ნიმფა


1

რა თქმა უნდა, თეთრ ხალათს სათქმელი ბევრი აქვს. ისევ და ისევ მიმეორებს კლასიკური „სატირიაზის» შესახებ, რომელიც თურმე ჩემგან ერთი ნაბიჯის სიახლოვესაა, რომ მე „სატირმენი“ ვარ, რომ კიდევ მთვარეული ვარ და ერთგვარი პირდაპირობით მიმანიშნებს იმაზე, რომ „სატირების მოხუცი“ ვარ. ამბობენ, სიბერეში ესეც ხდება ხოლმე. თუ ახლა არ მივხედავ და არ განვიკურნები, თურმე გამაგიჟებს! (აჰ, აჰ! სახიფათოა!) იყოს, ილაპარაკოს... ექიმს უფლება აქვს თავი მოიწონოს მეცნიერული სიტყვებით. მაგრამ მე მაქვს უფლება არ დავემორჩილო მათ... სიცოცხლე კაპიტალია. მე ის უკვე გავლიე... შემიძლია თავს რბილი, მშვიდი რღვევის უფლება მივცე.

თეთრი ხალათი, რა თქმა უნდა, მშვიდად და მიზანმიმართულად უნერგავს პაციენტს მოზომილ, მაგრამ მუდმივ შიშს. შიშის აურაა. პაციენტი ზის სუნთქვაშეკრული... ოდითგან ასეა, ექიმი და პაციენტი მაგიდის სხვადასხვა მხარეს სხედან. საკმაოდ სხვადასხვა! კედლებზე დიაგრამებია, სურათები... მხატვრობაც კი იმას ემსახურება, რომ უფრო მეტად წარმოქმნას მყარი შიში, განზავებული თავაზიანობით. მაგრამ პაციენტი მე ვარ და ჩემს თავს ვეჩურჩულები, რომ უბრალოდ არაადექვატური ვარ, რომ ჩემი საქმე მარტივადაა. უმარტივესად! მე ვერ დამაჰიპნოზირებენ სურათები კედლებზე.

რა მედგრად ვგრძნობ თავს მის კაბინეტში! ვზივარ თეთრი ხალათის წინ... ამბობენ, რომ ამ წუთებში გრანდიოზული თავდაცვის პოზა მიჭირავს. ათასობით და ათიათასობით მოხუცია ახლა ექიმის კაბინეტებში და შიშისგან სული სძვრებათ. საწყლები! უნდა გავუძლოთ... ჩვენ ადამიანები ვართ და უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ცნობიერებისთვის ამ უსასრულოდ გაწელილ ფრონტზე... უნდა გავუძლოთ, რადგან ეს ბრძოლაა... დაე, ექიმებმა ოდესმე თქვან — ეს პიოტრ პეტროვიჩი ალაბინი უბრალო მოხუცი იყო, მაგრამ სამაგიეროდ, როგორი!
    — და ბოლო კითხვა დღეისთვის, პიოტრ პეტროვიჩ! მაინტერესებს დასაწყისი... უფრო კონკრეტულად, რისგან და როგორ დაიწყო ყველაფერი?
უკვე სამი დღეა კითხვებს მისვამს.
    — რა დაიწყო? (უცებ მოსულელო გავხდი. დავიღალე...).
    — რაზეც ვსაუბრობთ — კინაღამ ისევ ვკითხე — დიახ, დიახ ... და რაზე ვსაუბრობთ მეთქი. — რაზეც უკვე მესამე დღეა ვსაუბრობთ, პიოტრ პეტროვიჩ! ის, რისი გულისთვისაც მოხვედით აქ ჩვენთან.

არაფერი მითქვამს მე? რისთვის? მაგრამ მე ხომ ავად არ ვარ. ჩემი საქმე, როგორც თქვენ ბრძანეთ ექიმო, უმარტივესია და მართალი გითხრათ, მე აქ მოვედი თქვენთან (ფსიქოლოგიის და ფსიქიატრიის დეპარტამენტში), ცოტა დაგვიანებული ბებრული ცნობისმოყვარეობის გამო და იმისთვის, რომ ცოტა ხანი ხალხში ვიყო. მოხუცს სჭირდება ადამიანებთან ყოფნა. და კიდევ იმისთვის, რომ ცოტა საკუთარ თავში ჩავიხედო. ვიმსჯელო ამაზე და იმაზე. (ნაწილობრივ მარტივი სიფრთხილის გამო) ექიმ ნედოპლიოსოვს ხმა ოდნავ გაუმკაცრდა: ის, რისიც გეშინია, და რისთვისაც აქ მოხვედით, სად და როგორ დაიწყო?

    — მე, გაუგებარია რისგან, ალბათ დაღლილობისგან ... თავი გავიქნიე: — არ მახსოვს. მან გაიცინა.
    — ჩაიკეტეთ? — მესმის, პიოტრ პეტროვიჩ. მოხუცის პირველი ცდუნება... პირველი! ეს იგივეა, ფსიქიატრმა ჰკითხოს ქალს პირველი მამაკაცის შესახებ... თითქოს ყველაფერი ახსოვს, ყველაფერი იცის, მაგრამ სიტყვებით გადმოცემა არ შეუძლია... პარადოქსული და ამავდროულად ძალიან გავრცელებული შემთხვევაა!

და მართლაც სიტყვა არ მემორჩილება და თითქოსდა კარგად არ მახსოვს.

— იქნებ, პიოტრ პეტროვიჩ, როგორმე გონება დაძაბოთ. ნებისმიერი წვრილმანი გაიხსენოთ. სწორად გამიგეთ: თქვენს პირველ გამოცდილებას შეუძლია გადმოსცეს მძლავრი, ცოდნის ზეძლიერი კონცენტრაცია თქვენი პიროვნების შესახებ, კოდირებული ცოდნის. რომელსაც ვერც მე და ვერც თქვენ უცებ ვერ დავიჭერთ და ვერ გამოვიცნობთ, მაგრამ თუ ვეცდებით თანდათან..., ეტაპობრივად...

რასაკვირველია, ფსიქოლოგ-ფსიქიატრს ეხერხება პაციენტზე ზეწოლა, ეცადოს რამდენიც უნდა, ვერ მაიძულებს..., ვიღაცამ სადღაც ისაუბრა ამ ნედოპლიოსოვის შესახებ... აქო ტელევიზიით, რჩევებსაც აძლევდა. მერე კი ჩემმა ძმისშვილმა ოლეჟკამ (უფრო სწორად, ჩემი ოლეჟკას გიჟმა მეგობარმა) დაათვალიერა ინტერნეტი და შემთხვევით აღმოაჩინა — საინტერესო დამთხვევაა, სწორედ ეს კონკრეტული ელიტარული ექიმი.

მახსოვს, მაშინ ჩაის ვსვამდით. ოლეჟკა ვაშლს მიირთმევდა. — ბაბუა, იქნებ გაინტერესებთ? — თქვა მან სიცილით. — ფსიქიატრი ნედოპლიოსოვი. გაგიგონიათ? მოხუცებთან მუშაობს. ოლეჟკამ, რა თქმა უნდა, გამომაჯავრა მე კი წამოვეგე.

ვთხოვე სრული ტექსტის ნახვა. და მაშინვე მიმიზიდა. საინტერესოა!

ბერძნული მითები ადამიანის ფსიქიკის კოლტებივითაა, ეს მოდურია! ამ ნაშრომში ექიმმა ნედოპლიოზოვმა ხანდაზმულთა ცნობილი დაავადება კიდევ უფრო ცნობილს შეადარა სატირის ქცევას სხვადასხვა მითებში. სწორედ იმ სატირისა... ძველი და მახინჯისა, რომელიც დიდი მხატვრების ნახატებიდან საუკუნიდან საუკუნემდე უთვალთვალებს მძინარე ნიმფას. ნედოპლიოსოვთან მითის სილამაზე სიკეთედ იქცა და მომეჩვენა ნაწილობრივ ჩვენი დაუოკებელი ამქვეყნიური ვნებების მიტევებადაც. ცუდია? (ქრისტიანობამდელი უხეში წყალობაა, მაგრამ არა მხოლოდ.)

გვერდითაც სასაცილოა. ყველანაირი მცდელობა და დანამატები იზრდება, როგორც ყოველთვის, მკითხველის აქტიურობით. ინტერნეტ დაცინვა... განებივრება... მაგრამ საინტერესოა, რომ იდიოტებსაც და ინტელექტუალებსაც ერთნაირად სიამოვნებთ დასცინონ ასო «ё» ს ახალგაზრდა ცნობილი ადამიანის გვარში. ის იყო მათთვის ექიმი ნედოპლიასოვი, ან ნედოპლუსოვი, ან ნედოპლაკოვი და კიდევ ნედოფისოვი და ნედოპიხოვი. მე ვიცინოდი.

