ენის მასწავლებელი
ნაწილი 1. დილა
ყოველ დილას, ჯერ კიდევ ვარსკვლავების შუქზე, იაკობ ივანოვიჩ ბახი იღვიძებდა, იწვა იხვის სქელი ბუმბულისგან შეკერილი საბნის ქვეშ და უსმენდა სამყაროს. სხვისი ცხოვრების წყნარი, აწყობილი ექო, რომელიც სადღაც მის ირგვლივ და მის ზემოთ მიედინებოდა, ამშვიდებდა. სახურავებზე ქარები დაძრწოდნენ — ზამთარში მძიმე, თოვლითა და ყინულის მარცვლებით უხვად შეზავებულები, გაზაფხულზე უფრო მოქნილი, ნესტითა და ზეციური მაგნიტურობით მსუნთქავნი, ზაფხულში დუნე, მშრალი, მტვრითა და ბალახის თესლით სავსე. ძაღლები ყეფით ესალმებოდნენ ვერანდაზე გამოსულ მძინარე მეპატრონეებს, ხოლო პირუტყვი ბოლო ხმით ღრიალებდა სარწყავი არხისკენ მიმავალ გზაზე.
სამყარო სუნთქავდა, ტკაცუნებდა, უსტვენდა, ლუღლუღებდა, ჩლიქებს აკაკუნებდა, რეკავდა და მღეროდა სხვადასხვა ხმით. საკუთარი ცხოვრების ხმები კი იმდენად მწირი და აშკარად უმნიშვნელო იყო, რომ ბახი გადაეჩვია მათ მოსმენას: გამოაცალკევებდა საერთო ხმოვანი ნაკადიდან და ყურებშუა ატარებდა. ოთახის ერთადერთი ფანჯრის შუშა ქარიან ამინდში გამუდმებით ჭრიალებდა, ჭრაჭუნებდა დიდი ხნის გაუწმენდავი საკვამური, ხანდახან სადღაც ღუმელის ქვეშ თაგვი გაფაჩუნდებოდა. სულ ეს იყო.. გაცილებით საინტერესო იყო დიდი ცხოვრების მოსმენა. ზოგჯერ ბახი ისე გაერთობოდა, ისიც კი ავიწყდებოდა, რომ თავად იყო ამ სამყაროს ნაწილი, რომ შეეძლო, ზღურბლიდან გასვლის შემდეგ, მრავალხმიანობას შეერთებოდა: ემღერა რაღაც მხიარული, ან კარი ხმამაღლა გაეჯახუნა, ან, ბოლოსდაბოლოს, უბრალოდ ეცინა...
მაგრამ ბახმა მოსმენა ამჯობინა. დილის ექვს საათზე საგულდაგულოდ ჩაცმული და დავარცხნილი უკვე სკოლის სამრეკლოსთან იდგა ჯიბის საათით ხელში. მას შემდეგ, რაც შეხედავდა, რომ ორივე ისარი ერთ ხაზზე გასწორდა (საათის ისარი ექვსზე, წუთის ისარი თორმეტზე), ის მთელი ძალით მოქაჩავდა თოკს და ბრინჯაოს ზარის ხმაც მოეფინებოდა იქაურობას. მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე ბახმა ამ საკითხში ისეთ ოსტატობას მიაღწია, რომ დარტყმის ხმა ზუსტად იმ მომენტში გაისმოდა, როცა წუთის მაჩვენებელი ისარი ციფერბლატის ზენიტს ეხებოდა და არც ერთი წამით გვიან. სოფელში ყველა მაშინვე შემოტრიალდებოდა ამ ხმაზე და მოკლე ლოცვას ჩურჩულებდა. ახალი დღე თენდებოდა...
ნაწილი 2. დღე
სასწავლო წლის განმავლობაში, რომელთაგან თითოეული წააგავდა წინას და დიდად არაფრით გამოირჩეოდა , იაკობ ივანოვიჩი იმდენად მიეჩვია ერთი და იმავე სიტყვების წარმოთქმას და იგივე დავალებების კარნახს, რომ ისწავლა გონებრივად გაყოფა საკუთარ სხეულის შიგნით: მისი ენა მორიგი გრამატიკული წესის ტექსტს წარმოთქვამდა, ხელი ჩაბღუჯულ სახაზავს უხალისოდ ურტყამდა ზედმეტად მოლაპარაკე სტუდენტს, ფეხები მშვიდად დაატარებდა სხეულს საკლასო ოთახში კათედრიდან უკანა კედლამდე, შემდეგ უკან, წინ და უკან. ფიქრი კი თვლემდა, საკუთარი ხმითა და აუჩქარებელი ნაბიჯების ტაქტზე აწყობილი თავის ქნევით დამშვიდებული.
გერმანული ენა იყო ერთადერთი საგანი, რომლის დროსაც ბახის აზროვნებას უბრუნდებოდა ყოფილი სიხალისე და სიცოცხლე. გაკვეთილი იწყებოდა ზეპირი ვარჯიშებით. მოსწავლეებს სთხოვდა ეთქვათ რამე, ბახი უსმენდა და თარგმნიდა: მას შეეძლო მოკლე დიალექტური ტექსტი ლიტერატურული გერმანულის ელეგანტურ ფრაზებად ექცია. აუჩქარებლად მისდევდა წინადადებას წინადადება, სიტყვას _ სიტყვა, თითქოს სადღაც ღრმა თოვლში დადიოდნენ გაუკვალავი ბილიკებით. იაკობ ივანოვიჩს არ უყვარდა ანბანსა და კალიგრაფიაზე ყურადღების გამახვილება და საუბრების დამთავრების შემდეგ, გაკვეთილი ნაჩქარევად გადაჰყავდა პოეტურ ტალღაზე : ლექსებს გულუხვად აყრიდა ახალგაზრდებს გაბურძგნულ თავებზე, როგორც წყალს ვარცლში ბანაობისთვის განკუთვნილ დღეს.
