ქალების პლიაჟი
შავი ზღვის სანაპიროზე უფროს ლეიტენანტებად აღმოვჩნდით — სამი „ავღანელი“ და სამი უცოლო, რომლებმაც ერთმანეთი მატარებელში გავიცანით. ეეხ, ვიგრიალებთ!
«მადლობა ღმერთს, გავიგე კაცის ხმაური გამგზავრებამდე», — გაუბრწყინდა მორიგე ქალს თვალები, როცა ლიფტის მოლოდინის გარეშე ჩავირბინეთ კიბეები. ალბათ სხვა დროებსაც მოსწრებული იყო, რადგან სანატორიუმის ზღურბლის პირველივე გადალახვისთანავე დაგვიწყო ღიმილი.
— და რატომ მიდიხართ, როცა უკვე გამოვჩნდით? — როცა გაშინაურება ვიგრძენით, თამამად ვკითხეთ.
— ჩემი მარტოხელა ცხოვრება დასრულდა, ბიჭებო. ქმარი გმომეცხადა კიევიდან.
ჩვენ არ მოგვეწონა ქმრის ხსენება და კიბეები ავირბინეთ. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, თავად შევჩივლეთ მას:
— აქ, თქვენთან რა მოწყენილობაა, ნინა დეიდა.
— აქ მხოლოდ «მოთხილამურეები» არიან და რა მხიარულობა, ლამისაა შუაზე გაიხლიჩონ...
— მაშინ გვითხარით სად არ არის მოსაწყენი.
— თქვენ თვითონ იპოვით. ამისთვის გონება არ არის საჭირო, მთავარია თვალები და სურვილი გქონდეთ. რომ ნახავთ მეც დამპატიჟეთ.
ეშმაკობდა დეიდა ნინა: ის, რომელიც ჯერ კიდევ ლამაზი და კომუნიკაბელური გახლდათ და სანატორიუმში ათ წელი მუშაობდა, რა თქმა უნდა, იცნობდა ყველა ბუჩქს და ყველა გოგონას, რომელიც თანახმა იქნებოდა მათ ქვეშ საღამო დამსვენებელთან ერთად გაეტარებინოს!
— არაფერი, არაფერი, ბოლო დღე ხომ არაა, — დაგვამშვიდა მან, რაკი გააცნობიერა, რომ ჩვენ მეტი გვსურდა, ვიდრე უბრალოდ თანამონაწილეობა ოხვრაში, — მოდით ჯერ აზრზე მგზავრობის მერე და მერე შევხედოთ.
დავმორჩილდით. ორდღიანი შვებულება სასადილო ოთახში ჩასვლის გარეშე გავატარეთ. საბედნიეროდ, კომპანიაში ყოველთვის არის ხოლმე ის, ვინც ყველაზე ნაკლებს სვამს. ოლეგი ჩვენი რეანიმატოლოგი გახდა. ცივი ლუდი, კიტრი დილით ბაზრიდან, ახალი თევზი ვახშამზე — მოჰქონდა და ფეხებთნ გვილაგებდა.
გულაობთ ახალგაზრდებო? — ხან შურით, ხან წყრომით შეგვაჩერებდნენ მოთხილამურეები, როცა ზედმეტად ემოციურად ვიქცეოდით.
— გონზე მოვდივართ, — ტანში ვსწორდებოდით უფროსი ოფიცრების წინაშე, მაგრამ სასწრაფოდ გადავდიოდით შემდეგ სადღეგრძელოზე მორიგი ქილიდან და ჩვენი ზნეობის მცველებს ვაგზავნიდით ოცდაცამეტივე ასოზე, თავისი ი-თი და მყარი ნიშნით.
ჩვენ შეგვეძლო თავისთვის ამის უფლება მიგვეცა, რადგან ჩვენ ვიყავით პირველი ოფიცრები, რომლებიც ავღანეთიდან დასასვენებლად ჩამოვიდნენ. ეს ახალი დაწყებული იყო და ჩვენ ჯერ არც გმირები ვიყავით და არც უბედურები: ჩვენ გარშემორტყმული ვიყავით მხოლოდ იდუმალების და საიდუმლოების აურით. ჩვენ დავბრუნდით უცნობი, შორი, საშინელი ქვეყნიდან, სადაც ისვრიან და როგორც ამბობენ, კლავენ კიდეც. ჯერ არც ერთი ჩვენგანს არ უფიქრია რაიმე შეღავათებზე, არავისთვის არაფერი უთხოვია და დაუჩივლია. ასე რომ, ბიუროკრატიული ხალხისთვის და გარშემომყოფებისთვის, თუ სასურველნი არ ვიყავით, ყოველ შემთხვევაში, ტვირთადაც არ ვაწვებოდით.
ერთადერთნი, ვინც საკუთარი ინიციატივით გამოხატეს, ექიმები იყვნენ. ადგნენ და მთელი შტაბი და განყოფილებები, უმაღლესი სამეთაურო შტაბიც კი შეაწუხეს და ჩვენთვის სანატორიუმის საგზური მოიპოვეს — წადით, „ავღანელების“ გჭირდებათო.
ჩვენ უარი არ გვითქვამს. მოულოდნელმა ავღანურმა ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ ქვეყანა, იყო თითქოს რაღაც მყიფე თასი ვიღაცის გაურკვეველ ხელში — დენთის სუნით, დაკონსერვებული საკვებით, ხელსახოცებით, იარაღის შესაზეთებით, დიზელის საწვავით; ჩვენც ვერ გადავურჩით დიარეას, წყლულებს, ტილებს; და ჩვენ, რომლებიც ქალებზე ვგიჟდებოდით უცებ, უმიზეზოდ გამოგვეცხადა ზაფხული, შავი ზღვა, ორმოცდახუთდღიანი „დათვის“ შვებულებით! უფასო საგზური.
ძლიერ გარუჯულები და ჩინებისადმი გულგრილნი, უკვე სამხრეთის მატარებლის ვაგონში ვისხედით და უცბად გამოვარჩიეთ ერთმანეთი ჩვენ, ავღანელებმა. ჯერ რესტორნის დახლთან შევიცანით ერთმანეთი, მერე კი დეიდა ნინასთან. სამნი — პირველი ავღანური დროისთვის ეს იყო მთელი შეზღუდული კონტიგენტი.
სწორედ ამას ავღნიშნავდით — დაბრუნებას, ჰინდუკუში დარჩენილ მეგობრებს, თუმცა, ჩვენ კი არ ვსვამდით — ეს ჩვენი უფულობა და ახალგაზრდობა ატარებდა დროს. უკან არ ვიხედებოდით და სულაც არ გვეშინოდა იმის, რაც წინ გველოდა. აააჰა, კარგი დრო იყო.