რა თქმა უნდა, ძალიან შთამაგონა შენიშვნამ:საინტერესო შემთხვევებში ექიმთანკონსულტაცია და გაკვეთილები უფასოა.
ნედოპლიოსოვმა თქვა:
    — თქვენ ალაპარაკდებით, პიოტრ პეტროვიჩ... თქვენ აუცილებლად ისაუბრებთ... დღეს თუ არა ხვალ მაინც, ჩვენ გამოვიტანთ სამზეოზე თქვენს პირველ შემთხვევას, შტურმის გარეშე. ალყას შემოვარტყამთ. ჩვენ ხომ მოკავშირეები ვართ? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
    — დაისვენე ათი წუთი. და შემდეგ კლასში შემოდი.
ნედოპლიოზოვმა ხალისიანად დააგდო მაგიდის კიდეზე ქაღალდი, სადაც ჩემზე წერდა. სადაც სწორედ ახლა, პაციენტის ფსიქიკას იკვლევდა, შესაბამისი სვეტები და უჯრედები რომ შეევსო. მე წამოვდექი.
    — ექიმო... მითხრეს, სურათის ჩამოკიდებაში დახმარება გჭირდებთ.
    — დიახ დიახ. — ნედოპლიოსოვი თვალს არ აშორებდა რაღაც სხვა ქაღალდს. — იქ დაკავდით გთხოვთ. ამასობაში ათი წუთიც გავა. მთელი თქვენი ოთხეული იქაა, მერე კი კლასში მობრძანდით.

ავდექი და კარისკენ წავედი. ფაქტობრივად, უკვე წამოსული ვიყავი, გასასვლელში ვიდექი, კარის სახელურს გასაღებად მოვეჭიდე, როცა ექიმმა სწრაფად დამიძახა ზუსტად გასვლის წამს:
    — პიოტრ პეტროვიჩ, და მაინც... პასუხი მყისვეა... რას უკავშირებთ თქვენს პირველ შემთხვევას? ასოციაციურად, უცებ თქვით, ერთი სიტყვით, რაც პირველი მოგადგებათ ენაზე.
    — ბორჯომი, — ვუპასუხე როგორღაც სწრაფად.
    — შესანიშნავია. ბორჯომი — დასახლება თუ სასმელი?
    — წყალი.
    — წადით, წადით. საკმარისია...
დერეფანში გავედი. რა ჯიუტია! ამომგლიჯა ინფორმაცია! ალბათნედოპლიოზოვმა მაშინვე ისევ მისწია თავისკენ ჩემი ფურცელი და რა თქმა უნდა ჩაწერა ერთ-ერთ ცარიელ უჯრედში: ბორჯომი. სასმელი.

დერეფანში დავინახე ჩიჟოვი, ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი ადამიანი ჩვენი ასაკოვანი ოთხეულიდან. ის სკოლის მასწავლებელია. მიახლოებისას ვთქვი, რომ მზად ვარ დავიხარჯო თანამედროვე მედიცინის დიდებისთვის, სად არის მხატვრობა? სად არის სურათი?
    — არ ვიცი. მოაქვთ მგონი...
    — დიდი ხანია რაც მოაქვთ. ვფიქრობ, ათვალიერებენ.
მინდოდა მეხუმრა:
    — ათვალიერებენ, დარწმუნებული ვარ ეხებიან. მსუბუქად ჩქმეტენ ნიმფას უკანალზე.
    — დახატულს? — მან ჩაიცინა.
    — კი, დახატულს... რატომაც არა?
მაგრამ ჩიჟოვს არ მოეწონა ჩემი იუმორისტული განწყობა.

სკოლის მასწავლებელი სერიოზულად ეკიდება ჩვენს აქაურ მეცადინეობებს. ზედმეტად სერიოზულადაა განწყობილი ნედოპლიოსოვის მიმართ. ძალიან სერიოზულად უყურებს ცხოვრებას. მას, ჩემი აზრით, ხანდახან აკლია მოხუცის სიმსუბუქე (ჭაღარის ზეიმი! ბებრული ჭკუასუსტობა, ეს არ არის ნორმა ჩიჟოვისთვის.)

მაგრამ, შესაძლოა, ისინი და ნედოპლიოსოვი მუშაობენ სოციალური პასუხისმგებლობით, დახმარებას უწევენ ერთმენეთს. მასწავლებელი ვერ უგულებელყოფს ექიმს.
    — მე მაინტერესებს ჩვენი ექიმი. ის ნიჭიერია. ყოველ შემთხვევაში ორიგინალური, ასე იწყებს ჩიჟოვი — უბრალოდ არ მომწონს მისი ეს გადამწვარი სიტყვა: ,,სატირმენი»... იცით, აქტიურად შემოაქვს სიტყვა მეცნიერულ გამოყენებაში... გინახავთ მისი სტატიები?
    — არა.
    — სამწუხაროა. ჩიჟოვს ლაპარაკი სურს. (ექიმებთან მისვლისას ყველა მარტოსულია. და ამიტომ მოხუცები განსაკუთრებით აფასებენ კონტაქტებს სამთავრობო დერეფნებში, სასწრაფო მეგობრობის სუროგატიასაც.).
    — რატომ არ გცემენ პატივს?.. თქვენ თვითონ, პიოტრ პეტროვიჩ, არ ხართ შეწუხებული ამ სიტყვით. სატირმენი?
    — მ-მ.
    — მესმის... შეგიძლია შეეგუო. მაგრამ წერილობით მაინც თვალს გჭრის. მაინტერესებს როგორ გამოიყურება ეს სიტყვა ინგლისურად ... ბოლოს და ბოლოს, რუსულად ყველაფერი მსგავსია «e» -ის საშუალებით ... «სპორტსმენი», «ბიზნესმენი», «ჯენტლმენი»...

მისი ხმა ხმამაღალი გახდა.

    — მინდოდა მეკითხა ნედოპლიოსოვისთვის. — მაინტერესებს სიტყვის მართწერა მეთქი, ნაწერი ხომ ბევრ რამეს ხსნის, მაგრამ შემეშინდა და გავჩუმდი. უცებ რომ თქვას, რომ „ჯენტლმენი“ სრულიად განსხვავებულ ადამიანებზეა.
აჰა, აჰა! ჩვენც გვეხერხება ხუმრობა. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ სკოლის მასწავლებელს:
    — დიახ, ვამბობ მე, თქვენ დროულად მოიფიქრეთ ჯენტლმენობის შესახებ.
უკვე სამნი ვართ. კიდევ ერთი ჩვენი, დიბიკინი, შემოგვიერთდა და თავისი ბოხი ხმით დაიბუბუნა:
    — რას შვრებით, ბრძენო ბიჭებო?
შეიძლება არ ვუპასუხოთ. დიბიკინი დებილია, მასთან საუბარი არ ღირს.

ისინი გვერდიგვერდ დგანან. — კონტრასტული წყვილია. ჩიჟოვი დელიკატურია. ჩიჟოვი მაღალია, გამხდარი, პატარა ნაცრისფერი წვერით და სათვალეებით. ის ჩეხოვს ჰგავს. ყველაფერი გასაგებია. სკოლის მასწავლებელმა, რა თქმა უნდა, იცის საკუთარი თავის შესახებ და ჩეხოვის შესახებაც და ალბათ ამ მსგავსებას ავითარებს. ასე რომ, ის ჰუმანური, ნაზი, ადამიანურია. დიბიკინი მის გვერდით მთასავითაა. ძლიერი, ღონიერი მოხუცია. ჩვენ ყველანი (ოთხივე) საკმაოდ ძლიერი მოხუცები ვართ, მაგრამ უხეში ძლიერი დიბიკინი, სულ სხვა რამეა. კუნთების ნაკრებია.

ამ კუნთების ნაკრებმა ბოლოსდაბოლოს თქვა:
    — წავიდეთ, უკანა კართან მივიდეთ, ჭკვიანებო!.. ხა-ხა-ხა. სურათი იქ არის. სურათი მოვიდა!
იცინის... რა არის აქ სასაცილო?

ჩვენ უკანა კარისკენ მივდივართ. ნახატი უკვე იქაა. გადმოტვირთეს და პირდაპირ კარებთან დატოვეს (მიმავალი მანქანის ხმა ისმის) სურათთან ახლოს მედდა არიშა და ჩვენი მეოთხე მოხუცი — კლიუშკინია. ის ნერვიული მოხუცია. თავის ბინტით შეხვეულ ხელს გვიქნევს.
    — რას აკეთებთ იქ!.. მობრძანდით, მობრძანდით, სატირმენებო. უნდა წაიღოთ, გელოდებით რამდენი ხანია.
მივდივართ. ვცდილობთ მოხერხებული ადგილი ვუპოვოთ. მე ქვემოდან და გვერდიდან ვკიდებ ხელს.
    — ვაუტერსია... ასლის ასლი, — მამცნობს სკოლის მასწავლებელი ჩიჟოვი დაბალი ხმით ნახატის შესახებ. მასწავლებელს სურს, რომ ხალხმა ყველაფერი იცოდეს. განმანათლებელია... ის ასევე იღებს ჩარჩოს ქვემოდან.

დავიძარით.

