ბეირუთს მე ერთხელ გარბენით შევხედე...
* * *
ბეირუთს მე ერთხელ გარბენით შევხედე
და ერთი ნაბიჯით შევედი ბაღდადში,
დამასკოს ხელები ვუქნიე, ფეხებზე,
ლიბანის მთის ჩექმა მეცვა, მზე დასავლის,
თვალებზე მეტადაც იწვოდა ათასგზის.
იერუსალიმში მის მზის ქვეშ შევედი,
თეთრ ქვებზე ვკოცნიდი და შუბლზე ბებერის,
მე გეთსიმანიის ზეთისხილს ვეძებდი,
სისხლიან ბუგენვილს, რომელთან შეხვედრით,
დღემდე მაქვს ტუჩები დაღლილი ცხელებით.
მე იუდეაში უდაბნოს ვეწვიე,
ბერმა იქ შემასვა წყალი და ასკეტმა,
ჯვარი გადამსახა, სიჩუმეს ვერიდე,
დემონებს ჩემი გზა და კვალი აებნათ.
ეს ჯვარი მიცავს მე თაბორის ნათელთან.
მთათა და უფსკრულთა შემოქმედს რით ვაქებ,
ათენის შექმნისთვის და თერმოპილების,
შავი ზღვის, პატმოსის, ბოსფორის სიმაგრის,
თესალონიკისთვის, კერკირას მითების
და ცარ-გრადისათვის? სახელებს მივყვები
თუნდაც რომ ქლიავი ზედ შუბლზე დაიდო,
ჩანჩქერი გასწია შუქისგან იდაყვით,
„მამაო ჩვენო“ მე ვასწავლე ინდიელთ,
მათ „პატერ ნოსტერი “მასწავლეს დიადი.
გათლილი ფანქრებით გულისკენ მივყავდი.
და სანამ გემები ტალღებზე ირწევა,
სცილასთან, ხარიბდთან , ჯორი დგას თაბორზე,
ღრუბელი ჩამოდის და თავში ირევა,
ზღვის ქარი სულს ნაგავს და ტკივილს აშორებს, —
არ ვუფრთხი არც ქურდს და არც მტერი მაღონებს.
და როცა სულ წავალ — ნელ ქარავანივით,
ევფრატს თან წავიყვან, ჰერმონს და დარდანელს,
ალბათ გიჟ ნილოსსაც, მთვრალს, მოხუცს, გადაღლილს
და ქარებს, ოთხივე მხრიდან რომ მაქანებს.
ჩემი იორდანე განმიბანს მაქმანებს.
ნახევარ სამყაროს წავიღებ, დავტოვებ
ნაწილებს: ნიუ-იორკს, დაკარს და ბასკუნჩაკს,
ვით წვრილმანს. ქვიშაც კი ქვიშაა მარტოდენ.
დანარჩენს ავიღებ და დარდებს გავკურნავ...
მტკვარი მცემს თვალებში
და ელბა დაცურავს.
ვინც მიყვარს, აქ ჩემთან იქნება ყოველი,
დავაწყობ უფლის წინ და ვეტყვი: ცაბაოთ,
ჰა, მე მაქვს ეს მიწაც, ეს წყალიც, რომლებიც
შენია, ფერიც აქვთ, გემოც აქვთ, მამაო.
ყველა მარადიულ ზეიმს რომ მოელის.
ჰო, აქ ყველაფერი ჩემია თითქოს და,
არც არის, ღრუბელიც სულ ასე მიარღვევს,
მიცურავს, მიაკვლევს სინათლის კიდობანს,
იმისგან მთაც დგება, ციხეც და მდინარეც...
ბავშვები მისდევენ და ხელებს უქნევენ!