— ბიჭებო, შეიძლება თქვენთან შემოვიდე? — ერთ დღეს ჩვენს კარზე დააკაკუნეს.
— ოჰ, ნინა დეიდა! — მაშინვე რეანიმატოლოგი გამოეხმაურა და მორიგეს ზედ ზღურბლზევე ჩაეხუტა.
— ოჰ, ბიჭებო, მეჩვენება, რომ დროა გავჩერდეთ — ჩვენს სამდღიან არეულ მაგიდას გადახედა.
— ბატონო ოფიცრებო. — ვიქტორმა, როგორც ყველაზე ელასტიურმა, რადგან მედესანტე იყო, ქილიდან იზაბელას წითელი სითხით ოთხი ჭიქა აავსო.
— ბატონო ოფიცრებო, — ჩვენს წინაშეა ჩვენი მეგობარი და მშვენიერი ქალბატონი, რომლის სიტყვაც ამიერიდან ჩვენთვის კანონია. ნინა დეიდა, ამ ბოლო ჭიქით შენი დღეგრძელობისა იყოს. დანარჩენი — ნიჟარაში. ზარემბა, — მიბრძანა მან.
ქილა ავიღე, ღვინო ხელსაბანში ჩავღვარე და სამივენი ამაყად დავდექით ქალის წინ.
— არა, მუხლებზე, — ტონს არ დააგდო მოულოდნელმა სტუმარმა და ცხვირის მაღლა აწევით ბრძანება გასცა.
ხალიჩაზე გავიშხლართეთ, იდაყვები ოთხმოცდაათი გრადუსზე მოვხარეთ, ჭიქები ამოტრიალებულ ხელისგულებზე დავიდეთ და ტუჩებთან მივიტანეთ. მერე ცარიელი ჭიქები თავდაყირა ამოვატრიალეთ და ჰაერში ავისროლეთ. ქალის საგანგაშო შეძახილ „ოჰ“-ზე ჭიქები დავიჭირეთ და მის ფეხებთან დავაწყვეთ.
— ნინა დეიდა, თქვენთვის, თქვენთვის... — ვიქტორი ეძებდა შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი პატივი გამოეხატა, მაგრამ თვალი ვერაფერს მოჰკრა, უცბად ჟილეტი გაიძრო, აკოცა და გაუწოდა — ნინა დეიდა, ქვეითებმა იმდენი მთხოვეს, იმდენი მეხვეწნენ და არ მივეცი, აი, თქვენ კი გჩუქნით.
— ოჰ, — აღმოხდა ნინა დეიდას.
— ნინა დეიდა, — რანიმატოლოგმა ნაუცბადევი სიხარული შეაწყვეტია და ხელი გაუწოდა, — ერთი წამითო... მერე კარადის კარი წიხლით გამოაღო, ჩანთა თავისკენ მიითრია, გახსნა, ქალის ტრუსების „საკვირაო“-ს ერთი კომპლექტი ამოიღო და გაუწოდა.
— ნინა დეიდა! — ამ დროისთვის უკვე მეც გამოწეული მქონდა ტუმბოს უჯრა და გაშლილ ხელში იმ დროისთვის ყველაზე ლამაზი მუქი სათვალე მეკავა.
ჩვენმა ქალბატონმა ბავშვივით ამოისუნთქა, თავისი მინიატურული ცხვირი მაღლა ასწია, წამწამები ააფრიალა და ცრემლები მოიწმინდა. ჩვენც ლამის ავტირდით, რადგან გავაცნობიერეთ, რომ ასე, სპონტანურად და მარტივად, სიამოვნებას მივანიჭეთ ადამიანს. მართლაც უფრო სასიამოვნოა გაცემა, ვიდრე თავად საჩუქრების მიღება.
— ბიჭებო, — ქალმა თავისკენ მიგვიზიდა და კოცნა დაგვიწყო. მერე მის თვალებში რაღაც ელდამ იელვა, არ შემოხვიდეთო, გვიბრძანა და სააბაზანოში შევარდა. ჩვენ ამაყად გადავხედეთ ერთმანეთს და დახურულ კარს გავხედეთ.
ჩვეულებისამებრ, ყველა ქალი ლამაზია, ეს რომ გაიგო, უბრალოდ ცოტა უნდა დალიო. და ჩვენ რადგან ცოტაზე მეტიც გვქონდა დალეული, ჩვენთვის უკვე ნინა დეიდა არა მხოლოდ თანამოაზრე და მეგობარი იყო, არამედ ქალიც, რომელთანაც სულაც არ იქნებოდა ცუდი ახლოს ყოფნა და საღამოს გატარება. დარწმუნებული ვარ, იგივე აზრი ტრიალებდა რეანიმატორისა და მედესანტის გონებაშიც, რადგან კარი რომ გაიღო, სამივემ პირები დავაღეთ.
ნინა დეიდა ჩვენს წინ ცარიელი ჟილეტის ამარა იდგა. არ ვიცი, გახსნა თუ არა მან რეანიმატორის კომლექტი «საკვირაო», რადგან ჟილეტი თითქმის მუხლებამდე იყო დაშვებული და არ ჩანდა ეცვა თუ არა ტრუსი, მაგრამ ბიუსტჰალტერი ნამდვილად არ ეცვა: მკერდი თავისუფლად დაცურავდა ქსოვილის ქვეშ და ჩვენც თეთრ-ლურჯს ზოლები დაგვიდიოდა სახეზე. ნინა დეიდამ სათვალე გაიკეთა, ხელები ასწია, ფეხი გვერდზე გადადო და ჩვენს თვალწინ მოდელის პოზაში გაირინდა.
ჩვენ მას — მოწესრიგებულს, ძლიერ გარუჯულს, ხარბი და ფხიზელი თვალებით ვუყურებდით. კოშმარი იყო, თითქმის ერთი კვირაა ნაცნობ მორიგესთან ვსეირნობდით და ის თურმე ასეთი ყოფილა...
— ენიკი-ბენიკებმა პელმენები შეჭამეს, — უადგილოდ ამოიყრანტალა ვიქტორმა, ალბათ მხოლოდ იმისთვის, რომ აზრზე მოსულიყო, — შეიძლება ისევ მოგწონდეთ? — სტუმარმა კეკლუცად გადაიწია თმა და ჟილეტი ორი ზოლით მაღლა ასწია.