სურათის ზომა არც ისე პატარაა, ჩარჩო მძიმე. არიშა ახლომახლო დადის და მოკლე ბრძანებებს გასცემს: „ატარეთ უფრო თანაბრად! “         — ფრთხილად იყავით კუთხეში! უფრო ყურადღებით! ფორტეპიანო არ გეგონოთ! მაგრამ შემდეგ ის ჩუმდება. და ახლა ჩიჟოვი ხელმძღვანელობს. — სკოლაში მუშაობის პეიოდში ნახატებთან ჰქონია შეხება ერთხელ ან ორჯერ. ჩვენც პრინციპში, ყველაფერი ვიცით. ჯანდაბას ბრძანებები! როგორიც გინდათ ისეთი გამოცდილება აქვთ მოხუცებს! სურათის მიმაგრება დერეფნის კედელზე, როდესაც ადგილი მონიშნულია და მთავარი სამაგრი ხრახნი მიჭედილია, სულაც არ არის ძნელი.

დაკუნთული დიბიკინი სურათს კაუჭზე ჰკიდებს, მე და ჩიჟოვი კი ქვედა კუთხეებს ვიჭერთ. მონაწილეობდა არამონაწილე კლიუშკინიც. ის გაბინტული ხელის საჩვენებელ თითს იშვერდა და ნერვიულად და გაბრაზებული გვიყვიროდა:
    — მარცხნივ! უფრო მარცხნივ! ჩიჟო-ოოვ! მთლად დაელამდი, ბებერო?!
საქმის დასრულების შემდეგ, ყველანი რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევთ და ვათვალიერებთ, რა მოვიტანეთ, — ბოლოს და ბოლოს, მხატვრობაა! რა თქმა უნდა, უკვე გავიგეთ, ვიცით ტილოს სამკურნალო და აღმზრდელობითი მნიშვნელობის შესახებ. ნედოპლიოსოვი თავის საუბრებში არაერთხელ იშველიებდა მითებს... ფრანს ვაუტერსი, XVII საუკუნე, ზეთი, — „სატირი და ნიმფა“... ნიმფა გაზონზეა, რა თქმა უნდა, შიშველი, მძინარე. სატირი, ძველი და საზიზღარი, ეპარება ფრთხილი ნაბიჯით. აი, ის უკვე ახლოსაა. ირგვლივ — არავინ ჩანს. მხოლოდ ტყეა.

როგორც ჩიჟოვისგან შევიტყვეთ, ეს ასლის ასლია. ამიტომ ფერები შეცვლილია, ნიმფაც კოპირებისას საკმაოდ დაზარალდა: წონაში დაიკლო, ჰოლანდიური ხორცი შემოადნა და უნებურად ოცდაცამეტი წლისა აღმოჩნდა, იმდენად უმცროსია, რომ მასწავლებელი ჩიჟოვი ჩუმად და დამრიგებლურად (და ხუმრობით) მეუბნება: შესწორებულ სურათზე სახელიც უნდა შესწორებულიყო — არა ,,სატირი და ნიმფა», არამედ ,,სატირმენი და ნიმფეტი».
    — ასიმეტრია, — ვთქვი მე.
    — ზუსტად. ზუსტად! — აღელვება დაეტყო მასწავლებელს.
    — სატირმენები დედა ბუნების ჩანაფიქრს ამართლებენ... როგორ ვთქვა... ამართლებენ და ჩრდილავენ ნიმფეტების არსებობას. ანომალია ხსნის ანომალიას. სატირმენები უხმობენ ნიმფეტებს, იკვეთებიან ასაკობრივი დიაგონალებით... ასიმეტრიული ბალანსისთვის. გვერდით მდგარი დიბიკინი უსმენს ჩვენს საუბარს და არ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ჭკვიანები: შტერებო, რას მიედ-მოედებით!

ჩვენ ჩუმად ვუყურებთ ... ტილო კი მაინც სოლიდურია, შთაგაგონებს (ეს არ არის სლაიდი.)
    — ბაბუა დიბიკინი ხელს მკიდებს. — ვინ ხარ სპეციალობით? პურის ფულს რითი შოულობდი? მე ვპასუხობ და პირდაპირ ათიანში ვარტყამ:
    — მეაგარაკე.
    — მმ! ის უნდობლად მიყურებს. ჩუმად ვართ. ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა სილამაზემ, როგორც ყოველთვის, გვშველის რაღაც ღირებული ადამიანში — ამ შემთხვევაში ის რაღაც, ჩვენშია. რაღაც დროით ყველანი მივყუჩდით. ოთხივე ვდუმვართ, გვერდიდან ვუყურებთ ჩვენს სირცხვილს.

2

მისი სხეული რძეს გავს დოქში, როცა ქილა გამჭვირვალეა. მინიშნებაა, რომ მისი სხეული არ არის უბრალოდ თეთრი (ელფერი აქვს ადუღებული რძის. კანი — ამოსული ქაფი.) ცა არ აშინებს, ცა ფართოდ ჰკიდია შიშველი და მძინარე ნიმფას თავზე. ცხელა... ბუჩქებია...

ზეთისხილის ფოთლებს შორის სხივმა მოახერხა თავისთვის ხვრელის გამოწვა და ნახატიდან იმზირება. მეც ვუყურებ. ამ სხივში გავცურე. მე ვარ სხივში მოცეკვავე მტვრის ნაწილაკი. სამაგიეროდ მაღლიდან დავყურებ მძინარე ნიმფას. მის სხეულს არასოდეს სძინავს. მისი სხეული იძახის. მისი დაბალი შუბლი ინსტინქტებს ახმოვანებს, მაგრამ როგორ შეწვდება ამ ინსტინქტებს (მის შემპარავ სიბნელეს) ღარიბი სატირი... ნახტომი ბუჩქებიდან არ არის მარტივი, ნახტომი სხვაგვარ გამბედაობას მოითხოვს. სატირი გმირი რომ იყოს...

    — პიოტრ პეტროვიჩ, დაგეძინა? მეგობრულად მანჯღრევს ექიმი ნედოპლიოსოვი. — მოდი, ვიფანტაზიოროთ, მაგრამ ჯერ ვნახოთ რას აკეთებს ჩვენი სატირი?.. აბა?

ცნობილი ფსიქიატრი ნედოპლიოსოვი სავსეა ოპტიმიზმით. დილის ათი საათია— — მისი ხმა მხიარულია, თავდაჯერებული, გამარჯვებაში დარწმუნებული, მაგრამ მან ჩვენ უნდა დაგვარწმუნოს — მოხუცები. ეს არ არის მარტივი. ბოლოს და ბოლოს, ერთდროულად ოთხი მოხუცის დარწმუნება, რომლებიც არც მტკიცენი არიან, არც თავდაჯერებულები.
    — უთვალთვალებს, — ვპასუხობ მე. — სხვა რა უნდა ქნას.
    — და რას ფიქრობ, პიოტრ პეტროვიჩ — ნიმფა გრძნობს, რომ მამაკაცი უყურებს ახლა? მაგრამ პიოტრ პეტროვიჩი გაშეშებულია. ძლიერი მხატვრობა პარალიზებას იწვევს ჩემში. თუნდაც სლაიდები იყოს. თუნდაც უხარისხო. თუნდაც გაცვეთილ ეკრანზე, რომელსაც გაკვეთილის შემდეგ ჩვენ თვითონ ვახვევთ რულონად.

ნედოპლიოსოვი მაშინვე მტოვებს და წკრიალა ხმით გამოჰყავს კლიუშკინი ნირვანიდან:
    — ხვდება თუ არა ნიმფა, რომ ახლა მას მამაკაცი უყურებს? თუ უკვე ზუსტად იცის? მაგრამ კლიუშკინი ჯერ კიდევ ვერ პასუხობს სწორად. — მხოლოდ კოცნის, ტუჩებს ბერავს და კიდევ უფრო ხმამაღლა კოცნის. ტკბილად კოცნის...მას შეჩერება სჭირდება. ნედოპლიოსოვი იცინის.
    — მივხვდი, გასაგებია... პასუხი მიღებულია!
კლასში სიბნელეა და თეთრ კედელზე (ეკრანზე) რუბენსია... სატირი ფრთხილად ეპარება, შიშველ ნიმფას სძინავს... საკმაოდ ახლოს მივიდა, შემდეგ ნაბიჯს ვერ დგამს. ადგილზე გაშეშდა მისი დიდი თეთრი სხეულით დაბრმავებული... მათ შორის ნეიტრალური ზონა სასაზღვრო ზონას ჰგავს, ორი ნაბიჯის დაშორებით... კლიუშკინი ისევ კოცნის...
    — შეცვალეთ რაკურსი! — ისევ ნედოპლიოსოვის ხმას გამოვყავარ ნახევრად მთვლემარე მდგომარეობიდან.
ჩვენი კლასი პატარაა, თუმცა თითოეული ჩვენგანი ცალკე მაგიდასთან ზის, თითოეული მყარ ტაბურეტზე. დილის ფსიქოთერაპია ოთხი პაციენტისთვის — ცუდი ფიქრებით და კიდევ უფრო ცუდი სიზმრებით დატანჯული ოთხი მოხუცისთვის... მოდუნებული მზერით შევყურებთ... სამნი (მათ შორის მეც) მარჯვენა კედელთან ვსხედვართ. ჩვენი მარჯვენა ფლანგია... მაგრამ ერთი (ეს არის დიბიკინი) ფანჯარასთან ზის. ფანჯარა, რა თქმა უნდა, გადაკეტილია.

