კლეოპატრა

 დაიფარება ეზო ფოთლებით, ღმერთებს დავუნთებ სანთელ-საკმეველს,
ზამთრამდე, როგორც დამწვარ ეგვიპტეს, დაგიმორჩილებ მე შენ ასევე.

ზღვაში პომპეის გალერეები იძირებიან, ზეობს წარსული,
ბედს რას გაუგებ, ჟამის მეომრებს მწყობრში აყენებს ენობარბუსი.

და გაყინული კადრის ბურუსში, თანავარსკვლავდთა უღვთო მორევში,
ხმები ჩამესმის, ო, კლეოპატრა, როგორ გაცვამენ ჯვარზე ჭორები.

არ ვეთანხმები ცილისმწამებელთ, შთაგონებული მხოლოდ შენით ვარ,
კარს მიღმა მდგარი ოქტავიუსი, გავს ბოლო დროის შეშლილ შეითანს.

თითქოს ღრუბელად იქცა ბალიში, თითქოს ახლა შენც ჩემს ბედს მკითხაობ,
მე არ ვიცი, რომ ეს ხაფანგია და რომ სიკვდილი შენით მჩხიბაობს.

გსურს შევსვა შენი ხელისგულიდან და არასდროს რომ არვის ამტყუნებ,
ამოისუნთქავ: „ო, ანტონ! ანტონ! შენ მოკვდები და მე დამივიწყებ!“

დაჰყურებ კარტებს რაღაც სხვა მზერით, ისე რომ შიშს და ცრემლებს ვერ მალავ,
კობრა კი ყუთში რომ იმალება, ხედავს ყველაფერს და ჭვრეტს მომავალს.

და ბოლო მარტის თავსხმა— ღელვაში, ოქროსფერ ბნელში ჩურჩულით ვამბობ:
„მე, კლეოპატრა, მოვკვდები დღესვე, მაგრამ ერთმანეთს შევხვდებით სხვა დროს!“

გაუძლო მიწამ საუკუნეებს, სხვა ცეცხლის სხივში, სხვა ცეცხლის ალში,
შენ შემოჰყავი საწოლში ხელი და ვერ მიცანი, ძვირფასო, მაინც.

ეს არაფერი! ისევ იმ ვარსკვლავს არდავიწყების ფრთებით შევმოსავ
და ერთ დროს, ისევ ვით ეგვიპტეში, აუცილებლად შენში შემოვალ!