ოჰ, რა დაცინვაა იმ კაცებზე, რომლებმაც ერთი წელი გაატარეს ავღანეთში! მედესანტემ გარემოს ხარბი მზერა მოავლო. მე და რეანიმატორიც საშინელი შიმშილის გრძნობით ვიყავით შეპყრობილნი. ვხვდებოდით, თავად ნინა დეიდა კონკრეტულად არავის გამოარჩევდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველას ერთნაირი შანსები გვქონდა.
— ნინა დეიდა, ოთხ საათს გაძლევთ, — ვიქტორმა ”გახსნა” სარეზერვო პარაშუტი. ზუსტად ოთხი საათის შემდეგ, თქვენ და თქვენ ორ მეგობარ გოგონას რესტორანში, ნავსადგურთან გელოდებით.
კარგია, როცა ფული გაქვს.
იმ საუკუნეში, ორმაგი ავღანური ხელფასის წყალობით, ჩვენ უფროსმა ლეიტენანტებმაც კი მივიღეთ დამატებითი ასეულები.
— ბატონო ოფიცრებო. — ვიქტორმა, მენიუ აიღო, — დღეს მე გთავაზობთ მარჯვენა ხელის წესს...
არც მე და არც რეანიმატორს წარმოდგენა არ გვქონდა რა იყო ეს მარჯვენა ხელის წესი. რაღაც ფიზიკიდან დარჩა ჩემს მეხსიერებას, მაგრამ მაინც ერთხმად დავუქნიეთ თავი — რა თქმა უნდა, მხოლოდ მარჯვენა ხელის წესი. რამდენიმე წუთის წინ რესტორანში რომ მივედით, მაშინვე მივხვდით, როგორ პატარა ბიჭებივით შევცდით. იმდენი რამ და ვინმე ტრიალებდა ირგვლივ, ყველა ფერისა და გემოვნების, ჩვენ კი ველოდებოდით ორმოცდაათი წლის ქალებს, თან არც ვიცოდით როგორები იქნებოდნენ...
— დიახ, — სინანულით წარმოთქვა რეანიმატორმა და მე და საზღვაო ქვეითმაც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიეთ.
მაგრამ ჩვენ გვახსოვდა, რომ მხრებზე „პაგონები“ გვეკეთა, გულწრფელად ვამაყობდით მათით და ვცდილობდით თვალი არავისკენ გაგვქცეოდა. ნამუსიანად ჩვენს ბედს ველოდებოდით. დეიდა ნინას უცებ რქიანი ეშმაკებიც რომ შემოეყვანა, ჩვენ მათ წინ დავიჩოქებდით, როგორც მთელი შავი ზღვის სანაპიროს პირველი ლამაზმანების წინაშე. პრინციპის საქმე იყო.
მაგრამ ნინა დეიდა — ოჰ, რა მაგარი ქალია ჩვენი დეიდა ნინა! ბრმა კნუტებივით მოგვწმინდა ცხვირი — ორი კაშკაშა ქერა გოგონას თანხლებით გამოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ასე გვეჩვენებოდა რქიანი ეშმაკების იდეის შემდეგ. თავიდან ვერც კი მივხვდით, რომ ერთ-ერთი ჩვენგანს დეიდა ნინას უნდა შეხვედროდა. სად იყო დესანტური ალღო?
— აი, ჩვენ აქ ვართ, გთხოვთ», — მიქანდა მედესანტე და მაგიდის უკნიდან ანიშნა იმ ადგილებზე, სადაც ტექნიკასთან ახლოს ჩვენს მიერ ნაყიდი ვარდები ეყარა.
დეიდა ნინამ ნიშნისმოგებით შეგვხედა მეგობრებს — აი, ხომ დაგპირდითო? და დაჯდა ჩემსა და მედესანტეს შორის.
— წარმოგიდგენთ უფროს ლეიტენანტებს, — ვიქტორმა სადღეგრძელოს როლი იკისრა და ჩვენი გაცნობა დაიწყო, — ოლეგი, — მიუთითა რეანიმატორზე — სხათაშორის პირველი კლასის „საპიორი“, ეს არის ალექსეი ზარემბა, ჩვენი სამშობლოს სამხრეთის საზღვრების დაზვერვა, მე კი, ვიქტორი — სამხედრო-საჰაერო ჯარები, რომლესაც საერთოდ არ ჭირდება წარდგენა.
— ოლია, ლენა, — გაგვაცნო დეიდა ნინამ მეგობრები.
სწორედ მაშინ მედესანტემ, რომელმაც ოლია თავისკენ მეორე მხარეს გადასვა და ამით მიმანიშნა, რომ დეიდა ნინა მე დამიტოვა, გაიმეორა: ბატონებო, ამხანაგებო, ამაღამ მე გთავაზობთ მარჯვენა ხელის წესს.
— ეს რა არის? ოლია მისკენ გადაიხარა.
მათი თმა გადახლართული იყო ერთმანეთში და პირადად ჩემთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ ოლიასთან ერთად გაფრენაც შემეძლო. მერე ფარულად მზერა მაგიდის მეორე კიდეზე გადავიტანე, სადაც რეანიმატოლოგი ლენას ჩანთა სკამის საზურგეზე გადაკიდებაში ეხმარებოდა. ასე რომ, დამარცხებულის ჯვარი მაინც დაეცა ჩემს მხრებზე. ოჰ, ნინა დეიდა, ნინა დეიდა. ჯობდა შენივე მსგავსები მოგეყვანა, რომ სპილენძის ქვაბებივით არ იყურებოდნენ თანამოინახეები.
— ყველაფერი ელემენტარულია, ოლენკა, — თქვა მედესანტე ჰუსარმა. რასაკვირველია, ასეთ ფეხებიან ქალთან მეც კარგად ვიგრძნობდი თავს, — მარჯვენა ხელის წესია, როცა ფასს ხელისგულით ფარავ და იღებ რაც მოგწონს და მარცხენა — პირიქით, უფრო მოკრძალებულად, ფასის მიხედვით.
— მშვენიერია, — ტაში შემოჰკრა ლენამ. მე მარჯვენა მხარეს ვარ.
მე უნდა ამერჩია როგორ მოვქცეულიყავი. ან გამუდმებით უნდა შემეხსენებია ყველასთვის, რომ ყველაზე ცუდ ბედში მე აღმოვჩნდი, განსაკუთრებით მორიგესთვის, ვისი წყალობითაც ეს მოხდა, ანდა საპირისპირო უნდა მემტკიცებია.