ექიმი ნედოპლიოსოვი ჩვენს უკან პროექტორთან დგას, იქიდან დირიჟორობს მთელ ჩვენს მუსიკას. ცვლის სლაიდებს, ცვლის ნიმფებს და კომენტარსაც თვითონ აკეთებს... სხივი ბუნდოვანია, ეკრანიც ბუნდოვანი, როგორც მთვარის ზედაპირი (რაც უფრო ფერმკრთალია ნახატი, მით უფრო ნაზია ქალის სხეული). სურათებში სატირებიც იცვლებიან. ისინი ცოცხალი ადამიანები არიან, მონსტრები კი არა, არამედ ადამიანები! ექიმი ნედოპლიოსოვი ამტკიცებს, რომ ჩვენ, ოთხივეს, უკვე აღარ გვრცხვენია ჩვენი ავადმყოფობის გამო. ხანდახან ხდება ხოლმე ასეთი რამეები... ძვირფასო მოხუცებო! ქვეყნად ბევრი რამ ხდება! მოიშორეთ თქვენი ნახევრად ბავშვური კომპლექსები. ის, რისიც თქვენ გრცხვენიათ, დიდი ხნის წინ იყო მსოფლიოსთვის ცნობილი. თქვენ არ ჰგავხართ ნამდვილ ფსიქიურ ავადმყოფებს. თქვენ ხულიგნობამდეც ვერ ქაჩავთ. კაცობრიობა ათასობით წლებია არსებობს და განა შეიძლება მისი გაკვირვება კარგ მსუქან ქალზე თვალთვალით? ეს უბედურებაა!
    — შეიცვალეთ თვალსაზრისი, უფრო ხშირად შეცვალეთ... სურათი ბევრი არ გვაქვს!
ექიმი გვიტევს, გვაიძულებს თავი გავაქნიოთ, ნახევარი წუთი მარჯვნივ გადავწიოთ, შემდეგ — მარცხნივ... ცოტა ვიმოძრაოთ. ოდნავ გადავაადგილოთ მზერა... ექიმი ცდილობს ჩვენთვის ერთი სურათიდან ათი ეფექტის მიღებას, ერთი რუბენსიდან ათიოდე მხატვრის ტოლფასის გამოწურვას (ჩვენ თითქოს ვაკეთებთ ვარჯიშს პაციენტებისთვის, რომლებიც ვერ დადიან — დავიმაგროთ თავი მარჯვენა ხელით, იდაყვი მაგიდაზე დავდოთ. თავი დავიჭიროთ მარცხენა ხელით... დავსხდეთ გამართულად, დავსხდეთ უკან გადაზნექილად), ეს საოცარია! როგორც კი თავი იდაყვზე ჩამოვდე და გავანძრიე, იქ ნიავმა დაიწყო თამაში, გაიქცა ზეთისხილის გასწვრივ, ბერძნული ჭალისკენ. ფოთლები ანერვიულდნენ. თავად სატირი კი იპარება თეთრ უკანალთან, როგორც ჩანს, ბუჩქის მეორე, უფრო ახლო მხრიდან. როგორ გათამამდა! როგორ განახლდა ჩემს თვალში რუბენსი. გაცილებით უფრო მიმზიდველი ხდება მძინარე ნიმფას არა ოდნავ ნაჭერ აფარებული წიაღი, არც მოქათქათე უკანალი, არამედ მკერდი... მარცხენა... რა ძლიერად იტაცებს მოხუცის მზერას! როგორ კრთიან მისი თეთრი მუხლები...
    — ეს მარსიანია! გსმენიათ, ბატონებო, ასეთი ვინმე? ფრიგიელი სატირი მარსიანი. გინდაც გსმენოდეთ, კიდევ ერთხელ მოისმინეთ, ის ამად ღირს, ჩვენი მარსიანი...
ნედოპლიოსოვი იცინის:
    — შეხედეთ, რა მოკრძალებული ბიჭია, არადა ექსპერტია ამ სფეროში... როგორ უყურებს ნიმფას... როგორი მორიდებულია! ვინ იფიქრებდა, ასეთი წყნარი და მშვიდი, ბედთან ასეთ ქარბუქს დაატრიალებდა, ასეთი ქარიშხალს!

ყოველდღე მოდიოდა მარსიანი ახალგაზრდა სილამაზის დასაზვერად. ტირიფის ტოტებიდან უყურებდა, როგორ ბანაობდა ნიმფა, მაგრამ როგორც კი შიშველი წყლიდან ამოსვლას იწყებდა, მორცხვი მარსიანი გვერდზე გარბოდა. შეყვარებული სატირი კი ვერ ბედავდა, დარცხვენილი იყო. ის მოხუცი იყო. და მხოლოდ შორეული ბორცვიდან, მალულად უყურებდა ნიმფას, როგორ წვებოდა მოსასვენებლად, როგორ იძინებდა...

ერთხელ, ამ ბორცვზე მარსიანი წაბორძიკდა და მტკივნეულად წამოჰკრა ფეხი რაღაც საგანს. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ბალახებში ფლეიტა იყო.

აჰა! აი, რა მიიზიდავს მას! სატირი გორაკზე დაჯდა და დაკვრა დაიწყო, საოცრად უკრავდა, მაგრამ ნიმფამ არც გაიღვიძა და არც მოვიდა. არიან ასეთი ქალები. კიდევ უფრო ღრმად ჩაეძინა... ეჩვენებოდა, რომ ლერწმებში ქარი მღეროდა... მისი ქალური ოცნებები ბევრად ტკბილი და სასიამოვნო იყო მშვენიერ მუსიკაზე.

სამაგიეროდ, ახლომდებარე დასახლებებიდან შთაგონებულ მუსიკაზე მოდიოდნენ მაცხოვრებლები. ეს უბრალო მოკვდავები, ეს სოფლის ადამიანები (უბრალო ძველი ბერძნები) აღფრთოვანებული იყვნენ მისი მელოდიებით და ხმამაღლა აღიარებდნენ, რომ სატირმა ყველას აჯობა თავისი დაკვრით! თვით აპოლონსაც კი! ადამიანებს უყვართ შთაგონებულის ღვთაებრივთან შედარება და ის, რომ ღმერთებთან შედარება საშიშია, ყოფითი ადამიანებისთვის მნიშვნელობა არა აქვს.

სატირმა დიდი ყოყმანის შემდეგ როგორც იქნა გადაწყვიტა ნაბიჯი გადაედგა. ძალიან უნდოდა ნიმფა მოსულიყო ამღერებულ ფლეიტასთან, მის ტრიუმფზე. ის დათანხმდა აპოლონის დღესასწაულზე მისვლას, სადაც ის, უბრალო სატირი, დაუკრავდა თავად ღმერთის საპატივცემულოდ და შესაძლოა, ღმერთზე უკეთესადაც.

ნიმფა არ გამოჩენილა. ან, როგორც სხვები ამბობდნენ, ის გამოჩნდა, მაგრამ გაიტაცა დიდმა და ხმაურიანმა წვეულებამ და სადღაც შორიახლოს ტრიალებდა: ხან აქ, ხან იქ...მას ყველაფერი აინტერესებდა! როცა მოხუცი მარსიანი, თვალებგადმოკარკლული, ჯადოსნურ ბგერებს უშვებდა, ის არც კი მიუახლოვდა... სამაგიეროდ, აპოლონი მიუახლოვდა. ღმერთი გამოჩნდა მთელი თავისი დიდებულებით. მას აღიზიანებდა ჭორები ვიღაც სატირის ოსტატობის შესახებ. აიღო ფლეიტა ხელში და დაუკრა, მერე ლირა აიღო და ისევ დაუკრა და რა თქმა უნდა, გაიმარჯვა, მაგრამ გამარჯვებულიც არ გახდა უფრო კეთილი... განრისხებულმა მარსიანის სითამამით, აპოლონმა გამარჯვებისთანავე, გამოავლინა საკუთარი თავი — ტყავი გააძრო მოქიშპეს, ის მრავალი საუკუნის განმავლობაში ეკიდა ხეზე, სადაც არა მხოლოდ ქარი უმძლავრებდა ტკივილებს, არამედ შეურაცხყოფის შეგრძება. დახვეწილი ტკივილია! ყოველ ახლო ჩქამზე, არ აქვს მნიშვნელობა ვისი ფლეიტა იყო, ღარიბი სატირის კანი მტკივნეულად კრთებოდა, კანკალებდა.

ნიმფას კი ამ დროს, სადაც არ უნდა ყოფილიყო, მაშინვე ძილი ერეოდა და ტკბილად იძინებდა.

