ცა ალმასებში



ლიტერატურული მოთხრობა პ.ს.-სთან ერთად, რომელიც შედგება ოცდაცამეტი შენიშვნისაგან:

                              We would like to commission a short story from you to be inspired by the quotes

                               from Checkhov that are attached to this letter. We do not expect you to write in

                               the style of Сhekhov, just to use these ideas as inspiration for your own. /

                               ჩვენ გვსურს მივიღოთ თქვენგან მოთხრობა, შთაგონებული ჩეხოვის

                               ციტატებით, რომლებიც თან ერთვის წერილს. არ გვაქვს იმის

                                მოლოდინი, რომ ჩეხოვის სტილში დაწერთ, უბრალოდ გამოიყენეთ ეს

                                იდეები, როგორც შთაგონების წყარო თქვენი საკუთარი თხზულებისთვის.

                                            ეს არის წერილის ფრაგმენტი, რომელიც მწერალმა გდოვმა მიიღო
                                            საზღვარგარეთ თარგმანით და ლექსიკონით უფროსი ასაკის მოსწავლეებისთვის.

                                             რის გაკეთებას უბრძანებთ ადამიანს რომელმაც ათასი საზიზღრობა ჩაიდინა
                                             და მერე ტირის?

                                                                                                                             ანტონ პავლოვიჩ ჩეხოვი. (2)

M-me R. O. არომატი, მაქმანიანი ცხვირსახოცის მარჯვენა თვალის სველ მარცხენა კუთხეში მიტანით, სინქრონულად მსაყვედურობს იმას, რომ ზუსტად ოცდაცამეტი წლის წინ მივატოვე, როცა მე და ის ვიყავით მკვიდრები ქალაქ კ.-სი, რომელიც დგას ციმბირის დიდი მდინარის ნაპირზე, ყინულოვან ოკეანეში რომ ჩაედინება.

— რატომ მაშინვე ვერ მივხვდი, რომ ნაძირალა იყავი — თქვა მან, — მხოლოდ ნაძირალას შეეძლო ასეთი თავხედური გამოსამშვიდობებელი წერილის გამოგზავნა უკანა მისამართის გარეშე და სასიყვარულო წერილში დაეწერა: „ვაკრავ პასუხის ადგილზე მარკას».

— იცი, ეს ქალური ჰორმონებია. შენ გინდოდა ჩემთან დაწოლა და მეც ასევე, რატომაც არა? თუმცა შენც კარგი ვინმე ხარ, რატომ შემოუშვი ცოცხალი მამალი ჩემს ოთახში? მშვიდად შევეწინააღმდეგე, მოთმინებით ველოდი, როდის გაივლის ამ ახალი რუსი ქალბატონის მინორული წუთი და ის კვლავ გახდება მხიარული, გახსნილი და ენერგიული.

საქმე იმაშია, რომ ჩვენ უკვე დავლიეთ ძვირადღირებული(3) არაყი „რუსული სტანდარტი“ როზალია ოსიპოვნას ბარიდან. ის არაყს ფორთოხლის წვენს ურევდა და ზუსტად ორ ყინულის კუბიკს ამატებდა ბროლის ჭიქაში, ეტყობა ასე ასწავლეს ამერიკაში. მე უკვე ნახევარი ჭიქა ვხეთქე(4) და კიტრის მწნილიც მივაყოლე. როზალია ოსიპოვნა არომატმა წლების განმავლობაში კარგად აითვისა კიტრის დამწნილების ხელოვნება, მანამდე არაფერი ეხერხებოდა, გარდა ლოგინში სიამოვნებისა და ციმბირის მიწისქვეშა ტბების კარსტულ გამოქვაბულებში ფულზე აკვალანგით ჩაშვებისა.

