რუსეთი
სანიმუშო წარბებამდე
ა. ბლოკი
შენი თეთრი ხელები გადაიჯვარედინე,
წარბებამდე ეგ სახე ჩქეფდა მწვანე მერდინზე,
არა გქონდა არც კაბა და არც თავსაბურავი,
ბეისბოლის ქუდ-კეპი გედო მხოლოდ ფუთაში.
ქუდი გაცვეთილია — მოგიტანენ ფარანჯას,
ისე, მეზობლობისთვის. მე კი გეტყვი თამამად,
როგორც შვილი, სირცხვილის სირცხვილით დგას რომელიც:
„აი, უკვე აქა ვართ, დედაჩემო მოვედით“.
ნაბიჯებით ვიარეთ, ბრძოლის ხაზზეც შევჭრილვართ,
ნახევარი სამყარო ჩვენ კბილებით გვეჭირა
უფრო ზემოთ და მაღლა მელნისა და ქაღალდის,
რაიხსტაგზე ჩვენ ჩვენსას ვწერდითა და ვხატავდით.
საკუთარი — ცოდვაა, სიღარიბე, მონობა.
მაგრამ რატომ იყავი, ეს მითხარი ოღონდაც.
ნათელია, მსოფლიოს მეექვსედი ნაწილი,
ამ ტაბლეტებს ფურცლავდი, ისე გქონდა განცდილი.
სულ პირველად გონება საბოლოოდ დაბნელდა.
დაგათრევდნენ, დრო გქონდა ექიმებთან სარბენად,
მაგრამ მაინც ტორპედო ისევ ამოიღრღენი,
სვამდი გამარჯვებისას, კვნესოდი და იმღერდი.
ახლა ნება მომეცი, მეც ძირამდე შევიჭრა,
ახლა არა მეექვსე, ახლა მხოლოდ ერთია,
ეს კი ნიშნავს — ხმამაღალ სადღეგრძელოს გარეშე,
არც ცნობების, ამბების, რაც ოცნებით ვაშენეთ.
აქ ამ ქვაზე ჩამოვსხდეთ, შევაშინოთ ყვავები.
ჩვენ ამ ყორნებს ყორნებზე ვერ დავითვლით თათებით,
ჩვენი სუვერენული ეპატაჟის თანხლებით,
ჯერ მივიტანთ იერიშს, მერე წყნარად დავსხდებით.
ჩვენს საქმეზე იქნება ფიქრი უფრო ალალი:
მარცხნივაა მამონა, მარჯვნივაა ალაჰი.
ჩვენზე მისვენებულებს ეძახიან დაცინვით,
გოგონები ვაგონში იცინიან ნაზი ხმით.
მარცხნივ წახვალ — ცეცხლისგან და ხანძრისგან მოკვდები.
მარჯვნივ წახვალ — იცოდე, ცხენს დაახრჩობ მორევში.
იწელება ღრუბელი სულ წინა და პირდაპირ.
დედა, ცაში ავიდეთ, ჩვენი სახლი იქ არის.