ექიმ ნედოპლიოსოვს სურს, რომ ჩვენ შევუერთდეთ ეკრანს მიღმა არსებულ ზეთისხილის ჭალას, რომ მერე მგრძნობიარედ და მშვიდად (ყვირილისა და გაკიცხვის გარეშე) დავაკვირდეთ მძინარეს... ექიმი გვიბიძგებს ქვეცნობიერში გავაცოცხლოთ დიდი პირველყოფილი სიკეთე: ბერძნული მითების ყოვლისმომცველი თავისუფლება (ბაბუა ფროიდიც მოხარული იქნებოდა და გასაგებია რატომაც, ზეითუნის ზეთით, მაგრამ ფაფა იგივეა.) და არაფერია სამარცხვინო მოხუც სატირსა და ახალგაზრდა ნიმფას შორის ასაკობრივი სხვაობის გამო.

ასე იყო და არის. ბევრჯერ, ბევრჯერ მოხდა... და ჯანდაბა თვალთმაქცებს! (განსაკუთრებით ქალებს ორმოცდაათი წლის ზევით). საუკუნეების განმავლობაში მხატვრები მოხიბლულნი იყვნენ ნიმფიური სიუჟეტით. აღტაცებას ვერ მალავდნენ. ფუნჯს ვერ იმორჩილებდნენ, თავად ფუნჯი დასრიალებდა ტილოზე. ფუნჯი ძლივს ეწეოდა მათ წარმოსახვას... ფუნჯი უთვალთვალებდა!

    — შეხედეთ, რა ძლიერები ხართ... კიტრებივით... გასაგებია, რომ გაწუხებთ გული, ან კუჭის წყლული სხვა წყლულებიც მრავლადაა, მაგრამ როცა მედდა არიშას ვუთხარით (ანკეტებს ვავსებდით), რამდენი წლის ხართთქო თითოეულმა ჩვენგანმა, ის კინაღამ სკამიდან გადმოვარდა. გვარდიელები ხართ... თქვენ ჯერ კიდევ გივარგათ ტყვია-წამალი! დიბიკინი ხვალ ტაისონს დაამარცხებს, ოღონდ ყურებს გაუფრთხილდი, მოხუცო! და რაც მთავარია... რაც მთავარია, თქვენ ყველანი — ასწლიანები ხართ! ეს ღვთიური საჩუქარია!

სიტყვა „ასწლიანები» მან უფრო ძლიერად ჩაბეჭდა ჩვენს გონებაში. პაუზა.
    — საკუთარი თავის დანახვაში დანაშაულებრივი არაფერია, არც ამორალური... მაგრამ...
და ნედოპლიოსოვი ბოლოსდაბოლოს პირდაპირ პრაქტიკულ დასკვნას აკეთებს ჩვენთვის, მოხუცების გულისთვის... მან მითი იგავად აქცია.
    — გაიგეთ?..დაისაჯა მარსიანი. დასაჯეს გამოწვევისთვის. თქვენ გაიაზრეთ ეს ბატონო სატირებო? შეგიძლიათ რამდენიც გინდათ იოცნებოთ ნიმფებზე და ნერწყვი ყლაპოთ... შუაღამისას ეროტიკულ ფილმების ყურებისას შეგიძლიათ ეკრანი ლოკოთ, სურათებზე, პლაჟებზე შეგიძლიათ სრული სიამოვნება განიცადოთ, მაგრამ — ფსიქიატრის ხმა მკაცრდება, — მაგრამ არ გაბედოთ გამოწვევა, ნუ იქნებით დაჟინებული... სხვის თბილ საწოლში თქვენი ფლეიტით ნუ შეძვრებით.

ექიმი ნედოპლიოსოვი სლაიდს ცვლის და კიდევ ერთი მძინარე ნიმფა ცოცხლდება კედელზე... და ვინ არის ეს? საიდან არიან? ორი სატირი, ორივე ტანით შავია... ორივეს სუნთქვა შეკვრია... ქალი დაახველებს და მათ ქარივით წააქცევს. ისინი თითქმის ჩამოკიდებული არიან მის თეთრ (და ერთი შეხედვით დაუცველ) სხეულზე. უილიამ ეტტი. „მძინარე ნიმფა და სატირები». 1828. ლონდონის ეროვნული გალერეა.

ნახატი ლარნაკზე. ათენა და სატირი მარსიასი. V საუკუნე ძვ.წ. აჰა, ეს ხომ ჩვენი საწყალი სატირის პრეისტორიაა. ეს ის შემთხვევაა, როცა მარსიანი ფეხს აბიჯებს და ბალახში პოულობს ფლეიტას... ანუ ბრწყინვალე ფლეიტა თავდაპირველად ეკუთვნოდა ქალღმერთ ათენას. ეს სხვისი ფლეიტა იყო!

პუსენი. «სატირი და ნიმფა». 1630. მაგრამ აქ ნიმფა მოწყენილია. სატირი მისგან მხოლოდ ორი ნაბიჯის მოშორებით დგას და ბოთლი აქვს მოყუდებული. მოხუცი დაშვებულია! ეს სასწაულია! მაგრამ ნიმფასთან სიახლოვე (თუნდაც ორი ნაბიჯის!) ჯერ არ ნიშნავს, რომ ჩვენი მოხუცი წარმატებას აღწევს. ნიმფა უბრალოდ საშუალებას აძლევს მას დათვრეს. ვინ იცის იქნებ მთვრალმა სატირმა გაამხიარულოს, შეძლოს მისი გართობა, გახალისება... კიდევ, მოწრუპოს!

და მერე ვნახოთ, ვნახოთ...იქნებ ჩვენს ჰორიზონტზე, თუნდაც ცუდი გმირი გამოჩნდეს, ზეთისხილის ჭალის პირას... დაღლილი, მტვრიანი გმირი მამაკაცი... ამას კი, ამ სატირს მაშინვე გავაგდებ გარეთ! იმ წუთასვე მოვისვრი...
— შეცვალეთ რაკურსი! — ყვირის ნედოპლიოსოვი (როცა ვთვლემ, ნებისმიერი ხმა საშინლად ხმამაღლად მეჩვენება).
თვალებს ვჭუტავ, რომ არ გამოვვარდე ნებადართულიდან (ხელოვნების საზღვრებს გარეთ) და არა გადავვარდე საკუთარი გუგების მეშვეობით იქ, იმ მზიან გორაკებზე, ხვეულ ზეთისხილის ხეებთან და მათ ჩრდილში მძინარე თეთრტანიან, გლუვ ნიმფებთან... რა უნდა ვაკეთო? რა შეიცვლება ჩემი იქ ყოფნით? ერთი სატირით მეტი იქნება.

მე ვიცი, რომ სულაც არ ვარ სატირმენი. უბრალოდ აქ ვარ ცნობისმოყვარეობის გამო. მარტივი შემთხვევაა! მე ჩვეულებრივი სიყვარულის მოყვარული მოხუცი ვარ. ალბათ ასეთი მოვკვდები. ისიც მსმენია, რომ ბევრი მოხუცი სატირი ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ ის მხოლოდ მოყვარული ბუნების არის (ამასაც ვაღიარებ). ასეც რომ იყოს, რატომ ვიჩქარო დასრულება. სურათებს საკმარისად ვუყურე უკვე. ყელამდე ვარ სავსე. განადგურებული ვარ მხატვრების მიერ და სადაცაა სრულიად დავეთანხმები, რომ ხელოვნების საზღვრებს მიღმა (სულის პერიფერიაზე) ადამიანი უსარგებლოა. კაცი პატარაა. ის წვრილმანია. მე ვარ აქ პატარა და ზედაპირული... და როცა მაგარ ნახატს ვხედავ, უკვე აღარ მინდა ავაფეთქო ეს სამყარო. მანევრირების დრო აღარ არის, აღარც სივრცეა უკანდახევის შემთხვევაში.

სისხლი მიდუღდება, მაგრამ მე ბებერი ვარ და მდუღარე სისხლი ამაფეთქებს მე და არა სამყაროს.

ჟ.-ფ.-ჟ. სალი. ,,სატირი თხასთან». 1751. აი! აი სად იპოვა სატირმა (და მასთან ერთად სატირმენმა, რომელსაც საკმარისი სურათები ჰქონდა ნანახი) მონათესავე სული! აი ვისთან გრძნობს თავს კომფორტულად — პატარა ოთხფეხა არსებასთან. როგორი მშვიდია ეს ახალგაზრდული მარმარილოს სატირი, რა სიმპათიური. ის ბუნების ნაწილია. ის ჯერ თვითონაც თხაა (ნიმფას მხოლოდ ხვალ ნახავს, მხოლოდ ხვალ ... რის შემდეგაც ტანჯვის მთელი გროვა დაატყდება თავს), არ გამოვიდა ბავშვობიდან... ნეტა სულ არ წავიდოდეს ამ პატარა თხის სამოთხიდან...