სცენაზე დასარტყამები ინსტრუმენტები აგუგუნდნენ და სანამ ჩემი თანმხლები ინიციატივას გამოიჩენდა, ავდექი და ნინა დეიდას ხელი მოვკიდე.
— ჩვენ ვცეკვავთ. სუფრას რომ გაშლით, დაგვირეკეთ.
— ჩვენც, — თქვა რეანიმატორმა, — ეს ახალგაზრდა შეკვეთას გააკეთებს, — მან ანიშნა ვიქტორზე, როცა ოფიციანტი მიუახლოვდა. ის დღეს ჩვენთან მემარჯვენედ მუშაობს, — დავძინე მე.
მედესანტე ძალიან დიდხანს ფიქრობდა, მივუხვდით თუ არა ჩანაფიქრს თუ ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. ამასობაში მოცეკვავეთა ბრბოს შევერიეთ.
— მე მეგონა, რომ ვიქტორი თქვენი უფროსია, — გაიღიმა ნინა დეიდამ. — ყოჩაღ,— დატრიალდეს. მე მას მივუახლოვდი, რის საშუალებასაც შექმნილი სიტუაცია მაძლევდა. წელზე შევეხე.
— დღევანდელი დღე შენთვისაა, ნინა.
გადავლახე და გადავაგდე ასაკობრივი სხვაობა. გადავწყვიტე ჩემი ჯვარი ისეთ სიმაღლეზე ავწიო, სადაც ის გაბრწყინდება და დანარჩენებს დააბრმავებს. გაიღიმე ნინოჩკა, როცა იღიმი, ყველა კბილი ერთბაშად კაშკაშებს და შენ დამაბრმავებელი ხდები. შენ გაქვს დახვეწილი ფიგურა და ძალიან მოძრავი სხეული. ფეხები, რა თქმა უნდა, შენი მეგობრების მსგავსნი არ არიან, მაგრამ ლამაზი ფეხები მხოლოდ შორიდან არიან საინტერესონი, ახლოდან ისინი არ თამაშობენ დიდ როლს. მოდი ვიცეკვოთ!
ოლეგი და ლენა შემოგიერთდნენ — ასევე ბედნიერები და ღიმილიანნი.
— ისე დეიდა ნინა მაგარია, — ან გასამხნევებლად, ან ბოდიშის მოსახდელად, ცხვირწინ რომ გამძარცვა, რეანიმატოლოგმა საკმაოდ გულწრფელად ჩამჩურჩულა.
„მაშინ, გავცვალოთ“, — გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ პირიქით ვთქვი:
— ნინოჩკა მომხიბვლავია.
ოლეგმა გაკვირვებით აზიდა წარბები: რა სწრაფი ხარ. მუსიკოსები ამასობაში ნელ ცეკვაზე გადავიდნენ, მე კი ხელები გავშალე და ნინას მკლავები შემოვხვიე. მთელი სხეულით ერთბაშად მივიკარი და ვიგრძენი მისი მკერდი, მუცელი, ფეხები.
— ოლეგმა თქვა, რომ ლამაზი ხარ, — ჩავჩურჩულე მე და მის კულულებში ჩამალულ ყურებს ტუჩებით შევეხე.
— შენ რას იტყვი? — ნინამ თავი ასწია.
— ა-რ-ა-ფ-ე-რ-ს, — დავმარცვლე მე.
— რ-ა-ტ-ო-მ? — მომბაძა მანაც.
არ მინდა, რომ იამაყო და ცხვირი აწიო. ნინამ შემომხედა, დაიჯერა, რომ არ ვხუმრობდი და ბედნიერად გაიღიმა. ისევ მკერდთან მივიხუტე.
— ჰეი, არ დაიძინოთ, — გაისმა რეანიმატორის ხმა ძალიან ახლოდან. ვიქტორი გვეძახის.
— მაშ, ნინოჩკა, ბედნიერებას ასე ანგრევენ: ვიღაც სადღაც გირეკავს, რატომღაც უნდა წახვიდე, — ვამბობ მე.
— არ წავიდეთ, — თვალები მოჭუტა.
— ჩვენ არ მოვდივართ, — ვუპასუხე ჩვენს ახლოს მოტრიალე წყვილს.
მერე ლენას თვალი მოვკარი. შემეძლო დამეფიცა, რომ მასში ეჭვიანობამ გაიელვა. მან მშვენივრად იცოდა, რომ მეგობრებზე უფრო ლამაზი და რაც მთავარია, უმცროსი იყო და სადღაც სიღრმეში, როგორც ჩანს, ყურადღების ცენტრში მოქცევისთვის ემზადებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ვარსკვლავი, ის უგუნური სიყვარული, რომელიც ნინას პირველივე წუთიდან დაეცა, მას მოაკლდა. თუმცა ჯერ მხოლოდ საღამოს დასაწყისი იყო და მნიშვნელოვანი ფინალი იქნებოდა. მით უფრო, რომ რაც არ უნდა ზურგი შეგექცია და თვალები დაგეხუჭა, ლენა მართლაც ყველაზე კარგი და ლამაზია იყო. მედესანტემაც კი აქ წააგო. ვცვლი ნინას და ოლიას ერთ ლენაში.
— კარგი, წავიდეთ, თორემ ჭიქებში წიწაკას ჩაგვიყრიან, — თითქოს ჩემი მდგომარეობა იგრძნოო, ნინა პირველი წავიდა მაგიდისკენ.
ღმერთმა ნუ ქნას სხვა ვინმე იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმ საღამოს ვიყავი. მხოლოდ საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ასე მოვქცეულიყავი და არა სხვაგვარად, ეს ყველაფერი საშველი არ იყო. ხან ჩემი ქალბატონის სინაზეს გავურბოდი, ხან უბრალოდ მძულდა მის მიერ მოწყობილი ბოროტი ხრიკი. ის დაიღვარა რეპლიკებად, მიმიკებად ბიჭების მიმართ. იმდენადაც კი, რომ ბიჭებმა რამდენჯერმე შემომხედეს შეშფოთებული და მდუმარე მზერით: არ გააფუჭო საღამო, მოგვიანებით გავარკვიოთო“.
რატომ, რატომ მოიყვანა ნინამ ასეთი ლამაზი გოგოები! ლენა კი უბრალოდ მშვენიერებაა — ელასტიური, ენერგიული, სისხლიანი რძით. საშინელება მერე მოხდა, როდესაც, თანხის გადახდის შემდეგ, — ხურდა არაა საჭიროო! — ქუჩაში რომ დავრჩით. ოთახის გასაღები არ გვქონდა ჩაბარებული. რეანიმატოლოგმა ლითონის რგოლი მაღლა ასწია და თქვა:
— ვინ წავა პირველი?