როზალია ოსიპოვნა მაშინ წესიერი კომკავშირელი, სპორტსმენი და მოცურავე იყო. მაშინაც როზა ერქვა, როგორც ახლა, მაგრამ სულ სხვა გვარი ჰქონდა, ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ. მგონი კუკუშკინა, თუ ხრისტანიუკი(5). ცუდი მეხსიერება მაქვს: სკლეროზი, მარილები, პოდაგრა, მაღალი არტერიული წნევა, გასტრიტი, პროსტატიტი, მოკლედ, დედა მაქვს ნატირები(6).
— მტვრიანი გზაა და მის უკან ბუჩქებია, ცოტაც და დაისვენებ, ცოტაც და. სულერთია უადგილოდ წავიმღერე.
— რაა? როზალია ოსიპოვნას გაუკვირდა.
— ეს არის პოეტი მიხეილ ლერმონტოვის აზრი (7), რომელმაც, თავის მხრივ, ისესხა ან გოეთესაგან, ან ჰაინესაგან. ჰაინრიხ ჰაინე(8). რუსი პოეტი ლერმონტოვი წარმოშობით შოტლანდიელი იყო, ხოლო გერმანელი ჰაინე — ებრაელი. პუშკინი — ეთიოპელი, ტურგენევი — თათარი, ლესკოვი — ინგლისელი, დოსტოევსკი — პოლონელი, ჩეხოვი, რა თქმა უნდა, ჩეხი.
— ყველა ქვეყნის პროლეტარებო, გაერთიანდით, — ავუხსენი მე.
— ვინ ხარ, დღემდე ვერ გამიგია! — დაკვირვებული მზერით შემომხედა მან.
— მეე? — უბრალო რუსი ბიჭი-ინტელექტუალი, რომელსაც შეუძლია უფრო დიდი საქმეები აკეთოს. კერძოდ, ვიცი, როგორ ვუხელმძღვანელო რომელიმე ახალი პრიალა ჟურნალის კულტურის განყოფილებას. არანაირი პოლიტიკა, ზომიერი რეკლამით და პორნოგრაფიასთან მოსაზღვრე ეროტიზმით. ხელფასით 2500 დოლარი თვეში.

— ეს არ გინდა? — მან უხამსი, მაგრამ ლამაზი და ოდნავ ამაღელვებელი ჟესტი მაჩვენა. უნდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ის დიდად არ შეცვლილა. აი, რას ნიშნავს, როცა ახალგაზრდობიდან სპორტს მისდევ და შემდეგ კი ცხოვრების ჯანსაღ წესს ეწევი, მაგალითად, სწორად იკვებები. ძველებურად გამხდარია, ტანმაღალი, მოქნილი, კატისებრი(9). ერთი სიტყვით კატაა.

მისი მამა, ოსიპ პინხასოვიჩ არომატი, დაიბადა ვიტებსკში ღარიბი კონდიტერის ოჯახში. წერა-კითხვის უცოდინარმა, ყველაფერს თავისი ჭკუით მიაღწია. გამოწურა რა წვეთ-წვეთად თავისი თავიდან მონური სული, შეუერთდა რევოლუციონერებს, იცნობდა მარკ შაგალს, მსახურობდა ჩეკაში, სადაც თავდაჯერებული კარიერა გააკეთა და ნამდვილად დაკრძალავდნენ მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მაგალითად, ხრუშჩოვის ან კაგანოვიჩის გვერდით, 1950 წელს რომ არ დაეხვრიტათ თავის კოლეგებს კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამო.

