კიდევ მითხარი
კიდევ მითხარი, ეს ვარსკვლავთა რა ნახირია,
ცრემლიან თვალში ცისარტყელის ნამსხვრევებს ვეძებ,
ბაღში, მდელოზე სუნიც რაღაც უცნაურია,
ასეთი სუნი ვარსკვლავებსაც სდიოდეთ ეგებ...
ვინ ჩამოაგდო ამ მიწაზე, რომ გული გასკდეს
მისი სინათლის სიმღერებით, ვის ძალუძს ასე?
დღისით როგორი ვარსკვლავები არიან, გეტყვით,
მინდორში, ბაღში ხშირად ჟონავს სინათლე მათგან,
ბევრს გაზაფხულზე ეძახიან ყვავილებს, ბევრიც
მიწის ქერქის ქვეშ გაატარებს ზაფხულს და ზამთარს...
ანდა ამაო დიდებისთვის, ან რომ ვიცხოვროთ,
დედამიწაზე სიცოცხლე რომ გაგვიიოლონ!
მითხარი ახლა, ეს რა ფურცლის მტვერი-ფერფლია,
რა ყვავილები ფრიალებენ ამ სილურჯეში,
თან ისე ტკბილად მღერიან, რომ არ გეშინია,
ოღონდ იმღერონ, სიმღერაა სულის ნუგეში...
ვინ აიყვანა იქ საფრენად, ცაში სულ მაღლა,
ლამის გაეპოს გული, თითქოს ვიღაც უყვარდა!
მე გეტყვი თუ ეს რა ფურცელთა ლიბო-ფესვია,
ესენი ქარის ჩიტები და მთის დები გახლავთ,
დაბადებულებს მტვრისგან, მაგრამ ცაში ფრენისას,
ვით თევზის ლანდი, ჩიტის აჩრდილს დაჰყურებს მაღლა...
განზავებულნი სილურჯეში მღერიან ისე,
რომ ჩვენ მიწიდან სიხარული მოგვგვარონ მყისვე...
მითხარი მეტი, კიდევ მეტი მითხარი რამე,
იმ მდინარეზე რა ფერების-ჩიტები სხედან,
მტრედის ხმებით და სახეებით ნათელნი ვარდზე,
სუყველასათვის სიცოცხლეს რომ გაიღებ ეხლავ...
სულ უნდა იყო და უმზირო, როგორ მიდიან,
გულის გახეთქვით სილურჯეში, სადაც ხიდია...
მე გეტყვი, გეტყვი ამ მიწიერ ანგელოზებზე,
მზის ჩასვლისას რომ მდინარეზე სევდით მიდიან,
კაცობრიობის ქალიშვილებს, ღამის მოედნებს,
საპატარძლოებს, ცოლებსაც კი დღეთა ბინდიდან,
რომ გამოიყვან, მათთან ერთად არის სამოთხე,
გვიყვარს ისინი, ვკვდებით, მაგრამ გვინდა არ მოვკვდეთ.
მაშინ მითხარი, ის მითხარი, არ მომატყუო,
რატომ, რად ხდება ის, რაც ხდება, ანდა რაც მოხდა,
ყვავის ყვავილი, ჩიტი გალობს დილით და უფრო
ცხადი ხდება, რომ მზემ სხივები ციდან ჩამოხსნა...
მდინარეებზე გოგოები ბავშვებს აჩენენ,
მე კი ამ ქვეყნად აღარა ვარ, რატომ — გამჩენო?.
შენ ღმერთთანა ხარ, ქვეყნად ყოფნა რაში გჭირდება,
ღამე არ დგება მისთვის, ვისაც დღე არ უნახავს,
დაუბადებელს არა გლოვობს დედა, ისედაც
ხომ არ დაჭკნება ყვავილი, თუ არ გაიხარა...
არ დაეცემა ჩიტი ზენიტს თუ არ ეწვევა,
ვისაც არა აქვს გული, როგორ დაელეწება.