ქალბატონებმა ერთმანეთს გადახედეს: ეს, რა თქმა უნდა, მათზე იყო დამოკიდებული. შემდეგ კი ნინამ ისევ თავის სასარგებლოდ გადახარა ჩემი განწყობის ქანქარა:
— თქვენ თავად გაერკვიეთ, — თქვა და მოურიდებლად წამიყვანა თავისთან.
ამჯერად, მედესანტესა და რეანიმატორის სახეებზე რაღაც შურის გრძნობამ გადაირბინა: მათმა შეყვარებულებმა რატომღაც ბუნდოვნად აიჩეჩეს მხრები.
— ჩვენი შამპანური ჩვენთანაა? — ნინამ ჩანთა შეამოწმა და ხელი ჩამკიდა. — ყველას შეხვედრამდე...
შავ ზღვაზე ზაფხულის ღამეები არ არის. ქუჩები, პლაჟები, საკურორტო ქალაქების მოედნები ვარსკვლავების ქვეშაც არ არიან მშვიდად. თითქოს დამსვენებელთა ნახევარი შორეული აღმოსავლეთიდან ჩამოფრინდა და ვერ გრძნობს დროის სხვაობასო. ამ შთაბეჭდილებას ისიც აძლიერებდა, რომ მოსიარულეებს შორის ასაკობრივი სხვაობაც არ იყო: ბრწყინავდნენ არა მხოლოდ ახალგაზრდების თეთრი პერანგები და ბლუზები, არამედ მოხუცების ნაცრისფერი თავებიც. ღამე მშვიდი იყო, ვარსკვლავები დიდი, ტალღები კი წყნარად მოძრაობდნენ. ირგვლივ ყველა ქალი კარგად გამოიყურებოდა და ყველაზე კარგად ის, ვინც გვერდით გედგა, ვისაც შემთხვევით გვერდს გაკრავდი, ის კი — არაფერი, არაფერიო, — პასუხად გაგიღიმებდა. გამოდის, რომ სწორედ ამ ქალური გულუბრყვილობის გამო არიან კაცები ყველაზე მეტად აჟიტირებულნი. მით უფრო, როდესაც ახლო-მახლოს კონკურენტი ფეხები არ არიან. როცა ზომიერად მთვრალი ხარ, როცა არა მხოლოდ შენ ყვები ათას სისულელეს, არამედ შენ თვითონაც გამუდმებით გახსენებენ: რა კარგია, რომ ახლოს ხარ, ასეთი ძლიერი და ყურადღებიანიო...
— სადმე წავიდეთ, სადაც არავინ იქნება, — შევთავაზე. — თუ, რა თქმა უნდა, აქ ნახავთ ასეთ ადგილს.
ეტყობა იქ მივდიოდით: ნინამ მხოლოდ თავი მომაყრდნო და ოდნავ ნაბიჯს აუჩქარა. გზად სულ უფრო და უფრო ნაკლები ხალხი გვხვდებოდა, მე ქალაქს გადავხედე, რომლის ყველა ლამპიონი ჩვენ გვიყურებდა.
— გეშინია? — ჩაიცინა ნინამ. ფეხსაცმელი გაიხადა და ზღვის ქაფიან ნაპირს გაუყვა.
— მე „ავღანელს“ რისი უნდა მეშინოდეს საკუთარ ქვეყანაში? მაბრაზებ, უფროსო. ერთადერთი, რისიც მეშინია, სიცივეა. და ჩვენ, როგორც ჩანს, სამხრეთ-აღმოსავლეთით მივდივართ.
ჩვენ მივდივართ ქალების პლიაჟზე.
ალბათ ქვას რომ ფეხი წამოვკარი, ის იყო ჩემი დაბრკოლების ბრალი და არა ნინას ეს ნათქვამი. მან ფეხსაცმლიდან ქვიშა ამოყარა, დაელოდა სანამ ჩავეხუტებოდი. ჩავიხუტე, მკლავებში მოქცეული ქალი მაშინვე დაუცველი ხდება, ნინაც დამშვიდდა.
— შენ თქვი, რომ ამაღამ ჩემი საღამოა და მე კი ბანაობა მინდა შენთან ერთად. დავლიოთ შამპანური სანაპიროზე. ალბათ ეს აღარასოდეს განმეორდება ჩემს ცხოვრებაში და ამიტომ... — აღარ დაამთავრა, გაჩუმდა.
— ბევრი ქალია იქ? ვიკითხე ისე. დღეისთვის ცრემლები, აღსარება და ისტერიკები საკმარისი იყო, — მარტო მე ვიქნები. არაა საკმარისი?
— საკმარისია, — მივუგე ცოტა ეშმაკურად, — წავიდეთ.
— ჩათვალე, რომ უკვე მოვედით.
ქალთა პლიაჟი — ეს იყო ქვიშისა და კენჭების ვიწრო ზოლი ზღვასა და კლდეს შორის. მასზე იმდენი რამ მსმენია, რომ უნებურად რაღაც უჩვეულოს დანახვას ველოდი. ეს კი ეგზოტიკა იყო — მთვარით განათებული ბილიკი წყნარ ზღვაზე.
— ჩამეხუტე.
— უხმოდ დავემორჩილე.
— დღეს ჩემთან ცოტა უხერხული იყავი, — დაიწყო ნინამ საუბარი იმაზე, რაზეც მთელი საღამო ვფიქრობდი. შემდეგ კი პირზე ხელი ამაფარა. მე გავაპროტესტე, — ყველაფერს ვხედავდი და ვგრძნობდი, — გააგრძელა, — პატარა კი არა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, შენ მაინც მშვენიერი საღამო მაჩუქე. მადლობა ამისთვის. რა თქმა უნდა, შემეძლო ისეთ გოგოებთან ერთად მოსვლა, რომელთა ფონზეც მეათეკლასელს დავემსგავსებოდი, მაგრამ თქვენ შემეცოდეთ. საკუთარ თავს კი უარი ვერ ვუთხარი. არ შემეძლო, ბოდიში. ძალიან მინდოდა კომპანიაში ყოფნა.
— გაჩერდი, ნინა, მე გულწრფელად კარგად ვგრძნობ თავს შენთან.
— მართლა? იცი, ამას ხანდახან ვგრძნობდი. ორ დღეში მე წავალ, შენ კი, შენი მეგობრებისგან განსხვავებით, თავისუფალი იქნები. გინდა, — შეაჩერა ჩემი წინააღმდეგობის მორიგი მცდელობა, — გინდა კიდევ გითხრა?