ეძახის? ნუთუ ის ეძახის? (მისი სამი ნაზი ნიკაპიდან ერთ-ერთი უხმობს, ერთ-ერთი ას ნაკეციდან მუცლიდან) გააგონოს თუ არა — ეს არის საკითხი. ნიმფებისთვის ეს კითხვა საუკუნეების მანძილზეა გადაჭიმული, პასუხის უაზრობის მიღმა... ეს სხვებისთვისაა კითხვა. ნიმფის თვალში — ფიქრის მარცვალიც კი არ ჩანს. სამაგიეროდ ფერები, საღებავები! როგორი ზეიმია სხეულის პირდაპირ ბალახზე, ზურმუხტის ბალახზე. თეთრი, რბილი ხორცი დედამიწიდან გამოსულა, წევს და წევს. ის გმირსაც კი არ ელოდება... თავისთვისაა, სხივის მოლოდინში — წვიმის... მწერის... გედის... ყველაფერი იმის, რაც შეიძლება ზეციდან ჩამოვარდეს! მაგრამ არა მიწიერი, არა ბინძური, არა სატირის მსგავსი. მას არ ესმის რა უნდა უნდოდეს სატირს მისგან. სატირი მისთვის ღატაკია, მოხუცი და უსახლკარო... სატირებს არა აქვთ ბინები. სატირებს ნაღმტყორცნები არ აქვთ. სხვა რა? არც ტუალეტები აქვთ? ამას კიდევ არა უშავს, აქ არის ტუალეტისთვის მთელი მინდორი და ზეთისხილის ჭალა... და კიდევ ბუჩქი, ბუჩქები, ბუჩქები...

ჩურჩულით (ისე, რომ სხვები არ შეაწუხოს):
    — პიოტრ პეტროვიჩ... მოდი, ადგილები გავცვალოთ, ჰა?
ეს ჩიჟოვია. სკოლის მასწავლებელს რაკურსის სრული შეცვლა სურს... ჩემს ადგილს უმიზნებს.

მაგრამ თავს ვაქნევ და ასევე ვჩურჩულებ: არა...რაკურსიც საზომია. ჩემთვის, რაკურსის შესაცვლელად სრულიად საკმარისია თვალების მოჭუტვა (სინამდვილეში ვთვლემ, მეზარება).

ჩიჟოვი მირბის კლიუშკინთან — ის მაშინვე ეთანხმება და უცვლის ადგილს. ყოჩაღ! წარმოვიდგინე, როგორ ხელახლა აშრიალდა მათთვის ზეთისხილის ჭალა, როგორ განახლდა მათ თვალებში ცოტათი უკვე ყელში ამოსული მსუქანი ნიმფა (ნედოპლიოსოვი ხედავს მათ მიერ ადგილების გაცვლას, მაგრამ კომენტარს არ აკეთებს, რაც ნიშნავს, რომ ეთანხმება), შემდეგ ჩიჟოვი ჩქარობს დიბიკინთან, რათა ისევ და ისევ ადგილი შეიცვალოს ... ცდილობს! ორმაგი გაცვლა უკვე ორმაგი რაკურსია, კარგი მასწავლებელი — კარგ მოსწავლესავითაა.

ვინ არის ის? როგორია ცხოვრებაში, ეს ჩვენი მასწავლებელი ჩიჟოვი? მხიარული უფროსი მასწავლებელი? ან იქნებ ქიმიკოსი მაღალ კლასებში? ქიმიის მასწავლებელი მაღალ კლასებში აუცილებლად მხიარულია და თანაც მანერული. — ქიმიკოსობს? საინტერესოა, სცემდნენ ჩიჟოვს გოგოების მამები? მეათე კლასელი ქალიშვილის ჩივილის შემდეგ? ჩემი ფანტაზია იმის იქით არ მიდის, რომ ჩიჟიკს სამჯერ მაინც გამოაგდებდნენ სკოლიდან, მაგრამ საწყალი მზადაა კიდევ გააგრძელოს მასწავლებლობა, მზად არის შორს იაროს, შეცვალოს ეს სკოლა სხვა სკოლით... იმიტომ რომ უყვარს თავისი პროფესია. სადღაც გარეუბანში მაინც შეძლოს დასახლება. მოსკოვის გარეუბანში... მას იქიდანაც, იმ სკოლიდანაც აძევებენ! უკვე როგორც არა საჭირო პენსიონერს აგდებენ. ჩიჟიკი მოფრინდა — ჩიჟიკი გაფრინდა! და საერთოდ გააგდებდნენ, მაგრამ მასწავლებელთაგან ვინმე რომ დათანხმდებოდეს მთელი ზაფხულით საშინელ პოსტსაბჭოთა სკოლის ბანაკში წასვლას. ის კი წავა. აუცილებლად... და მერე? თეთრი კარვები... წყნარი თბილი ღამეები, ისეთი თბილი, ისეთი საზაფხულო! რა სასიამოვნო საღამოებია რუსეთში... („თუ ყოფითი მხრიდან შევხედავთ, თქვენი საქმე არ არის ყველაზე საინტერესო. თქვენ არავის უცემიხართ. — მითხრა ნედოპლიოსოვმა პირველივე შეხვედრაზე — ჩემი კლიენტების უმრავლესობა კი ძირითადად ნაცემები არიან».) ყოველდღიურ ცხოვრებაში? მე შემიძლია წარმოვიდგინო დიბიკინის ყველანაირი ვნება, რომელსაც მოჰყვება ცემა, მაგრამ ჩიჟოვი... როგორ შეიძლება სცემო მაღალი, გამხდარი, თან კეთილი სახით, რბილი წვერით, სიმპათიური ჩიჟოვი — რომელიც ასე ძალიან ჰგავს ჩეხოვს და ცხვირიდან პენსნეს მოხსნა ვერ მოუსწრია. უკულტუროები!

სასკოლო საზაფხულო ბანაკებში ყოფნა არ არის საპატიო საქმე, უკიდურესად მოსაწყენია და იშვიათად რომ ვინმემ ითხოვოს. ის კი ითხოვდა... საერთო გამგზავრება ქალაქიდან, საცოდავი ფანერის ბუნაგებში და ნაჩქარევად გაკეთებულ კარვებში ცხოვრება, სიცივე. შიმშილი. კუჭი აწუხებს, წყლული (ახალგაზრდულ — კომკავშირული კვების შედეგი) თავს ახსენებს, მაგრამ ის მაინც გაემგზავრება. შეჭამს, რასაც მისცემენ. ჩიჟიკი ყველაფერს აიტანს! შემდგომში უკვე დიდი გაჭირვებით ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორ მიიპარება ჩეხოვის მსგავსად კარვებს შორის... მთვარეა... ყველას სძინავს... უფროს ხელმნძღვანელ მორალისტს ჯერ არა, არ ჩქარობს. ცოტათი გაციებულია დიდხანს ჯდომით კარვის კართან, დროა წავიდეს აქედან... მოწიფულ უფროსკლასელს უყურებს, სძინავს გოგოს, ან შეიძლება თავს იმძინარებს. ის მხოლოდ ალერსიანი ხელით ეხება და ბალახის ღერს აცლის მხრიდან... ღორობაა, რა თქმა უნდა, მასზე ასე ფიქრი. ვიცი, რომ სისულელეა. ვაფასებ სკოლაში მომუშავე ხალხს, მძიმე შრომაა.

ინტელიგენტს ხელები უკანკალებს წყენისგან და არა ძალადობისგან. ნაცემი ჩიჟოვი, ვფიქრობ მრისხანების გარეშე... ცოტას წამოიყვირებს, იყვირებს და მერე დიდხანს ტირის, ქვითინებს.

3

სიცხე... სიცხე ადუნებს... ნიმფას ეძინა შიშველს, ტყის პირას, ხოლო სატირი მარსიანი, მისი თეთრი სხეულით დარეტიანებული, ბუჩქებიდან იყურებოდა. არა, გმირი არ ყოფილა, გამბედაობა არ მოუკრებია. ვერ შეძლო! მაშინ წრეზე სიარული დაიწყო (არ უახლოვდება, მაგრამ არც შორდება. არ უნდა ძილი დაუფრთხოს მშვენიერ ნიმფას, მაგრამ მხედველობიდანაც არ გამორჩეს). ტყის პირას წრეზე მოარულმა მარსიანმა ლერწმის ფლეიტა იპოვა.

ქალღმერთმა აფინამ ეს ფლეიტა წითელი ირმის ძვლებისგან დაამზადა. დილით ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის უკრავდა, საღამოობით ზოგჯერ ყველასთვის და ვერაფრით აეხსნა, რატომაც იცინოდნენ ასეთ დროს ჰერა და აფროდიტე. ისინი ერთმანეთს უყურებდნენ და იცინოდნენ, გადახედავდნენ ერთმანეთს და ეცინებოდათ. ფლეიტის მუსიკა იმ დროს ახალი და უდავოდ მშვენიერი რამ იყო. მით უფრო უცნაურია, რომ ყველა სხვა ღმერთს უხაროდა აფინას დაკვრა. განსაკუთრებით ვარიაციები, ქარის იმიტაცია... თუმცა მისი სოლო ორ ცნობილ ლამაზმანს არ მოსწონდა. ესეც ფაქტია, არასახუმარო წვრილმანი!