დედა, ნადეჟდა კუკუშკინა ან ხრისტანიუკი, ასევე საშუალო ფენიდან იყო და ასევე რევოლუციონერი მაგრამ რევოლუციაში იგი სიყვარულმა მიიყვანა. საქმე იმაშია, რომ ის მოსამსახურედ მსახურობდა ერთი გარყვნილი მოსკოველი დეკადენტი ვაჭრის ოჯახში, რომელიც მაქსიმ გორკისთან მეგობრობდა, ხანდახან სიმთვრალეში ფულს შეუგდებდა რევოლუციას, იყო სპონსორი მაღალმხატვრული სტანისლავსკისა, თავად ცხოვრობდა უზარმაზარ სასახლეში, რომელიც მდებარეობს მოსკოვის ქუჩა მალაია დმიტროვკაზე, რაც უკიდურესად არასასიამოვნო ფაქტია — როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად. არც ერთ კაბიანს ხელიდან არ გაუშვებდა, ამავდროულად ამაყობდა იმით, რომ სწორედ ამ სახლში გაათენა ღამე ჩეხოვმა სახალინში თავისი ცნობილი მოგზაურობის წინ, რომ იმდროინდელი რუსეთის მშრომელი და კრიმინალური ხალხის მძიმე ხვედრზე დაეწერა.

ის მოახლეს ეარშიყებოდა, აბაზანაში უთვალთვალებდა, ვერაფრით გაეგო, რატომ ამბობდა მასთან სექსუალურ კავშირზე უარს, როცა ასეთი მარტივი აქტისთვის კარგ ფულს სთავაზობდა. ის იყო ნამდვილი ბურჟუა (10), ფულით და არყით გაბრუებული, რომელსაც არ ესმოდა, რომ ქვეყნად არსებობს არა მხოლოდ ვნება, არამედ ნამდვილი სიყვარულიც.

ზიზღით გაიცინებდა, რომ გაეგო, რომ მის მოახლე ნადიას შეუყვარდა ტარაკნების და რწყილების შემწამვლელი, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით აღმოჩნდა მის ბინძურ სახლში, რის გამოც აქ რეგულარულად იძახებდნენ ტერმინატორს(11) და ასე დაიბადა სიყვარული. დრო გადიოდა, ვაჭრის სახლში მუდმივად უკრავდა მექანიკური ფორტეპიანო, იყო ხმაური და მხიარულება, მაგრამ ნამდვილი ბედნიერება არა და მან თავი ჩამოიხრჩო ქალაქ ნიცაში (ან ბოლშევიკებმა ჩამოახრჩვეს, არის ასეთი ვერსიაც). თავი ჩამოიხრჩო და დატოვა უცნაური ჩანაწერი, ციტატა მისი მეგობრის მაქსიმის ახალგაზრდული გრაფომანიული ლექსიდან -

            „მშვიდობით, აფრები ავწიე
            და კვნესით დავდექი საჭესთან“.

მაშინ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა მოახლე ნადია, რომელიც ისვენებდა სექსის შემდეგ, მოულოდნელად აღენთო პროლეტარული შეუწყნარებლობით და შესთავაზა პატარა მეტარაკანე ოსას — ჯანდაბას მაგის თავი(12), მოდი, მოვწამლოთ ზოოკუმარინით(13) ეს მსუქანი ღორი, ერთხელ და სამუდამოდ, დღეს მას მოუმზადებენ ,,ლაბასხმულს» და მე შემიძლია მასში ჩავყარო შხამი, რამდენიც საჭიროა. იატაკქვეშეთელმა და მომავალმა ჩეკისტმა ოსიპ არომატმა მკაცრად გააქნია თავი: არა, ნადიუშა, რევოლუცია სუფთა ხელებით უნდა გაკეთდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჭვარი მალე ისედაც მოკვდება, უცებ თუ არ მოკვდება, განადგურდება, როგორც ყველა ექსპლუატატორი.

ასედაც მოხდა.