— მითხარი.
— შენი მეგობრები შენგან განსხვავებით ღამეს სანატორიუმში, თავიანთ საწოლებში გაატარებენ.
— ჰო — ო? — მე ეშმაკურად მომღიმარ ნინას გადავხედე, ჯერ არ ვიცოდა როგორი რეაგირება უნდა მქონოდა ამ ამბავზე.
— დიახ. ორივე მათგანი მშობლებთან და ქალიშვილებთან ერთად ცხოვრობს. ასე ეკუთვნით მათ, — დაასრულა რაღაცნაირი შურისგებით.
თავისებურმა წყენამ იფეთქა ბიჭების გამო, რომლებიც ასე ბედნიერები იყვნენ თავიანთი გოგოებით, მაგრამ მერე გამახსენდა, როგორ ეხვეოდნენ ისინი კისრიდან ჩამოზრდილ ფეხებს. ალბათ ეს ნინამაც გათვალა და გოგოებიც ცალკე ბინების გარეშე აარჩია. ოჰ, ქალები.
— კარგი, მოდი დავასრულოთ ეს საუბარი და დავლიოთ.
— მოდი.
თუმცა, ბოთლის გახსნა ვეღარ მოვასწარით: რაღაც ხმები გაისმა და კლდის მახლობლად ბუჩქების უკან ამოვეფარეთ. ესეც შენი უკაცრიელი ადგილი. არა, ღამეები სამხრეთში აშკარად არასანდოა.
შავი ზღვის მბრწყინავ ფონზე, რაღაც ფიგურები გამოჩნდენე. მე მათ თავზე ქუდები დავინახე და მივხვდი, ჩვენი ოფიცრები იყვნენ. ისინი აღელვებულად საუბრობდნენ და პირდაპირ ჩვენს წინ გაჩერდნენ, თითქოს მთვარის გზა მხოლოდ ამ ადგილას გადიოდა. ბოთლის მინა აციმციმდა, მისი ყელიდან სითხის ბუყბუყმა ნელი ტალღების შრიალი ჩაახშო.
— ზღვას გაუმარჯოს, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, — ჭიქებიან-ფორმიანად ოფიცრები წელამდე წყალში შევიდნენ. დალიეს, ბოთლი ზღვაში მოისროლეს და სანაპიროს გასწვრივ გააგრძელეს გზა.
— დღეს მესაზღვრის დღეა, — გამახსენდა თარიღი.
— მაინც არის ოფიცრებში რაღაც, — ჩაფიქრდა ნინა, მე ფიქრში მადლობა გადავუხადე მესაზღვრეებს მათი ხრიკისთვის, რამაც უნებურად ქალბატონების თვალში მაღალა ამწია, — უფრო სწორად ის, — გააგრძელა ნინამ, რაც ძველიდან შემორჩა და რაც მხოლოდ წიგნებიდან ვიცით. მართალი გითხრა, ამ სანატორიუმში მოვედი იმიტომ, რომ... როგორ აგიხსნა, სამხედროებთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი.
— და მანამდე სად მუშაობდი?
— მუზეუმში. ექსკურსიები დამყავდა.
— ალბათ, კაცები ექსპონატებს კი არა, შენ გიყურებდნენ. ყოველ შემთხვევაში მე ასე მოვიქცეოდი.
— ასეც იყო, — დამეთანხმა ნინა ღიმილით. იშვიათად გადიოდა საღამო ზარების გარეშე. «გამარჯობა, არ გახსოვს? შენთან ვიყავი ექსკურსიაზე, თეთრი პერანგი მეცვა“. ჩემს ყველა ექსკურსანტს ერთნაირი სახეები და პერანგები ჰქონდათ. მამახსოვრდებოდა მხოლოდ ის, ვინც ბევრ კითხვას სვამდა, — „გამარჯობა, — განაგრძობდა ნინა მორიგი თაყვანისმცემლის ხმით, — იცით, შემთხვევით თეატრის ორი ბილეთი აღმომაჩნდა. მერე რა, თქვენ ორივეს მაძლევთ? არა, ერთი თქვენთვის და ერთი ჩემთვის.» თავიდან სულელივით დავრბოდი, ვფიქრობდი: იქნებ ვიპოვო ჩემი ბედითქო. მერე დავიღალე, დავიწყე თეატრების, სპექტაკლების, მერე ადგილები არჩევა... მივხვდი: მხოლოდ ისინი რეკავდნენ, ვისაც ყველაფერი ჰქონდა — ოჯახი, ბავშვები, მანქანა, აგარაკი, კარიერა და კიდევ სხვა რაღაც ჭირდებოდათ. ამაზრზენია. მერე ხმაც ნელ-ნელა შემეცვალა და სიამოვნებით გადმოვედი თქენთან.
მესაზღვრეები უკვე შორს იყვნენ წასულნი და სამალავიდან გამოვედით.
— ჯერ კიდევ არ დაგვილევია.
— რა პრობლემაა, — შამპანურს საცობი მოვხსენი, ის სიბნელეში ავარდა და ნინამ სიცილით ყელიდან ამოსულ ქაფს ხელისგულები შეუშვირა.
— ახლა კი უნდა ვიბანავო, — თქვა მან მბრძანებლური ტონით, ორი ყლუპი ღვინის დალევის შემდეგ, — ოღონდ თან საცურაო კოსტუმი არა მაქვს, მაგრამ პლაჟი ქალებისთვისაა, ასე რომ, ან შეტრიალდი ან ცოტა უკან გაიწიე.
რა თქმა უნდა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დახევა ჯობდა, რადგან თვალები მიჩვეული იყვნენ ღამეს და სიბნელე თვალს ჭრიდა.
ნინამ ბლუზა გაიხადა და ქვებზე მოისროლა. თეთრი ბიუსტჰალტერი ბზინავდა ბნელში, უცბად სამაგრმა დაიწკაპუნა და ისიც, ჰაერში ფრიალით მიწაზე დაეშვა. ნინა ჩემგან ზურგით იდგა და როცა ფეხებზე კაბაც ჩამოცურდა, მაშინვე ვერ მივხვდი, რომ ტრუსიც თან ჩამოჰყვა. ნინამ იგრძნო ჩემი აღელვებული სუნთქვა და სწრაფად შეერია ზღვას.
— მოდი აქ, სასწაულია!
