნადიასთან ერთად ნაფოტებს აგროვებდა. შეშის ერთი გროვა ზღურბლთან ახლოს, კედლის გასწვრივ იყო მოთავსებული, რომ შორს წასვლა არ დასჭირვებოდა, მეორე გროვა აბანოს გვერდით ეყარა.

ნაცრისფერი მუშაობის პროცესს კმაყოფილებით ადევნებდა თვალს, შემომჯდარი დიდ მორზე, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დაჩეხილი, ეტყობოდა, მოსწონდა რასაც ხედავდა.

— ხომ კარგია, დიასახლისთან ერთად მთელი ზამთარი სითბოში იქნები, — თქვა ნადიამ. — არსად წასვლა არ დაგჭირდება, თათები რაზე უნდა დაგეყინოს?

მაგრამ კატას სხვაგან სიარული არ შეუწყვეტია. ყინვებმაც ვერ შეაჩერა. ჩვეულებისამებრ, ერთი კვირით გაუჩინარდებოდა, შემდეგ კი ერთი კვირა სახლში ცხოვრობდა. ამ საქციელს ანა ანატოლიევნა წყობიდან გამოჰყავდა. რას არ აკეთებდა, თან საყვედურობდა, თან ეფერებოდა, ყველაფერ გემრიელს აჭმევდა. არაფერი ეშველა...

ხანდახან იმისთვის, სულ რომ არ გამოშტერებულიყო მარტო ყოფნით, მაღაზიაში მიდიოდა.

დიდხანს ემზადებოდა, იცვამდა გულმოდგინედ, თბილად, მაგრამ ისე, რომ ტანსაცმელს ზედმეტად არ დაემძიმებინა. შესანიშნავი ბეწვის ქურქი ჰქონდა, თუმცა მისი სხეული დიდხანს ვერ უძლებდა სიმძიმეს -მხრები ჩამოუვარდებოდა, ზურგი მოეხრებოდა, ფეხებს ძლივს მიათრევდა, ამიტომ არ ატარებდა. შველოდა დათბილული ქურთუკი, ხუთი წლის წინ ქალიშვილმა რომ აჩუქა. ანა ანატოლიევნამ თავიდან იუარა: აბა, სად უნდა ვიარო ამითი, თანაც ვარდისფერია, ასეთი ახალგაზრდებს აცვიათო, მაგრამ ახლა მოსწონდა და უხაროდა კიდეც.

და თებერვლის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მზე ისე თვალისმომჭრელად და მხიარულად ანათებდა, რომ სახლში ჯდომა აუტანელი იყო, ბოსტანში ფუსფუსი — უაზრო და მოსაწყენი, მან გადაწყვიტა მაღაზიაში წასვლა. ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლეოდა.

აიღო ნაჭრის ჩანთა გრძელი სახელურებით, მხარზე დასაკიდებლად, ჩაკეტა ქოხის კარი, მერე ჭიშკარი. რგოლზე ჩამოკიდებული მძიმე ხრახნი გასაღებების აცმასთან ერთად, საგრძნობი რომ ყოფილიყო და პოვნა გაადვილებოდა, ჯიბეში ჩაიდო და წავიდა.

სოფელი ერთი ქუჩისგან შედგებოდა — ეს იყო ასევე გზა მეზობელი სოფლისკენ. ამ ქუჩიდან თუ გზიდან იწყებოდა ჩასახვევები და ჩიხები. სწორედ ამ ჩასახვევებში და ჩიხებში იდგა სახლების უმეტესობა. იქ ნაკლები მტვერი იყო გამვლელი მანქანებიდან და ნაკლები ხმაური.

ანა ანატოლიევნა ერთ-ერთ ასეთ სახლში ცხოვრობდა, გრძელი ჩასახვევის სიღრმეში, რომელიც მინდვრით მთავრდებოდა. ოდესღაც ამ მინდორზე ძოვდნენ მათი თხები, ძროხები პატარა ხბოებით. კარგი იყო აქ ყოფნა მარტო. ახლა...

ჯანმრთელი მაღაზიამდე ათ წუთში მიირბენდა, მაგრამ ამ მდგომარეობაში... არა, მაინც არაფერი აქვს საწუწუნო. დადის ნორმალურად, სუნთქავს მსუბუქად, ჰაერი ცივია, მზე კი აცხუნებს. თოვლი ჭრაჭუნობს, მაგრამ არა როგორც დეკემბერში, მშრალი და მკბენარა, არამედ სხვაგვარად — თითქოს ყინულის ნამსხვრევებიაო. ბეღურები ბუჩქებში კინკლაობენ, ღობის თავებზე კაჭკაჭები სხედან და ადამიანის დანახვისას ჭახჭახს იწყებენ, როგორც ჩანს, კი არ ეშინიათ, პირიქით უხარიათ. არც დაფრთხებიან, არც გაფრინდებიან, როცა გვერდით ჩაუვლი. იქნებ რამე საჩუქარსაც ელიან.

— მოგცემთ! მოგცემთ! — პირდება ანა ანატოლიევნა. უკანა გზაზე მოგცემთ!

მაღაზიაში მივდივარ, ვიყიდი თქვენთვისაც რამეს.