— ერთი ამას შეხედეთ! — როგორი შენახული ხარ ამდენი ამქვეყნიური საზრუნავისა და საფიქრალის მოუხედავად. დაინგრა კომუნიზმი, დაიშალა სსრკ, ტერორისტები ყოველ დღე რაღაცას აფეთქებენ, გაფუებული(14) მემარცხენე ინტელექტუალების სრული მხარდაჭერით, შენ კი კიდევ უფრო ლამაზი გახდი. ადრე, ვაღიარებ, ცოტა ულამაზო ჩანდი სათვალეებში. კონტაქტური ლინზები გაქვს ხომ ახლა? — ვკითხე მე.
— ლინზები, — მიპასუხა მან მოკლედ, ეტყობოდა სხვა რამეზე ფიქრობდა.

როზალია ოსიპოვნამ პოსტპერესტროიკის პერიოდში(15) მოახერხა ეცხოვრა ისრაელში, იტალიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ამერიკაში, მაგრამ არსად არ მოეწონა და ისევ თავის საყვარელ სამშობლოში დაბრუნდა, როგორც ქვრივი ცნობილი რუს-ფრანგი ავანგარდისტი მხატვარისა, რომლიც მან სსრკ-დან წაიყვანა დასავლეთში თავის დროზე, მანამდე კი დაიბრუნა თავდაპირველი გვარი და დაუმტკიცა სულელ ბოლშევიკებს რომ მას, ყოფილ კუკუშკინას (ან ხრისტანიუკს) ამჟამად კი გვარად არომატს, უფლება აქვს ემიგრაციაში წავიდეს თავის ისტორიულ სამშობლოში.

ის მონაწილეობდა დემონსტრაციებში, პიკეტებში, თამამად უმღეროდა ხელისუფლებას: „დღე და ღამე არ მომბეზრდება გამეორება, გაუშვით ჩემი ხალხი!(16)». „სოვკაში“(17) მხატვარს, რა თქმა უნდა, არ აღიარებდნენ, ის ორჯერ იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუ ბოროტ ენებს დავუჯერებთ არც თუ ისე უსაფუძვლოდ. იყო ძალიან ექსცენტრიული. ქორწინების პირველ ღამეს მან ბრძანა, რომ დაეგოთ თეთრეულის ნაცვლად ჭუჭყიანი მაგიდის გადასაფარებლები საქორწილო სუფრიდან და სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე მათ მდიდრული ვილაზე ძველ ქალაქ ბერე-ლე-ალპში, ყოველდღე, ნასადილევს, აშინებდა ცოლს, რომ მონასტერში წავიდოდა, ცოლი ტიროდა შიშით, რომ მისი გიჟი ქმარი მონასტერს უანდერძებდა თავის ფულად დანაზოგს. ზოგჯერ როზალია ოსიპოვნას ეგონა, რომ ის, სავარაუდოდ, ლატენტური ჰომოსექსუალია და ამის გამო კიდევ უფრო მწარედ ტიროდა. სამყაროში ყველაფერი მთავრდება.

