ციკლიდან «საჰაერო ხომალდები»
სოფლის სასაფლაო
როცა ვტოვებ სახლს, სამზარეულოს, დიდ კორტებსა და დიდ საძინებლებს
და მივუყვები გზას, საიდანაც სულ ნახევარი საუკუნის წინ,
მიჰყავდათ ჩვენი გემი ტვირთმზიდით გადამსხვრეული წყლის ნაპირებზე,
მთის ნაპრალებთან თითქოს მე ვიყავ ამ გახვეული კვამლის ბურუსში.
სახიფათოა სრბოლა ცხენების, ჭიისნაირი საფეხურებით
და აჰა, აი რა გამოვიდა ჩემი ამდენი მძიმე ღვაწლიდან?
აღმოცენდა და ვხაზე პროექტი ოთხზე დამდგარი ცივი მუხლებით,
ძირს დავარდნილი ასანთის ყუთიც კი დადგებოდა ასე გავითა.
რას იფიქრებდნენ დღეს კოლეგები ნეტავ სიკვდილზე, წრიდან გავარდნას?
ხომ არ სჯეროდათ, როცა სიმაღლეს კარგავდნენ, მაშინ დაააბრუნებდნენ?
ან აცდებოდნენ საზღვრებს სანამდე, როგორც ერთმანეთს ცდება ხანდახან,
ორი შემხვედრი მატარებელი საყვირით ღამეს რომ აყრუებენ?..
არა, ქუდებში სველ ბაწრებით რომ ჰქონდათ მიბმული ქვემოთ ნიკაპის,
იხედებოდნენ გვერდზე, იქითკენ, სად კიდევ იყო მრუმი გარემო,
იმ სავარჯიშო თოჯინით ზურგზე, შიგნით შუაგულ ძაბრში მდინარის...
სადაც ხვლიკები გაჩრილი ენით მიმსხდარნი იყვნენ კედლის გარშემო.
კიროლინები კი ქადაგებდნენ, რომ ზენიტამდე ჯერ არ მისული,
ქვად გადაიქცა ეს დირიჟაბლი — შეწყვილებული ღრუბლებს მედუზა.
ველოსპორტსმენებს სულ რუჯი ჰქონდათ, ვით თხილის გროვას ფერი ვირუსის,
გამოწყობილებს სპორტულ სამოსში, სათვალეებში მრავალფერულად.
მე აპარატი გამახსენდება, დ’ესკუიველის, ზურგზე შემტყდარი,
ხრახნით, რომელიც სხვა ხრახნს არ გავდა, მაშინ როცა ჩვენ კლდეზე ვცოცავდით,
გადაშენდა და გარდაიცვალა მფრინავ გველების ჯიში ერთგვარი...
აეროპლანი ბრუნავს და ბრუნავს, საქარე მინას წმენდნენ ცოტა ხნით...
ძნელია ახლა ფოტოებიდან რომ გაარჩიო ფირუზისფერი,
ან საზეიმო გონდოლისა და ქარში ფრიალა ლენტის ფერები,
თუმც აშკარაა, მათი ხომალდი სულ ფენა-ფენა იყო ფხვიერი.
როცა გვამები ამოიყვანეს, სულ წყლით გაივსო ანაბეჭდები.
ახლა ამ ნერვულ დაბოლოებებს და ფანჯრებს მიღმა ცოცხლობს ბუნება,
ღამის წკვარამში გადაშლილ სივრცეს, ის მაღალია, ვერ ვეტოლებით
და აპარატის ლინზის მასშტაბიც ხედვის არეალს ვერ უბრუნდება,
დაუცველია ლინზისთვლიანი და ფეთქებადი ეს ატომები.
მშვიდია ზმნა და საღამოც მშვიდი. და არის მაინც რაღაც კოლაფსი.
შრიალი, როგორც გაკვეთილებზე ხატვისას — მოჰგავს ზუზუნს ნიჟარის.
ჰორიზონტს გასწვრივ ბუზი მოძრაობს; მის თათებს მაინც ვერვინ ვერ დათვლის,
მებორნემ წყლიდან ღუზა ასწია, არ გაატოკა თუმცა ნიჩაბი.