დილით ტყეში ღრმად შესვლისას აფინა ნაკადულთან დაჯდა და თავისთვის დაიწყო დაკვრა, თან თავის თავს აკვირდებოდა წყლის ზედაპირზე. თურმე რაშია საქმე! ისეთი მახინჯი გახდა დაბერილი ლოყებით და უჰაერობისგან დაძაბული სახით. ფლეიტაზე დაკვრამ თურმე დაამახინჯა მისი ღვთიური ლამაზი სახე... ათენამ მაშინვე გადააგდო ფლეიტა და დაწყევლა ყველა, ვინც აიღებდა.

საწყალმა მარსიანმა იპოვა ხმოვანი საგანი. მას მხოლოდ ნიმფას მოხიბლვა სურდა მუსიკით. ალბათ ვერც გააცნობიერა, რომ ეს გამოწვევა იყო, რომ სოფლის ხალხის მოწყობილი იყო ეშმაკურად, სატირი რომ მიიწვიეს დღესასწაულზე. წადი, დაუკარი, შენი ნიმფაც იქ იქნებაო...

დღესასწაულის უფრო მეტი ინტერესისთვის მოიწვიეს თავად აპოლონი თავისი ლირით და პროვოცირება გაუკეთეს შემოქმედებით დუელს და ღმერთიც მოვიდა. განა ღმერთს რამის ეშინია... ან ვიღაც სატირის? უჰ! და დაიწყო ორი ფლეიტის კონცერტი (მაშინ და მოგვიანებით აჟღერდა ლირა). მთელი დღე უკრავდნენ, სანამ სიბნელე ჩამოწვებოდა. თუმცა კონკურსმა გამარჯვებული ბოლომდე ვერ გამოავლინა. გამოვლინდა წონასწორობა. ორივეს მოსმენის შემდეგ პატიოსანი ბერძნების აზრი სკანდალურად თანაბრად გაიყო.

ამიტომაც მივარდა გაღიზიანებული აპოლონი ძმებთან ოლიმპოსზე... მან თქვა: დაე, ღმერთებმა გადაწყვიტონ. გაიჯახუნა კარი და დატოვა ისინი. არც არაფერი უთხოვია, არ იყო მეწვრილმანე... და გასაგებია, რომ ღმერთებმა ოლიმპოდან, თავისით და უყოყმანოდ მისცეს მას გამარჯვება.
    — ვაი დამარცხებულებს, — თქვა აპოლონმა და ბრძანა დასჯა.
სატირისთვის ცოცხლად გაეძროთ ტყავი... ნიმფაც იქ იყო... მას არ შეეძლო ამის ყურება და გაიქცა თავისი განსასვენებლისკენ. ბანაობის შემდეგ ბალახზე მიწვა... საწყალი მარსიანის კანი კი ამ დროს გროტოში ჩამოკიდეს. საუკუნეების მანძილზე ეკიდა იქ... ერთხელ შეამჩნიეს რომ არტისტის მგრძნობიარე კანი კანკალს იწყებდა, ტაქტის შეწყობით, როცა სოფლიდან ფლეიტის მარტივი, დაუხვეწავი ხმები მოდიოდა.

მაგრამ კანი გაუნძრევლად ეკიდა, როცა ღმერთები უკრავდნენ ფლეიტაზე.

დიბიკინი გამოკვეთილი სატირმენია, მსხვილთავიანი, შავგრემანი... ძლევამოსილი მოხუცი, კუნთების გროვა. ძლიერი კაცის სულელური უპირატესობით უყურებს სამყაროს გამჭოლ ბავშვური შიშთან ერთად. ის მალავს თავის ბავშვურობას. მისთვის ყველა ადამიანი ზრდასრულია.

ვინაიდან ნაბრძანებია რაკურსის შეცვლა, მარცხნივ და მარჯვნივ გადაადგილება, დიბიკინი მოძრაობს, მაგრამ ბავშვივით — ტაბურეტთან ერთად. მას ეჩვენება, ასე უფრო მარტივია. რაზე მოშორდეს სკამს და რისთვის აწიოს უკანალი? ის ტაბურეტთანაა, როგორც მხტუნავი ბაყაყი — მეტრი მარჯვნივ, მეტრი წინ. მას არ ესმის, რომ მისი მოძრაობა ყველა ჩვენგანის ყურებში ჩხაკუნობს.

ნედოპლიოსოვი შენიშნვნას აძლევს:
    — დიბიკინ, ჩლიქებს ურტყამს და ღიმილით არბილებს ტონს.
    — ჩვენ, ბატონებო, გვყავს ჩვენი კენტავრი.
დიბიკინი ვერ ხვდება. ის აგრძელებს ხტუნვას. თუმცა თვალს არ აშორებს გემრიელ ნიმფას სლაიდზე მიმზიდველ თეთრ ლაქას. ახლა მარცხნივ, ნიკაპზე ნერწყვის ძაფია.

მე თვლემაში ვარ. ჩემს ირგვლივ ღმერთები არიან, სატირები, ნიმფები... რატომ არა კენტავრები? ღრმა მითოლოგიურ ჩაძირვას ვიწყებ.
    — ყველა ეპოქაში კენტავრები ადამიანში ყველაზე ამაღლებულ გრძნობებს იწვევდნენ.
არც მთლად მასეა, ბატონო ნედოპლიოსოვ, სულაც არაა ასე... ზოგიერთი არაპოპულარული მითიდან გამომდინარე, კენტავრები ნაძირლები არიან (ადამიანური ნაწილის გამო). ეს არ არის დავიწყებული. ყველას არ დავიწყებია... როგორც ჩანს, ენაბასრი ბრიტანელი სვიფტი ვერ იტანდა კენტავრებს. მას სურდა ისევ შუაზე გაეხლიჩა სულელური ჰიბრიდი. სურდა აღედგინა სამართალი. უკან! უკან! მას იზიდავდა საწყისი ელემენტების სისუფთავე და სვიფტმა გაანახევრა — გაყო კენტავრები ლამაზ ცხენებად და საზიზღარ იაჰუებად.

როცა საქმე საწყალი მარსიანის კანზე მიდგა, ჩვენმა ძლევამოსილმა დიბიკინმა ნერვიულობა დიწყო. ჩუმად, მაგრამ შთამბეჭდავად აკრაჭუნებდა კბილებს. ის არ დანებდებოდა, გადაარჩენდა საკუთარ ტყავს (პირდაპირი გაგებით). უჩვენებდა მათ რა და როგორ შეიძლება ყველაფერი, ბოლოს კი თვითონ აპოლონს გააძრობდა გვერდებიდან ტყავს და ჯერ უცნობია, ვისი კანი იკანკალებდა ქარში საუკუნეების შემდეგ...

უცებ, სკამით იატაკზე მოხტუნავე, კენტავრი დიბიკინი ყვირის მთელი კლასის გასაგონად, ხმამაღლა ყვირის. მას ყველა ჩვენგანზე ღრმად ჩასწვდა ამ ამბის არსი. მთავარია ფლეიტაზე არ დააბიჯო პიოტრ პეტროვიჩ... რაკურსი! — ეს ისევ ნედოპლიოსოვია. მაშინვე არ ვპასუხობ.
    — პიოტრ პეტროვიჩ! — ვიცვლი, ვიცვლი... თვალებს ვჭუტავ. — რა ხდება შემდეგ? ექიმმა ნედოპლიოვსმა გამასწრო, — ოდნავი ირონიით ამთავრებს ჩემს მაგივრად საუბარს.
    — შემდეგ კი ნიმფა თავად იწყებს თქვენს დევნას. ხომ ასეა? — ვამბობ მე. — დაე, განაგრძონ ირონიულობა... მე სრულებით არ მიზიდავს და არ მხიბლავს მათი შეხედულებების სწრაფი ცვლილება. ბაზარში არ ვმონაწილეობ! მე არ ვარ წევრი... ირგვლივ ფულის გადამცვლელებია, ისინი სულ გაგიჟდნენ, მე კი არა — უბრალოდ თვალებს ვჭუტავ. ხან მარჯვენას, ხან მარცხენას.

უკვე დიბიკინიც მოეშვა თავის ხმაურიან სკამს და ჩაერთო კლიუშკინისა და ჩიჟოვის ადგილების გაცვლის პროცესში. ახლა ისინი სამნი არიან, მე რაში ვჭირდები? გამყიდველები! სამივე კმაყოფილია. მიბრძანდით, წინ, მოხუცებო! წინ, ამოწურულო ფანტაზიავ! თუ თვალს უფრო ახლოს მიიტან, უფრო საინტერესო და მაგარია ყველაფერი, შენ ხდები ამ გატრუნული ზეთისხილის ჭალის, ამ მთვლემარე ბალახის, ამ მძინარე ახალგაზრდა ქალის ბატონ-პატრონი. სხეული რითი აქვს დაფარული? არც არაფრით — მხოლოდ ვიწრო ქსოვილის ნაჭერით, მსუბუქი და ხვეული მის თეთრ ფეხებს და მკვრივ თეძოებს რომ ეფინება.