ახლა მისი ქმრის ნამუშევარები მილიონები ღირს, თვითონ კი სამშობლოშია. გამარჯობა, უკან დავბრუნდი(18) სამშობლოვ! გამარჯობა ძვირფასო დედაქალაქო მოსკოვო!
— მაშინ რატომ არ მომიყვანე ცოლად? — პირდაპირ და ბოროტად მკითხა როზალია ოსიპოვნამ.
— აბა, წარმოიდგინე, ახლა ხომ თითქოს მტკიცედ დგახარ მიწაზე, დავუშვათ და მომხდარიყო პოეტური ქორწინება, დავრჩებოდით როგორი სულელები, როგორი ბავშვები! ხუმრობა ვცადე.
— რა ბავშვები? — ვერ გაიგო როზალია ოსიპოვნამ.
— ისე, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ეს მე და შენ ვართ.
— და ვინ არიან სულელები?
— ესეც ჩვენ ვართ.
როზალია ოსიპოვნამ გაიცინა და ნელა მოუკიდა ,,ვოგის» სიგარეტს მენთოლით.
— შენ ერთ-ერთი ხარ, ვისზეც რუსული ანდაზა ამბობს: „სულელია, სულელი, მაგრამ საპონს არ ჭამს“.
— ახლახან გავიგე ამ გამონათქვამის კიდევ ერთი ვერსია: „ბრმაა, ბრმა და საპონს არ ჭამს, — ვთქვი მე.
— ჰოდა, მეც მაგას ვამბობ, რომ ნაძირალა ხარ. შენ კარგად იცოდი, რომ მე ვიზრდებოდი ბავშვთა სახლში „ხალხის მტრების“ შვილებისთვის, სადაც ყველა დამცინოდა. სკოლის ყველაზე ტანდაბალი მოსწავლე, გვარად ტრახტენბაუერიც კი, კარგად ნაკითხი ნაძირალა, იაპონელი ჯაშუშის(19) შვილი, რომელიც მიწინასწარმეტყველებდა, რომ ვერასდროს გავთხოვდებოდი. მე ხშირად მაწუხებდა დიარეა, ის კი იჯღანებოდა და ციტირებდა საიდანღაც: „ახალგაზრდა ქალბატონს შეარქვეს მეტსახელად(20) აბუსალათინის ზეთი და ამიტომ არ გათხოვდა.» და მაინც, ძალიან ცუდად მომექეცი, წახვედი გაურკვეველი მიმართულებით. რა სასტიკი ხალხი ხართ რუსები და შენც მათ შორის! — მართალია, სწორად იქცევიან ჩეჩნები, რომ გაფეთქებენ.

— ოჰ, შე ძუკნავ! დავიყვირე. სწორია რომ გვაფეთქებენ? და ისრაელში, ან ესპანეთში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრში და «ნორდ-ოსტში» ან სკოლის მოსწავლეები ჩრდილოეთ ოსეთში ტერორისტები იყვნენ? ტრახტენბაუერი,შენი აზრით, რუსია? ოსი ბავშვებიც რუსები არიან? ჩემი წინაპრები, მამის მხრიდან მაგალითად კეტები იყვნენ. იცნობ ამ ეროვნებას?