მოსიარულე სულ წინ ბეკეკა, თხელი ფილტვებით ცხვრების ფერმიდან,
გარბის ზეცისკენ და თავს ხში-ხშირად მხოლოდ კუდისკენ უკან აბრუნებს,
დგება ხანდახან ფეხის წვერებზე, ზურგის დანახვა უნდა ზევიდან,
სად არის ნეტავ პარმიჯანინო, რომ დაუგრძელოს კისრის საუღლე?
მწვანე-ქიმიურ სასაფლაოზე მე ავაშენე ძეგლი მოძრავი.
მერე საფლავის ღია კედლებზე ის საჰაერო ბუშტი დავხატე.
თან ვმარჩიელობ კედლის ჩრდილებზე — მიმოფანტულნზე კარვის ოთახში,
ვით დასაკეცი ინსტრუმენტები, სულ 36 ხრახნს რომ ატარებს.
დანები, ქილის გასახსნელები, სამაგრები და სახრახნისები,
ბრტყელტუჩები და ფრჩხილის კაკვები, ათასნაირი გასახსნელები...
ვიღაც პროპელერს ღერძზე მიაჭრის და ვინ ბილბაოს აწყობს თლილებით
და გუმბათებში შეშუპებული, სამყარო ზრახვებს კუჭავს ხელებში.
ხშირად უბრალო მოყვარულები ამ გარეუბნებს გადაუფრენდნენ
დაეშვებოდნენ და საჰაერო ბურთსაც გარსიდან ხმები ცვიოდა.
ეტაკებოდნენ ერთურთს პედლები, მდგარნი კუთხეში შიგნით ქუსლებზე,
იყო გახსნილი ბურთი უკვე და იქ სტრატონავტი მიმოდიოდა.
მანქანებში და დაღლილ ქუჩებში, მიმოფენილში ქარში ფოთლებით,
იქ იმ ძველ ჰიდროელექტროსადგურს ჩამოუშალა ჟამმა ფერდები,
ბავშვებს — ვასენკოს დაფედოსენკოს, მათთან უსისკინს, ყველას რომლებიც,
იდგნენ პროფილით და გულში ჰქონდათ — „ამ დროს და იღბალს არ დავნებდებით“.
რისთვის შევიდნენ ეს ქირურგები სხეულში მარჯვნივ თხელი პლატინით,
ან ოსტატები ბალზამირების მარცხნივ და შუბლში — ჯოხით ჰიპნოზის?
იქნება სურდათ ჰაეროპლანი კვლავ დაენახათ ცაში აჭრილი,
მაგრამ ის უკვე იყო დაშლილი და ნაწილებად ეწყო ჭილობში.
სხვა ქვეყანაში, ალბათ სხვა დროში მას სხვანაირად შეინახავდნენ,
როგორც გასაყიდ დიდ ლაინერებს, მას კი ძაღლების კომპანიაში
პროჟექტორებით ექაჩებიან, თითქოს ჟალუზებს წევენ ნევადის,
სადაც საწყობებს ფიუზელაჟის შეჰყავდა ისიც თავის სიაში.
ან ის იქნება სახურავზეა და ნელი ქარი უქრის გუგებში,
მაღლა ღრუბელთა ქიმზე ქანაობს, ცას ეჭიდება ფეხისგულებით,
ჩრდილში დამალა თავის ხომალდი, ვერ იძებნება ფილმის ტიტრებში
და ნახაზებიც ისე მოხაზა, დარჩა რეფლექსი შეუხებელის.
მერე ნიკოლო ტესლას მისწერა: „განათდებიან ეს პლანეტები
და დამუხტული მკვდრებით ბუშტები, როგორც ჭურვები აფეთქდებიან,
მიწასთან ცას ვინ დააკავშირებს, თუ არა მკვდარი ეს მფრინავები,
ელვის ნიშანს ჰგავს მაღაროელი ელექტრო დაფის თხელ ძაფებიანს.
რელიეფები, სამსხვერპლოები, განზე გადექ — სამუშაოებს
ასრულებენ და მაიმუნებზე უფრო სწრაფად და მაღლა ხტებიან,
ვინც ბუნებრივად არ გადაირჩა, ის თავის ირგვლივ მავთულს ამოკლებს
და წებოვანი ძაბვა ისე ჩანს, ღობიდან ვეღარ გადაძვრებიან.