ისინი ადგილებს იცვლიან, უფრო და უფრო მატულობს სისწრაფე. კლიუშკინი ადგილს უცვლის ჩიჟოვს, მასწავლებელი ჩიჟოვი მოუსვენარ დიბიკინს, დიბიკა — კლიუშკინს და კლიუშკინი ისევ ჩიჟოვს! ზემოდან თუ შეხედავ — მოძრაობის სურათი უფრო დინამიურია, ცვლილებები კიდევ უფრო დინამიური. თითქოს ვიღაც უზარმაზარი (ვიღაც უხილავი) თამაშობს მოხუცებთან თავის თამაშს. ახლად აღმოჩენილ თვალსაზრისს სატირმენებისთვის, როგორც ჩანს, მხოლოდ ხანმოკლე სიხარული მოაქვს. ეს გადახტომები ტაბურეტიდან ტაბურეტზე (თბილიდან თბილზე) უფრო გახშირდა. ჩემი მოხუცები ხან აქ გაიელვებენ, ხან იქ... მხოლოდ ფანჯარასთან ადგილების შეცვლისას (იქიდან დილის სხივი იპარება) ყოველ ჯერზე ჩერდებიან... დიდხანს აქ ჯდომას არავის აცლიან და აჩქარებენ: დროა, დროა!

უხილავი მოთამაშის ხელში სისწრაფე მატულობს, როგორ ჩქარობენ მის მკლავებში როგორი აღგზნებულები არიან სამივე. საკმარისია, ოდნავ შეიცვლოს რაკურსი, ისევ ადგილის შეცვლას ჩქარობენ.
    — კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ პიოტრ პეტროვიჩ! — მეძახის ჩურჩულით ჩიჟოვი. მომვარდა და მხარზე ხელი შემახო. — მოდი ჩვენც გავცვალოთ ადგილები. მორიგეობით ვიყოთ. მიდი ჩემს ადგილას ფანჯარასთან! თავს ვაქნევ, არა, არ მინდა! ის კი ჯიუტობს და თან მაჩქარებს — მიდი, მიდი, პიოტრ პეტროვიჩ, აქედან ბუნდოვნად ჩანს და ცივა, უბერავს კიდეც.
    — სულაც არ მიბერავს.
    — გიბერავს, გიბერავს! შენ გიბერავს! — დაჟინებით ცდილობს დამარწმუნოს სკოლის მასწავლებელი.

რა სისულელეა. მთელი ჩვენი ცხოვრება (და ეს ყველამ იცის) ჩვენ ვზივართ და გვიბერავს სწორედ ფანჯრებიდან და არა კედლიდან. ასეთი აბსურდი შეეძლო ეთქვა დიბიკინს, ან კლიუშკინს, მაგრამ არა სკოლის მასწავლებელს.

ჯიუტი ჩიჟოვი ძალით ცდილობს ჩემს წამოყენებას სკამიდან. არ მეშვება. სხვის ნებას ვემორჩილები და ჯანდაბას იყოს, ფანჯარასთან მივდივარ რაკურსის გამოსაცვლელად. ჩიჟოვის სკამზე ვეშვები და ეკრანს ვუყურებ — მერე რა არის აქ ახალი? იგივე მარად ლამაზი და მარად შიშველი ნაიადა... იგივე მოვლილი მინდორი, იგივე ზეთისხილის ბაღი. უსაქმურობისგან (და არც არაფრია საყურებელი) მე გავიხედე ფარდით დაფარულ სივრცეში, სხივით გამოჭრილი ადგილიდან. ამას რას ვხედავ!

მეზობელ კორპუსში, პირველ სართულზე — სწორედ ფანჯარასთან — ახალგაზრდა ქალს ძინავს, ნამდვილ, ცოცხალ არსებას. მძინარე, ნახევრად შიშველი, გამობერილი ლოყებით, ისე ცოცხალი იყო, რომ ნიკაპზე ტუჩის კუთხიდან ჩამოცურებული ნერწყვიც კი უჩანდა. ნახევრად შეტრიალებულა... მხრები და ერთი ძუძუ მშვენივრად იკვეთება, მაგრამ განსაკუთრებით ნათელი და მიმზიდველი მისი თეთრი მუხლებია. აი, ნამდვილი სასწაული!

ეს შენობა სამსართულიანი შენობა, სავარაუდოდ, სარეაბილიტაციო განყოფილებაა. დიდი გაურეცხავი ფანჯრების მიღმა ჩანდა კედლის ზოლები, ფიტნეს აღჭურვილობა, კალათბურთის დაფაც კი რგოლებით. ყველაფერი ეს მტვრიანი და დაჟანგული იყო. ამბობდნენ, რომ ვიღაცამ იყიდა ...ამბობდნენ, რომ მალე... თუმცა შენობა ცარიელი იყო და ცარიელ სახლში ქალი ღამის დარაჯს ჰგავდა. ჩვენგან, სულ რაღაც თხუთმეტი-ოცი ნაბიჯის მანძილზე — მძინარე სასწაული! დიბიკინი ტაბურეტით უკვე მოხტის ფანჯრისკენ! აი, თურმე რად ეჩქარებოდა ყოველ მოხუცს ადგილის შეცვლა, ამიტომ დარბოდნენ წარამარა, ამიტომ ცვლიდნენ ერთმანეთს ასე ციებ-ცხელებით! ახლა მეც გამაგდებენ აქედან! მეტყვიან, გეყოფა, დიდხანს იყავი, პიოტრ პეტროვიჩ!

თანამედროვეობის ჩვეულებრივი სურათია: ახალგაზრდა გოგონა ღამით ცარიელ შენობას ყარაულობს, რაღაც გროშებისთვის. რა თქმა უნდა, უცებ ვხვდები და ჩემი ხელებით, თითებით, თითქმის ფრჩხილებითაც ტაბურეტს ვებღაუჭები თითების ტკივილამდე! ასე უცებ არ წავალ (მზერა ფანჯრიდან სადემონსტრაციო ეკრანზე გადამაქვს, ნიმფიდან — ნიმფაზე)! ოდნავი პანიკა მიპყრობს. სამუდამოდ არ ვიქნები აქ. წუთი წუთზე გამაგდებენ.

მე სულაც არ ვარ მოხიბლული ამ ცოცხალი სხეულით: ქალი ლამაზია, ალბათ ახალგაზრდა რომაა იმიტომ. ალბათ გაციებულია (ამინდის გამო)... ოდნავ მოთენთილი ძილისგან და მართალი გითხრათ, ცოცხალი ნიმფა ახლოსაც ვერ მივა ნიმფა-სურათთან. მაგრამ ამან, ცოცხალმა ტვინში დამარტყა, გამომაღვიძა. მხოლოდ ახლა შევიჭერი მე ზეთისხილის ჭალაში მთელი სისწრაფით, მხოლოდ ახლა გაცოცხლდა ნიმფა მთლიანად ეკრანზე. რეალურ ფერწერაში ასე უნდა შეიჭრა, შეაღწიო, შეხვიდე მფეთქვავი გულით — გადახტე პლაცდარმიდან (როგორც ცხვირწაგრძელებულ, მოყანყალე და ჰაერში მფრინავ თხილამურებზე სრიალისას).

სიცოცხლისა და მხატვრობის თანხვედრისგან გული შემეკუმშა. ამ ლტოლვის ახსნა შეუძლებელია. დავიბენი, მძინარე ქალმა კი პოზა შეიცვალა (მანაც იცის რაკურსის შეცვლა) და საბანი და ზეწარი ოდნავ ჩამოსრიალდა. ღმერთო ჩემო, თურმე რა ხდება! საბრალო მძინარე გოგოს ქუსლი არ ჰქონდა მარცხენა ფეხზე.

კიდევ კარგი, საბნის კუთხე საზარდულს და მუცელს ფარავდა. კლასიკური პოზაა. ისე გაუსაძლისად კაშკაშებდა და გამომწვევად ანათებდა ეს გამოკვეთილი ორი თეთრი მუხლი.

ფიქრი ჩაირთო — თვალებით ყავარჯნებს ვეძებდი, ან საყრდენ ჯოხს. არსად არაფერი მსგავსი...

მაგრამ დაკვირვებულმა თვალმა იპოვა, თვალი მოჰკრა ლოგინის ქვეშ, სადაც ქალს ეძინა, მოსახსნელ პროთეზს. ღამით იხსნის ეტყობა, იაფიანი, უხეში, ჩექმა შესაკრავებით და სამაგრებით.

პროთეზის გარეშე ჯობია მისთვის, რა თქმა უნდა, ძილი ასე უფრო უკეთესია, თანაგრძნობით ვბურდღუნებ ჩემთვის.

ჩიჟოვი უკვე ზურგსუკან დგას, მაჩქარებს (ნახე? გაათავისუფლე ადგილი!).
    — არასწორ ადგილას უყურებ. — მითხრა მან.
    — ქუსლი გასაგებია, მაგრამ ქალის ფეხებს უფრო მაღლა უნდა შეხედო, სილამაზე მოკეცილ მუხლებშია...
    — არ მესმის... რა? — კითხვა გავიმეორე. — რა თქვი?
    — ეს მე არა... გუმილიოვმა თქვა, — დაიწუწუნა მოხუცი სკოლის მასწავლებელმა, გაღიზიანებულმა მასების სრული უვიცობით. — პოეტმა გუმილიოვმა თქვა: სილამაზე მოკეცილ მუხლებშია.