კეტები ენისეილები არიან, ციმბირის ყველაზე ძირძველი მოსახლეობიდან, ჩვენ ინდიელ ამერიკელებზე მეტი ვიყავით, რომლებსაც ვენათესავებით, ახლა კი სულ 1204 ადამიანია, მათ შორის მეც. დიახ, სულელი ვიყავი, მაგრამ ახლა დავჭკვიანდი და მჯერა რუსეთში რუსები, ან საერთოდ ყველა გონიერი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს მშვიდობიანად, თუ სურთ საერთოდ ცხოვრება და არ მოკვდნენ ღამით ერთდროულად საკუთარ იდეალებთან ერთად.
— ნუ გაბრაზდები, ძვირფასო! — რბილად შეეხო მისი თითები ჩემს ცეცხლოვან ყურს.
— მე ჯერ არ ვარ ვანესა რედგრეივი, ახმედ ზაკაევის მფარველი. ვაღიარებ, რომ შევცდი და ღმერთი დამსჯის ამის გამო.
— მაპატიე, მაგრამ რას არ იტყვის ვნებიანი ქალი. და მე ვიყავი და ახლაც ვრჩები ასეთ
ქალად — ხაზგასმით აღნიშნა მან.
— ამაზე არავინ კამათობს,— ჩავიჩურჩულე მე, — მაგრამ ჩემი მეზობელი, მეწაღე-ალკოჰოლიკი ლაზარ პაფნუტიჩი აღგზნებული ყვიროდა, როცა ცოლი ჯამაგირს (21) ართმევდა: „რაც დავქორწინდი, ქალად ვიქეციო“!
— მე კი ჯერ არ დავქალი (22)! — როგორ ფიქრობ, რატომ?
— აბა, მითხარი, რატომ, თუ, რა თქმა უნდა, ასე დარწმუნებული ხარ ამაში. — გაიღიმა მან.
— რაში?
— რომ არ დაქალდი. შენი ისტერიკის მექანიზმი ხომ ქალურია, ნუ შემეკამათები, ამ წლების განმავლობაში კარგი ფსიქოლოგი გავხდი.
— შენი ფულებით, ნებისმიერი შეიძლება იყოს კარგი, — ვუთხარი მე. იმიტომ არ გავქალდი, რომ ცოლად არ მოგიყვანე. სხვათა შორის, დღემდე უცოლო ვარ.
— დავუშვათ, არ ხარ დაქორწინებული, ისიც, შენი ბოლო ცოლის წყალობით, რომელმაც როგორც იქნა გამოგაგდო შენი აუტანელი ხასიათის გამო.
— მე, რა თქმა უნდა, მოვიძიე შენზე ინფორმაცია, როგორც ჩემს მომავალ ჰიპოთეტურ თანამშრომელზე.
— რა სწრაფად ისწავლეთ თქვენ კაპიტალისტებისგან მშრომელი ხალხის (23) შეურაცხყოფა, — ვთქვი მე.
— ,,ჩვენ' ანუ ვინ?
— ახალმა რუსებმა.
— მაგრამ მე ებრაელი ვარ, — გაიცინა მან.
— ერთი მეორეს ხელს არ უშლის, — ვუთხარი დაღონებულმა, იმიტომ რომ საუბარი ჩიხში შევიდა და ჩემი საქმე ცუდად იყო — გვიანი შვილი „უკანონოდ რეპრესირებული“ (24) მოხუცი ბოლშევიკებისა (25), ობოლი, კომკავშირელი, სელფმეიდვუმენი(26), რომელიც საარსებო ფულს აკვალანგით შოულობდა, დისიდენტი, ემიგრანტი, მდიდარი გოგო. როგორ ვეფერებოდით ერთმანეთს მაშინ მხიარულად და კულტურულად, როცა ორივე ვცხოვრობდით ქალაქ კ.-ში, რომელიც დგას ციმბირის დიდი მდინარის ნაპირზე, რომელიც ჩაედინება ყინულოვან ოკეანეში. ის ცხოვრობდა პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, მე — თბილ ბინაში უზარმაზარი ბიბლიოთეკით, მემკვიდრეობით რომ მერგო საბჭოთა მშობლებისგან, ქალაქელებისგან, რომლებსაც მთელი ცხოვრება ეშინოდათ ყველაფრის და მხოლოდ ჭაღარა თავებს აქნევდნენ, როცა ჩემს ახალგაზრდულ აკრძალულ საუბარს უსმენდნენ: „ნაკლები ილაპარაკე, თორემ დაგიჭერენ და ჩვენც მიგვაყოლებენ!»((27)

დავკარგე მშობლებიც, ბინაც და სამშობლოც. იმიტომ რომ სსრკ იყო ჩემი სამშობლო!