მაგრამ ჯიუტი მაინც სინათლე სადღაც სიღრმიდან ამოიჭრება
და გასწორდება მრგვალი გლობუსი, თითქოს დაჭმუჭნულ მილში ჩაჰბერეს,
მერე სუყველას ენას აჩვენებს და ერთეული გაიჭიმება,
ქვეშ დარჩებიან ლეგა ღრუბლები და გამომთვლელი ცის გზას გვაჩვენებს.
ჟაკსა და ჟოზეფს ყველა ვერ წვდება, თუმცა რწმენა აქვთ არანაკლები,
სიგარის კვამლი, კონვერტს რომ ავსებს, აუცილებლად ჭერში აიყვანს.
ასოებისთვის ქაღალდს ნუ ხარჯავთ, ქვებზე დაწერეთ ეპიგრამები,
ქარხნებს წაართვეს გრავიურები, სუფლიორობენ ეპიტაფიას.
ორმოცდაათი რკინის კასრიდან გააქვს შიშხინი მძიმე ამიაკს,
სახეს უფარავს ყველას ნიღაბი, მჟავა შიგნიდან ლითონს ათხელებს,
საფრთხეს შეიცავს უფრო წყალბადი, ვიდრე „ორფეის“ ვაკხანალია,
შიშველი კაცი დიაგრამულად სპეციალისტებს სხეულს აჩვენებს:
გაჭიმულია თოკი მაჯიდან და იდაყვამდე კისერს ეხვევა,
მერე მეორე მკლავზე ეშვება და მაჯის გავლით იწევს წელისკენ,
კვანძი, რომელიც უკან ბრუნდება და იხლართება თავის ფესვებთან,
აქ ამ ბადეში თავისუფლება სხეულთა შორის ადის ზენიტზე.
მე არაერთხელ შემიმჩნევია — როგორ ცვიოდა საფრენ სტადიონს,
ჯერ ქულები და მასა ხალხისა სექტორ და სექტორ რომ იშლებოდა,
ბევრჯერ მინახავს — გადმოუფრენდა საფრენი ბუშტით ქალაქს, ალიონს,
ერთხელაც ცაში იდგა ფეხებით და ტერმინალში შესვლას ელოდა.
მოწმე ვარ: როცა ავტომატები ბიბლიოთეკის გვერდით დაყარეს,
ესიზმრებოდათ მინდვრის საკნები, დაჩქარებულად სტეპში გაშლილი
და საჰაერო ხომალდის ჩონჩხი, მდინარეს ზედ რომ გადააფარეს,
და დაჯავშნული ბადე ბნელ წყალში, მეთევზეების ფერ-უმარილი.
მე არაერთხელ შემიმჩნევია: ის გადიოდა სუფთად და მორცხვად,
რულონებიან ნახაზებით და ქამარზე მიკრულ ხისფერ ქეისით.
და ბალახები, ვით ბანერები, ზედა ღილიდან რომელიც მოწყდა,
მის წინ ცვიოდნენ, ის ჩურჩულებდა და შესცქეროდა კედელს შენიშვნით.
ის უცებ გაქრა, გაუჩინარდა, არც შევხვედრივარ, არც მიძებნია,
არც კიბეებზე , სასტუმროებში... ვაკვირდებოდი დღეთა დინებას.
მაგრამ დრო, როგორც აკორდეონი, თითქოს ზებრაზე ისე შევიდა,
უკან დაბრუნდა. იოანეს თქმით, ის თავის წინ და უკან იქნება.
აღარ ვეძებდი აღარც იმის კვალს, გამოვლინებებს არც მის სინათლის,
სანამ ერთ ზაფხულს სან-ფრანცისკოში, სადაც „ვარდის და ეკლის“ კაფეში,
ლამინირებულ დილის ქაღალდზე ნარინჯისფერი თევზი მოგვართვეს,
ამ ოკეანის მურტალ არსების ნეკნების შორის ვხედავ ნეკროლოგს.
გადასვენება. საფლავი სუფთა დანიადაგი გამოკვლეული,
ცაში, უფალთან იყოს იქ მყოფი, იმისი ფერფლი არვინ შებღალა,
ის მეგობარი და არა მხოლოდ, გახდა აგენტი გამორჩეული,
მე შევაფასე ეს რადიუსი, სხვა სამყაროში რომ გამეყვანა.