პოეზიის დიდი სიყვარული ახალგაზრდობიდანვე აღანთებდა ბახს. გეგონებოდა, კარტოფილის წვნიანს და მჟავე კომბოსტოს კი არ ჭამდა, არამედ მხოლოდ ბალადებითა და ჰიმნებით იკვებებოდა. მას იგივე საკვებით ირგვლივ მყოფების გამოკვებაც შეეძლო — ამიტომაც გახდა მასწავლებელი. აქამდე, კლასში საყვარელი სტროფების წარმოთქმისას, ბახი კვლავ გრძნობდა აღფრთოვანების სიამეს მკერდში. ბავშვები არ იზიარებდნენ მასწავლებლის ამ გატაცებას: მათი სახეები, ჩვეულებისამებრ, მხიარული ან ყურადღებიანი, პოეტური სტრიქონების პირველივე ბგერებიდან იძენდნენ მორჩილ სომნამბულურ გამომეტყველებას. გერმანულმა რომანტიზმი კლასზე საძილე აბებზე უკეთ მოქმედებდა. შესაძლოა, პოეზიის კითხვა უფრო კარგი საშუალება ყოფილიყო ახმაურებული აუდიტორიის დასაწყნარებლად, ვიდრე ჩვეულებრივი ყვირილი ან სახაზავის დარტყმა...
ნაწილი 3. საღამო
ბახი სკოლის ზღურბლიდან პირდაპირ მოედანზე გადიოდა, სადაც დიდებული ეკლესია მოჩანდა ფართო სალოცავი დარბაზით, მახვილკუთხიანი არკის ფორმის ფანჯრებით, უზარმაზარი სამრეკლოთი, რომელიც ბოლო წათლილ ბასრ ფანქარს წააგავდა, მიაბიჯებდა კოხტად ნაგები სახლების გასწვრივ ცისფრად, წითლად და ყვითლად შეღებილი ხის არშიები რომ ამშვენებდა, ჩაუვლიდა გამოთლილ ღობეებს, წყალუხვობის მოლოდინში ამოყირავებულ ნავებს; შემოკავებულ ბაღებს ჭნავის ბუჩქებით.
ისე სწრაფად დადიოდა, მისი ჩექმების ქვეშ ხმამაღალი ხრაშუნი გაუდიოდა თოვლს, ან ისე დააბოტებდა გაზაფხულის ტალახში, თითქოს ათამდე გადაუდებელი საქმე ჰქონდა, რომლებიც აუცილებლად დღეს იყო მოსაგვარებელი. გამვლელები, თუ შეამჩნევდნენ მასწავლებლის ფიგურას, ხანდახან ეძახდნენ და ეკითხებოდნენ თავიანთი შვილების სასკოლო წარმატებებზე. მაგრამ სწრაფი სიარულისგან აქოშინებული, ის უხალისოდ, მოკლე ფრაზებით პასუხობდა ყველას: დრო არ ჰქონდა. თითქოს ამის დასტურად, ჯიბიდან საათი ამოჰქონდა, ნაღვლიანი მზერით გახედავდა შემხვედრებს და თავის ქნევით გარბოდა. სად გარბოდა, თავადაც ვერ აეხსნა. უნდა ითქვას, რომ იყო ერთი მიზეზი მისი აჩქარებისა: ხალხთან საუბრისას იაკობ ივანოვიჩს ენა ებმოდა. მისი გაწვრთნილი ენა, რომელიც მარტივად ემორჩილებოდა გაკვეთილების დროს და ყოყმანის გარეშე წარმოთქვამდა ლიტერატურული გერმანულის მრავალკომპონენტიან სიტყვებს, ადვილად აწყობდა ისეთ რთულ დაქვემდებარებულ წინადადებებს, რომ ზოგიერთ სტუდენტს დასაწყისი ავიწყებდა, სანამ ბოლოში ჩავიდოდა. ეს ენა თანასოფლელებთან საუბრისას, როცა ბახი დიალექტზე გადადიოდა, უცებ ურჩობას იწყებდა.
მაგალითად, ,,ფაუსტიდან» ნაწყვეტების ზეპირად წაკითხვა, ენას სურდა, მაგრამ მეზობლისთვის იმის თქმა: — შენი შტერი შვილი დღეს ისევ ბუზებს ითვლიდაო! — არანაირად არ უნდოდა, სასაზე ეკვროდა და კბილებს შორის ეხლართებოდა, დიდი ზომის ცუდად მოხარშული პელმენივით.
ბახს ეჩვენებოდა, რომ წლებთან ერთად ენაბლუობაც მატულობდა, მაგრამ ამის გადამოწმება ძნელი იყო: ის სულ უფრო და უფრო იშვიათად ესაუბრებოდა ხალხს... ასე მიედინებოდა ცხოვრება, რომელშიც ყველაფერი იყო გარდა თავად სიცოცხლისა, სავსე მშვიდი იაფფასიანი სიხარულით და მწირი შფოთვით, რაღაცნაირად რომ წააგავს კიდეც ბედნიერებას.