I was born in USSR(28). ახლა კი არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი არ არსებობს, მხოლოდ სიბერე და როზალია ოსიპოვნა არომატი. ოჰ, როგორ გვსიამოვნებდა ამის გაკეთება ჩემს აივანზე დილით ადრე., დილით, როცა მთელი საბჭოთა მშრომელი ხალხი მიიჩქარის კომუნიზმის ასაშენებლად
— და მაინც, რატომ შემოუშვით ცოცხალი მამალი ჩემს ოთახში, იცოდი, ჩემი გასაღები ყოველთვის ხალიჩის ქვეშ რომ იდო? — ვიკითხე ისევ.
— გოგოებმა საერთო საცხოვრებლიდან (29), ვიფიქრეთ, რომ მოგეწონებოდა ჩვენი ხუმრობა. მარკეტიდან მამალი მოვიპარეთ და ვფიქრობდით, რომ ძალიან სასაცილო იქნებოდა, სახლში მოსულს ცოცხალი მამალი რომ დაგხვდება.
— დიდხანს არ უცოცხლია, — ვთქვი მე.
— ეს როგორ? — მან თვალები დაჭყიტა.
— დავკალი, ქვაბში მოვხარშე და შევჭამე
— რატომ?
— რატომ კი არა, რის გამო? — ნერვიულობის გამო ავმღერდი, — „იმიტომ რომ მთელი დღე მუსიკა უკრავდა და ჩვენი რომანი გაჭიანურდა“(30), იმიტომ რომ ვერ ვიტანდი კომუნისტებს, მაგრამ მაინც ვცდილობდი გამხდარვიყავი საბჭოთა მწერალი, იმიტომ რომ მძულდა იდიოტური ფრაზა, რომ ჩვენ ისევ ვიხილავთ ცას ალმასებში.
— მამალი რომ არ შემესანსლა(31), მაშინ შენ შემჭამდი იმ შენი მხატვარივით.
— რა სულელი ხარ! — სულელი და ნაძირალა.
მაქმანის ცხვირსახოცი ისევ სველ თვალზე მიიდო, ამჯერად მარჯვენაზე. მე ის ჩემსკენ მოვწიე. მისგან სუსტი სურნელი მოდიოდა. ორივე ტკბილ ბურანში ჩავიძირეთ. როზალია ოსიპოვნა არომატი, საგამომცემლო ბიზნესის ზვიგენი, რომელმაც მოსკოვში ახალი პრიალა ჟურნალის გამოცემა ჩაიფიქრა პოლიტიკის გარეშე, ზომიერი რაოდენობის რეკლამით და მსუბუქი ეროტიკით. — როზალია ოსიპოვნა, შენ ძალიან კარგი ხარ. მიყვარხარ. მიყვარხარ შენ, როზა კუკუშკინა ხარ თუ ხრისტანიუკი, მთელი ცხოვრება მიყვარდი, მე ვიყო...(32) მან თითქოს გამოიცნო ჩემი უნებლიე აზრები.
— მეც ყოველთვის მიყვარდი, — თქვა მან გაჭირვებით და თვალები დახუჭა. შემდეგ ჩუმად დაამატა: — მაგრამ ნუ გაბრაზდები, ძვირფასო, ჩემთან სამსახურში ვერ აგიყვან — შენთან ძალიან ბევრი პრობლემა იქნება და მან კვლავ გააკეთა ლამაზი, მაგრამ უხამსი ჟესტი. მეჩქარებოდა. უკვე ღამდებოდა.

მოსკოვში, მხოლოდ კრემლის ვარსკვლავები ენთო. ირგვლივ ზეიმობდა ველური კაპიტალიზმი(33), მაგრამ მე უკვე აღარ მაინტერესებდა.
— ჩვენ კიდევ ვნახავთ ცას ალმასებში, — ვთქვი მე.