სადაც ჯერ კიდევ გალერეები არიან წყნარი დირიჟაბლების,
ქსოვილის რხევას სუნთქვით რომ იგრძნობ, სუნთქვაშეკრული გდიხარ ბალახზე,
სხეულში ვისკი ისე შემოდის, როგორც მემბრანის გულის ვარდები,
ვზივარ კოშკში და ვუსმენ უდაბნოს ბუს და დარდიან სხეულს ვახარებ.
ანგარი შებინდებისას
ანგარის რქებივით ჩაერჭო მინდორში,
გახსნილი ნივთები, სიმაღლეს უფრთხიან,
ვერშეკრულ ხომალდში ნიავი მიმოდის
და სივრცე იშლება შიშველი შუბლიდან.
ჰაერზე მსუბუქნი მარტივად ვეცემით
და ვავსებთ ხომალდის საწყობებს, კუთხეებს,
სივრცეში, ვით ვაგზლის მინებზე ცრემლები,
მივცურავთ ხომალდით, რას ვნახავთ უკეთესს.
ის ვინც შედუღების ფარის ქვეშ მალავდა,
ოხერ ტვინს, ჯიბეში გახვეულ ხრახნილებს,
ანგარი მთლიანად დაინგრა, დამთავრდა
და შემცბარ რობოტებს ვინ მოისაკლისებს?..
ანგარი ჩაემხო და თითქოს რაღაცა,
მოძრაობს იქ მაინც იმ დღიდან ამ დღემდე,
— თავს რატომ აბრუნებთ? უკუღმა რას დგახართ?
— მე აქ კვლავ წმინდანთა სახეებს დავეძებ.
განრიგი
წვიმის წვეთები ზღვაზე დიდია, როგორც ხრახნისთა სახელურები.
ჩემი მამულის პანორამები თავს იწონებენ საზღვრის გარეშე.
მერე გზა და გზა ფერებს იცვლიან მისი სხეულის აპეურები,
მასში რაღაცა არის ოფიცრის — ელიფსების და წამწამთ არეში.
„მე დავიღალე, — ამბობს, — ამ მტვერში და ლატარიის მძევლად ყოფნაში.
საქმე მაჩქარებს, წინ ვიხედები და უმოძრაო ღერძზე ვჩერდები,
ვფურცლავ „ნარკვევებს დირიჟაბლების» — ცვივა ჭურვები მუხლზე ოთახში,
არის რხევა და მსხვრევა მიწაზე, — წმინდანებს მაინც ნუ შევეხებით.
აჰა, წმინდანებს მოასვენებენ, სცემენ ბარაბანს ლატარიისას,
დიდებულია კატასტროფები, თუ ააორთქლებ ხმას და შავ ხვრელებს,
ამხაზველები დგანან, ტროტილი ყველას ჯიბეში შეფუთული აქვს,
საკმარისია ხელი გაუშვა და წამიერად მზეს გააჩერებ.
გემი ღრუბლების ზემოთ მოძრაობს დედამიწასთან ერთად, უძრავად,
მე კი აქ დაბლა მაქვს აგარაკი კოშკით, გჟელებით და ჯაშუშებით
და ვმარჩიელობ ისევ პროექტზე — პატიმრობაში შევძლო უნდა რა? —
რომ სასაფლაოს ფერფლი ვაფინო — კილომეტრებზე — ამ ცის ბურთებით.
მესიზმრა, მომცეს პური არსობის მრგვალი, მსუბუქი ოდნავ ჰაერზე,
მოედანია მასში შიგნით და გახურებული მიდის თამაში.
მივრბი ქვიშაზე, მე ის გავუშვი — ფილიგრანული ზეცის თაველზე.
— თან ვფრთხილობ, რადგან ხალხმრავლობაა, თუნდ დაზღვეული ვიყო ამაში...
დილით კი ისე დავწოწიალობ, როგორც ურანის სამარხის მცველი,
ვიღებ ნიმუშს და ცხრილებს ვადარებ და სინათლეში ვუყურებ ჩემს თავს,
სად გაქრა შუქი? ვით კოპერნიკის დაღლილ თითებში კომპასი ძველი,
ამ ნეიტრალურ რეალობაში მე პლანეტების კუთხეებს ვვესავ.
გარეცხილ სახლში გრავიურებზე და ბურთულების სიღრმის კერებში,
აერონავტებს ნავსადგურისკენ გეზი უჭირავთ, ის კი მუდმივად,
მათ ზურგს უკან დგას. ქარიშხალია და მცენარეთა გროვას ვეხები...