ის მაღაზია, რომელიც მან ბავშვობიდან იცოდა — გრძელი ხის მსხვილი მორებისგან დამზადებული ნაგებობა, დიდი ხანია აღარაა, ოთხმოცდაათიანი წლების შუაში დახურეს. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ის არასდროს გაიხსნებოდა, ადგილობრივებმა დაიწყეს მისი ნაწილ-ნაწილ დაშლა საკუთარი მიზნებისთვის, ამოიღეს ჩარჩოები, მოხსნეს კრამიტი და რაც დარჩა, ხუთი წლის წინ დაიწვა, ან მიზანმიმართულად დაწვეს კვალის დაფარვის მიზნით, ან სულაც დაუდევრობის გამო. და დევს ახლა ასე, წამოზრდილი ბალახით თითქმის დაფარული ნახშირის ბორცვი.

ეს მაღაზია ადრე სოფლის ცენტრი იყო. აქ ხვდებოდნენ და დიდხანს საუბრობდნენისინი, რომელთაც დიდი ხანია ერთმანეთი არ უნახავთ — სოფელშიც შეიძლება თვეობით ვერ ნახო ადამიანი, ყველას თავისი საქმე აქვს, თავისი საზრუნავი, აქ იგებდნენ ახალ ამბებს, თბებოდნენ ყინვიან ამინდში, ელოდნენ დეფიციტურ პროდუქტებს, ან უბრალოდ პურს; აქვე ვაჭრობდნენ სათლებით, ტანსაცმლით, საპნით, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით.

დღეს სოფელში სამი მაღაზიაა. ყველა კერძოა. პატარები, მჭიდრო და მწირი არჩევანით. ნებისმიერი წვრილმანისთვის ხალხი ქალაქში დადის — იქ არჩევანიც დიდია და ფასიც გაცილებით იაფი.

ანა ანატოლიევნას საყიდლების შეძენა იმდენად არ აინტერესებდა, რამდენადაც სოფელში გავლა, ვინმე ნაცნობის ნახვა, რამდენიმე სიტყვის გაცვლა-გამოცვლა.

და აი, ნახა კიდევაც, ვინც ამდენი წელი არ უნახავს, ვისზე ფიქრი ეზიზღებოდა, ხოლო როცა ახსენდებოდა, წყენისა და სიბრაზისგან ტირილი უნდოდა. ოლგა! სწორედ ის ოლგა!

ისიც ნელა მოდის, ისიც ჯოხს იშველიებს, მხარზე ჩანთა აქვს გადაკიდებული. გარდა ამისა, იმავე მაღაზიისკენ მიდის და უკან მიჰყვება, არც მეტი, არც ნაკლები, თავად ნაცრისფერი. ანა ანატოლიევნას ნაცრისფერი. კუდი აჭიმული აქვს, თათებს მწყობრად ადგამს. სახეზე კმაყოფილი გამომეტყველება აქვს.

— მაგრამ იქნებ ის არაა? და ანა ანატოლიევნამ დაუძახა:

— ნაცრისფერო, მოდი ჩემთან!

კატას გაუხარდა, მისკენაც გაქცევა დააპირა, მაგრამ უცებ გაჩერდა და უკან დაიხია, ოლგას ზურგს ამოეფარა.

— რა ნაცრისფერი... — ისეთი ხმით დაიღრჭიალა ოლგამ, თითქოს ქვები ედო პირში.

— ეს ჩემი კატაა, ვიტუსია ჰქვია!

— რა? — ანა ანატოლიევნა ზედმეტსახელმა შეძრა. — ასეთ რამეს როგორ ბედავთ?

მან კატას შეხედა; დიახ, ეს მისი ნაცრისფერია, სახეზე დაბნეულობა აწერია, ყურებიგაშეშებული აქვს, ულვაში და კუდი ჩამოვარდნილი.

— ნაცრისფერო, რატომ არ მოდიხარ ჩემთან?

— იმიტომ რომ ეს ჩემი კატაა! — ჩაიცინა ოლგამ.

— შენი?... — ბრაზით აივსო ანა ანატოლიევნა. შენ ჩემგან ქმარი წაიყვანე, ნაბიჭვარო! ახლა ესეც გინდა წამართვა? საზიზღარი არსება ხარ!

— ტფუ! ოლგამ სიტყვა გააწყვეტინა, — სულ გაგიჟდი? ჩემი კატაა, რით ვერ გაიგე? მეორე წელია ჩემთან ცხოვრობს.

— ეს ჩემთანაა ის მეორე წელია და გარბის ხანდახან...სად გარბის? ახლა უკვე გასაგებია. რა ჯადოს ფლობ ამისთანას!

— შენ თვითონ ხარ ჯადოქარი! ვიტუსია, წავიდეთ, ძვირფასო ...

— ნაცრისფერო, ჩემთან წავიდეთ! — მოდი, საყვარელო!

— ვიტუსია... — ოლგა ძლივს დაიხარა და კატის ხელში აყვანა დააპირა, მაგრამ კატა უკან გადახტა. დაბნეული უყურებდა ხან ერთს, მერე მეორეს და უცებ თოვლში გადახტა, მერე ღობეზე შეხტა, ერთხანს ამოწმებდა, იყო თუ არა სადმე ძაღლი და ვიღაცის ეზოში გადახტა.

მოხუცი ქალები მარტო დარჩნენ.