P. S. შენიშვნები მთარგმნელისთვის, შედგენილი მწერალ გდოვის მიერ, მას შემდეგ რაც მან ეს ლიტერატურული მოთხრობა შექმნა.

(1) სიტყვები ჩეხოვის პიესის «ბიძია ვანიას» ფინალიდან.
(2) ა. პ. ჩეხოვი. ჩანაწერების რვეული II. თხზულებებისა და წერილების სრული კრებული ოცდაათ ტომად. 17ტ, 51გვ. მოსკოვი, 1980, გამომცემლობა ,,ნაუკა» ყველა დანარჩენი ფრაზა გამოყოფილია სქელი შრიფტით და ციტირებულია იგივე გამოცემაში. ცხრა შემოთავაზებულ ფრაზას ჩეხოვის ჩანაწერებიდან, დავამატე მეათე: მექანიკური პიანინო, აღებული იმავე წიგნიდან და არა ნიკიტა მიხალკოვის ანალოგიური სახელწოდების ფილმიდან.
(3) ნიშნავს ძვირადღირებულს, სასაუბრო ენაზე
(4) დავლიე, სასაუბრო ენაზე
(5) მარტივი რუსული და უკრაინული გვარები.
(6) დასასრული, ფინალი. უკიდურესად უხეში. უხამსი სიტყვა განზრახ აგვირგვინებს მოთხრობის პერსონაჟის ავადმყოფობების ჩამონათვალს
(7) დამახინჯებული ციტატა ლერმონტოვის ლექსიდან „გოეთედან“. სიტყვასიტყვით: „არ ჩანს გზაზე მტვერი, / ფოთლის კრთომა ხეზე, / მოითმინე ცოტა / და შენც დაისვენებ.»
(8) ჰაინეს სახელის გერმანული გამოთქმა
(9) ჩემი ნეოლოგიზმი, ანუ კატის მსგავსი.
(10) საბჭოთა კლიშე. უფრო მკვეთრი, ვიდრე უბრალოდ ბურჟუაზიული.
(11) ცნობილი ამერიკული ფილმის ანალოგიით, სადაც თამაშობდა შვარცენეგერი.
(12) ზომიერად უხამსი, უცენზურო შორისდებული.
(13) შხამი მღრღნელების მოსაკლავად.
(14) სულელი, უკიდურესად უხეში.
(15) 1991 წლის შემდეგ.
(16) იმ წლების დისიდენტების ,,ოტკაზნიკების“ ჰიტი. მიმართვა ფარაონისადმი. გაგრძელება „გაუშვით ებრაელი ხალხი სამშობლოში“.
(17) სსრკ-ს დამცინავი სახელი.
(18) „ისევ“-ს ნაცვლად შეგნებულად არასწორი, ვულგარული.
(19) ბუნებრივია, ფსევდო ჯაშუშია.
(20) მისცეს მეტსახელი, რომელიც დიდხანს შერჩა.
(21) ხელფასი. სასაუბრო.
(22) არსებობს რუსული იდიომა ,,დაქალდა», ანუ მან დაკარგა მამაკაცური თვისებები, ქალს დაემსგავსა.
(23) ერნისტული ფრაზა, საბჭოთა პროპაგანდის ბეჭედი.
(24) 60-იანი წლების საბჭოთა ევფემიზმის ბეჭედი, რამაც შეამცირა მასობრივი საბჭოთა ტერორი რეპრესიების ცალკეულ შემთხვევებზე.
(25) საბჭოთა ბეჭედი. რევოლუციონერთა პირველი თაობა, თითქმის ლენინის თანამოაზრეები.
(26) არ ვიცი როგორ ვთარგმნო. ეს სიტყვა შემოვიდა თანამედროვე რუსულ ენაში
(27) ციმბირული ხალხური გამონათქვამი. ვერსად წახვალ, ვერ დაგმალავთ, როცა დაგაპატიმრებენ ანტისაბჭოური საუბრებისთვის.
(28) არ ვიცი როგორ ვთარგმნო. ეს ცნობილი ამერიკული პატრიოტული სიმღერის «დაბადებული ვარ აშშ-ში» ანალოგიურია.
(29) მეგობრები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ იმავე საერთო საცხოვრებლის ოთახში.
(30) არაზუსტი ციტატა ბულატ ოკუჯავას ცნობილი სიმღერიდან.
(31) შევჭამე, შევსანსლე... უხეში სასაუბრო.
(32) უხეში, ნახევრად მისაღები ფიცი. სიტყვასიტყვით: ,,მე მეძავად ჩამთვლიან, თუ ეს ასე არ არის.»
(33) ზოგადად, ამ მოთხრობის საფუძველი რეალიზმია, ზოგჯერ ნატურალიზმიც კი, რომელიც აბსურდში გადადის და უკან ბრუნდება. პერსონაჟების მეტყველება ცოცხალია. ამბავი უტოლდება ამბავს.