მზე ეშმაკურად მის მომთავებლებს, ჰაერის და წყლის გველებს უჭირავთ.
შესაძლო არის რომ წამოვედე რაღაცას ჩემი უცხო სამოსით,
ან იქნებ ჩავრთე კომპიუტერი არა მარჯვენით, ალბათ მარცხენით?
იქნებ წიგნებიც ისე დავაწყვე, იყო ბუნების არმოსაწონი?
გაორებული კოშკი აუზში შეხსნილი იყო როგორც თასმები.
ამ რვეულშია ჩანაწრები: მზემ ჰორიზონტი ვერ გადალახა.
არ განმეორდა შეხედულება. დრო ისევ იდგა თავის სწორ ხაზზე.
ხეთა ნაწილი ბნელში ჩაინთქა, ნაწილი შუქის სკნელში ჩავარდა,
უქმი ნივთების იყო სიმრავლე, ჩემს დასაცავად აქ რომ მოზვავდნენ.
ვერ პოულობდა ადგილს ფაუნა, დილის ძებნაში იყო გართული,
ცილოვანი და ქვის არსებები ნამყოფ ადგილებს უკვე ტოვებდნენ.
ეს ინდივიდი ისევ გვეახლა საჰარიდან და ყურებდახშული,
მიმოდიოდა მაღალ სიცხეში ყინულოვანი ფურცლის მორევზე.
ეს ისე იყო, გაკვეთილებზე ვით პერიშკინის სახელმძღვანელო:
ვაგონები რომ ამუხრუჭებდნენ, გზას აგრძელებდა ბარგი მგზავრებით
და იყოფოდა შეღამებისას შუქის კონტური ორ დიდ სამეფოდ,
შავის და თეთრის ტრაექტორიად და დირიჟაბლიც იყო მათ დღეში.
ნახევრღამის პლანეტებიდან, თუმც გაურკვევლად უკვე მოჩანდნენ,
მეთაურები მონაზონთა და მზე გადაღლილი და გულუბრყვილო.
ისრები წაღმა ვერ მიდიოდნენ დასაჰაერო ამ ჩვენს ხომალდზე,
ითოშებოდნენ ეს ფირფიტები და დირიჟაბლიც იდგა უსისხლოდ.
და იმას იგი უკვე მიჰყავდა ერთ-ერთ ზეციურ გადასასვლელში.
ბნელ სარდაფებში დაჰყო სამი დღე: წერდა, ხაზავდა, სვამდა, ლოთობდა.
ეჩვენებოდა (შეშლის ჭკუიდან, გიჟს და ეჭვიანს, ღია თვალებით)
რომ მირაჟების ცაზე ნათებას დირიჟაბლისთვის სევდა მოჰქონდა.
ქაღალდის გველი
ცხელია ქარი, მძინარე გონი,
საყვირიანი გართხმული გველი,
მიცოცავს ხატზე იერიქონის,
მიჰყვება თოკი თან ალისფერი.
რესპირატორულ სასუნთქი გზებით,
იმალებიან სუსტნი და ბრმები
და მერე მორცხვი ყუთები ებმით
და ქარი მათში ლოყებით შედის.
მივდივარ, ფრთხილად ვეწევი კუდით,
ხან დახვეულს, ხან სიგრძეზე გაშლილს,
ხანაც ფარდიდან ფარდამდე ვუცდი,
რომ გადაცოცდეს და მივწვდე მაშინ.
ირევა ცაზე თითქოს და დნება,
თავისგან შორს და თავისკენ ახლოს,
ნიჩბების ქნევით ქაღალდის წყებად,
იქცევა მერე, ეს უნდა ნახო.
ფაფხურობს, მისკენ ღრუბლიდან ჯარი
ეშვება, რამე უნდა იღონოს,
იჭირავს კბილით დროს, იცის რაკი,
პირველმა რომ არ უნდა ისროლო!
როგორც მოქლონი გარსზე, კანკალებს,
ლაქის გარეშე დადის შარაგზით,
მცდარად მოკლულთა სტუმრობს სავანეს...
ვის გაუხვრიტა კუთხით ანფასი...
უცბად იაზრა თავში როდესაც,
სულელ ტიტანად ქცევა იქავე,
ისე, ქაღალდზე წაიოცნება,
ბეწვი ბუმბულის, წვერი მიწამდე!