თავი ცივ წყალში რომ წარმოვიდგინე, ამაკანკალა. მაგრამ ჩემს ფეხქვეშ თეთრად მბზინავი ბიუსტჰალტერი კაშკაშებდა, მთვარით განათებულ ბილიკზე შიშველი ქალი ნეტარებდა და აკანკალებული თითებით პერანგზე ღილების შეხსნა დავიწყე.
წყალმა დამწვა, მილიონობით ნემსი სხეულს. მინდოდა ნაპირზე ამოსვლა, მაგრამ ნინამ ხელი დამიქნია და ჩემი მზერა მის ამოტივტივებულ მკერდს მიეყინა, მე მისკენ წავედი, ნინამ ჩაყვინთა და მხოლოდ ოდნავღა მივწვდი მის რბილ მუცელსა და თეძოებს. მათი გულისთვის მზად ვიყავი ყინულის ხვრელში ჩავმძვრალიყავი.
ნინა ნაჩქარევად გამეცალა, რამდენიმე მოსმა საკმარისი იყო მის დასაჭერად, მის სასიამოვნო სხეულზე შესახებად.
— ეცადე, უბრალოდ დაწვე და ცას ახედო, — შემომთავაზა მან და ზურგზე დაწვა.
ბნელ წყალში თეთრი გაურუჯავი სხეულის ზოლები ბრწყინავდა, მაგრამ თავი რომ არ დამეტანჯა, მეც მას მივბაძე და ზურგზე დავწექი. წამიერად დავმშვიდდი: რა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ქალისა და ბუნების სილამაზე! როგორი ერთიანი და მშობლიურნი არიან ისინი! რომელ იდიოტს მოუვიდა აზრად, რომ ქალი ადამის ნეკნიდან შეიქმნა?
ამავდროულად, არ აქვს მნიშვნელობა — რა ვარსკვლავები, რის ცა, თუ ახლოს, აგერ ხელის გაწვდენაზე ქალია. შეიძლება დახუჭო თვალები ბუნებაზე, ქალზე რომ თვალები დახუჭო — ასეთი ძალა არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა პოეტმა თქვა: ვისაც ყველაფერი ერთბაშად უნდა, ის ღარიბია იმით, რომ ვერ ითმენსო...
ნინამ ისევ იგრძნო ჩემი მოძრაობა მისკენ და ისევ ბრძნულად შემაჩერა მშვიდი ხმით:
— წყალი ძალიან მიყვარს. თუ ცივია, მით უფრო მეტად, თითქოს ხელახლა იბადები მასში.
— მაშინ გამათბე.
— აი, სადამდე დავედით? — უკვე კაცები უნდა გავათბოთ. დახრჩობასაც ხომ არ აპირებ შემთხვევით?
— მხოლოდ შენს მკლავებში.
ვიხუმრე და მაშინვე ვინანე ნათქვამი: რა უხეშად ჟღერს ახლა ყველაფერი, რაც არაბუნებრივია. ერთადერთი, რაც ახლა შეიძლება იყოს გულწრფელი, არის ნაპირზე დაბრუნება. არა, ქალი მაინც მამაკაცის ნეკნიდანაა — მათ გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია.
— გავცუროთ?
ნინა ცოტა წინ გავუშვი — მაინც ჯენტლმენურად, მის უკან მივცურავდი და ვცდილობდი თვალი მომეკრა წყალში ჩაფლული ნინას სხეულისთვის. ფეხქვეშ ძირი ვიგრძენით. წყალი ნაპირზე ცივი იყო, მაგრამ ნინა დიდი ალბათობით გაჩერდა, რადგან არჩევდა სიტუაციას წყლიდან ამოსასვლელად.
ავიღე რა ინიციატივა, რადგან უბრალოდ აღარ მქონდა ძალა თავის შესაკავებლად, მივაფურთხე პოეტის რჩევას მოთმინების თაობაზე და ნინას უკნიდან ჩავეხუტე. მე ვიგრძენი მისი რბილი ბურძგლები, სველ თმაზე და კისერზე ვაკოცე. მერე მსუბუქად ავიყვანე ხელებში და ნაპირზე წავიყვანე. ნინას ტანი და ნელ-ნელაჩამოეწურა წყალი, პატარა ტბა მხოლოდ მუცელსა და ფეხებს შორის დარჩა, რომელიც ქვემოთ სიღრმეში შავ სამკუთხა სამშვენისს მალავდა...
მერე ავღანეთში ათასჯერ ვიხსენებდი და წარმოვიდგენდი, როგორ ვატარებდი ნინას ხელით პატარა ტბაზე. და რაღაც შეიცვალა ჩემში. საკუთარი თავის აღიარების შემეშინდა, უცებ შევნიშნე. შვებულების შემდეგ შევწყვიტე ბრძოლა ჩვენი სამშობლოს სამხრეთ საზღვრებისთვის. არა, მე არავისთვის მიღალატია და არც ვინმე ჩემი ტყვიის ქვეშ არ დამიყენებია, აქ ოფიცრის პატივი და სინდისი სუფთა იყო. მე დავიწყე ბრძოლა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ჩემი დაბრუნებისთვის. «ჩემი „დუბლიონკისთვის“, როგორც ამაზე ხუმრობდნენ ავღანეთში.
მაგრამ ლეიტენანტი მეგობრები მსახურობდნენ, ყოველ ბრძოლაში პირველ რიგებში იდგნენ და მზად იყვნენ სიკვდილისთვის, რაც განსაკუთრებითაც არ აღელვებდათ. მე ისინი შევადარე იმ მესაზღვრეებს, რომლებიც სამსახურის პრესტიჟის გამო ზღვაზე წავიდნენ. დიახ, დიახ, მათმა დიდმა ნაწილმა, ვინც იბრძოდა, არც კი იცოდა, რა შეიძლება დაეკარგათ სიცოცხლესთან ერთად.
მე უკვე ვიცოდი. იმ სინესტის ყლუპი მოვსვი, რომელიც ბანგივით გათრობს და გაბრუებს. ვიცოდი სად და რისთვის დავბრუნებულიყავი. წამითაც არ მინდოდა მახსოვრობიდან ამომეგდო ნინასთან შეხვედრის სურვილი — ოჰ, რა ბედნიერებაა ნაჩქარევად გახდილი ქალის მოხვევა და გათბობა!
მე კი მელასავით ფრთხილი და ლეოპარდივით დაუნდობელი გავხდი მათ მიმართ, ვისაც ჩემი მოკვლა შეეძლო და სურდა. ეს ჩემი წითელი ვარსკვლავის ორდენიც ჩემი გადარჩენისთვის და არა ამ ომში განსაკუთრებული გამბედაობისთვის მიღებული ჯილდო იყო.
და გადავრჩი.
მაგრამ უცებ გაირკვა, რომ ამისგან არა მხოლოდ იდუმალ სიხარული დაეუფლა ჩემს სულს. სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, რომელსაც ჩვენი ცვლა კავშირში მიჰყავდა, ფანჯრიდან ვუყურებდი გამცილებლებს და ვერავის ვპოულობდი მათ შორის ნაცნობს, ვინც ჩემს გასაცილებლად მოვიდოდა. და მე ვიგრძენი ველური დამოკიდებულება ჩემი თავის მიმართ. ბოლოს ვაღიარე ის, რაც დიდი ხნის წინ ისედაც გასაგები იყო: ბოლოს და ბოლოს მე ვუღალატე იმ ლეიტენანტებს და კაპიტნებს, რომლებიც ომში ბრძოლაზე ფიქრობდნენ და არა საკუთარ ტყავზე. ამიტომ სწორად მოიქცნენ, რომ არ მოვიდნენ თვითმფრინავში. ომში ძნელია რაღაცის დამალვა, მით უფრო რთულია თავის მოკატუნება. და თუ ქალთა სანაპიროზე მთვარიანმა ბილიკმა და ნინამ გადამარჩინეს ამ სიცოცხლისთვის, მაშინ სწორედ მათვე მაიძულეს საკუთარი თავი შემზიზღებოდა.
— დაბრუნდი, — ლოცვასავით წაიჩურჩულა ნინამ იმ საღამოს თავის ბინაში, — დაბრუნდი და მიპოვე.
— ახლა დავბრუნდები, — ვუპასუხე თავდაჯერებულად. რა ვიცოდი, რომ მოგვიანებით, ყოველ ჯერზე, როცა ავღანეთის ომი გამახსენდებოდა, ჩემი თავი შემძულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი ბრალი არ იყო.
დავბრუნდი, მაგრამ ნინასთან არ წავსულვარ. ყოველ ჯერზე კატეგორიულ უარს ვამბობდი იმ სანატორიუმის სადგურზე.
მაგრამ ბედის მოტყუება და წარსულის დამალვა შეუძლებელია.
ერთხელ, პიატიგორსკში, ახალწვეულთა პუნქტში, პირისპირ, ლამის ცხვირით შევეჯახე რეანიმატოლოგს. როგორც მე, ისიც ახალგაზრდა ჯარისკაცების წასაყვანად იყო მოსული. მიუხედავად იმისა, რომ მკერდზე ორი წითელი ვარსკვლავის ორდენი ეკიდა, გაცრეცილი ქურთუკის გაცვეთილ „პაგონებზე“ მესამე ვარსკვლავის ადგილას ნახვრეტი ჩანდა.
— ჩამომაქვეითეს მამაც ლეიტენანტად, — განმიმარტა ოლეგმა, ჩემი დაბნეული მზერა რომ შენიშნა, — არა საჭირო ადგილას დავლიე.
იმ დროისთვის ის უკვე ისედაც კარგად იყო, მაგრამ როცა თქვა, რომ მედესანტე ვიტკა ჯავშანტრანსპორტიორში აფეთქდა ნაღმზეო, ჩვენ მაინც მოვძებნეთ რაღაც კაფე. აღელვებულმა მაგიდა შევუკვეთე, დროს ვაჭიანურებდი წარსულზე ფიქრებში, ოლეგი კი — მთვრალი, ჩამოქვეითებული, მოუწესრიგებული — იჯდა ამაყად და... პატიოსნად. მედესანტეს სულის სახსენებლად წარმოთქმული მესამე სადღეგრძელოს შემდეგ კი უცებ რაღაც გაახსენდა:
— მოიცადე, მე მგონია, რომ სადღაც უნდა წავიდე.
— სად? — გამახსენდა მისი მოვალეობა, მაგრამ ახლა ასეთ მდგომარეობაში სად წავიდოდა, — დაჯექი.
— არა. მე უნდა წავიდე. არ მახსოვს სად, მაგრამ უნდა წავიდე.
დიდი ძალისხმევით წამოდგა, ქუდს ჩაეხუტა და სანამ მის დაჭერას მოასწრებდა, ვერანდის მოაჯირს გადააბიჯა და ძირს დაეცა. ნელა ფეხზე წამოდგა, გაიფერთხა შარვალი, კიდევ უფრო დიდხანს ირგებდა თავზე ქუდს, ირგვლივ მიმოიხედა და რაღაც მიმართულებით წავიდა. საკმარისი ძალაც არ ჰქონდა, თავი რომ მაღლა აეწია, მაგრამ რატომღაც არ შევძახე, აღარ შევახსენე ჩემი თავი. უბრალოდ ვუყურებდი მის ჩრდილს, სანამ რეანიმატორი ბუჩქებს მიღმა გაუჩინარდა.
საინტერესოა, ნეტავ ამას ან მედესანტეს იმ ღამეს რომ ნინა შეხვედროდათ, შეიცვლებოდა თუ არა რამე ამ სამყაროში, დღევანდელი ბედის კანონზომიერებაში? რა თქმა უნდა, დილამდე ექნებოდათ ზღვა, პლაჟი, ბინა, მაგრამ განა მათი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა? თუ მაინც ვერავინ აუვლის გზას, რომელიც დაბადებიდან გაწერია?
— კიდევ რამე გნებავთ, ამხანაგო კაპიტანო? — მიმტანი მოვიდა.
მე ვიყავი ერთადერთი სტუმარი და მან ალბათ ამიტომაც ზედმეტი ყურადღება გამოიჩინა.
— მაპატიეთ, მაგრამ... გაქვთ აქ ქალთა პლაჟი?
— გოგონა გაწითლდა, ჩემი სურვილი საკუთარ თავს მიაწერა და მომიწია ბოდიშის მოხდა:
— არა, არა, უბრალოდ რაღაც გამახსენდა.
— მაგრამ ჩვენ ხომ არ გვაქვს ზღვა, პლიაჟი საიდან გვექნება? — მიმტანმა ნაზად გაიღიმა. მთვრალი რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ეს კითხვა არ გაუკვირდებაოდა. მაგრამ რაცაა ესაა, ფირფიტა უკან არ ტრიალებს.
— ერთი ბოკალი შამპანური.
მე დავლიე ნინაზე, სამივეზე, ჯერ კიდევ ცოცხლებზე, ფხიზლებზე და უღალატოებზე, ჩემი ცხოვრების იმ ნაწილზე, ასე უცბად რომ გახდა ასეთი ლამაზი და დაწყევლილი...



